Facebook Twitter

საქმე №ას-1437-1356-2012 19 ნოემბერი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ.დ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ. ბ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი განჩინებით გ.დუჩიძის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

დავის საგანი – „VISA Classiki-ისა“ და განვადების ბარათიდან გამომდინარე დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „თ. ბ-მა“ განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე გ.დ-ის მიმართ გამარტივებული წესით გადახდის ბრძანების მიღებისა და „VISA Classiki-ისა“ და განვადების ბარათიდან გამომდინარე დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით.

საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2012 წლის 20 მარტის გადახდის ბრძანებით განცხადება დაკმაყოფილდა, ამავე სასამართლოს 2012 წლის 2 აპრილის განჩინებით მოპასუხის შესაგებელი მიჩნეულ იქნა დასაშვებად, გაუქმდა სასამართლოს 2012 წლის 20 მარტის გადახდის ბრძანება და დადგინდა საქმის სასარჩელო წესით განხილვა.

საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2012 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით სს „თ. ბ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გ.დ-ეს სს „თ. ბ-ის“ სასარგებლოდ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისრა დავალიანების - 3436.07 ლარის გადახდა, გ.დ-ეს განვადების ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ასევე დაეკისრა დავალიანების - 887.13 ლარის გადახდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ.დ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით გ.დ-ის სააპელაციო საჩივარი, დავალიანების გადახდევინების შესახებ, დაუშვებლობის გამო დატოვებულ იქნა განუხილველად შემდეგი საფუძვლებით:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ივლისის განჩინებით გ.დ-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 173 ლარის გადახდა, ასევე გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა სააპელაციო სასამართლოში, ამავე სასამართლოს 2012 წლის 10 სექტემბრის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა შემდეგი სახით: გ.დ-ეს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა 3 დღით და დაევალა სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის - 173 ლარის გადახდა, მის მიერ სააპელაციო საჩივარზე უკვე გადახდილი 73 ლარის გამოკლებით. აღნიშნული განჩინება აპელანტის წარმომადგენელ ი. მ-ეს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით მის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე და სასამართლოში დაბრუნებული საფოსტო გზავნილის ჩაბარების თაობაზე შეტყობინების ბარათის თანახმად, სასამართლო შეტყობინება ჩაბარდა ადრესატის ოჯახის წევრს (დედა) - დ. მ-ეს, 2012 წლის 8 ოქტომბერს. საფოსტო გზავნილში მითითებულია დ. მ-ის პირადობის მოწმობის ნომერი .... აღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტისათვის ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული 3-დღიანი ვადის დენა დაიწყო განჩინების გადაცემის მომდევნო დღიდან, 2012 წლის 9 ოქტომბრიდან და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლით დადგენილი წესით ამოიწურა 2012 წლის 11 ოქტომბერს, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, არ იყო უქმე ან/და დასვენების დღე. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ აპელანტს განჩინებით განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე მუხლებით, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობად მიიჩნია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ.დ-ის წარმომადგენელმა ი. მ-ემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი განჩინებით გ.დ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის საქმის განხილვის დასრულებამდე გადავადების პირობით შემდეგი საფუძვლებით:

აპელანტმა სასამართლოს სთხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, რის თაობაზეც მიიღო უარი, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელი თანხის მოსაძიებლად მხარემ მოითხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება, თუმცა, მიუხედავად დიდი მცდელობისა, გ.დ-ემ თანხის მოძიება ვერ უზრუნველყო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს „სხვა გარემოებებს“, რა დროსაც სასამართლოს შეუძლია საქმის განხილვის დასრულებამდე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, რაც, მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის მიმართ არ ყოფილა უზრუნველყოფილი. აღნიშნულით მხარეს წაერთვა შესაძლებლობა, დაეცვა საკუთარი ინტერესები. გ.დუჩიძე იმყოფება ავღანეთში და ხელფასის დარიცხვის შემდგომ აპირებს დავალიანების დაფარვას იმ ოდენობით, რასაც მიიჩნევს, რომ აქვს გადასახდელი, ამასთანავე, ის გარემოება, რომ სახელმწიფო ბაჟის ნაწილი სააპელაციო საჩივარზე გადახდილია, მოწმობს აპელანტის ინტერესს სააპელაციო საჩივრის განხილვის მიმართ, თუმცა, მატერიალური მდგომარეობის გამო, არ მიეცა შესაძლებლობა, სრულად გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 ნოემბრის განჩინებით გ.დ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ.დ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და მხარეს დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 173 ლარის გადახდა, ამავე განჩინებით განემარტა მხარეს დადგენილი ხარვეზის გამოსწორების წესი და მისი გამოუსწორებლობის ნეგატიური შედეგები.

დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დაცვით აპელანტის წარმომადგენელმა წერილობით მიმართა სასამართლოს, წარადგინა სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 73 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება და იშუამდგომლა ხარვეზის სრულყოფილად გამოსწორებისათვის საპროცესო ვადის 14 დღით გაგრძელების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივლისის განჩინების შესწავლით ირკვევა, რომ მხარის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აპელანტს დაკისრებული ვალდებულების შესასრულწბლად ვადა 10 დღით გაუგრძელდა.

უდავოა, რომ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დაცვით აპელანტის წარმომადგენელმა ი.მ-ემ სასამართლოს კვლავ მიმართა შუამდგომლობით, მიუთითა გ.დ-ის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და მოითხოვა საპროცესო ვადის 2012 წლის 24 აგვისტომდე გაგრძელება.

საქმეში წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ბრძანებით ირკვევა, რომ საქმის სააპელაციო წესით განხილვის ამ ეტაპზე მომხსენებელი მოსამართლე იმყოფებოდა შვებულებაში 2012 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით, რის გამოც გ.დ-ის წარმომადგენლის მიერ 2012 წლის 3 აგვისტოს გაგზავნილი განცხადება სასამართლომ 2012 წლის 10 სექტემბერს განიხილა და მხარეს საპროცესო ვადა კვლავ გაუგრძელა 3 დღით. საქმის მასალებით დასტურდება და ამას კერძო საჩივრის ავტორიც ადასტურებს, რომ გ.დ-ეს დაკისრებული საპროცესო მოვალეობა არ შეუსრულებია.

საკასაციო პალატა მიუთითებს 2012 წლის 10 სექტემბრის განჩინების აპელანტის უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის ჩაბარების დამადასტურებელ მტკიცებულებაზე, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინების თანახმად, სასამართლო გზავნილი 2012 წლის 8 სექტემბერს საქმეში მითითებულ მისამართზე ჩაბარდა ი. მ-ის ოჯახის ქმედუნარიან წევრს, დედას - დ. მ-ეს (რწმუნებულება იხ. ტ.I, ს.ფ.64), აღნიშნული გარემოება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უშუალოდ აპელანტისა და მისი უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის ჩაბარებად განიხილება. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის და საქმის მასალებითაც ნათლად დასტურდება მხარის მიერ საპროცესო მოქმედების განუხორციელებლობა, საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე და 63-ე მუხლების თანახმად, მოქმედების განხორციელების ვადა (ხარვეზის გამოსწორების ვადა) ამოიწურა 2012 წლის 11 სექტემბერს, სამშაბათს, ხოლო მხარეს არც ხარვეზი გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლზე, რომლითაც დადგენილია ის იმპერატიული წინაპირობები, რასაც სააპელაციო საჩივარი განსახილველად მიღების მიზნით უნდა აკმაყოფილებდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამავე ნორმის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არათუ ხარვეზის გამოსწორების, არამედ რაიმე შუამდგომლობითაც არ მიუმართავს, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობები.

ამასთანავე, საკასაციო პალატა მიუთითებს კერძო საჩივრის იმ არგუმენტზე, რომ სასამართლომ არასწორად არ გადაუვადა მხარეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა და მის მიერ ამ ვალდებულების ნაწილობრივ შესრულება ადასტურებდა მხარის ინტერესს სააპელაციო საჩივრის განხილვის მიმართ. ამ თვალსაზრისით პალატა მიუთითებს მხარის სააპელაციო საჩივარზე, სადაც გ.დ-ე ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით შუამდგომლობს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე, თუმცა მას არც სააპელაციო საჩივართან ერთად და არც მოგვიანებით მისი ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია.

საკასაციო პალატა მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლს, რომლითაც განსაზღვრულია შემდეგი: სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. კანონის აღნიშნული დანაწესი კუმულატიურად მიუთითებს როგორც მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის არსებობაზე, ისე ამ მდგომარეობის ამსახველი უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის აუცილებლობაზე, რაც სასამართლოს მხრიდან გონივრულ ფარგლებში შეფასების შედეგად, შესაძლოა, შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი გახდეს. ამასთან, ნორმის დისპოზიცია რაიმე „სხვა გარემოების“ არსებობაზე არ მიუთითებს.

იმ უდავო ფაქტის გათვალისწინებით, რომ მხარეს შუამდგომლობა შესაბამისი მტკიცებულებით არ დაუსაბუთებია, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს, სააპელაციო საჩივრის განხილვის მიმართ მხარის ინტერესის არსებობისა და მისი განუხილველად დატოვებით აპელანტის საპროცესო უფლებების დარღვევის თაობაზე. ამ მიმართებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების თაობაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათის მხარის მიმართ გამოყენება ხდება როგორც ზემოაღნიშნული ნორმით იმპერატიულად დადგენილი წინაპირობების, ისე მოდავე სუბიექტთა ინტერესების გონივრული ბალანსის დაცვით, რათა ერთი მხარის უფლების რეალიზაციით დაუსაბუთებლად არ შეიზღუდოს მეორე მხარის დაცვადი ინტერესი. საყურადღებოა ის გარემოება, რომ სასამართლომ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე არაერთხელ დააკმაყოფილა შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე, მათ შორის, მოსამართლის შვებულებაში ყოფნის გამო, მხარეს მიეცა მის მიერ მოთხოვნილზე მეტი ვადა დაკისრებული მოქმედების შესასრულებლად, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორს დასაბუთებული პრეტენზია მისი უფლების დარღვევის თაობაზე არ წარმოუდგენია. თავის მხრივ, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება არ გამორიცხავს გ.დ-ის შესაძლებლობას, როგორც ეს კერძო საჩივარშია აღნიშნული, მან ფულადი ვალდებულება ბანკთან შეწყვიტოს შესრულებით.

პალატა ასევე ყურადღებას გაამახვილებს კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნაზე, საკასაციო პალატამ გააუქმოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე და ახალი განჩინებით წარმოებაში მიიღოს გ.დ-ის სააპელაციო საჩივარი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადახდის გადავადების პირობით. აღნიშნულ მოთხოვნასთან მიმართებით საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც საქმეს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად ამზადებს სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე (მომხსენებელი მოსამართლე), რომელიც ამოწმებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას და გამოაქვს შესაბამისი განჩინება, გადაუგზავნის მოწინააღმდეგე მხარეს სააპელაციო საჩივრისა და თანდართული დოკუმენტების ასლებს და დაუნიშნავს მას ვადას წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად, რომელიც უნდა შეიცავდეს პასუხებს შემდეგ კითხვებზე: ეთანხმება თუ არა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს; თუ არ ეთანხმება, რა გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი; ხომ არ აპირებს შეგებებული სააპელაციო საჩივრის შემოტანას, ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარმოდგენას და, თუ აპირებს, რა მიზეზით არ წარმოადგინა ისინი პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას; სურს თუ არა საქმის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე. შესაგებელი უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს სააპელაციო სასამართლო მიიღებს ამ კოდექსის 380-ე და 382-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. დასახელებული ნორმით დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების პრეროგატივა მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს, რა დროსაც მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს სააპელაციო საჩივრის შესაბამისობა კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, ისე, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, თავად გადაწყვიტოს აღნიშნული, ხოლო, მეორე მხრივ, როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, საქმის მასალების კვლევა არ იძლევა აპელანტისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ.დ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების წინაპირობა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ აპელანტს კანონის სწორი განმარტების გზით უთხრა უარი სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე, რაც მისი უცვლელად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.დ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე