Facebook Twitter

№ას-1446-1364-2012 26 ნოემბერი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარეები – დ. ბ.-ე, ჯ. ე.-ი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით სარჩელით მიმართეს დ. ბ.-ემ და ჯ. ე.-მა მოპასუხეების – შემოსავლების სამსახურისა და ინდმეწარმე ი. ნ.-ის მიმართ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით დ. ბ.-ის და ჯ. ე.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ყადაღისაგან გათავისუფლდა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ი. ხ.-ს 2011 წლის 16 დეკემბრის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტით აღწერილი და დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. 15 ცალი ხის მაგიდა; 2. 60 ცალი სკამი; 3. 1 ცალი კონდინციონერი; 4. მუსიკალური ინსტრუმენტი „იამახა“ -1.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 სექტემბრის განჩინებით დ. ბ.-ის და ჯ. ე.-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ 2012 წლის 26 სექტემბერს 14.00 საათზე სააპელაციო სასამართლოში დანიშნული პროცესის თაობაზე კანონით დადგენილი წესით ეცნობათ მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს, მათ შორის, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელს. კერძოდ, საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ აპელანტის წარმომადგენელს უწყების შინაარსი განემარტა ტელეფონის მეშვეობით. მიუხედავად ამისა, აპელანტი სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა რ.ი.-ემ არ მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, მან უარი განაცხადა საქმის განხილვის გადადებაზე და სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განხულველად დატოვების თაობაზე, რაც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა.

სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე, 78-ე მუხლებით, 387-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით, 229-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

დასახელებულ განჩინებაზე შემოსავლების სამსახურმა შეიტანა კერძო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა ამ განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება.

კერძო საჩივარი დასაბუთებულია შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ განჩინებაში არასწორად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლოს მთავარი სხდომის შესახებ ეცნობათ კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, ტელეფონის მეშვეობით. მართალია, შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილია სატელეფონო აქტი აღნიშნულ სხდომაზე აპელანტის წარმომადგენლის ტექნიკური საშუალებით დაბარების თაობაზე, მაგრამ იგი შედგენილ იქნა არასწორად. აქტში სასამართლო სხდომის დროდ დაფიქსირებულია 2012 წლის 26 სექტემბრის 14.00 საათი, ნაცვლად დროისა: 2012 წლის 16.00 საათი. სინამდვილეში, მოსამართლის თანაშემწე ხ.კ.-ემ აპელანტი ორგანიზაციის წარმომადგენელ მ.გ.-ეს სხდომის დაწყების დროდ მიუთითა სწორედ 16.00 საათი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გამოცხადდა 2012 წლის 26 სექტემბრის 15.45 საათზე, რა დროსაც მოსამართლის თანაშემწე ხ.კ.-ისაგან შეიტყო, რომ სხდომა დანიშნული იყო 14.00 საათზე, იგი ჩატარდა და მიღებულ იქნა განჩინება შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. კერძო საჩივრის ავტორმა მის მიერ მითითებული გარემოების დასადასტურებლად საჩივარს თან დაურთო სააპელაციო სასამართლოდან გამოთხოვილი შესაბამისი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელიც განთავსებულია CD დისკზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ერთ-ერთი ასეთი გარემოებაა, სასამართლო სხდომაზე მხარის მოუწვევლობა კანონით დადგენილი წესით.

მოცემულ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 26 სექტემბრის სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა და მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დასახელებული სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე აპელანტის წარმომადგენელს ეცნობა კანონით დადგენილი წესით. აღნიშნული დასკვნის გამოტანისას სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო სასამართლო მოხელის (მოსამართლის თანაშემწის) მიერ შედგენილ აქტს მხარისათვის ტელეფონოგრამის გადაცემის შესახებ, რომლის თანახმადაც, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი მ.გ.-ე მიწვეულ იქნა სასამართლოს მთავარ სხდომაზე 2012 წლის 26 სექტემბერს, 14.00 საათზე (ს.ფ. 199).

კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის ზემომითითებული აქტის სისწორეს და აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელ მ.გ.-ეს მოსამართლის თანაშემწემ სატელეფონო შეტყობინებით აცნობა სხდომის დრო - 2012 წლის 26 სექტემბერი, 16.00 საათი, თუმცა სასამართლო მოხელის მიერ შედგენილ აქტში შეცდომით მიეთითა 14.00 საათი. ამ გარემოების დასადასტურებლად კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა 2012 წლის 23 ოქტომბრის სატელეფონო საუბრის ტექნიკური ჩანაწერის ასლი, რომლითაც ირკვევა, რომ მოსამართლის თანაშემწემ აპელანტის წარმომადგენელს ტელეფონით ნამდვილად აცნობა მოცემულ საქმეზე სასამართლოს მთავარი სხდომის დრო, თუმცა, მან წარმომადგენელს განუმარტა, რომ სხდომა გაიმართებოდა 2012 წლის 26 სექტემბერს, 16.00 საათზე და არა 14.00 საათზე, როგორც ეს აქტშია დაფიქსირებული. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ 14.00 საათზე დანიშნულ სხდომაზე აპელანტი არ იყო მოწვეული კანონით დადგენილი წესით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ამ განჩინების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე