Facebook Twitter

საქმე №ას-1464-1380-2012 28 ნოემბერი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – კ.რ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ხარაგაულის ააიპ - ისტორიული მუზეუმი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კ.რ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ასევე ხარაგაულის ააიპ - ისტორიული მუზეუმის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთების: ლ. ნ-ის ორი ფოტოსურათისა და ლენინის ორდენის გამოთხოვის მოთხოვნით.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით კ.რ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინებით კ.რ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. სააპელაციო პალატამ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 27 ივნისის განჩინებით აპელანტ კ.რ-ეს დაევალა ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა, ხსენებული განჩინება 2012 წლის 5 ივლისს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მხარისათვის გადასაცემად ჩაბარდა აპელანტის შვილიშვილს - ე. რ-ეს, მიუხედავად აღნიშნულისა, კ.რ-ემ ვერ უზრუნველყო სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში დადგენილი ხარვეზის გამოსწორება.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილით და, ვინაიდან, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტს ჩაბარდა 2012 წლის 5 ივლისს, ჩათვალა, რომ მისთვის ხარვეზის გამოსწორების 7-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 6 ივლისს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამოიწურა 2012 წლის 13 ივლისს, შესაბამისად, აპელანტს ხარვეზი უნდა გამოესწორებინა 2012 წლის 13 ივლისის ჩათვლით. საქმის მასალების თანახმად, აპელანტს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე მუხლების, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ვინაიდან აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია, პალატამ ჩათვალა, რომ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო დაუშვებლობის გამო.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა კ.რ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად მიუთითა აპელანტის მიერ დადგენილ ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა, მაშინ, როდესაც აპელანტმა პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას სახელმწიფო ბაჟი სრულყოფილად გადაიხადა, ხოლო სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულება - საპენსიო მოწმობა, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. კერძო საჩივრის ავტორმა მოგვიანებით დამატებით წარმოადგინა განცხადება, სადაც მიუთითა მისი სასარჩელო მოთხოვნის მართებულობასა და მოპასუხეთა შესაგებლის უსაფუძვლობაზე და მოითხოვა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ნოემბრის განჩინებით კ.რ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კ.რ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ივნისის განჩინებით კ.რ-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს 7 დღის ვადაში დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა, ამავე განჩინებით განემარტა აპელანტს ხარვეზის გამოსწორების წესი და მისი გამოუსწორებლობის შესაძლო ნეგატიური შედეგების თაობაზე.

საქმეში წარმოდგენელი მტკიცებულებებით ირკვევა და არც კერძო საჩივრის ავტორს გაუხდია სადავოდ ის ფაქტი, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება, სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე ფოსტით გაეგზავნა ადრესატს და 2012 წლის 5 ივლისს ამ მისამართზე ჩაიბარა ადრესატის ოჯახის ქმედუნარიანმა წევრმა, შვილიშვილმა ე. რ-ემ.

საქმის მასალებით დადასტურებულია და არც კ.რ-ეს წარმოუდგენია რაიმე შედავება, რომ მას სასამართლოსათვის დადგენილი ვადის დაცვით აღარ მიუმართავს.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით სასამართლო შეტყობინების გაგზავნისას, მხარის ოჯახის ქმედუნარიანი წევრისათვის შეტყობინების ჩაბარება, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, განიხილება უშუალოდ მხარისათვის ჩაბარებად. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ შვილიშვილისათვის კორესპოდენციის 2012 წლის 5 ივლისს ჩაბარება, სწორად მიიჩნია უშუალოდ ადრესატისათვის ჩაბარებად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. აღნიშნული ნორმის დისპოზიციიდან გამომდინარე, ხარვეზის გამოსწორების 7-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 6 ივლისს და ამოიწურა 12 ივლისს, ხუთშაბათს. სწორედ ამ ვადის გასვლის შემდგომ გაქარწყლდა აპელანტის უფლებამოსილება ხარვეზის გამოსწორების მიზნით ან სხვა სახის შუამდგომლობით მიემართა სააპელაციო სასამართლოსათვის, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლისა.

საკასაციო პალატა ასევე მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლს, რომლითაც განსაზღვრულია ის იმპერატიული მოთხოვნები, რომელთაც სააპელაციო საჩივარი განსახილველად დაშვებისათვის უნდა უპასუხებდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამავე ნორმის მე-5 ნაწილით კანონმდებელმა დაადგინა ქცევის შემდეგი წესი: თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, უფრო მეტიც, არც კი მიუმართავს სასამართლოსათვის, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ არ არსებობდა კ.რ-ის სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ მან სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა უტყუარი მტკიცებულება - საპენსიო მოწმობა, რაც სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს მხარეს, საკასაციო პალატა აღნიშნულ არგუმენტს ვერ გაიზიარებს, რადგანაც საქმის მასალების შესწავლით არ დასტურდება რაიმე მტკიცებულების წარდგენა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის ან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, მხარეს გაათავისუფლებდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მხარე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, ვალდებულია, სათანადო მტკიცებულების წარდგენის გზით, თავადვე დაადასტუროს ეს გარემოება, ისე, რომ სასამართლოს რაიმე უფლება-მოვალეობა ამ საკითხის საკუთარი ინიციატივით კვლევისა, არ გააჩნია.

რაც შეეხება თავად იმ ფაქტს, რომ მხარე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძვლად მიუთითებს საპენსიო მოწმობაზე, საკასაციო პალატა ვერც აღნიშნულს დაეთანხმება, რადგანაც, როგორც უკვე აღინიშნა, მოქმედი კანონმდებლობა ამ საფუძვლით სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მხარის უპირობოდ გათავისუფლების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, ხოლო სასამართლოს ინიციატივით სახელმწიფო ბაჟის თაობაზე მხარის მიმართ რაიმე შეღავათის გავრცელებისათვის მხოლოდ აღნიშნული არასაკმარის მტკიცებულებად მიიჩნევა. აღნიშნული გარემოება განსაზღვრულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული მყარი ერთგვაროვანი პრაქტიკითაც (იხ. სუსგ №ას-1470-1386-2012, 19 ნოემბერი, 2012 წელი).

რაც შეეხება კ.რ-ის მოსაზრებებს, რომელიც მოგვიანებით, ხარვეზის გამოსწორების ეტაპზე იქნა წარდგენილი, საკასაციო პალატა აღნიშნული პრეტენზიების საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად ასკვნის, რომ ისინი დავის ფაქტობრივ გარემოებებს შეეხება და არა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას, შესაბამისად, საკასაციო პალატას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის საფუძვლიანობის კვლევის ეტაპზე ამ პრეტენზიების მართებულების შემოწმების უფლებამოსილება არ გააჩნია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და მათი სწორი სამართლებრივი შეფასების გზით მართებულად დატოვა განუხილველად კ.რ-ის სააპელაციო საჩივარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ.რ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე