Facebook Twitter

საქმე №ას-1467-1383-2012 28 ნოემბერი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – თ.ჩ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – კ.ჭ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, გაშვებული საპროცესო ვადის საპატიოდ მიჩნევა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კ.ჭ-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს თ.ჩ-ის მიმართ გამარტივებული წესით გადახდის ბრძანების მიღებისა და მოპასუხისათვის ზეპირი სესხის ხელშეკრულებიდან, ასევე ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული ვალის აღიარების დოკუმენტიდან გამომდინარე თანხის - 4700 ლარის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 თებერვლის გადახდის ბრძანებით კ.ჭ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, ამავე კოლეგიის 2012 წლის 28 მარტის განჩინებით, მოპასუხის შესაგებლის (პროტესტის) საფუძველზე, გაუქმდა 2012 წლის 29 თებერვალს მიღებული გადახდის ბრძანება და დადგინდა საქმის სასარჩელო წესით განხილვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით კ.ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, თ.ჩ-ს კ.ჭ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 4700 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ.ჩ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინებით თ.ჩ-ის სააპელაციო საჩივარი, დავალიანების გადახდევინების შესახებ, დაუშვებლობის გამო დატოვებულ იქნა განუხილველად. პალატამ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

სააპელაციო პალატის 2012 წლის 28 ივნისის განჩინებით თ.ჩ-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის - 188 ლარის გადახდა, ამავე სასამართლოს 2012 წლის 19 ივლისის განჩინებით თ.ჩ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა 10 (ათი) დღით სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად. აღნიშნული განჩინება თ.ჩ-ს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით მის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე: თბილისი, ი.ჯ-ის ქN3-ში და სასამართლოში დაბრუნებული საფოსტო გზავნილი ჩაბარების თაობაზე შეტყობინების ბარათის თანახმად, შეტყობინება ჩაბარდა ადრესატის ოჯახის წევრს - მეუღლე ნ. კ-ეს 2012 წლის 24 ივლისს. საფოსტო გზავნილში მითითებულია ნ. კ-ის პირადობის მოწმობის ნომერი .... აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტისათვის ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული 10-დღიანი საპროცესო ვადის დენა დაიწყო განჩინების გადაცემის მომდევნო დღიდან - 2012 წლის 25 ივლისიდან და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლით დადგენილი წესით ამოიწურა 2012 წლის 3 აგვისტოს, რომელიც არც უქმე და არც დასვენების დღე ყოფილა. აპელანტს განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე მუხლებით, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით და ჩათვალა, რომ განსაზღვრულ ვადაში, აპელანტის მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობა ქმნიდა სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევისა და მისი განუხილველად დატოვების საფუძველს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა თ.ჩ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, გაშვებული საპროცესო ვადის საპატიოდ მიჩნევა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი დასაბუთებით:

ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ივლისის განჩინება აპელანტს პირადად არ ჩაბარებია, სასამართლო შეტყობინება 2012 წლის 24 ივლისს ჩაბარდა მის მეუღლეს. ამ დროისათვის, გადაუდებელი საქმეების გამო, თ.ჩ-ი თბილისში არ იმყოფებოდა, ის რაიონიდან დაბრუნდა ოქტომბრის შუა რიცხვებში და მისთვის უცნობი იყო 2012 წლის 19 ივლისის განჩინების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით თ.ჩ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ.ჩ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის განჩინებით თ.ჩ-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა. დადასტურებულია, რომ ამავე პალატის 2012 წლის 19 ივლისის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე, მისი მოთხოვნა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა და აპელანტს დაკისრებული საპროცესო მოქმედების შესასრულებლად გაუგრძელდა ვადა 10 დღით. ამავე განჩინებით განემარტა მხარეს საპროცესო მოქმედების განხორციელების წესი და მისი განუხორციელებლობის ნეგატიური შედეგების თაობაზე.

დადასტურებულია და ამას არც კერძო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ, რომ საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ სააპელაციო პალატის განჩინება მხარეს გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე და 2012 წლის 24 ივლისს ჩაბარდა თ.ჩ-ის ოჯახის ქმედუნარიან წევრს, მეუღლე ნ. კ-ეს.

უდავოა ის გარემოება, რომ დაკისრებული საპროცესო მოქმედება აპელანტს არ განუხორციელებია.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით სასამართლო შეტყობინების გაგზავნისას, მხარის ოჯახის ქმედუნარიანი წევრისათვის შეტყობინების ჩაბარება, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, განიხილება უშუალოდ მხარისათვის ჩაბარებად. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ სასამართლო შეტყობინება ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის 10 დღით გაგრძელების თაობაზე აპელანტს ჩაბარდა სწორედ 2012 წლის 24 ივლისს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. აღნიშნული ნორმის დისპოზიციიდან გამომდინარე, ხარვეზის გამოსწორების 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 25 ივლისს და ამოიწურა 3 აგვისტოს, პარასკევს, სწორედ ამ ვადის გასვლის შემდგომ გაქარწყლდა აპელანტის უფლებამოსილება ხარვეზის გამოსწორების მიზნით ან სხვა სახის შუამდგომლობით მიემართა სააპელაციო სასამართლოსათვის, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლისა.

საკასაციო პალატა ასევე მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლს, რომლითაც განსაზღვრულია ის იმპერატიული მოთხოვნები, რომელთაც სააპელაციო საჩივარი განსახილველად დაშვებისათვის უნდა უპასუხებდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამავე ნორმის მე-5 ნაწილით კანონმდებელმა დაადგინა ქცევის შემდეგი წესი: თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, უფრო მეტიც, არც კი მიუმართავს სასამართლოსათვის, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ არ არსებობდა თ.ჩ-ის სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობას, გაშვებული საპროცესო ვადის საპატიოდ მიჩნევის თაობაზე, საკასაციო პალატა აღნიშნულს ვერ გაიზიარებს. პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარე საპროცესო ვადის გაშვების საპატიო გარემოებად მიიჩნევს გადაუდებელი საქმის გამო მის თბილისში არყოფნას და, ვინაიდან სასამართლო შეტყობინება მისმა მეუღლემ ჩაიბარა, ის საპროცესო მოქმედების განხორციელების თაობაზე არ იყო ინფორმირებული.

აღნიშნული პრეტენზიის საპირისპიროდ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები. ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

დასახელებული ნორმით კანონმდებელმა შუამდგომლობის ავტორს დააკისრა მტკიცების ზოგადი წესისაგან განსხვავებული სტანდარტი და, ერთი მხრივ, მიუთითა ისეთ გარემოებებზე, რომელიც ობიექტური განსჯის შედეგად, შესაძლოა მიჩნეულ იქნას საპატიო მიზეზად, ხოლო, მეორე მხრივ, დააწესა სპეციალური ფორმის დაცვით შედგენილი მტკიცებულების წარმოდგენის აუცილებლობა.

განსახილველ შემთხვევაში, მხარე მიუთითებს რა თბილისში არყოფნის ფაქტზე, მხოლოდ აღნიშნული, შესაბამისი მტკიცებულებით დადასტურების შემთხვევაშიც კი, (ასეთი საქმის მასალებში არც მოიპოვება), საპატიო მიზეზად ვერ იქნება მიჩნეული, რაც მხარის მოთხოვნის უსაფუძვლობაზე მიუთითებს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და მათი სწორი სამართლებრივი შეფასების გზით მართებულად დატოვა განუხილველად თ.ჩ-ის სააპელაციო საჩივარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ.ჩ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე