№ას-1484-1400-2012 22 ნოემბერი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შ. გ.-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ ა. კ.-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 8 აგვისტოს განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 8 აგვისტოს განჩინებით დაკმაყოფილდა აპელანტ შ. გ.-ის წარმომადგენლის ა. თ.-ის და მოწინააღმდეგე მხარის ა. კ.-ის, მესამე პირის სს „თ.“ ბ.ის წარმომადგენლის ლ. ბ.-ის შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე, კერძოდ, დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგება შემდეგი პირობებით: შ. გ.-ემ იკისრა ვალდებულება 2012 წლის 8 ნოემბრამდე ა. კ.-ეს გადაუხადოს 13 000 აშშ დოლარი, დადგინდა თანხის სრულად მიღების შემდეგ უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება, ხოლო, თანხის არ გადახდის შემთხვევაში დადგინდა აღსრულება ყადაღადადებული ქონების რეალიზაციით.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შ. გ.-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შ. გ.-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სააპელაციო სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები კანონითაა დადგენილი. ერთ-ერთი ასეთი წინაპირობა განსაზღვრულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 370-ე მუხლით, რომლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარე სასამართლოს ან მოწინააღმდეგე მხარეს წერილობითი ფორმით განუცხადებს უარს სააპელაციო საჩივარზე, სააპელაციო საჩივარი აღარ დაიშვება.
მითითებული მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა მხარის უფლებაა. ამ უფლების რეალიზაციას უკავშირდება გარკვეული იურიდიული შედეგი, კერძოდ, მხარე, რომელმაც უარი განაცხადა გასაჩივრებაზე, კარგავს უფლებას გაასაჩივროს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. გასაჩივრებაზე უარის თქმა დასაშვებია როგორც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის, ისე მოტივირებული გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 8 აგვისტოს სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი. დადგენილია ასევე, რომ მხარეებმა წერილობით მოითხოვეს სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბება დასაბუთების გარეშე იმ მოტივით, რომ ეთანხმებიან განჩინებას და უარს ამბობენ მის გასაჩივრებაზე, რაც დაადასტურეს თავიანთი ხელმოწერებით (ტომი 2, ს.ფ. 341).
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორის, შ. გ.-ის წარმომადგენელმა ა. თ.-მა უარი განაცხადა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრებაზე, ამიტომ მან დაკარგა უფლება გაასაჩივროს მითითებული განჩინება კერძო საჩივრით. ამდენად, შ. გ.-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს მის მიერ გასაჩივრებაზე უარის თქმის გამო.
გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს ასევე, რომ გასაჩივრებული განჩინება კერძო საჩივრის წარმომადგენელს ჩაბარდა 2012 წლის 10 აგვისტოს, ხოლო, კერძო საჩივარი შეტანილია 2012 წლის 5 ნოემბერს. შესაბამისად, კერძო საჩივარი შეტანილია გასაჩივრების კანონით დადგენილი 12-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, რაც მოცემული კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების დამოუკიდებელი საფუძველია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე და 396.3 მუხლების შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ, ვინაიდან არ არსებობს შ. გ.-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობა, იგი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 401-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ. გ.-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 8 აგვისტოს განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: პაატა ქათამაძე