საქმე №ას-1494-1410-2012 26 ნოემბერი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე შპს „მ-ა“ და ნ. მ-ას კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 სექტემბრის განჩინებებზე, საქმეზე – სს „პ-ის“ სარჩელის გამო შპს „მ-ის“, ნ. მ-სა და გ. მ-ას მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე და პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ნ. მ-ას კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე, მიღებულ უნდა იქნეს განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, განსახილველად მიღების შემდეგ, საკასაციო საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები უნდა გადაეგზავნოს მეორე მხარეს.
ამავე კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია, გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს.
კერძო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა.
რაც შეეხება შპს „მ-ის“ კერძო საჩივარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 სექტემბრის განჩინებაზე, განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 სექტემბრის განჩინება შპს „მ-ს“ გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით და 2012 წლის 17 ოქტომბერს ჩაბარდა ნ. მ-ას (ტ.II, ს.ფ.39).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 12 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 18 ოქტომბერს და დასრულდა ამავე წლის 29 ოქტომბერს. საქმეში წარმოდგენილი კერძო საჩივრით კი დასტურდება, რომ მხარემ საჩივარი სასამართლოში შეიტანა 2012 წლის 2 ნოემბერს, გასაჩივრების ვადის დარღვევით, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების უტყუარი საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე, 416, 420-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „მ-ის“ კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე დარჩეს განუხილველად.
2. ნ. მ-ას კერძო საჩივარი მიღებულ იქნეს განსახილველად.
3. მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნოს კერძო საჩივრის ასლი.
4. კერძო საჩივარი განხილულ იქნას ზეპირი მოსმენის გარეშე.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე