Facebook Twitter

საქმე №ას-1523-1437-2012 28 ნოემბერი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ნ. წ.-ნ.-ს კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი, საქმეზე – ჟ. ტ.-ის სარჩელის გამო, ნ. წ.-ნ.-ს მიმართ უკანონო ნაგებობის დემონტაჟის თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ნ. წ.-ნ.-ს კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ნოემბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში, ხარვეზიანია შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, რომელიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კერძო საჩივარზე შეადგენს 50 ლარს.

რაც შეეხება ნ. წ.-ნ.-ს კერძო საჩივარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ნოემბრის განჩინების მეორე პუნქტის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კერძო საჩივრით საჩივრდება მხოლოდ ის განჩინებები, რომლებზეც პირდაპირ უთითებს საპროცესო კოდექსი. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 20 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით მხარემ გაასაჩივრა 2011 წლის 13 დეკემბერს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 იანვრის განჩინებით დარჩა განუხილველად გასაჩივრების 12-დღიანი ვადის დარღვევის გამო. გამომდინარე აქედან, პალატა მიიჩნევს, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საკითხია მხოლოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ნოემბრის განჩინების კანონიერება, ხოლო კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ნოემბრის განჩინების მეორე პუნქტის ბათილად ცნობის ნაწილში დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ნ. წ.-ნ.-ს კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ნოემბრის განჩინების მეორე პუნქტის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილვევლად, ხოლო კერძო საჩივარს, სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 12 ნოემბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში, უნდა დაუდგინდეს ხარვეზი და მის ავტორს დაევალოს 3 (სამი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 414-ე, 420-ე, 401-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. წ.-ნ.-ს კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ნოემბრის განჩინების მეორე პუნქტის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში დარჩეს განუხილველად.

2. ნ. წ.-ნ.-ს დაევალოს, მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინოს სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი (ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს საგადახდო დავალება და სალაროს შემოსავლის ორდერი, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში _ საგადახდო საბუთი, რომელზეც დასმულია მომსახურე ბანკის შტამპი _ „განაღდებულია).

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

4. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, კერძო საჩივარი არ მიიღება და განუხილველად დარჩება.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე