№ა-844-ა-22-2012 22 ნოემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ვ. ნ.-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 ივლისის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 ივლისის განჩინებით ვ. ნ.-ის საკასაციო საჩივარიო დარჩა განუხილველად შემდეგი გარემოებების გამო:
საკასაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591, 397-ე, 61-ე მუხლებზე და განმარტა, რომ, რადგანაც აპელანტისათვის ცნობილი იყო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების დღე და ეს უკანასაკნელი ესწრებოდა კიდევაც სასამართლო სხდომას, გასაჩივრებული განჩინების გამოცხადებიდან მე-20 დღე იყო 8 მაისი, ხოლო 30-ე დღე – 18 მაისი. კასატორს და/ან მის წარმომადგენელს შეეძლოთ, სააპელაციო სასამართლოში მისულიყვნენ და განჩინების ასლი ჩაებარებინათ 2011 წლის 8 მაისიდან 2011 წლის 18 მაისამდე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ვ. ნ.-ე სასამართლოში მივიდა და სააპელაციო სასამართლოს განჩინება ჩაიბარა 2011 წლის 6 ივნისს. პალატამ ჩათვალა, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყო 2011 წლის 18 მაისს და დამთავრდა ამავე წლის 20 ივნისს, მხარემ კი, საკასაციო საჩივარი წარადგინა 2011 წლის 21 ივნისს.
ვ. ნ.-ემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, მოითხოვა ამავე სასამართლოს სამოქალაქო სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 ივლისის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ მაისის თვეში მხარე არაერთხელ დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით, თუმცა აღნიშნული ვერ მოხერხდა, ვინაიდან ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მზად არ იყო. ვ. ნ.-ისათვის გადაწყვეტილების ჩაბარება მხოლოდ 6 ივნისს გახდა შასაძლებელი. ვ. ნ.-ემ განცხადებას დაურთო შპს „ჯ-ის“ მიერ 2011 წლის 19 მაისიდან 6 ივნისამდე, განხორციელებული შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით განმცხადებელმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა საქმის წარმოების განახლება და მისი საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 მარტის განჩინებით ვ. ნ.-ე, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, ხოლო მისი განცხადება მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, ვ. ნ.-ის განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს.
განსახილველი საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ აპელანტისათვის ცნობილი იყო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების დღე და ეს უკანასაკნელი ესწრებოდა კიდევაც სასამართლო სხდომას. სასამართლომ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა 2011 წლის 18 აპრილს. საქმის მასალებით დადასტურებულია მხოლოდ ის გარემოება, რომ ვ. ნ.-ე სასამართლოში მივიდა და სააპელაციო სასამართლოს განჩინება ჩაიბარა 2011 წლის 6 ივნისს, შესაბამისად, სავსებით სწორია საკასაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების დასკვნა, რომ სააპელაციო პალატის განჩინების გამოცხადებიდან მე - 20 დღე იყო 8 მაისი, ხოლო 30-ე დღე – 18 მაისი. კასატორს და/ან მის წარმომადგენელს შეეძლოთ, სააპელაციო სასამართლოში მისულიყვნენ და განჩინების ასლი ჩაებარებინათ 2011 წლის 8 მაისიდან 2011 წლის 18 მაისამდე. საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 18 მაისს და დამთავრდა ამავე წლის 20 ივნისს, მხარემ კი საკასაციო საჩივარი წარადგინა 2011 წლის 21 ივნისს, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ დროს მოქმედი რედაქციის 397-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების უტყუარი წინაპირობა იყო. რაც შეეხება განცხადების მე-2 დებულებას – მაისის თვეში მოსამართლის თანაშემწესთან დარეკვის ფაქტს, საკასაციო პალატა ვერც მითითებულს ჩათვლის საქმის წარმოების განახლების საფუძველად, ვინაიდან მხარის მიერ წარმოდგენილი შპს „ჯ-ის“ მიერ 2011 წლის 19 მაისიდან 6 ივნისამდე, განხორციელებული შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხა, ვერ იქნება მიჩნეული საკმარის მტკიცებულებად, რადგანაც მითითებული დოკუმენტი ადასტურებს მხოლოდ მოსამართლის თანაშემწესთან დარეკვის ფაქტს და არა დასაბუთებული განჩინების მომზადებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის სასამართლოს მიერ დარღვევის ფაქტს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, თუ საქმის ზეპირი განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო თავისი განჩინებით უარს იტყვის განცხადების დაკმაყოფილებაზე. დასახელებული ნორმისა და ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ არ არსებობს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით, 285-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. ნ.-ის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს;
უცვლელი დარჩეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. სულხანიშვილი
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
თ. თოდრია