Facebook Twitter

№ა-3988-გან-2-2012 22 ნოემბერი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განცხადების ავტორი – კერძო აღმასრულებელი ზ. გ-ი

განხილვის საგანი – სასამართლო გადაწყვეტილების განმარტება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 20 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მ. კ-ემ მოპასუხე შპს „ო. მ-ის“ მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხესთან 2010 წლის 27 მაისს დადებული, მოძრავი ნივთის (ავტომანქანის) განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლა ნივთის ნაკლის გამო და მის მიერ გადახდილი ნასყიდობის საფასურის – 35000 ევროს მოპასუხისათვის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით მ.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „ო. მ-ს“ მ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 35000 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შპს „ო. მ-მა“ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ო. მ-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მამია კიკნაძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „ო. მ-ს“ მ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 35000 ევროს გადახდა, მასვე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული 6285.43 ლარის გადახდა.

2012 წლის 22 ოქტომბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კერძო აღმასრულებელმა ზ. გ-მა. განმცხადებელი მოითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განიმარტოს: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 17 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც მოცემულ საქმეზე შეჩერდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 9 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, განაპირობებს თუ არა ამ გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებას, ამასთან, გულისხმობს თუ არა სააღსრულებო წარმოების შეჩერება ამ მოტივით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების პროცესში უკვე გამოყენებული იძულებითი ღონისძიების (ყადაღის) გაუქმებას.

განცხადება დასაბუთებულია შემდეგნაირად:

მოცემულ საქმეზე სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველსაყოფად, 2012 წლის 15 ოქტომბერს კერძო აღმასრულებელმა ზ.გ-მა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დააყადაღა მოვალის ქონება, საბანკო ანგარიშები. მოვალეს – შპს „ო. მ-ს“ მიეცა წინადადება, რომ ნებაყოფლობით, 7 დღის ვადაში შეესრულებინა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, შპს „ო. მ-ის“ დირექტორის განცხადების საფუძველზე, შეჩერებულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულება;

2012 წლის 18 ოქტომბერს კერძო აღმასრულებელს განცხადებით მიმართა შპს „ო. მ-მა“, მას წარუდგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ხსენებული განჩინება, მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი და მოითხოვა როგორც აღსრულების შეჩერება, ასევე საქმეზე გატარებული იძულებითი ღონისძიებების (ყადაღის) გაუქმება მოვალის საბანკო ანგარიშებსა და მოძრავ ქონებაზე;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, აღმასრულებელმა იმავე დღეს შეაჩერა სააღსრულებო წარმოება. ამასთან, იმის გამო, რომ სასამართლო განჩინებაში არანაირი მსჯელობა არ იყო იძულებითი ღონისძიებების გაუქმების თაობაზე, მოვალის მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში არ დაკმაყოფილდა;

განმცხადებელი აღნიშნავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათ შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლი განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე სასამართლოს მიერ აღსრულების შეჩერება და იმ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება, რომელზეც მიქცეულია გადახდა. სააპელაციო სასამართლოს მითითებული კანონი არ გამოუყენებია. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლი არ ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო გაცემულ სააღსრულებო ფურცელზე აღსრულების შეჩერებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო აღმასრულებელ ზ. გ-ის განცხადება გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე და მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან სასამართლო აღმასრულების განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.

ამ ნორმის თანახმად, მხარეს ან სასამართლო აღმასრულებელს შეუძლია მოითხოვოს გადაწყვეტილების განმარტება იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანია, არაა გასაგებად ჩამოყალიბებული, ან შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ან შეუსაბამო დებულებებს, რაც ართულებს ან შეუძლებელს ხდის გადაწყვეტილების აღსრულებას. ამდენად, გადაწყვეტილების განმარტების მიზანია ხელი შეუწყოს გადაწყვეტილების აღსრულებას, ისე რომ, მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების განმარტებამ არ უნდა გამოიწვიოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლა.

საქმეზე დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: მ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „ო. მ-ს“ მ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 35000 ევროს გადახდა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოთ დასახელებული გადაწყვეტილება ჩამოყალიბებულია ნათლად და გარკვევით, არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ან შეუსაბამო დებულებებს, შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების განმარტების საჭიროება არ არსებობს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ განსახილველი განცხადების შინაარსიდან გამომდინარე, განმცხადებლის მოთხოვნა ძირითადად მიმართულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 ოქტომბრის განჩინების განმარტებისაკენ, რამდენადაც განცხადებაში დასმული შეკითხვები უკავშირდება სწორედ ამ განჩინებით დამდგარი პროცესუალური შედეგიდან გამომდინარე ცალკეული საკითხების გარკვევას, რომლის განმარტების საპროცესო ვალდებულებაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მიხედვით, აკისრია გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს.

ამდენად, წარმოდგენილი განცხადება სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინების) განმარტების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე მუხლებით, 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კერძო აღმასრულებელ ზ. გ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე