Facebook Twitter
saqarTvelos uzenaesi sasamarTlo

№-ა-849-შ-21-2012 15 ნოემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა სომხეთის რესპუბლიკის მ. ლ.-ის საერთო იურისდიქციის სასამართლოს მოსამართლის ნ. ო.-ის შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხი სომხეთის რესპუბლიკის მ. ლ.-ის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2011 წლის 13 სექტემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ა. რ.-ს ძე კ.-ის მიმართ თანხის დაკისრება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სომხეთის რესპუბლიკის მ. ლ.-ის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2011 წლის 13 სექტემბრის განაჩენით ა. რ.-ის ძე კ.-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად და დაეკისრა ჯარიმა, რაც დადგენილია სომხეთის რესპუბლიკის მინიმალური ხელფასის სახით - სომხეთის რესპუბლიკის 400.000 (ოთხასი ათასი) დრამი. ამავე განაჩენით გამოყენებულ იქნა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების დადგენილების პირველი პუნქტის მესამე ქვეპუნქტი „სომხეთის რესპუბლიკის ამნისტიის გამოცხადების შესახებ ოცი წლისთავთან დაკავშირებით“, რომელიც მიღებული იქნა 2011 წლის 26 მაისს და გათავისუფლებულ იქნა ა. რ.-ის ძე კ.-ი სასჯელისაგან. აღკვეთის ღონისძიება გაუქმებული იქნა ხელწერილი გაუსვლელობის შესახებ. ამავე განაჩენით დაკმაყოფილდა სარჩელი. სოლიდარული წესით ა. რ.-ის ძე კ.-სა და ა. ა.-ის ძე ვ.-ს დაეკისრა 668.000 დრამის გადახდა სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჟეტში გადასახდელად, მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით, რაც მიყენებულია სახელმწიფოსათვის ამ დანაშაულით.

აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 14 ოქტომბერს და არ აღსრულებულა.

სომხეთის რესპუბლიკის მ. ლ.-ის საერთო იურისდიქციის სასამართლოს მოსამართლემ ნ. ო.-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა სომხეთის რესპუბლიკის მ. ლ.-ის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2011 წლის 13 სექტემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 მარტის განჩინებით სომხეთის რესპუბლიკის მ. ლ.-ის საერთო იურისდიქციის სასამართლოს მოსამართლის ნ. ო.-ის შუამდგომლობა სომხეთის რესპუბლიკის მ. ლ.-ის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2011 წლის 13 სექტემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ სომხეთის რესპუბლიკის მ. ლ.-ის საერთო იურისდიქციის სასამართლოს მოსამართლის ნ. ო.-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ სომხეთის რესპუბლიკის მ. ლ.-ის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2011 წლის 13 სექტემბრის განაჩენით ა. რ.-ის ძე კ.-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად და დაეკისრა ჯარიმა, რაც დადგენილია სომხეთის რესპუბლიკის მინიმალური ხელფასის სახით - სომხეთის რესპუბლიკის 400.000 (ოთხასი ათასი) დრამი. ამავე განაჩენით გამოყენებულ იქნა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების დადგენილების პირველი პუნქტის მესამე ქვეპუნქტი „სომხეთის რესპუბლიკის ამნისტიის გამოცხადების შესახებ ოცი წლისთავთან დაკავშირებით“, რომელიც მიღებული იქნა 2011 წლის 26 მაისს და გათავისუფლებულ იქნა ა. რ.-ის ძე კ.-ი სასჯელისაგან. აღკვეთის ღონისძიება გაუქმებული იქნა ხელწერილი გაუსვლელობის შესახებ. ამავე განაჩენით დაკმაყოფილდა სარჩელი. სოლიდარული წესით ა. რ.-ს ძე კ.-სა და ა. ა.-ის ძე ვ.-ს დაეკისრა 668.000 დრამის გადახდა სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჟეტში გადასახდელად, მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით, რაც მიყენებულია სახელმწიფოსათვის ამ დანაშაულით. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 14 ოქტომბერს და არ აღსრულებულა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, სომხეთის რესპუბლიკის მ. ლ.-ის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2011 წლის 13 სექტემბრის განაჩენის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სომხეთის რესპუბლიკის მ. ლ.-ის საერთო იურისდიქციის სასამართლოს მოსამართლის ნ. ო.-ის შუამდგომლობა სომხეთის რესპუბლიკის მ. ლ.-ის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2011 წლის 13 სექტემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად სომხეთის რესპუბლიკის მ. ლ.-ის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2011 წლის 13 სექტემბრის განაჩენი იმ ნაწილში, რომლითაც ა. რ.-ს ძე კ.-ს დაეკისრა 668.000 დრამის გადახდა სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჟეტში გადასახდელად, მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით, რაც მიყენებულია სახელმწიფოსათვის ამ დანაშაულით.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავჯდომარე მ. სულხანიშვილი

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

თ. თოდრია