Facebook Twitter

№ას-1101-1032-2012 5 ნოემბერი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი - ჯ.ა-ი, თ.თ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ბ. ბ-ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 აგვისტოს განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საარბიტრაჟო სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სს „ბ. ბ-ის“ წარმომადგენელმა ლ. ც-ემ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა ყადაღის დადება მოპასუხე ჯ.ა-ის უძრავ ქონებაზე მდებარე: ხელვაჩაური, სოფელი კ-ი, საკადასტრო კოდი: ..., ფართობი 800 კვ.მ, მასზე განლაგებული 285,5 კვ.მ ნაგებობით.

თბილისის საააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 აგვისტოს განჩინებით სს „ბ. ბ-ის“ წარმომადგენელის ლ. ც-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ჯ.ა-ს (პირადი №...) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ხელვაჩაური, სოფელი კ-ი, საკადასტრო კოდი: ..., ფართობი 800 კვ.მ, მასზე განლაგებული 285,5 კვ.მ ნაგებობა) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ შპს „სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის“ 2012 წლის 9 აგვისტოს დადგენილებით წარმოებაში იქნა მიღებული სს „ბ. ბ-ის“ საარბიტრაჟო პრეტენზია მოპასუხეების ჯ.ა-სა და გ. ა-ის მიმართ. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებული გარემოების გათვალისწინებით, დავის საგანი საჭიროებდა დაცვას, რადგან მოპასუხის მიერ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისების შემთხვევაში სს „ბ. ბ-ი“ ვერ განახორციელებდა მოპასუხისაგან თანხის მიღებას და უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებდა ან შეუძლებელს გახდიდა საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული შესაძლო გადაწყვეტილების აღსრულებას. ვინაიდან ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდებოდა, რომ ქონება წარმოადგენდა მოპასუხე ჯ.ა-ის საკუთრებას, ამდენად, პალატამ ჩათვალა, რომ არსებობდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წანამძღვრები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 აგვისტოს განჩინებზე საჩივრები წარადგინეს ჯ.ა-მა და თ. თ-ემ და მოითხოვეს მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ ზემოაღნიშნული უძრავი ქონება თანასაკუთრება იყო და იგი არ წარმოადგენდა მხოლოდ ჯ.ა-ის საკუთრებას, რის დასადასტურებლადაც საჩივრებს თან დაურთეს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის (უძრავი ქონების) შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 აგვისტოს განჩინებით ჯ.ა-სა და თ. თ-ის საჩივრები არ დაკმაყოფილდა და საქმე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის შესაბამისად, გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ჯ.ა-სა და თ. თ-ის საჩივრების საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემული საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612-ე მუხლის პირველი ნაწილით არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით, ხოლო, ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს მხოლოდ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისიწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 35618-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობისას, საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია, საარბიტრაჟო სარჩელის მიმართ გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიებები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება ამ კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 192-ე მუხლისა და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია, მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, იმისათვის რომ დაკმაყოფილდეს მოთხოვნა, სასამართლოს განცხადების დასაბუთების საფუძველზე უნდა შეექმნას მყარი შინაგანი რწმენა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების გამოუყენებლობა შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების შემდგომ აღსრულებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილით კანონმდებელი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის მტკიცების ტვირთს განმცხადებელს აკისრებს, თუმცა ადგენს, რომ სასამართლოს სწორედ საქმის მასალებისა და მხარის არგუმენტების ანალიზის საფუძველზე უნდა შეექმნას დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ უზრუნველყოფილ იქნას სარჩელი. რაც შეეხება მტკიცების ტვირთს, დასახელებული ნორმა განსაზღვრავს, რომ მხარემ უნდა მიუთითოს იმ სავარაუდო და მოსალოდნელ გარემოებაზე, რაც რეალურად გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხებისა თუ შეუძლებლობის წინაპირობა გახდება. ამასთან, აღნიშნულის სწორად გადაწყვეტის წინაპირობა სწორედ უზრუნველყოფის ღონიძიების მართებულობის, მხარეთა ინტერესების შესაძლო შელახვისა და მოთხოვნის საფუძვლიანობის წინაპირობების ურთიერთშეჯერება და ერთობლივად განხილვა-გადაწყვეტაა. განმცხადებელი ვალდებულია, სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაში მიუთითოს არა მარტო იმაზე, თუ რომელი ღონისძიების გატარება სურს, არამედ იმაზეც, თუ რატომაა აუცილებელი მის მიერ მითითებული ღონისძიების გატარება.

განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელმა მოითხოვა ყადაღის დადება მოპასუხე ჯ.ა-ის უძრავ ქონებაზე მდებარე: ხელვაჩაური, სოფელი კ-ი, საკადასტრო კოდი: ..., ფართობი 800 კვ.მ, მასზე განლაგებული 285,5 კვ.მ ნაგებობით.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ დასაბუთებას, რომ ვინაიდან საქმეში არსებული და, ასევე, საჩივრების ავტორების მიერ წარმოდგენილი ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან დასტურდება ჯ.ა-ის საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე მდებარე: ხელვაჩაური, სოფელი კ-ი, საკადასტრო კოდი: ..., ფართობი 800 კვ.მ, მასზე განლაგებული 285,5 კვ.მ ნაგებობით. შესაბამისად, არსებობდა საარბიტრაჟო დავის განხილვამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით სწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის დანაწესი, რადგან, განსახილველ შემთხვევაში, და სწორად დააკმაყოფილა განმცხადებელ სს „ბ. ბ-ის“ წარმომადგენელ ლ. ც-ის განცხადება უზრუნველყოფის თაობაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ ხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197, 1971 მუხლის მე-4 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ჯ.ა-სა და თ. თ-ის საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 აგვისტოსა და 2012 წლის 20 აგვისტოს განჩინებები;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

მ. სულხანიშვილი