№ას-1185-1114-2012 13 ნოემბერი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
საჩივრის ავტორი - მ.მ-ი
წარმომადგენელი - მ. ღ-ა
მოწინააღმდეგე მხარე - ც.გ-ი
წარმომადგენელი - ზ.ჟ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების - ყადაღის საგნის შეცვლა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ.მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ც.გ-ის მიმართ უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად მიღებული თანხის ანაზღაურების თაობაზე. მ. მ-მა ასევე მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის სახით ყადაღა დაედოთ ც.გ-ის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, რადგან მოპასუხეს გააჩნდა დავალიანება 27738.6 ლარი. არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი და საშიშროება იმისა, რომ მოპასუხე თავის ქონებას გაასხვისებდა, რაც გააძნელებდა ან შეუძლებელს გახდიდა გადაწყვეტილების აღსრულებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 21 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელე მ.მ-ის განცხადება დაკმაყოფილდა. ყადაღა დაედო ც.გ-ის (პ/ნ ...) თანასაკუთრებაში არსებულ ქ. თბილისში, გ-ას გამზირი 36-ში მდებარე უძრავ ქონებას, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებელი ფართობი: 1675.00კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი 12, შენობა-ნაგებობები #1.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით მ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
2012 წლის 28 ივნისს ც.გ-ის წარმომადგენელმა ზ.ჟ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ყადაღის გაუქმება ქ. თბილისში, გ-ას გამზირ #36-ში მდებარე უძრავ ქონებაზე და მ.მ-ის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღა დაედოთ ქ. თბილისში, ტ-ის ქ.#60-ში მდებარე უძრავი ქონებიდან ც.გ-ის თანასაკუთრებაში არსებულ 1/2 ნაწილზე შემდეგი დასაბუთებით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 21 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მოსარჩელე მ.მ-ის განცხადება და ყადაღა დაედო მოპასუხე ც.გ-ის თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - მდებარე, ქ. თბილისში, გ-ას გამზირ #36-ში. დაყადაღებული უძრავი ქონება წარმოადგენდა მოპასუხე ც.გ-სა და მ.კ-ის თანასაკუთრებას 1/2 და 1/2 პროპორციით. მათი წილები არ იყო გამიჯნული. მითითებული ფართი 2012 წლის 4 მაისის იჯარის ხელშეკრულებით, 3 წლის ვადით, გადაეცა შპს „ს. და კ-ას“, რომელმაც აღნიშნულ ფართში ჩაატარა ძვირადღირებული სარემონტო სამუშაოები და კომერციული საქმიანობის დაწყების მიზნით, ესაჭიროებოდა საიჯარო ფართის ფასადის რეკონსტრუქცია, რაც ვერ ხერხდებოდა ქონებაზე ყადაღის არსებობის გამო. ასეთ ვითარებაში, მნიშვნელოვან ზარალს განიცდიდა როგორც მოპასუხე ც.გ-ი, ისე დაყადაღებული ქონების მეორე თანამესაკუთრე (მ.კ-ე, რომელიც არ იყო მხარე საქმეში) და მოიჯარე კომპანია. ამასთან, განმცხადებელმა მოითხოვა მიღებული განჩინების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, ვინაიდან, დაყოვნებას შესაძლებელია გამოეწვია ზემოაღნიშნული ხელშკრულების შეწყვეტა, რაც მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებდა მოპასუხეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის განჩინებით ც.გ-ის წარმომადგენელ ზ.ჟ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ დაკმაყოფილდა, ამავე სასამართლოს 2011 წლის 21 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ც.გ-ის თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე, ქ. თბილისში, გ-ას გამზირ #36-ში, შენობა-ნაგებობები №1, შეიცვალა და ყადაღა დაედო ც.გ-ის თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, ც.გ-ის 1/2 ნაწილს, მდებარე, ქ. თბილისში, ტ-ის ქ.#60-ში, დაზუსტებული ფართობი: 763.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა №25, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი №1, №2, №3, №4, №5, №6, №7 და განჩინება გადაეცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 21 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მოსარჩელე მ.მ-ის განცხადება და ყადაღა დაედო მოპასუხე ც.გ-ის თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე, ქ. თბილისში, გ-ას გამზირ #36-ში. განსახილველი სარჩელის ღირებულება შეადგენდა 27738.6 ლარს, რომლის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე ითხოვდა, თბილისში, გ-ას გამზირ #36-ში არსებული დაყადაღებული უძრავი ქონების ჩანაცვლებას თბილისში, ტ-ის ქ.#60-ში მდებარე უძრავი ქონებით. დავის საგნის ღირებულებისა და სანაცვლოდ შემოთავაზებული დასაყადაღებელი ქონების სავარაუდო საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით, ასევე, მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზიანის თავიდან აცილების მიზნით, სააპელაციო პალატამ ადეკვატურად მიიჩნია სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, 196-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებისა და 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ წარმოდგენილი განცხადება ჩათვალა დასაბუთებულად და დააკმაყოფილა.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მ.მ-ის წარმომადგენელმა მ.ღ-ამ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა დასაშვებია მხარეთა თხოვნით, ანუ ორივე მხარის თხოვნით. განსახილველ შემთხვევაში კი, სასამართლომ მხოლოდ ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე დააკმაყოფილა განცხადება. ამასთან, სასამართლომ ვერ მიუთითა კონკრეტული ნორმა და გამოიყენა კანონის ანალოგია. საჩივრის ავტორმა ასევე მიიჩნია, რომ უზრუნველყოფის ახალი საგანი არ იყო საკმარისი მ.მ-ის ინტერესის დასაკმაყოფილებლად, ვინაიდან, ც.გ-ის თანასაკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, გ-ას 36-ში მდებარე უძრავი ქონების დაზუსტებული ფართობი იყო 1675.00 კვ.მ, 1 შენობა-ნაგებობით, კაპიტალურად გაკეთებული და გარემონტებული კომერციული ფართი, ხოლო თბილისში, ტ-ის ქ. №60-ში მდებარე ც.გ-ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება 763.00 კვ.მ-ია, გააჩნია 7 შენობა-ნაგებობა, არის გაუმიჯნავი, დანგრევის პირას მყოფი, ძველებური საცხოვრებელი სახლი იტალიურ ეზოში. გასაჩივრებულ განჩინებაში უზრუნველყოფის ძველი და ახალი საგნის მიმართ მითითებული იყო ერთი და იგივე საკადასტრო კოდი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ივლისის განჩინებით ძალაში დარჩა გასაჩივრებული განჩინება შემდეგი დასაბუთებით: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. აღნიშნული ინსტიტუტის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ უფლებათა დაცვის უზრუნველყოფა წინასწარი და დროებითი ხასიათის ღონისძიებაა და ხდება დარღვეული ან სადავო უფლების შესახებ სასამართლოს არსებითი მსჯელობისაგან დამოუკიდებლად, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. პალატამ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა დასაშვებია მხოლოდ ორივე მხარის ერთდროული თხოვნის არსებობის შემთხვევაში. პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზოგადი ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილში მითითებული „მხარეთა თხოვნა“ გულისხმობს ერთ-ერთი მხარის შუამდგომლობას უზრუნველყოფის ერთი საგნის მეორეთი შეცვლის თაობაზე, რაც საკმარისი პროცესუალური საფუძველია სასამართლოს მიერ მითითებული ნორმის გამოსაყენებლად. პალატამ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მითითება მასზე, რომ უზრუნველყოფის ახალი საგანი არ არის საკმარისი მ.მ-ის ინტერესის დასაკმაყოფილებლად. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ც.გ-ს, მ.მ-ის სასარგებლოდ, დაეკისრა 20 891.8 ლარის გადახდა. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის განჩინებით, ქ. თბილისში, ტ-ის ქ.№60-ში მდებარე უძრავი ქონებით, რომლის დაზუსტებული ფართობი 763.00 კვ.მ-ია, უზრუნველყოფილ იქნა 20 891.8 ლარის ღირებულების დავის საგანი. დავის საგნის ღირებულებისა და სანაცვლოდ შემოთავაზებული დასაყადაღებელი ქონების სავარაუდო საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით, ასევე, მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზიანის თავიდან აცილების მიზნით, პალატამ ადეკვატურად მიიჩნია სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლა. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას, აუცილებელია მხარეთა ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, რაც უნდა გამორიცხავდეს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხის შესაძლო დაზარალების ვარაუდს.
გასაჩივრებულ განჩინებაში უზრუნველყოფის ძველი და ახალი საგნის ერთი და იგივე საკადასტრო კოდით მითითებასთან დაკავშირებით, პალატამ მიუთითა ამავე სასამართლოს 2012 წლის 28 ივნისის განჩინებაზე, რომლის შესაბამისადაც ქ. თბილისში, გ-ას გამზირ #36-ში მდებარე უძრავი ქონების საკადასტრო კოდია №..., ხოლო ქ. თბილისში, ტ-ის ქ.№60-ში მდებარე უძრავი ქონების საკადასტრო კოდი - .... შესაბამისად, საჩივრის ავტორის მოსაზრება, განჩინებაში არასწორი საიდენტიფიკაციო კოდების მითითების შესახებ, პალატამ არ გაიზიარა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ.მ-ის წარმომადგენელ მ.ღ-ას საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებები გაუქმდეს და საქმე იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.
დასახელებული ნორმით, მოსარჩელე მხარეს შეუძლია, სადავოდ გამხდარი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სასარჩელო მოთხოვნის უზრუნველყოფა. ამავდროულად, მოსარჩელემ დამაჯერებლად უნდა დაასაბუთოს, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა და დაარწმუნოს სასამართლო, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. კანონმდებელი სარჩელის უზრუნველყოფის ღონიძიების გამოყენების აუცილებლობის მტკიცების ტვირთს, მართალია, მოსარჩელეს აკისრებს, თუმცა ადგენს, რომ სასამართლოს სწორედ საქმის მასალებისა და მხარის არგუმენტების ანალიზის საფუძველზე უნდა შეექმნას დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ უზრუნველყოფილ იქნას სარჩელი, ამასთან, მიუხედავად შუამდგომლობის ავტორის მითითებისა, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ საჭიროა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, იგი არაა შეზღუდული, თავად გადაწყვიტოს უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება იქნება უფრო ეფექტური. აღნიშნულის სწორად გადაწყვეტის წინაპირობა კი სწორედ უზრუნველყოფის ღონისძიების მართებულობის, მხარეთა ინტერესების შესაძლო შელახვისა და სარჩელის საფუძვლიანობის წინაპირობების ურთიერთშეჯერება და ერთობლიობაში განხილვა-გადაწყვეტაა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული მოქმედებები პირდაპირ უკავშირდება რა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების საკითხს და მხარეთა მატერიალურ უფლებებს, მასთან დაკავშირებული რისკი მომეტებულია, რის გამოც სასამართლოსგან საკითხის მაქსიმალურად სწრაფი და სწორი გადაწყვეტისთვის სპეციფიკური და განსაკუთრებული საკანონმდებლო დანაწესებია გათვალისწინებული.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო, დარწმუნდა რა სარჩელის უზრუნველყოფის აუცილებლობაში, 2011 წლის 21 ნოემბრის განჩინებით მ.მ-ის განცხადება დაკმაყოფილდა და ქ. თბილისში, გ-ას გამზირ #36-ში ც.გ-ის თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას ყადაღა დაედო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის გასაჩივრებული განჩინებით ც.გ-ის წარმომადგენელ ზ.ჟ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 21 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების - ყადაღის საგანი შეიცვალა სხვა საგნით - სხვა მისამართზე მდებარე უძრავი ნივთით. განჩინება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაეცა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა თხოვნით დასაშვებია სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა. იმავე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის საკითხის განხილვა დასაშვებია საქმის ყველა სტადიაზე.
აღნიშნული ნორმით კანონმდებელი სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლას საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე დასაშვებად მიიჩნევს, როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხე მხარის მოთხოვნით და მისი სამართლებრივი საფუძველი სამოქალაქო პროცესის სუბიექტთა ინტერესების სრულყოფილი დაცვა და მოსალოდნელი ზიანის თავიდან აცილებაა. სამოქალაქო ბრუნვის თავისებურებიდან გამომდინარე, კანონმდებელი გონივრულად ვარაუდობს, რომ უკვე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შესაძლო უარყოფითი შედეგები დასაშვებია, გამოვლინდეს საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით განმტკიცებული დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე თავად წყვეტს, თუ როდის მოითხოვოს აღნიშნული ცვლილების განხორციელება სასამართლოს მიერ და მას ამ ღონისძიების შეცვლის მოთხოვნის უფლება ენიჭება საკუთარი დისკრეციის ფარგლებში, როდესაც საჭიროდ ჩათვლის. კანონი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით ითვალისწინებს რა მოპასუხის საფუძვლიან შიშს, უზრუნველყოფის ღონისძიების შესაძლო უმართებულობაზე (სარჩელის დაუკმაყოფილებლობა), მოპასუხის ინტერესების დაცვის სხვადასხვა სამართლებრივ ბერკეტებს (მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა) ადგენს, მათ შორის, საჩივრის ავტორის მოსაზრების საწინააღმდეგოდ, მოპასუხეს აძლევს შესაძლებლობას, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილის დათქმა მხარეთა თხოვნით სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის თაობაზე არ შეიძლება განიმარტოს მხოლოდ ორივე მხარის თხოვნის აუცილებლობით, რადგან გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის თანმდევი ტვირთი და რისკი ორივე მხარეს აქვს. შესაბამისად, თუკი ესა თუ ის მხარე კონკრეტულ საქმეში ასაბუთებს გამოყენებული უზრუნველყოფის უპერსპექტივობას, მაგალითად, ღირებულების დაკარგვის ან პირიქით, მის სასარჩელო მოთხოვნასთან შეუსაბამობით, მას მოწინააღმდეგე მხარის თანხმობის გარეშე შეუძლია, მოსთხოვოს სასამართლოს, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა.
მოცემულ შემთხვევაში, მართალია, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ შეცვლილა, არამედ შეიცვალა უზრუნველყოფის საგანი, რასაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსი დამოუკიდებლად არ არეგულირებს, მაგრამ ასეთი შემთხვევაც მითითებული ნორმის საფუძველზე უნდა დარეგულირდეს, რაც სასამართლოსაგან მოსარჩელის მოთხოვნასა და მოპასუხის კანონით დაცვად ინტერესებს შორის გონივრული ბალანსის დაცვას მოითხოვს.
სასამართლოს სწორედ საქმის მასალებისა და მხარის არგუმენტების ანალიზის საფუძველზე უნდა შეექმნას დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებაში ცვლილების შეტანა გამართლებულია და გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების, თუ შეუძლებლობის საფრთხე არ დასტურდება. აღნიშნულის გადაწყვეტის წინაპირობა უზრუნველყოფის ღონისძიების მართებულობის, მხარეთა ინტერესების შესაძლო შელახვისა და სარჩელის საფუძვლიანობის წინაპირობების ურთიერთშეჯერება და ერთობლივად განხილვა-გადაწყვეტაა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მოცემულ შემთხვევაში, გამოყენებულ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაში ყოველგვარი დასაბუთებისა და ამ საპროცესო მოქმედებასთან დაკავშირებული რისკების გამორიცხვის გარეშე შეიტანა ცვლილება. აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტი, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი დაყადაღებული ქონების ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და შესაბამისად, ვერ დასტურდება, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სრულად იქნება უზრუნველყოფილი გადაწყვეტილების აღსრულება დაყადაღებული ქონებიდან. ამ მიმართებით ყოველგვარ დასაბუთებასაა მოკლებული სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ დავის საგნის ღირებულებისა და სანაცვლოდ შემოთავაზებული დასაყადაღებელი ქონების სავარაუდო საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით, სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლა ადეკვატურია. სასამართლოს ასეთი დასკვნა ობიექტური მდგომარეობით - ყადაღის საგნის შეფასების დამადასტურებელი დოკუმენტით, და არა მოსამართლის მიხედულებით უნდა დადგინდეს.
გასაჩივრებული განჩინება მოტივირებულია რა მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზიანის თავიდან აცილების მიზნით, სააპელაციო პალატა აღნიშნულის დასტურად უთითებს საქმეში წარმოდგენილ ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის არქიტექტურის სამსახურის №194096 გადაწყვეტილებაზე, რომლითაც განმცხადებლის მოთხოვნა ქ. თბილისში, გ-ას გამზირ #36-ში ფართის ფასადის რეკონსტრუქციის თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ ობიექტს ყადაღა ადევს. ამავე გადაწყვეტილებით აქტის გამომცემი ორგანო ალტერნატივის სახით დამყადაღებლის თანხმობის წარდგენის შემთხვევაში შესაძლებლად მიიჩნევს ნებართვის გაცემას. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას არც ყადაღადადებულ ფართზე ფასადის რეკონსტრუქციაზე დამყადაღებელ - მ.მ-ის ნება არ გამოარკვია და არც ყადაღის საგნის შეცვლაზე მოსარჩელის მოსაზრებით არ დაინტერესდა, რითაც სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის ძირითადი პრინციპები და საკანონმდებლო მოთხოვნები დაარღვია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისისა და 2012 წლის 25 ივლისის განჩინებები უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მეოთხე, 419-ე, 420-ე, მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ.მ-ის წარმომადგენელ მ. ღ-ას საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისისა და 2012 წლის 25 ივლისის განჩინებები და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. კვანტალიანი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე