Facebook Twitter

№ას-1239-1168-2012 8 ნოემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა. ჯ.-ი

მოწინააღმდეგე მხარე - მ. ძ.

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 იანვრისა და 2012 წლის 23 ივლისის განჩინებები

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განცხადების დასაშვებობა

დავის საგანი - კომპენსაციის სანაცვლოდ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. თ.-მ და ა. ჯ.-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მ. ძ.-ს წინააღმდეგ და მოითხოვეს საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა მესაკუთრისათვის სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის გადახდის სანაცვლოდ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. თ.-სა და ა. ჯ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც გაასაჩივრეს სააპელაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 თებერვლის განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება და ყადაღა დაედო ქ. თბილისში, ს. ჩ.-ს ქ. №89-ში მდებარე, მ. ძ.-ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, კერძოდ, შენობა-ნაგებობა №1-ს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 იანვრის განჩინებით, მ. ძ.-ს წარმომადგენლის განცხადება დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა მ. ძ.-ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას.

აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ა. ჯ.-მა და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მორიგებით დადგენილი ვადებულება მოაპსუხეს არ შეუსრულებია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 მაისის განჩინებით ა. ჯ.-ს საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა, განჩინების ჩაბარებიდან 2 დღის ვადაში, 50 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის სახით) სასამართლოში წარმოდგენა. აღნიშნული განჩინებითვე მას განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 ივლისის განჩინებით ა. ჯ.-ის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, საჩივარი დარჩა განუხილველად და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სააპელაციო პალატის შეხედულებით, მიუხედავად იმისა, რომ საჩივრის ავტორმა ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადება სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შეიტანა, ა. ჯ.-ის ქმედებები მიმართული იყო საპროცესო ვადის უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად გაჭიანურებისაკენ, რაც ეწინააღმდეგებოდა სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების პრინციპს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ა. ჯ.-ის საჩივარი უნდა დარჩეს განუხილვალდ შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 მაისის განჩინებით ა. ჯ.-ს საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა, განჩინების ჩაბარებიდან 2 დღის ვადაში, 50 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის სახით) სასამართლოში წარმოდგენა. აღნიშნული განჩინებითვე მას განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.

საქმის მასალებითვე ირკვევა ასევე, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ა. ჯ.-მა წარმოადგინა განცხადება და ოჯახური და მატერიალური მდგომარეობის გამო, იშუამდგომლა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე, თუმცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ა. ჯ.-ის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობა, რაც მისი შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი გახდებოდა, სასამართლოსათვის არ წარუდგენია, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას მასზე, რომ ა. ჯ.-ის ქმედებები მიმართულია საპროცესო ვადის უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად გაჭიანურებისაკენ, რაც ეწინააღმდეგება სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების პრინციპს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ა. ჯ.-მა დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მისი საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. ჯ.-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 იანვრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 იანვრისა და 2012 წლის 23 ივლისის განჩინებები;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

მ. სულხანიშვილი