Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-1125-1056-2012 8 ნოემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „ს. ბ-ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ინდივიდუალური მეწარმე ნ. ჯ-ი, ლ. გ-ე, თ. მ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „ს. ბ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ინდივიდუალური მეწარმე ნ. ჯ-ის, ლ. გ-ის, თ. მ-ის მიმართ და მოითხოვა, ინდივიდუალურ მეწარმე ნ. ჯ-ს დაეკისროს საკრედიტო დავალიანების ძირითადი თანხის 21 241,86 აშშ დოლარის, დავალიანების საპროცენტო სარგებლის – 16 740.39 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს – 120 690,32 აშშ დოლარის გადახდა, ლ. გ-სა და თ. მ-ის საკუთრებაში არსებული და იპოთეკით დატვირთული ქ.თბილისში, ნ-ის N31-ში მდებარე (საკადასტრო N...; და N ...) უძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით სს „ს. ბ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ინდივიდუალურ მეწარმე ნ. ჯ-ს სს „ს. ბ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირითადი თანხის – 21 241,86 აშშ დოლარის გადახდა, საპროცენტო სარგებლის – 16 740,39 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს (ჯარიმის) 12 069 აშშ დოლარის გადახდა, იძულებით საჯარო აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა ლ. გ-სა და თ. მ-ის საკუთრებაში არსებული და იპოთეკით დატვირთული ქ. თბილისში, ნ-ის ქ.N31-ში მდებარე (საკადასტრო N... და N ...) უძრავი ქონება.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საპროცენტო სარგებლის სახით 16 740.39 დოლარის და პირგასამტეხლოს სახით 12069 აშშ დოლარის დაკისრების, ასევე იძულებით საჯარო აუქციონზე სარეალიზაციოდ მიქცევის ნაწილში მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით და მოითხოვეს ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით საპროცენტო სარგებლის 5522.88 დოლარით და პირგასამტეხლოს 7773.84 დოლარით შემცირება, ხოლო იძულებითი აუქციონის დანიშვნაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაუქმდა ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ინდივიდუალურ მეწარმე ნ. ჯ-ს სს „ს. ბ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპროცენტო სარგებლის – 5522,88 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს – 7773,84 აშშ დოლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 317-ე მუხლის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო კრედიტისა და იპოთეკის ხელშეკრულებებიდან.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის, 868-ე მუხლის პირველი ნაწილით და დაადგინა, რომ 2008 წლის 30 მაისს მხარეთა შორის გაფორმდა კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე სს „ს. ბ-მა“ ინდივიდუალურ მეწარმე ნ. ჯ-ის სახელზე გასცა კრედიტი 30 000 აშშ დოლარი, ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა კრედიტის მოქმედების ვადა – 18 თვე 26%-იანი წლიური საპროცენტო სარგებლით, ვადაგადაცილებაზე პირგასამტეხლო დადგინდა 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის, 115-ე მუხლის თანახმად, სადავო არ არის ის გარემოება, რომ სესხის ვადაგადაცილებული ძირი თანხა – 21 241,86 აშშ დოლარი არ დაფარულა. განსახილველ შემთხვევაში აპელანტმა სადავოდ გახადა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული საპროცენტო სარგებლის – 16740,39 აშშ დოლარის ოდენობით. მოწინააღმდეგის განმარტებით, აღნიშნული საპროცენტო სარგებელი გაანგარიშებულია 3 წელზე.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია, რომ ხელშეკრულების 4.1. პუნქტით ბანკი უფლებამოსილია, საპროცენტო სარგებელი მოითხოვოს აღსრულების მომენტისათვის გაანგარიშებული თანხით.

2007 წლის 23 ივლისის საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, საპროცენტო სარგებელი იანგარიშება კრედიტით სარგებლობის ფაქტობრივი დღეების შესაბამისად, წელიწადში 365 დღეზე გაანგარიშებით. თუ ბანკი ვადამდე ცალმხრივად შეწყვეტს ამ ხელშეკრულებას, ბანკის შეხედულებით პროცენტის დარიცხვა გრძელდება და გადაიხდება იძულებითი, ან მსესხებლის მიერ ნებაყოფლობითი აღსრულების მომენტისათვის გაანგარიშებული თანხით, არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით.

ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული შეთანხმება ეხება ბანკის მიერ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის პირობებში პროცენტის დარიცხვის წესს და იგი არ შეიძლება გავრცელდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ მოთხოვნებზე. განსახილველ შემთხვევაში საკრედიტო ხელშეკრულება დაიდო 2008 წლის 30 მაისს 18 თვის ვადით და მოქმედებდა 2009 წლის 30 ნოემბრამდე. აღნიშნული ხელშეკრულება სს ,,ს. ბ-ს’’ ცალმხრივად არ შეუწყვეტია (აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის) და სასარჩელო მოთხოვნით სასამართლოს მიმართა ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ, 2011 წლის 8 დეკემბერს.

სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას პროცენტის გადახდის თაობაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება და ეს შეთანხმება უნდა იყოს მკაფიო და ცალსახად უნდა დგინდებოდეს ორივე ხელშემკვრელი მხარის ნება აღნიშნულის თაობაზე.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მხარეთა შეთანხმება თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას პროცენტის გადახდის თაობაზე არ არსებობს. შესაბამისად, გაზიარებულ უნდა იქნეს აპელანტთა პოზიცია იმის თაობაზე, რომ საპროცენტო სარგებლის დარიცხვა უნდა განხორციელდეს 12 თვეზე და არა 3 წელზე, რაც შეადგენს 21241,86 აშშ დოლარის 26%=5522,88 აშშ დოლარს.

სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საკრედიტო ხაზით მომსახურების N003732 ხელშეკრულების N553110 შემადგენელი 2008 წლის 30 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებით მხარეთა მიერ გათვალისწინებულია პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარჩენილი თანხის 0,5%-ის ოდენობით.

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა – ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის მხრიდან ფაქტობრივად მოთხოვნილი პირგასამტეხლო, რომლის წლიური ოდენობა შეადგენს 182,5%-ს, შეუსაბამოდ მაღალია და სამოქალაქო უფლების არამართლზომიერად განხორციელებაზე მიუთითებს. ასეთ პირობებში პირგასამტეხლოს დანიშნულება, როგორც ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენციის მეთოდის, კარგავს თავის ამგვარ დანიშნულებას და იქცევა მოვალის დასჯის ერთ-ერთ მექანიზმად, რაც დაუშვებელია. ვადის გადაცილების პერიოდისა და მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, ასევე, პირგასამტეხლოს ფუნქციური დანიშნულების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტთა პოზიცია პირგასამტეხლოს გაანგარიშებასთან მიმართებით გაზიარებულ უნდა იქნეს და პირგასამტეხლო გაანგარიშდეს ორ წელზე, რის შედეგადაც დაკისრებული პირგასამტეხლო 12069 აშშ დოლარი უნდა შემცირდეს 7773,84 აშშ დოლარამდე.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ქონების იძულებით საჯარო აუქციონზე სარეალიზაციოდ მიქცევის ნაწილში აპელანტებმა ვერ გააბათილეს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები, რის გამოც სააპელაციო საჩივარი ამ ნაწილში, როგორც უსაფუძვლო, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სს „ს. ბ-მა“ საპროცენტო განაკვეთის შემცირების ნაწილში გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საპროცენტო სარგებლის ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესის სრულად შესრულების შემთხვევაში, 2009 წლის 30 ნოემბერს გაცემულ კრედიტზე ბანკს უნდა მიეღო სარგებელი – 6560 აშშ დოლარი. კონკრეტულ შემთხვევაში მოვალის მიერ ვალდებულება არ შესრულებულა, მეტიც, დღემდე სარგებლობს ბანკის მიერ გაცემული კრედიტით. ამდენად, საპროცენტო სარგებლის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლოს საპროცენტო სარგებლის ოდენობა არ უნდა განესაზღვრა ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევისათვის მისაღები სარგებლის ოდენობით. საპროცენტო სარგებლის ოდენობის ასეთი განსაზღვრა-გაანგარიშება სრულიად ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბანკსა და ინდივიდუალურ მეწარმე „ნ. ჯ-ს“ შორის 2008 წლის 30 მაისს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით განისაზღვრა ხელშეკრულების პირობები, მხარეთა უფლებები და ვალდებულებები, რაც ძალაშია ხელშეკრულების შეწყვეტამდე.

მოცემულ შემთხვევაში საკრედიტო ხელშეკრულება არ შეწყვეტილა. ამასთან, მხარეთა მიერ განსაზღვრული საპროცენტო სარგებელი დაკავშირებულია არა მარტო ვალდებულებითი ურთიერთობის იმ ეტაპთან, როცა ეს ურთიერთობა ნორმალურად ვითარდება, არამედ მისი დარღვევის ვადის გადაცილების ფაქტთან. შესაბამისად, ხელშეკრულებით განსაზღვრული, მხარეთა შორის შეთანხმებული საპროცენტო სარგებლის დარიცხვა ძირითად თანხაზე სრულიად შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებსა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ამდენად, სასამართლოს არგუმენტები უსაფუძვლოა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 სექტემბრის განჩინებით სს „ს. ბ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სს „ს. ბ-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ სს „ს. ბ-ს“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 17 სექტემბერს №107 საგადასახადო დავალებით გადახდილი 923,88 ლარის 70% – 646,716 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს „ს. ბ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

კასატორ სს „ს. ბ-ს“ (საინდენტიფიკაციო კოდი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 17 სექტემბერს №107 საგადასახადო დავალებით გადახდილი 923,88 ლარის 70% – 646,716 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. სულხანიშვილი

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

თ. თოდრია