საქმე №ას-1279-1206-2012 22 ნოემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ. ჩ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. რ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 ივლისის დამატებითი განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დამატებითი განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ჩ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. რ-ის მიმართ სესხის – 2000 აშშ დოლარისა და სასამართლოსგარეშე ხარჯების – 348 ლარის ანაზღაურების შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ – 300 აშშ დოლარის ნაწილში ცნო.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ მის მიერ ცნობილ თანხაზე მეტის დაკისრების ნაწილში გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. ამავე პალატის 2012 წლის 23 ივლისის დამატებითი განჩინებით კი, მიღებულ იქნა დამატებითი განჩინება და ნ. ჩ-ის წარმომადგენელ ტ. ლ-ის შუამდგომლობა ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ზ. რ-ვის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით, 47-ე მუხლის მეორე ნაწილით და აღნიშნა, რომ მოთხოვნილი საადვოკატო მომსახურების თანხა მოპასუხეს უკვე დაეკისრა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, შესაბამისად, მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
სააპელაციო სასამართლოს დამატებითი განჩინება ნ. ჩ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებანი.
პალატამ არ გაითვალისწინა, რომ კასატორი მეორე ჯგუფის ინვალიდია და სასამართლო პროცესში თავისით მონაწილეობას ვერ იღებდა. ამისათვის აიყვანა ადვოკატი და გადაუხადა ჰონორარი – 250 ლარი, რის შესახებაც ქვითარი საქმეში წარმოდგენილია.
რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებულ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე და 53-ე მუხლებს, ისინი სადავო ურთიერთობას არ არეგულირებენ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 სექტემბრის განჩინებით ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. სულხანიშვილი
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
თ. თოდრია