საქმე №ას-1376-1298-2012 12 ნოემბერი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – კ. და ი. დ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ.ბ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ.ბ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში კ. და ი. დ-ის მიმართ საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის - 2500 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ ქ.თბილისში, შ-ის შესახვევის N4-ში მდებარე შენობა-ნაგებობებიდან 38 კვ.მ საერთო ფართის მქონე საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით ვ.ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ვ.ბ-ს მოპასუხეების ი. და კ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2500 აშშ დოლარის გადახდა და ამ ვალდებულების სანაცვლოდ ვ.ბ-ი ცნობილ იქნა ქ.თბილისში, შ-ის შესახვევის N4-ში მდებარე შენობა-ნაგებობის 38 კვ.მ საერთო ფართის საცხოვრებელი სადგომის (საცხოვრებელი სადგომი შედგება 16 კვ.მ ოთახისაგან, 6 კვ.მ სამზარეულოსაგან, 8 კვ.მ კორიდორისაგან და ბინაში შესასვლელი კარის წინ არსებული ფილებით მოპირკეთებული 8 კვ.მ ე.წ ტერასასაგან) მესაკუთრედ.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინებით კ. და ი. დ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებაზე, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველად, ამავე განჩინებით აპელანტებს დაუბრუნდათ მათ მიერ სააპელაციო საჩივრის გამო სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარი. სააპელაციო პალატამ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ივლისის განჩინებით აპელანტებს: კ. და ი. დ-ს დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულებისა და აღნიშნული ღირებულების 4%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა. ხარვეზის შესავსებად საჩივრის ავტორებს განესაზღვრათ 10 დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან. ამავე განჩინებით განემარტათ ამ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შედეგები. სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 20 ივლისის განჩინება აპელანტების ოჯახის წევრს, შვილს - ბ. დ-ას ჩაბარდა 2012 წლის 28 ივლისს. 2012 წლის 6 აგვისტოს აპელანტმა კ. დ-ამ წარადგინა სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და განცხადება, რომლითაც მოითხოვა სადავო უძრავი ქონების ღირებულების სასამართლოს მიერ განსაზღვრა. სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 31 აგვისტოს განჩინებით განცხადება სადავო უძრავი ქონების ღირებულების სასამართლოს მიერ განსაზღვრის შესახებ არ დაკმაყოფილდა. 2012 წლის 20 ივლისის განჩინებით ხარვეზის შევსების მიზნით განსაზღვრული ვადა გაგრძელდა 10 დღით. აპელანტებს დაევალათ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულებისა და აღნიშნული ღირებულების 4%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენა. სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 31 აგვისტოს განჩინება აპელანტ იამზე დანელიას ჩაბარდა 2012 წლის 5 სექტემბერს, შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 6 სექტემბერს და დასრულდა 2012 წლის 17 სექტემბერს, რადგან 15-16 სექტემბერი იყო დასვენების დღეები, დროის ამ მონაკვეთში აპელანტებს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავთ სასამართლოსთვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტებმა, მიუხედავად იმისა, რომ განემარტათ განჩინებით განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შედეგები, არ შეასრულეს სასამართლოს მიერ დავალებული საპროცესო მოქმედებები.
პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე მუხლებზე, 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილზე, 374-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ სააპელაციო საჩივარში ხარვეზის არსებობისას, სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს კ. და ი. დ-მა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო პალატის განჩინება უკანონოა, რადგანაც სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება არასწორად დაამყარა ხარვეზის დადგენის შესახებ მისავე განჩინებას. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით მხარეს არასწორად დაეკისრა სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულების განსაზღვრა, მაშინ, როდესაც საქალაქო სასამართლომ დავის საგნის ღირებულება დადგენილად მიიჩნია, ამასთანავე, ხარვეზის დადგენის შესახებ სასამართლოს განჩინება უშუალოდ მხარეებს არ ჩაბარებიათ, ასევე უსაფუძვლოა სასამართლოს ის განჩინებაც, რომლითაც მხარეს, რომელმაც მისი პოზიცია სახელმწიფო ბაჟთან მიმართებით დააფიქსირა, უარი ეთქვა სასამართლოს მხრიდან დავის საგნის ღირებულების განსაზღვრაზე. სასამართლომ საქმის გარემოებათა შესწავლის გარეშე აპელანტებს უარი უთხრა მართლმსაჯულების განხორციელებაზე, რაც საპროცესო სამართლისა და კონსტიტუციით აღიარებული უფლებების დარღვევაა. ამასთანავე, სააპელაციო პალატის განჩინებით დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე, 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კერძო საჩივრის ავტორებმა ასევე მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ივლისისა და 31 აგვისტოს განჩინებების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კ. და ი. დ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ივლისისა და 31 აგვისტოს განჩინებებზე დარჩა განუხილველად, ხოლო დანარჩენ ნაწილში მიღებულ იქნა განსახილველად ამავე სასამართლოს 2012 წლის 5 ნოემბრის განჩინებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კ. და ი. დ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ივლისის განჩინებით კ. და ი. დ-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორებს დაევალათ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულების განსაზღვრა და ამ ღირებულების შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედნის სასამართლოში წარდგენა.
დასტურდება ის გარემოებაც, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტების ოჯახის ქმედუნარიან წევრს, შვილს - ბ. დ-ას ჩაბარდა 2012 წლის 28 ივლისს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.
უდავოა, რომ ხარვეზის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის დაცვით აპელანტმა კ.დ-ამ სასამართლოს მიმართა განცხადებით, მოითხოვა სასამართლოს მიერ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრა და წარადგინა სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის ქვითრის დედანი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 აგვისტოს განჩინებით მხარეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უარი ეთქვა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, ამასთანავე, დაკისრებული საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით საპროცესო ვადა გაუგრძელდა 10 დღით.
საქმის მასალებით უტყუარად ირკვევა, რომ საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ სააპელაციო პალატის 2012 წლის 31 აგვისტოს განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე ჩაბარდა იამზე დანელიას 2012 წლის 5 სექტემბერს.
საქმის მასალებით დასტურდება და არც კერძო საჩივრის ავტორებს წარუდგენიათ ამის საწინააღმდეგო არგუმენტი, რომ მათ სასამართლოსათვის ხარვეზის გაგრძელების თხოვნით ან რაიმე სხვა შუამდგომლობით არ მიუმართავთ.
აღნიშნულისა და კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზისას პალატა ყურადღებას უპირველესად იმ გარემოებაზე გაამახვილებს, რომ მხარეს, რომელიც არ ეთანხმებოდა სასამართლოს მსჯელობას ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების განხორციელების დავალდებულების თაობაზე (მათ შორის სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულების განსაზღვრის აპელანტთათვის დაკისრებისა თუ ამ ღირებულების საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი სარჩელის ფასის შესაბამისად გამოთვლის შესახებ), აბსოლუტური შესაძლებლობა ჰქონდა მოტივირებული განცხადებით მიემართა სასამართლოსათვის, მიეთითებინა მისი არგუმენტები სადავო საკითხზე და სხვა. ამასთან, როგორც საკასაციო პალატის 2012 წლის 22 ოქტომბრის განჩინებითვე ითქვა, მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი, კერძო საჩივრის განხილვისას შეამოწმოს სასამართლოს იმ გადაწყვეტილებათა მართებულობა, რომელთა მიმართაც კერძო საჩივრის შეტანა არ დაიშვება, თუმცა წინმსწრები განჩინებების უმართებულობის შემთხვევაშიც კი, როდესაც მხარე არასაპატიო მიზეზით არ ასრულებს საპროცესო მოქმედებას, აღნიშნული განიხილება მის მიერ ამ მოქმედების შესრულების იურიდიული ინტერესის დაკარგვად, რაც, თავის მხრივ, იწვევს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ე.წ სამოქალაქო-სამართლებრივი სანქციის გამოყენების შესაძლებლობას.
შესაბამისად, სასამართლო ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის იმ არგუმენტს, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით მხარეს სასამართლომ უარი უთხრა სამართალწარმოებაზე და ამით დაირღვა როგორც კონსტიტუციით, ისე საპროცესო კანონმდებლობით გარანტირებული მხარის უფლებები. აღნიშნულ პრეტენზიასთან მიმართებით, პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისათვის გარკვეული წინაპირობების დაწესება კანონმდებლის ლეგიტიმური ნებაა, რომელსაც უნდა დაემორჩილოს მხარე, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმეზე მისთვის არასასურველი შედეგი დადგება. ეს კი მხარის უფლების დარღვევას არ ადასტურებს. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ მხარის მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების გამო კონკრეტულად რომელი უფლება იქნა დარღვეული სასამართლოს მხრიდან ეს კერძო საჩივრის ავტორებს არ მიუთითებიათ.
განსახილველ შემთხვევაში, იმ უდავო გარემოების გათვალისწინებით, რომ საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება უშუალოდ ი.დ-ამ ჩაიბარა 2012 წლის 5 სექტემბერს (რომელიც, როგორც კ.დ-ას ოჯახის ქმედუნარიანი წევრი, კ.დ-ას სახელითაც იყო უფლებამოსილი, მიეღო სასამართლო შეტყობინება), პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 6 სექტემბერს და, ვინაიდან 15 და 16 სექტემბერი ემთხვეოდა დასვენების დღეებს, საპროცესო მოქმედეის შესრულების ვადა ამოიწურა 2012 წლის 17 სექტემბერს. პალატის აღნიშნული მსჯელობა გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 63-ე მუხლის სწორი განმარტებიდან.
უდავოა, რომ აპელანტებს ხარვეზის გამოსწორების მიზნით სასამართლოსათვის არ მიუმართავთ.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლზე, რომლითაც დადგენილია ის იმპერატიული წინაპირობები, რასაც სააპელაციო საჩივარი განსახილველად მიღების მიზნით უნდა აკმაყოფილებდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამავე ნორმის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აპელანტებს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არათუ ხარვეზის გამოსწორების, არამედ რაიმე შუამდგომლობითაც არ მიუმართავთ, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ. და ი. დ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე