№ას-1284-1211-2012 12 ნოემბერი, 2012 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ქ. რ. ო ს.-ი, ვ. ც.-ი (მოპასუხე)
წარმომადგენელი - რ. გ.-ე
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 აგვისტოს განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – დამატებითი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ რუსთავის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით. მოსარჩელემ მოპასუხეებად ქ. რ. ო ს.-ი და ვ. ც.-ი დაასახელა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ვ. ც.-სა და ქ. რ. ო ს.-ს შორის 2007 წლის 1 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 აპრილის განჩინებით აპელანტებს დაუდგინდათ ხარვეზი. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ქ. რ. ო ს.-ისა და ვ. ც.-ის სააპელაციო საჩივარზე გადახდილი იყო სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 524.90 ლარი. აპელანტებმა სადავო ქონების შეფასებისას იხელმძღვანელეს 2007 წლის 1 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასით (ტ 1, ს.ფ. 32-35), მაშინ, როდესაც აღნიშნული ქონება ქ. რ. ო ს.-ის მიერ გაცემული მინდობილობით შეფასებულია 40 000 ლარად. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ქონების ღირებულება 40 000 ლარი იყო და სააპელაციო საჩივარზე აპელანტებს უნდა გადაეხადათ სახელმწიფო ბაჟი 1600 ლარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ივნისის განჩინებით ქ. რ. ო ს.-ისა და ვ. ც.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
2012 წლის 4 ივლისს აპელანტებმა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ იშუამდგომლეს. მათი მითითებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა დაებრუნებინა ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. დავის საგნის ღირებულება ირკვევოდა ნასყიდობის ხელშეკრულებით, რომლის ბათილად ცნობასაც ეკონომიკის სამინისტრო ითხოვდა. აპელანტებმა წინასწარ გადაიხადეს აღნიშნული ღირებულების შესაბამისი სახელმწიფო ბაჟი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 აგვისტოს განჩინებით შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დავის საგნის ღირებულების განსაზღვრისას სასამართლომ იხელმძღვანელა ქ. რ. ო ს.-ის მინდობილობით. იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ უძრავი ქონების ღირებულება 40 000 ლარზე ნაკლები იყო, აპელანტებს სასამართლოსათვის არ წარუდგენიათ. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ამდენად, არ არსებობდა სასამართლო ხარჯების განაწილების საჭიროება.
აღნიშნული განჩინება მოსარჩელეებმა კერძო საჩივრით გაასაჩივრეს. მათი მითითებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ ხარვეზის განჩინებით ბაჟის ოდენობა არასწორად გამოთვალა. სააპელაციო სასამართლომ ერთპიროვნულად მიიღო სააპელაციო საჩივარი წარმოებაში, რისი უფლებამოსილებაც არ გააჩნდა. დავის საგნის ღირებულება ირკვევა ნასყიდობის ხელშეკრულებით, რომლის ბათილად ცნობასაც ეკონომიკის სამინისტრო ითხოვდა. აპელანტებმა წინასწარ გადაიხადეს აღნიშნული ღირებულების შესაბამისი სახელმწიფო ბაჟი. დამატებითი მტკიცებულების წარდგენა საჭირო არ იყო, ვინაიდან თავად ხელშეკრულება ადასტურებდა სადავო ქონების ღირებულებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. რ. ო ს.-ისა და ვ. ც.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, რომ 2012 წლის 29 ივნისის განჩინებით სასამართლო ხარჯების განაწილების აუცილებლობა არ არსებობდა, ვინაიდან, აღნიშნული განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორების მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა დაებრუნებინა ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის საფუძველზე, დავის საგნის ღირებულება განსაზღვრული უნდა ყოფილიყო იმ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებით, რომლის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობასაც მოსარჩელე ითხოვდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სადავო საგნის შეფასებისას მხედველობაში მიიღება იმ დროს არსებული ფასები, როდესაც შეტანილ იქნა სარჩელი, ხოლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისას – საჩივრის შეტანის დროისათვის არსებული ფასები.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, აპელანტებს უნდა განესაზღვრათ სააპელაციო საჩივრის შეტანის დროისათვის, ანუ 2012 წლის მარტისათვის, სადავო ქონების საბაზრო ღირებულება და სახელმწიფო ბაჟი ამ ღირებულების შესაბამისად გადაეხადათ. აპელანტებმა კი, სადავო ქონების ღირებულება ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე განსაზღვრეს, რომელიც 2007 წელსაა გაფორმებული.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის საგნის ღირებულება 2007 წელს თუნდაც 8000 აშშ დოლარი ყოფილიყო, რაც რეალობას ნაკლებად შეესაბამება, სააპელაციო სასამართლოს სრული საფუძველი ჰქონდა ევარაუდა, რომ 2012 წლისათვის აღნიშნული ღირებულება შეიცვლებოდა, მით უმეტეს, რომ საქმეში წარმოდგენილი ქ. რ. ო ს.-ის მიერ გაცემული მინდობილობით, შესაძენი უძრავი ქონების ღირებულება 2007 წლისათვისაც 40 000 ლარი იყო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასს მიუთითებს მოსარჩელე. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული ფასი აშკარად არ შეესაბამება სადავო ქონების რეალურ ღირებულებას, დავის საგნის ფასს განსაზღვრავს მოსამართლე სადავო ქონების საბაზრო ღირებულების მიხედვით.
იმის გათვალისწინებით, რომ ქ. რ. ო ს.-ის მიერ გაცემული მინდობილობით, შესაძენი უძრავი ქონების ღირებულება 40 000 ლარი უნდა ყოფილიყო, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით კი, ქონების ფასი 8000 აშშ დოლარი იყო, სასამართლომ სწორად ივარაუდა, რომ აპელანტების მიერ მითითებული დავის საგნის საბაზრო ღირებულება არარეალური იყო და სადავო ქონების სავარაუდო საბაზრო ღირებულებად 40 000 ლარი მართებულად მიიჩნია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხარვეზის განჩინების პასუხად, აპელანტებს შეეძლოთ სასამართლოსათვის წარედგინათ იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ უძრავი ქონების ღირებულება 40 000 ლარზე ნაკლები იყო, რაც მათ არ განუხორციელებიათ.
უფრო მეტიც, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისას, სააპელაციო სასამართლომ აპელანტებს განუმარტა, რომ შესაბამის მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში სასამართლო იმსჯელებდა ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების თაობაზე. დავის საგნის ღირებულების განმსაზღვრელი რაიმე მტკიცებულება კი, აპელანტებს სასამართლოსათვის საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე არ წარუდგენიათ.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორების მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს არ ჰქონდა უფლება, ერთპიროვნულად ემსჯელა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისა და ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების საკითხის გადასაწყვეტად მტკიცებულებების წარდგენა დაევალებინა აპელანტებისათვის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოსაზრება ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული, ამასთან, სადავო საკითხის გადაწყვეტასთან კავშირი არ აქვს, ვინაიდან, კერძო საჩივრით გასაჩივრებულია დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ განჩინება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, კი საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერი და დასაბუთებულია, ამდენად, მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. რ. ო ს.-ისა და ვ. ც.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 აგვისტოს განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე