Facebook Twitter

საქმე №ას-557-525-2012 31 მაისი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – რ.ლ-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ყ.ლ-ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება საქმის იმავე სასამართლოსატვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – ანდერძის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ.ლ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ყ.ლ-ძის მიმართ 1986 წლის 4 ივნისს ნოტარიუს ვ.ნ-ძის მიერ დამოწმებული ანდერძის ბათილად ცნობის მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

1986 წლის 4 ივნისს ნოტარიუს ვ. ნ-ძის მიერ დამოწმებული მ. ლ-ძის ანდერძის თანახმად, ყ.ლ-ძე წარმოადგენს ქ.ბათუმში, ჭ-ძის გამზირის №22-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 9/10-ის მესაკუთრეს. მამკვიდრებლის პირველის რიგის მემკვიდრეები ამჟამად არიან ამ უკანასკნელის შვილები: რ., თ. და ნ. ლ-ძეები. მოპასუხე არის თ. ლ-ძის შვილი. მოსარჩელე მამის დანაშთ ქონებას ფაქტობრივად ფლობს და მართავს რამდენიმე ათეული წელია, სახლის მოვლასა და მართვასთან დაკავშირებულ ხარჯებსაც მარტო ანაზღაურებდა, რაშიც მონაწილეობა არ მიუღია არც პირველი და არც შემდგომი რიგის კანონით მემკვიდრეებს, უფრო მეტიც, თ.ლ-ძე და მისი შვილი რამდენიმე წელია ცხოვრობენ რუსეთში. მოცემული ანდერძი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, რადგანაც მასზე დაფიქსირებული ხელმოწერა არ ეკუთვნის მ. ლ-ძეს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 20 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ თ. და ნ. ლ-ძეებს არ გააჩნიათ სამკვიდროს მიღებისათვის დადგენილი ვადის გაშვების საპატიო მიზეზი, რის გამოც, მათი აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელესთან მიმართებაში დადგენილ იქნა, რომ იგი სამკვიდროს დაეუფლა ფაქტობრივი ფლობისა და მართვის საფუძველზე, ყ.ლ-ძეს სამკვიდროს მიღების ვადის გაშვება ჩაეთვალა საპატიოდ და ის ცნობილ იქნა ქ.ბათუმში, ჭ-ძის №22-ში მდებარე უძრავი ქონების 9/10-ის ნაწილის მესაკუთრედ, ამავე გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა რ.ლ-ძის სარჩელი და დადგენილ იქნა ამ უკანასკნელის მიერ უძრავი ქონების 1/10-ის ფაქტობრივად ფლობით მიღება, ამასთან უარი ეთქვა მთლიანი სამკვიდროს მიღების ფაქტის დადგენაზე. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ნ. და თ. ლ-ძეების შეგებებული სარჩელი, რომლითაც ისინი მოითხოვდნენ სავალდებულო წილის მიკუთვნებას, არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან მათ მიერ სამკვიდროს მიღების ვადის გაშვება არასაპატიოდ იქნა მიჩნეული. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ერთ-ერთი უმთავრესი მტკიცებულება სადავო ანდერძია, ამდენად, ანდერძის ბათილად ცნობა წარმოადგენს აღნიშნულ სასამართლო გადაწყვეტილებაზე საქმის წარმოების განახლებისა და მოსარჩელის მთლიან სამკვიდროზე მესაკუთრედ აღიარების საფუძველს. ანდერძზე მამკვიდრებლის ხელმოწერის არარსებობას დაადასტურებს კალიგრაფიული ექსპერტიზა, რომლის ჩატარება, მოსარჩელის ინიციატივით, შეუძლებელია, ვინაიდან ანდერძის დედანი დაცულია და ინახება აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების საარქივო სამმართველოში.

მოპასუხე ყ.ლ-ძემ სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლებით:

დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოსაზრება, რომ ანდერძზე არ არის მოანდერძის ხელმოწერა, მაშინ, როცა იგი სადავოდ არ გაუხდია სარჩელში მითითებულ სასამართლო სხდომების დროს და არ წარმოუდგენია შეგებებული სარჩელი. მხარეთა შორის არსებულ დავაზე მიღებული გადაწყვეტილების დროს, სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას ნამდვილად მიიღო სადავო ანდერძი. აღნიშნული პრეტენზია მიმართულია იმისკენ, რომ გაჭიანურდეს მოპასუხის მიერ მის საკუთრებაში არსებული ქონების ფაქტობრივი დაუფლება და მოსარჩელის მიერ ყოველთვიური შემოსავლის 2000-2500 აშშ დოლარის ოდენობით მიღება. საქმის გარემოებებით დასტურდება, რომ ანდერძის დედანი მოსარჩელესთან უნდა ყოფილიყო, რაც მან მამის გარდაცვალების შემდეგ არ გამოაჩინა, 2008 წლის 18 ივლისს მან არქივიდან მიიღო ანდერძის ასლი და ანდერძის არსებობის შესახებ არ აცნობა ყ.ლ-ძეს. მამკვიდრებელი მოსარჩელესთან ცხოვრობდა და მისი გარდაცვალების შემდეგ, რ.ლ-ძეს მიუწვდებოდა ხელი ყველა დოკუმენტაციასა და გარდაცვლილის პირად ნივთებზე. მოსარჩელე სადავოდ მიიჩნევს სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც უცვლელად იქნა დატოვებული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ. ანდერძის არსებობის თაობაზე მხოლოდ მოსარჩელისათვის იყო ცნობილი, აღნიშნულის თაობაზე მოპასუხემ 2008 წლის 23 ნოემბერს შეიტყო. ამასთანავე, სამოქალაქო კოდექსის 1409-ე მუხლის შესაბამისად, გასულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, რადგანაც სამკვიდრო 1995 წლის 5 ნოემბერს გაიხსნა, ხოლო ვადის ათვლის წერტილად 2008 წლის 18 ივლისის მიჩნევის შემთხვევაში ამ შემთხვევაშიც, გასულია ორწლიანი ხანდაზმულობის ვადა. მოსარჩელე ანდერძის სიყალბეზე დავობდა პროკურატურაშიც, თუმცა განცხადება, უსაფუძვლობის გამო, არ დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ.ლ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 თებერვლის განჩინებით რ.ლ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 1991 წლის 5 ნოემბერს გარდაიცვალა მ. ლ-ძე, რომელსაც დარჩა 5 პირველი რიგის მემკვიდრე: მეუღლე - თ. ლ-ძე და 4 შვილი - რ., თ., ლ. და ნ. ლ-ძეები. მეუღლე თ. ლ-ძე გარდაიცვალა 2002 წლის 22 ივლისს, ხოლო შვილი ლ. ლ-ძე გარდაიცვალა 2003 წლის 28 მარტს. მ. ლ-ძემ 1986 წლის 4 ივნისს შეადგინა ანდერძი, რომლითაც მთელი სამკვიდრო ქონება, მათ შორის ქ.ბათუმში, ჭ-ძის №22-ში მდებარე სახლთმფლობელობა უანდერძა შვილიშვილს - ყ.ლ-ძეს. ანდერძი დაამოწმა ნოტარიუსმა ვ. ნ-ძემ (რეესტრის ნომერი 109). ანდერძი ძალაშია და არ არის გაუქმებული. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით ყ.ლ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ყ.ლ-ძეს სამკვიდროს მიღების ვადის გაშვება ჩაეთვალა საპატიოდ და ცნობილ იქნა გარდაცვლილი მ. ლ-ძის სამკვიდრო უძრავი ქონების (1/7 ნაწილი) ქ.ბათუმში, ჭ-ძის ქ.№22-ში მდებარე 9/10 ნაწილის მესაკუთრედ. რ.ლ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დადგენილად იქნა ცნობილი ამავე მისამართზე მდებარე რ.ლ-ძის მიერ გარდაცვლილი მ. ლ-ძის სამკვიდრო უძრავი ქონებიდან (1/7 ნაწილი) სავალდებული წილის - 1/10 ნაწილის ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი, ხოლო მთლიანი სამკვიდროს მიღების ფაქტის დადგენაზე ეთქვა უარი. ნ. და თ. ლ-ძეების შეგებებული სარჩელი სამკვიდროს მიღების ვადის გაშვების საპატიოდ ჩათვლის, სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელებისა და სავალდებულო წილის მიკუთვნების შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ქ.ბათუმში, ჭ-ძის ქ#22-ში მდებარე უძრავი ქონების 9/10 ნაწილის (ფართი 110.52 კვ.მ) მესაკუთრედ რეგისტრირებულია ყ.ლ-ძე.

პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 1344, 1345-ე, 1346-ე, 1357-ე, 1403-ე მუხლებზე და განმარტა, რომ ანდერძი სასამართლოს მიერ შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ იგი შედგენილია კანონით დადგენილი წესების დარღვევით, ასევე ისეთ მდგომარეობაში, როცა პირს არ შეეძლო შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა და წარემართა იგი. ამავე კოდქსის 1408-ე მუხლის შესაბამისად კი, ანდერძის ნამდვილობა შეიძლება სადავო გახადონ კანონით მემკვიდრეებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა იმ გარემეობათა გამო, რომლებიც გარიგების ბათილობას იწვევენ. სამოქალქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე, 105-ე მუხლებზე მითითებით, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები მოცემული საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და ჩათვალა, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა სარჩელი, ვინაიდან არ არსებობდა ანდერძის ბათილად ცნობისათვის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ.ლ-ძემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:

პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები მოცემული საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ სწორად უთხრა უარი მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე სადავო ანდერძის გაბათილების საფუძვლის არარსებობის გამო, ამასთან, არ გაარკვია, თუ რატომ იყო შუამდგომლობები დაყენებული დაგვიანებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე, საქმის განხილვის დროს დააყენა შუამდგომლობა ქიმიური, დამატებითი და განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ, რაზეც სასამართლომ უარი უთხრა დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო, ასევე, იმიტომ, რომ შუამდგომლობები დაყენებული იყო დაგვიანებით, მოქმედი საპროცესო ნორმების დარღვევით, ასევე, სასამართლომ აუცილებლად არ ჩათვალა აღნიშნული ექსპერტიზის დანიშვნა, ვინაიდან საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზა მიიჩნია დასაბუთებულად, რაც არასწორია. მხარეს შუამდგომლობა უნდა დაეყენებინა სასამართლო სხდომაზე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, თუმცა სასამართლომ არ განმარტა მთავარ სხდომას გულისხმობდა თუ მოსამზადებელს. სასამართლოს უნდა შეეფასებინა პროცესუალურად შუამდგომლობის დაყენების სისწორე და აღნიშნულზე მოტივირებული პასუხი გაეცა გადაწტყვეტილებით. მხარემ ექსპერტის დასკვნა მიიჩნია არასრულად, რის გამოც მოითხოვა როგორც დამატებითი, ასევე განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარება, შესაბამისად, გაუგებარია, თუ რატომ ჩათვალა სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა დაგვიანებით დაყენებულად, ამასთანავე არ არის დასაბუთებული, თუ რომელი ნორმა ადგენდა ამგვარ ქცევის წესს. უდავოა, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი უთხრა მოსარჩელეს შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე. საყურადღებოა ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ექსპერტის დასკვნა სყულყოფილად მიიჩნია მაშინ, როცა მოსარჩელემ არგუმენტირებულად მიუთითა დასკვნის უსრულობასა და ბუნდოვანებაზე. მოსარჩელემ, როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოში მიუთითა არაერთი არგუმენტი, რომლებიც საეჭვოს ხდიდა ექსპერტის დასკვნის იმ ნაწილს, რომლითაც დადგენილა ანდერძზე ხელმოწერის მ. ლ-ძისათვის კუთვნილების ფაქტი. საქმეზე დართული ფოტოილუსტრაციების შესწავლით დასტურდება ხელნაწერების უმრავლესი ასოს იდენტურობის დაუდგენლობა ხელნაწერ ტექსტებთან, მაშინ, როცა გამოსაკვლევი მასალა 14 ასო-ბგერისაგან შედგებოდა და მათგან 4 საერთოდ არ გამოკვლეულა, 12 შემთხვევაში ასოები არ ემთხვევა ერთმანეთს, ხოლო 8 ასო 13 შემთხვევაში ნაწილობრივ დაემთხვა სხვა ასოებს. აღნიშნული გარემოება სასამართლოს არ შეუფასებია. დასკვნის იმ ნაწილში, რომელიც ფაქსიმელიეს სახით შესრულებულ ხელმოწერას შეეხება, ექსპერტმა მიუთითა გამოსაკვლევი ხელმოწერის მარტივ აგებულებაზე, ნიმუშების ვარიაციულობასა და სიმცირეზე, ასევე მიუთითა ხელმოწერასა და წარმოდგენილ ნიმუშებს შორის დაროის შუალედზე (28-31 წელზე). ექსპერტის დასკვნაში განმარტებული არ არის, თუ რაში გამოიხატება ხელმოწერის მარტივი აგებულება, რას ნიშნავს ნიმუშების ვარიაციულობა, რატომ არის წარდგენილი ნიმუშები მცირე ოდენობით, ან 28-31 წლიანმა შუალედმა რა სხვაობა, გავლენა შეიძლება მოახდინოს ხელმოწერებზე. სასამართლოს აღნიშნულის თაობაზე სპეციალური ცოდნა არ გააჩნია და სწორედ ამან განაპირობა დამატებითი ექსპერტიზის ჩატარების ან ექპერტის დაკითხვის მოთხოვნა. ნიმუშების ვარიაციულობა ნიშნავს ხელმოწერის ნიმუშების სხვადასხვაობას, რის შესახებაც ექსპერტი პირდაპირ მიუთითებს ფაქსიმელიესთან დაკავშირებით. ფაქტობრივად, ექსპერტი სხვადასხვა საბუთზე შესრულებულ ფაქსიმელიების განსხვავებულობაზე მიუთითებს, თუმცა კატეგორიულ დასკვნას არ აკეთებს, თუ რამ გამოიწვია ნიმუშების ვარიაციულობა. ფაქსიმელიებთან დაკავშირებით ექსპერტი უთითებს 28-31-წლიან შუალედზე, მაგრამ იგივე გარემოება ხელს არ უშლის მას კატეგორიულად დაასკვნას, რომ ტექსტური ხელმოწერა „მ.ა.ლ-ძე“ შესრულებულია მ.ლ-ძის მიერ, რაც ორაზროვანია. სადავო დასკვნის მიხედვით, ხელმოწერა „მ.ა.ლ-ძე“ შესრულებულია ლურჯი საღებავი ნივთიერებით, მაგრამ საღებავი ნივთიერების ფერზე მითითებული არ არის ფაქსიმელიესთან დაკავშირებით, რაც ბადებს საფუძვლიან ეჭვს, ფაქსიმელიეს სხვა დროს შესრულების თაობაზე სხვა ფერის საღებავით. ამავე დასკვნით არ არის პასუხი გაცემული რიგ სადავო კითხვებზე, რაც სარჩელის საფუძვლიანობას დაადასტურებდა. შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მოსამართლე ვალდებულიც იყო, ხელი შეეწყო მოსარჩელისათვის მტკიცებულებების მოპოვებაში, მაგრამ მან კანონის ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა, ამასთანავე გადაწყვეტილებაში აღნიშნული მსჯელობის საწინააღმდეგოდ მიუთითა და საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა სრულყოფილად მიიჩნია. დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა მოსარჩელის მიერ დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის თაობაზე, მაშინ, როდესაც მოსარჩელეს შეეძლო შუამდგომლობა დაეყენებინა დამატებითი ექსპერტიზის ჩატარებაზე, რაც შეეხება მის დაგვიანებით დაყენებას, იგი გაკეთდა მას შემდეგ, რაც წარდგენილ იქნა დასკვნა სასამართლოში და მხარეს მიეცა მისი გაცნობის საშუალება. სასამართლო აღნიშნულზე არასწორად მიუთითებს, ვინაიდან შუამდგომლობები დაყენებული იყო დროულად, კანონის შესაბამისად.

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით რ.ლ-ძემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა ქიმიური, დამატებითი, განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნისა და ექსპერტ მ.ჯ-ძის დაკითხვის თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 მაისის განჩინებით რ.ლ-ძე „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა რ.ლ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას რ.ლ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის შუამდგომლობას ექსპერტიზის დანიშვნისა და ექსპერტის დაკითხვის თაობაზე, რადგანაც აღნიშნული თავისი არსით წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მტკიცებულებებს, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულებები ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული მიუხედავად იმისა, მათი წარუდგენლობა მხარის მიერ ობიექტური მიზეზით არის განპირობებული თუ არა.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რ.ლ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. რ.ლ-ძის შუამდგომლობა ექსპერტიზის დანიშვნისა და ექსპერტის დაკითხვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავიუფლებულია. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე