Facebook Twitter

№ას-1164-1093-2012 27 დეკემბერი, 2012 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - კ. ჩ.-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. გ.-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 ივლისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. გ.-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოში კ. ჩ.-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა მოპასუხისათვის 7250 აშშ დოლარისა და გადაწყვეტილების აღსრულებამდე წლიური 10%-იანი სარგებლის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.

მოსარჩელის განმარტებით, 2008 წლის 2 ოქტომბერს მასსა და გ. ჩ.-ეს შორის იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულება გაფორმდა. მოსარჩელემ კრედიტორის ბაბუას, კ. ჩ.-ეს გადაუხადა 7250 აშშ დოლარი, კრედიტორისათვის გადასაცემად. კ. ჩ.-ემ კი, აღნიშნული თანხა მიითვისა, რაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს დაეკისრა სესის თანხის გადახდა და იპოთეკით დატვრითული ბინა აუქციონზე გაიყიდა.

მოპასუხემ სარცელი არ ცნო და განმარტა, რომ 7250 აშშ დოლარი 2009 წლის 4 სექტემბერს გ. ჩ.-ეს გადასცა, ამდენად, მის მიმართ მოთხოვნა უსაფუძვლო იყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. გ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კ. ჩ.-ეს დაეკისრა გ. გ.-ის სასარგებლოდ 7 250 აშშ დოლარის გადახდა, კ. ჩ.-ეს გ. გ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2008 წლის 6 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე 7 250 აშშ დოლარის წლიური 10%-ის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება კ. ჩ.-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 ივლისის განჩინებით კ. ჩ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

1. 2007 წლის 5 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, გ. ჩ.-ემ გ. გ.-ეს გადასცა 26 000 აშშ დოლარი;

2. 2008 წლის 5 ივლისს გ. გ.-ის სესხის დასაფარავად 7 250 აშშ დოლარი გადაეცა კ. ჩ.-ეს;

3. სესხის თანხის დაუბრუნებლობის გამო, 2008 წლის 12 დეკემბერს მეორე იძულებით საჯარო აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა გ. გ.-ის სახელზე რიცხული, იპოთეკით დატვრითული, ქ. თბილისში, დ.-ის ქუჩის №41-ში მდებარე N11 ბინა;

4. ბინის საჯარო იძულებით აუქციონზე რეალიზების დროს, 2008 წლის 12 დეკემბერს კ. ჩ.-ისათვის გადაცემული 7 250 აშშ დოლარი კრედიტორისათვის - გ. ჩ.-ისათვის გადაცემული არ იყო და იგი გადაეცა მხოლოდ 2009 წლის 4 სექტემბერს.

5. კ. ჩ.-ემ ვალდებულების არარსებობის პირობებში მიიღო გ. გ.-ისგან გ. გ.-ის სესხის დასაფარავად 7 250 აშშ დოლარი;

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 969-ე მუხლზე და განმარტა, რომ, აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს, ან შემდგომში შეწყდა. ვინაიდან, კ. ჩ.-ემ ვალდებულების არარსებობის პირობებში მიიღო გ. გ.-ისგან გ. გ.-ის სესხის დასაფარავად 7 250 აშშ დოლარი, მას აღნიშნული თანხის დაბრუნების ვალდებულება წარმოეშვა.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით და მიუთითა, რომ მიუღებელი შემოსავალი არის თანხა, რომელსაც პირი მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ჩვეულებრივ პირობებში, მისი უფლებები რომ არ დარღვეულიყო, მაგალითად ხელშეკრულება რომ შესრულებულიყო სათანადო წესით. კონკრეტულ შემთხვევაში, მიუღებელ შემოსავალ არის საბანკო ანაბრისთვის დადგენილი საპროცენტო სარგებელი, რასაც კრედიტორი მიიღებდა ბრუნვაუნარიანი ობიექტის - ფულის ანაბარზე განთავსების შედეგად.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხეს მიუღებელი შემოსავლის სახით წლიური 10%-ის გადახდა უნდა დაჰკისრებოდა და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კ. ჩ.-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით. კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მან გ. გ.-ეს მიაყენა ზიანი. აღნიშნული თანხა იყო გ. გ.-ის კრედიტორის - გ. ჩ.-ისათვის გადასაცემი და კ. ჩ.-ემ, დაგვიანებით, მაგრამ გადასცა თანხა გ. ჩ.-ეს. გარდა ამისა, პირველი ინსტანციით საქმის განხილვისას, სასმაართლომ დაადგინა, რომ კ. ჩ.-ე არასატანადო მოპასუხე იყო და გ. გ.-ეს მისი სათანადო მოპასუხით, გ. ჩ.-ით შეცვლა შესთავაზე, რაზეც მოსარჩელემ უარი განაცხადა. სასამართლოს, ამ სემთხვევაში, სარჩელი არ უნდა დაეკმაყოფილებინა, სააპელაციო სასამართლომ კი ეს გარემოება არ გაითვალისწინა. სააპელაციო სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ ნორმებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კ. ჩ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას არ დაურღვევია საპროცესო კანონმდებლობა, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ხოლო საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, ამასთან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

კ. ჩ.-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე