Facebook Twitter

№ას-1176-1105-2012 26 დეკემბერი, 2012 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ჯ. ფ.-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. შ.-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 მაისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. შ.-ემ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში ჯ. ფ.-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა.

მოსარჩელის მითითებით, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 2011 წლის 5 აგვისტოს N134 ბრძანებით პირდაპირი მიყიდვის გზით სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, გადაეცა ავტონომიური რესპუბლიკის კუთვნილი შუახევის მუნიციპალიტეტის სოფ. ტ.-ში (ხ.-ში) მდებარე N46 ბინა, რომლის ფართობიც 31,44 კვ. მ-ს შეადგენს. აღნიშნულ ფართს მოპასუხე უკანონოდ ფლობს. მან გააუქმა შესასვლელი კარი და გამყოფი კედელი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის გამოსახლება მისი კუთვნილი ბინიდან, ასევე ჯ. ფ.-ისა და მისი ბინის გამყოფი კედლის ამოშენება.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით ნ. შ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ჯ. ფ.-ე გამოსახლებულ იქნა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფ. ტ.-ში, ხ.-ში მდებარე N046 ბინიდან.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 მაისის განჩინებით ჯ. ფ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. შ.-ეს ეკუთვნის შუახევის რაიონის სოფ. ტ.-ში მდებარე სახლის მე-5 სართულზე არსებული ბინა №046, საკადასტრო კოდით №2407350001. აღნიშნულ ბინას აპელანტი კანონიერი საფუძვლის გარეშე ფლობს.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ არ დგინდება მოწინააღმდეგე მხარის კუთვნილი უძრავი ქონების საზღვრები. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში მოთავსებულია როგორც აპელანტის (ს.ფ. 43), ასევე ნ. შ.-ის (ს.ფ. 30) კუთვნილი ბინების აზომვითი ნახაზები. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სადავო უძრავი ქონების იდენტიფიცირება შესაძლებელია და აპელანტი უნდა გამოსახლდეს ნ. შ.-ის კუთვნილი ბინიდან.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ჯ. ფ.-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით. კასატორის მითითებით, სადავო ფართი იზოლირებული არ არის. თავად მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ბინის კედელი გადატიხრულია. მოსარჩელე მოითხოვს, რომ მოპასუხემ ამოაშენოს გამავალი კედელი და დახუროს. ტექნიკური თვალსაზრისით, ამ მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოპასუხე სადავო ფართს ფლობს ათეული წლების განმავლობაში. მან ჩაატარა კაპიტალური რემონტი. შენობის განლაგება შეცვლილია, შიდა კედლები გაერთიანებულია და, შესაბამისად, ვერ დგინდება ბინების საზღვრები. მოსარჩელეს, გონივრული წინდახედულობის გამოჩენის შემთხვევაში, შეეძლო გაერკვია ნასყიდობის საგნის უფლებრივი ნაკლი. იგი ვალდებული იყო, მეზობელთან გაერკვია ნასყიდობის საგანთან დაკავშირებული უფლებები და ვალდებულებები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. ფ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას არ დაურღვევია საპროცესო კანონმდებლობა, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ხოლო საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, ამასთან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

განსახილველ შემთხვევაში, კასატორს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი უნდა დაუბრუნდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ჯ. ფ.-ის (პ/ნ ....) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

კასატორს დაუბრუნდეს 28/09/2012 წლის N... საგადახდო დავალებით რ. ფ.-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე