№ას-1197-1126-2012 25 დეკემბერი, 2012 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შ.ჩ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ზ-ა (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შ.ჩ-მა გორის რაიონულ სასამართლოში ლ. ზ-ას წინააღმდეგ სარჩელი აღძრა მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების - 6000 ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.
სარჩელში მითითებულია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 23 აგვისტოს განაჩენით ლ. ზ-ა ცნობილია დამნაშავედ შ.ჩ-ის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმედ დაზიანებაში. სამედიცნო შემოწმებით, შ. ჩ-ს დაუდგინა მარჯვენა მტევნის ნებ-ფალანგის სახსრის პოსტტრავმული ანკელოზი და ესაჭიროება ოპერაცია.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ შ. ჩ-ს სახსარი მათ შორის მომხდარ ჩხუბამდეც აწუხებდა.
გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით შ.ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით შ.ჩ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შ.ჩ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ლ.ზ-ას შ. ჩ-ის სასარგებლოდ 80 ლარის გადახდა დაეკისრა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 23 აგვისტოს განაჩენით ლ.ზ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
2. საქმეში წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2010 წლის 4 ნოემბრის ექსპერტიზის №712/31 დასკვნა, რომლის თანახმად, ,,შ.ჩ-ს დაზიანება - IV თითის მოტეხილობა - განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის მოშლის ხანგრძლივობის ნიშნით“;
3. საქმეში წარმოდგენილია ჯანმრთელობის ცნობა ფორმა IV-100/ა. ამ ცნობით დასტურდება, რომ შ.ჩ-ს აღენიშნება მარჯვენა მტევნის IV ნებ-ფალანგის სახსრის პოსტ ტრავმული ანკილოზი და ესაჭიროება ოპერაცია - მარჯვენა მტევნის IV ნებ-ფალანგის სახსრის ენდოპროტეზირება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულ დიაგნოზსა და ლ. ზ-ას მიერ ჩადენილ ქმედებას შორის მიზეზობრივი კავშირი არ არსებობს. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებზე, კერძოდ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2010 წლის 4 ნოემბრის №712/31 დასკვნაზე, რომლითაც დგინდება შ.ჩ-ის დაზიანების ხარისხი და ჯანმრთელობის ცნობაზე, რომელიც შეიცავს დასკვნას პაციენტ შ.ჩ-ის ჯანმრთელობის შესახებ და სამკურნალო რეკომენდაციებს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული მტკიცებულებებით, აგრეთვე, სააპელაციო სასამართლოში მოწვეული ექიმი-სპეციალისტების განმარტებებით, ვერ დგინდება მიზეზობრივი კავშირი შ.ჩ-ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტსა და ფორმა IV-100/ა-თი რეკომენდებულ მკურნალობას შორის, ანუ, ვერ დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ოპერაციული მკურნალობის საჭიროება გამოწვეულია სწორედ ლ.ზ-ას მართლსაწინააღმდეგო ქმედებით. მიზეზობრივი კავშირის არარსებობა კი, გამორიცხავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შემადგენლობას ოპერაციული მკურნალობის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის ნაწილში.
სააპელაციო სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა ექიმთან ვიზიტისა და მკურნალობის ხარჯების ანაზღაურების შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი 50-ლარიანი და 2 ცალი 15-ლარიანი ქვითრები სსსკ–ის 134–ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული წერილობითი მტკიცებულებაა, რომლითაც გამყარებულია მოსარჩელის განმარტება იმის თაობაზე, რომ მან ექიმთან ვიზიტისას გადაიხადა 80 ლარი. ქვითრები შეიცავს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ 2010 წლის ოქტომბერში პაციენტმა შ.ჩ-მა გორის საავადმყოფოში გადაიხადა ექიმ კ-თან ვიზიტის საფასური - 80 ლარი. აღნიშნულის საპირისპირო მტკიცებულება კი, მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შ.ჩ-მა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. შ.ჩ-ს სხვა დაზიანება არ მიუღია და ამჟამად არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობა უშუალოდ განვითარებულია ლ. ზ-ას დანაშაულებრივი ქმედების შედეგად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ.ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას არ დაურღვევია საპროცესო კანონმდებლობა, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ხოლო საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, ამასთან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შ.ჩ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე