№ას-1201-1130-2012 25 დეკემბერი, 2012 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ლ.რ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ვ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ბეს ორმაგად დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ვ-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ლ.რ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა მოპასუხისათვის ბედ მიცემული 1000 აშშ დოლარის ორმაგად დაბრუნება.
მოსარჩელის განმარტებით, შვილთან, ნ.ვ-თან ერთად აპირებდა კომერციული ფართის შეძენას. 2010 წლის 9 დეკემბერს ნ.ვ-სა და ლ.რ-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ლ.რ-მა აიღო ვალდებულება რომ ნ.ვ-ეს 2011 წლის 10 იანვრამდე მიჰყიდდა 50 კვ.მ უძრავ ქონებას. ნ.ვ-ეს კი, უნდა გადაეხადა 225 000 აშშ დოლარი პერიოდულად. მყიდველმა ბეს სახით გადაიხადა 1000 აშშ დოლარი. საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ჩანდა, რომ ფართი იყო 50 კვ.მ, გადაზომვის შემდეგ კი, აღმოჩნდა 47 კვ.მ. მოპასუხე ფართის შესაბამისად ფასის შემცირებას არ დაეთანხმა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ რეკლამის მიხედვით, ფართი მერყეობდა 50 კვ.მ-ამდე. მოსარჩელეს არ გამოუთქვამს დაზუსტებული მონაცემების გაცნობის სურვილი, სადაც დაფიქსირებული იყო 47,2 კვ.მ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 იანვრის განჩინებით საქმეში სათანადო მოსარჩელედ ნ.ვ-ე ჩაება.
იმავე სასამართლოს 2012 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ.ვ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ლ.რ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1 000 აშშ დოლარის დაბრუნება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 მაისის განჩინებით ლ.რ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
იმავე სასამართლოს 2012 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით ნ.ვ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 თებერვლის შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, ნ.ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ლ.რ-ს ნ.ვ-ის სასარგებლოდ 2000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. 2010 წლის 8 დეკემბრის ხელწერილით ლ.რ-მა დაადასტურა, რომ მან გ. ვ-გან მიიღო ბე 1000 აშშ დოლარი და აიღო ვალდებულება, დანარჩენი თანხის გადახდის შემთხვევაში, გაესხვისებინა მისი კუთვნილი 50 კვ.მ უძრავი ქონება. გ. ვ-ე მოქმედებდა ნ.ვ-ის დავალების საფუძველზე (ტ. I. ს.ფ. 15, 20.01.2012წ. სხდომის ოქმი);
2. 2010 წლის 9 დეკემბერს ნ.ვ-სა და ლ.რ-ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც ლ.რ-მა აიღო ვალდებულება, 2011 წლის 10 იანვრამდე ნ.ვ-ვის მიეყიდა თბილისში, პ-ის ქ. N8-ში მდებარე ბინა N17, რომლის ფართობიც 50 კვ.მ-ს შეადგენდა. თავის მხრივ, ნ.ვ-ე იღებდა ვალდებულებას, გარკვეული პერიოდულობით დაეფარა ნასყიდობის ფასი, სულ 225 000 აშშ დოლარი (ტ. I. ს.ფ. 16);
3. გასაყიდი უძრავი ქონების ფართობი შეთანხმებულ 50 კვ.მ-ზე ნაკლებია და შეადგენს 47,02 კვ.მ-ს;
4. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ.რ-ის სახელზე ირიცხება თბილისში, პ-ის ქ. N8–ში მდებარე 83.05 კვ.მ უძრავი ქონება. მოპასუხის ახსნა–განმარტებით დადგენილია, რომ გასაყიდი ფართი გამოყოფილია ტიხრით დანარჩენი ფართისაგან. მოსარჩელის შეთავაზებაზე, რომ ტიხრის მოხსნით გზით, მოპასუხეს ფართი მოეყვანა შეთანხმებასთან შესაბამისობაში, ანუ მოსარჩელისათვის გადაეცა 50 კვ.მ. ფართი, მოპასუხემ უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ ტიხრის მოხსნა ტექნიკურად შეუძლებელი იყო და გამოიწვევდა დარჩენილი საცხოვრებელი ფართის შევიწროვებას;
5. ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია ბეს მიმღების ბრალეული მოქმედებით.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 2010 წლის 9 დეკემბრის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ მის ყველა არსებით პირობაზე: ხელშეკრულების საგანზე, ფასსა და გადახდის წესზე. დადასტურებულია, რომ ლ.რ-მა აიღო ვალდებულება, 2011 წლის 10 იანვრამდე ნ.ვ-ვის მიეყიდა 50 კვ.მ უძრავი ქონება, მდებარე თბილისში, პ-ის ქ. N8–ში, სანაცვლოდ კი, ნ.ვ-ეს, გარკვეული პერიოდულობით, უნდა დაეფარა ნასყიდობის ფასი, სულ 225 000 აშშ დოლარი. დადგენილია ასევე, რომ გასაყიდი უძრავი ქონების ფართობი შეთანხმებულ 50 კვ. მ.-ზე ნაკლები აღმოჩნდა, კერძოდ - 47,02 კვ.მ. ამასთან, როგორც მხარეთა ახსნა-განმარტებებით დგინდება, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე ნ.ვ-ემ მოითხოვა 83,05 კვ.მ ფართიდან 50 კვ.მ-ს გამოყოფა, რაც შესაძლებელი იყო არსებული ტიხრის გადაწევით, მოპასუხისაგან მიიღო უარი. მოპასუხე არც რეალურად არსებული ფართის მიხედვით ხელშეკრულების დადებაზე იყო თანახმა. ლ.რ-მა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ ის ამ მომენტისათვის აღარ იყო თანახმა შეთანხმებული ფასის მიხედვით გაეყიდა უძრავი ქონება.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ თუ ვალდებულების შეუსრულებლობაზე პასუხისმგებელია ბეს მიმცემი, ბედ გადაცემული ფულადი თანხა რჩება მეორე მხარეს, ხოლო, თუ ვალდებულების დარღვევაზე პასუხისმგებელია ბეს მიმღები, იგი ვალდებულია მეორე მხარეს ორმაგად გადაუხადოს ბე. აღნიშნული წესები მოქმედებს მხოლოდ მაშინ, როცა მხარეები საერთოდ არ ასრულებენ ვალდებულებას და არ ვრცელდება არაჯეროვან შესრულებაზე. ვალდებულების შეუსრულებლობა, ასევე, წარმოშობს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. ბე ჩაითვლება ზიანის ანაზღაურების თანხაში. ეს ნიშნავს, რომ, თუ ვალდებულების შეუსრულებლობაზე პასუხისმგებელია ბეს მიმცემი, მან ზიანი უნდა აანაზღაუროს იმ ოდენობით, რა ოდენობითაც აღემატება ბეს თანხას, ხოლო, თუ პასუხისმგებელია ბეს მიმღები, მეორე მხარეს შეუძლია მოითხოვოს ბეს ორმაგად გადახდა და, გარდა ამისა, ზიანის ანაზღაურება იმ ოდენობით, რა ოდენობითაც იგი აღემატება ბეს ერთჯერად თანხას. ამ შემთხვევებში ძირითადი ვალდებულება წყდება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულება არ დაიდო ბეს მიმღების, ლ.რ-ის ბრალეული მოქმედებით, სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა გადახდილი ბეს ორმაგი ოდენობით დაბრუნების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ლ.რ-მა საკასაციო წესით გასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით. კასატორის მითითებით, ვალდებულების შეუსრულებლობა არ იყო მისი ბრალეული ქმედების შედეგი. ვ-მა პირველი შენატანი არ განახორციელეს დათქმულ ვადაში. გასაყიდი ფართი არ იყო გამიჯნული საერთო 83 კვ. მ-საგან. გ. ვ-ეს არ მოუთხოვია დანაკლისის შევსება ან ფასის შემცირება, მან პირდაპირ ბეს დაბრუნება მოითხოვა, სააპელაციო სასამართლომ კი, აღნიშნული გარემოებები არ გაითვალისწინა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ.რ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას არ დაურღვევია საპროცესო კანონმდებლობა, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ხოლო საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, ამასთან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი უნდა დაუბრუნდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ.რ-ის (პ/ნ ...) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
კასატორს დაუბრუნდეს 27/09/2012 წლის N... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე