Facebook Twitter

№ას-1216-1145-2012 28 დეკემბერი, 2012 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ნ.ა-ი, თ.ა-ი

შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი - ე.ჩ-ი, ნ.ბ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – საცხოვრებელი სადგომის სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობები

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე.ჩ-მა, ე.კ-ამ და ნ.ბ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში ნ. და თ.ა-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრეს. სარჩელის მიხედვით, ისინი არიან ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოსარგებლეები და ითხოვენ საცხოვრებელი სადგომის საკუთრებაში გადაცემას, კერძოდ:

1. ე.ჩ-ი ითხოვს ცნობილი იქნას ქ.თბილისში ფ-ის ქუჩა #18-ში მდებარე, ნ.ა-ის და თ.ა-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული უძრავი ქონებიდან 108,34 კვ.მ. საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ, საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის _ 16750 ლარის ნ.ა-ის და თ.ა-ვის გადახდის სანაცვლოდ;

2. ნ.ბ-ი ითხოვს ცნობილი იქნას ქ.თბილისში ფ-ის ქუჩა #18-ში მდებარე, ნ.ა-ის და თ.ა-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული უძრავი ქონებიდან 59,85 კვ.მ. საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ, საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის _ 9250 ლარის ნ.ა-ის და თ.ა-ის გადახდის სანაცვლოდ;

3. ე.კ-ი ითხოვს ცნობილი იქნას ქ.თბილისში ფ-ის ქუჩა #18-ში მდებარე, ნ.ა-ის და თ.ა-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული უძრავი ქონებიდან 31,84 კვ.მ. საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ, საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის _ 4850 ლარის ნ.ა-ის და თ.ა-ის გადახდის სანაცვლოდ.

მოპასუხეებმა წარადგინეს შეგებებული სარჩელი და მიუთითეს, რომ მოსარჩელები იყვნენ საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეები, მაგრამ მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომები სრულად არ წარმოადგენდა დათმობის საგანს.

შეგებებული სარჩელის მიხედვით, ნ.ა-ი და თ.ა-ი ითხოვენ:

1. ქ.თბილისში, ფ-ის ქუჩის N18-ში მდებარე 17.57 კვ.მ საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების _ 6300 ა.შ.შ დოლარის 75%-ის გადახდის სანაცვლოდ შეუწყდეს ე.ჩ-ს მფლობელობა აღნიშნული საცხოვრებელ სადგომზე, ვინაიდან თავდაპირველი უფლების დათმობის ობიექტს წარმოადგენდა 17,57 კვ.მ. საცხოვრებელი სადგომი;

2. ქ.თბილისში, ფ-ის ქუჩის N18-ში მდებარე 21,79 კვ.მ საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების _ 8700 ა.შ.შ დოლარის 75%-ის გადახდის სანაცვლოდ შეუწყდეს ნ.ბ-ს მფლობელობა აღნიშნული საცხოვრებელ სადგომზე, ვინაიდან თავდაპირველი უფლების დათმობის ობიექტს წარმოადგენდა 21,79 კვ.მ. საცხოვრებელი სადგომი;

3. ქ.თბილისში, ფ-ის ქუჩის N18-ში მდებარე 27,94 საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების _ 8700 ა.შ.შ დოლარის 75%-ის გადახდის სანაცვლოდ შეუწყდეს ე.კ-ს მფლობელობა აღნიშნული საცხოვრებელ სადგომზე, ვინაიდან თავდაპირველი უფლების დათმობის ობიექტს წარმოადგენდა 27,94 კვ.მ. საცხოვრებელი სადგომი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ე.ჩ-ის, ნ.ბ-ის, ე.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ე.ჩ-ს თ.ა-ის და ნ.ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა 16750 ლარის გადახდა; ე.ჩ-ი ცნობილ იქნა ქ.თბილისში, ფ-ის ქუჩა #18-ში მდებარე, ნ.ა-ის და თ.ა-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული უძრავი ქონებიდან (საკადასტრო კოდი ...) 108,34 კვ.მ. საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ; ნ.ბ-ს თ.ა-ის და ნ.ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა 9250 ლარის გადახდა. ნ.ბ-ი ცნობილ იქნა ქ.თბილისში, ფ-ის ქუჩა #18-ში მდებარე, ნ.ა-ის და თ.ა-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული უძრავი ქონებიდან (საკადასტრო კოდი ...) 59,85 კვ.მ. საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ; ე.კ-ს თ.ა-ის და ნ.ა-ის სასარგებლოდ დაეკისროს 4850 ლარის გადახდა; ე.კ-ი ცნობილ იქნა ქ.თბილისში, ფ-ის ქუჩა #18-ში მდებარე, ნ.ა-ის და თ.ა-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული უძრავი ქონებიდან (საკადასტრო კოდი ...) 31,84 კვ.მ. საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ; ნ.ა-ის და თ.ა-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. და თ.ა-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ივნისის განჩინებით სამოქალაქო საქმის წარმოება შეჩერდა გარდაცვლილი ე.კ-ის ნაწილში 2012 წლის 1 დეკემბრამდე.

იმავე სასამართლოს 2012 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით ნ.ა-სა და თ.ა-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება ე.ჩ-სა და ნ.ბ-ის სარჩელის დაკმაყოფილებისა და მათ მიმართ ნ. და თ.ა-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;. ე.ჩ-სა და ნ.ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ნ.ა-სა და თ.ა-ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სასამართლომ დაადგინა, რომ ნ.ა-სა და/ან თ.ა-ის მიერ ე.ჩ-ის სასარგებლოდ 50 250 (ორმოცდაათი ათას ორასორმოცდაათი) ლარის გადახდის შემთხვევაში, ვალდებულების შესრულების დოკუმენტის ან ამ ვალდებულების სხვაგვარად შეწყვეტის დოკუმენტის წარდგენის შემდეგ, ე.ჩ-ს შეუწყდეს მფლობელობა მის მიერ დაკავებულ 108.34 კვ.მ. საცხოვრებელ სადგომზე მდებარე _ ქ.თბილისში, ფ-ის ქ.№18-ში და ეს უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცეთ მესაკუთრეებს _ ნ.ა-სა და თ.ა-ს; ნ.ა-სა და/ან თ.ა-ის მიერ ნ.ბ-ის სასარგებლოდ 27 750 (ოცდაშვიდი ათას შვიდასორმოცდაათი) ლარის გადახდის შემთხვევაში, ვალდებულების შესრულების დოკუმენტის ან ამ ვალდებულების სხვაგვარად შეწყვეტის დოკუმენტის წარდგენის შემდეგ, ნ.ბ-ს შეუწყდეს მფლობელობა მის მიერ დაკავებულ 59.85 კვ.მ. საცხოვრებელ სადგომზე მდებარე _ ქ.თბილისში, ფ-ის ქ.№18-ში და ეს უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცეთ მესაკუთრეებს _ ნ.ა-სა და თ.ა-ს.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

1. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ქ. თბილისში, ფ-ის ქუჩა #18-ში მდებარე უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი: 218 კვ.მ. შენობა-ნაგებობები #1, #2, #3, #4, #5 (საკადასტრო კოდი ...) რეგისტრირებულია ნ.ა-ის და თ.ა-ის საკუთრებად. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სამკვიდრო მოწმობა #090838029, დამოწმების თარიღი 09/12/2009. ნ.ა-ს და თ.ა-ს აღნიშნული ქონება მემკვიდრეობით აქვთ მიღებული მ. ა-ან (ს.ფ. 16);

2. ნ. და თ.ა-ბი სადავოდ არ ხდიან, რომ ე.ჩ-ი და ნ.ბ-ი წარმოადგენენ ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლეებს, რომლებსაც ეს უფლება მოპოვებული აქვთ საცხოვრებელი სადგომის თავდაპირველ მესაკუთრესთან (მ. ა-ან) საცხოვრებელი სადგომის დათმობის შესახებ გარიგებების საფუძველზე. ეს გარემოება ასევე დასტურდება საქმეში არსებული კომუნალური გადასახადების გადამხდელ აბონენტად რეგისტრაციის დამადასტურებელი მტკიცებულებებით, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაციით, სამკვიდრო მოწმობით, რომლის თანახმად, ნ.ბ-ი არის საცხოვრებელი სადგომის თავდაპირველი მოსარგებლის ქ. ბ-ის უფლებამონაცვლე;

3. მესაკუთრეები სადავოდ ხდიან მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მოსარგებლეთა მიერ დაკავებული ფართები არ შეესაბამება და აღემატება დათმობილი ფართებს. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ დასაბუთებულად არ გაიზიარა აზაურაშვილების ეს მოსაზრება. კერძოდ, ე.ჩ-ის და ნ.ბ-ის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა - ც. ღ-ის და ს. ტ-ის ჩვენებებით დადგენილია, რომ ქ.თბილისში ფ-ის ქუჩა №18-ში ც. ღ-ი საცხოვრებლად გადავიდა 1960 წელს, ხოლო ს. ტ-ი - 1966 წელს, ე.ჩ-სა და ნ.ბ-ის მიერ დღევანდელი მდგომარეობით დაკავებული საცხოვრებელი სადგომებს დაახლოებით ორმოცი წელიწადია ფლობენ და რაიმე დავა უძრავი ქონების მესაკუთრესთან ან სხვა პირთან არ ჰქონიათ;

4. ნ.ა-ის და თ.ა-ის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა - ს. ს-ის და მ. ს-ის ჩვენებებით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ფ-ის ქუჩა №18-ში სათიკ სუკიასოვი საცხოვრებელად გადავიდა 1977 წელს, ხოლო მ. ს-ი დაბადებიდან - 1949 წლიდან ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე. ამავე ეზოში ცხოვრობდა ამისთვალოვის ოჯახი, რომელიც წავიდა საქართველოდან და მათი საცხოვრებელი ბინა დაახლოებით 1973 წლიდან დაიკავა ე.ჩ-ის ოჯახმა. თავდაპირველად ე.ჩ-ის ოჯახი ცხოვრობდა სარდაფის ტიპის ერთ პატარა ოთახში. 1965 წელს ამავე ეზოში მცხოვრებმა ლ. ბ-მა მოკლა მ. ს-ის ბებია, აღნიშნული ფაქტის შემდეგ ბ-მა დატოვეს საცხოვრებელი ბინა და გადავიდნენ სხვა მისამართზე, ბინას საერთო კედელი ჰქონდა ე.ჩ-ის კუთვნილ ბინასთან, ე.ჩ-ი საცხოვრებლად შევიდა ბ-ის მიერ დატოვებულ ფართში. რაიმე დავა აღნიშნულ ბინასთან დაკავშირებით არასოდეს ყოფილა და 1965 წლიდან ე.ჩ-ის ოჯახი ფლობს აღნიშნულ საცხოვრებელ სადგომს;

5. როგორც ამ მოწმეთა ჩვენებების, ისე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ ე.ჩ-თან მიმართებაში დათმობის საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისში, ფ-ის ქუჩა #18-ში მდებარე, მის მიერ დაკავებული 108,34 კვ.მ. საცხოვრებელი სადგომი და ნ.ბ-თან მიმართებაში ამავე მისამართზე მდებარე და მის მიერ დაკავებული 59,85 კვ.მ. საცხოვრებელი სადგომი.

6. ნ.ა-ის და თ.ა-ის მიერ წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 28 დეკემბრის დასკვნის მიხედვით, თ.ა-ის მიერ აზომვით ნახაზზე მონიშნული, ნ.ბ-ის მიერ დაკავებული 21,79 კვ.მ. საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულება შეადგენს 8700 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში, ხოლო თ.ა-ის მიერ აზომვით ნახაზზე მონიშნული ე.ჩ-ის მიერ დაკავებული 17,57 კვ.მ. საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულება შეადგენს 6300 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს;

7. ე.ჩ-სა და ნ.ბ-ის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული კომპანია ,,კომპაუდის” 2011 წლის 13 ოქტომბრის დასკვნის მიხედვით, ქ.თბილისში, ფ-ის ქუჩა #18-ში მდებარე, ე.ჩ-ის მიერ დაკავებულია 108,34 კვ.მ. საცხოვრებელი სადგომი, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს - 67000 ლარს. ნ.ბ-ის მიერ დაკავებულია 59,85 კვ.მ. საცხოვრებელი სადგომი, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს - 37000 ლარს.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სასამართლოს მოსარგებლეთა მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომების ფართობისა და საბაზრო ღირებულების განსაზღვრისას უნდა გამოეყენებინა მათ მიერ წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 28 დეკემბრის დასკვნა ან თავისი ინიციატივით დაენიშნა ახალი ექსპერტიზა, ნაცვლად მოწინააღმდეგე მხარეების მიერ წარმოდგენილი აუდიტორული კომპანია „კომპაუდის“ 2011 წლის 13 ოქტომბრის დასკვნისა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, მოსარგებლეთა მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომების ფართებისა და საბაზრო ღირებულებების განსაზღვრისას მართებულად გამოიყენა აუდიტორული კომპანია ,,კომპაუდის“ 2011 წლის 13 ოქტომბრის დასკვნა, რადგან აღნიშნული დასკვნით სრულად იყო განსაზღვრული მოსარგებლეთა მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომების ფართები და საბაზრო ღირებულებები, ხოლო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შეფასებული იქნა მხოლოდ თ.ა-ის მიერ მითითებული ფართები, რაც სრულად არ ასახავდა მოსარგებლეთა მიერ რეალურად დაკავებული საცხოვრებელი სადგომების ფართობს და, შესაბამისად, მათ საბაზრო ღირებულებას.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, „საცხოვრებელი სადგომის სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონის სპეციფიკიდან გამომდინარე, მესაკუთრისა და მოსარგებლის ერთდროული მოთხოვნის არსებობისას უპირატესობა ენიჭება მესაკუთრის უფლების რეალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ. და თ.ა-ბი სადავოდ არ ხდიდნენ ე.ჩ-ის და ნ.ბ-ის სტატუსს. ისინი სადავოდ ხდიდნენ მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მოსარგებლეთა მიერ დაკავებული ფართები არ შეესაბამებოდა და აღემატებოდა დათმობილი ფართების ოდენობას; ამასთან, ნ. და თ.ა-ებს აღძრული ჰქონდათ რა შეგებებული სარჩელი პირველი ინსტანციის სასამართლოში, ზემოაღნიშნული კანონით მათთვის მინიჭებული უფლების რეალიზაციის მოთხოვნით, თანხმობას აცხადებდნენ მოსარგელეებისათვის გადაეხადათ საკომპენსაციო თანხები იმ ოდენობის ფართებზეც, რაზეც სასამართლო მიიჩნევდა მოსარგებლეებად ე.ჩ-სა და ნ.ბ-ს. ასეთ პირობებში, ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლიდან გამომდინარე, დავა უნდა გადაწყდეს მესაკუთრეების სასარგებლოდ.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. და თ.ა-მა საკასაციო წესით გაასაჩივრეს, მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით. მათი მტკიცებით, ე.ჩ-სა და ნ.ბ-ს გადაცემული ჰქონდათ გაცილებით ნაკლები ფართი, ისინი კი, ითხოვენ თვითნებურად დაკავებული ფართის მესაკუთრედ ცნობას. საქმეში არსებული მტკიცებულებეით დასტურდება, რეალურად რა ფართი გადაეცათ მათ სარგებლობაში, სააპელაციო სასამართლოს კი, ისინი არ შეუფასებია. სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა მოსარგებლეების მიერ წარდგენილი აუდიტის დასკვნა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე გაასაჩივრეს ე. ც-მა და ნ.ბ-მა. მათი მითიტებით, არასწორია, სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ მესაკუთრეები თანახმა იყვნენ, აენაზღაურებინათ მოსარჩელეთა მიერ რეალურად დაკავებული ფართის საბაზრო ღირებულების 75%. ისინი თანხმობას მხოლოდ 17,57 კვ. მ-სა და 21,79 კვ. მ-ს საბაზრო ღირებულების 75%-ის ანაზღაურებაზე აცხადებდნენ, რის გამოც, პირველი ინსტანციის სასამართლომ ე. ჩ-სა და ნ. ბ-ის სარჩელი მართებულად დააკმაყოფილა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კი, უკანონოა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. და თ.ა-ის საკასაციო საჩივარი, ასევე ე.ჩ-სა და ნ.ბ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას არ დაურღვევია საპროცესო კანონმდებლობა, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ხოლო საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო საჩივრები დაუშვებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. და თ.ა-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ე.ჩ-სა და ნ.ბ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

3. კასატორები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება;

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე