№ას-1225-1154-2012 24 დეკემბერი, 2012 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ნ.ხ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.ც-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ივლისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა.ც-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ე. და ნ.ხ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა. მოსარჩელემ მოითხოვა ნ. და ე. ხ-ის უკანონო მფლობელობიდან ქ. თბილისში, თ-ის 3 მ/რ-ის, მე-4 კვარტლის 55-ე კორპუსში მდებარე №28 ბინის გამოთხოვა. მისი განმარტებით, ზემოაღნიშნული ბინა 2010 წლის ივლისში შეიძინა თ. მ-ან. შეთანხმების თანახმად, ბინაში მცხოვრებ მოპასუხეებს, მ-ის ყოფილ მეუღლესა და ქალიშვილს, ბინა უნდა დაეცალათ ერთ თვეში, მაგრამ მათ ბინის დაცლაზე უარი განაცხადეს. აღმოჩნდა, რომ მოპასუხეებს გააჩნდათ სასამართლოს გადაწყვეტილება სადავო ბინის 2/5-ის მიკუთვნების შესახებ, მაგრამ აღნიშნული უფლება საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულა და გადაწყვეტილების თაობაზე ა.ც-ის ცნობილი არ იყო. მოპასუხეებმა სასამართლოში მოითხოვეს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მაგრამ მათი სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მიუხედავად მოსარჩელის არაერთი გაფრთხილებისა მოპასუხეები უარს ამბობენ ბინის გამოთავისუფლებაზე და უკანონოდ განაგრძობენ მისი კუთვნილი ქონებით სარგებლობას.
მოპასუხეები სარჩელს არ ცნობენ და განმარტავენ, რომ 2008 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით არიან სადავო ფართის მართლზომიერი მფლობელები, ხოლო ა.ც-ე სადავო ბინის კეთილსინდისიერ შემძენი არ არის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა.ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, გამოთხოვილი იქნა ნ. და ე. ხ-ის უკანონო მფლობელობიდან ა.ც-ის კუთვნილი, ქ. თბილისში, თ-ის მე-3 მ/რ-ის მე-4 კვარტლის 55-ე კორპუსში მდებარე №28 ბინა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ივლისის განჩინებით ე. ხ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
იმავე სასამართლოს 2012 წლის 31 ივლისის განჩინებით ნ.ხ-ის სააპელაციო საჩივარ ვარ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ბინაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ა.ც-ის საკუთრების უფლება. საკუთრების უფლება წარმოიშვა თ. მ-სა და ა.ც-ეს შორის 2010 წლის 6 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 12 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ე. და ნ.ხ-ის სარჩელი თ. მ-ის მიმართ დაკმაყოფილდა და ისინი ცნობილი იქნენ ქ. თბილისში, თ-ის მე-3 მ/რ-ის, მე-4 კვარტლის, 55-ე კორპუსში მდებარე №28 ბინის თანამესაკუთრეებად, თითოეული 1/5 ნაწილზე. თუმცა ე. და ნ.ხ-მა სასამართლოს გადაწყვეტილებით აღიარებული თავიანთი უფლება საჯარო რეესტრში არ დაარეგისტრირეს და ისე გააგრძელეს სადავო ბინის ფლობა. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებაზე მითითებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის ბრძანებით სადავო ბინიდან ყოფილი მესაკუთრის ოჯახის წევრების გამოსახლების შესახებ ა.ც-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით ნ. და ე. ხ-ის სარჩელი, თ. მ-სა და ა.ც-ეს შორის 2010 წლის 6 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ამ გადაწყვეტილებით ა.ც-ე მიჩნეულია კეთილსინდისიერ შემძენად.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემული დავა უნდა გადაწყვეტილიყო უძრავი ნივთის კეთილსინდისიერი შემძენის (მესაკუთრის) სასარგებლოდ, რადგან იმ სამოქალაქო რისკზე პასუხისმგებლობა, რაც წარმოიშვა სადავო უძრავ ქონებაზე სანივთო უფლების საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებლობით, ეკისრება მოპასუხე ნ.ხ-ს. ამ უკანასკნელმა ჯერ კიდევ 2008 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით აღიარებული თავისი უფლება სადავო ნივთზე არ დაირეგისტრირა საჯარო რეესტრში, რის გამოც, ამ სადავო ნივთის კეთილსინდისიერი შემძენ მოსარჩელე ა.ც-ან მიმართებით სადავო ნივთზე მისი მფლობელობა ვეღარ ჩაითვლება მართლზომიერად, მას შემდეგ რაც ახალმა მესაკუთრემ წაუყენა დასაბუთებული პრეტენზია და მოსთხოვა უძრავ ნივთზე მფლობელობის შეწყვეტა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ.ხ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხე სადავო ბინას უკანონოდ არ ფლობს, რადგან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 12 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ნ.ხ-ი ცნობილია სადავო ბინის თანამესაკუთრედ, შესაბამისად, სადავო უძრავი ქონება მოსარჩელის სახელზე უკანონოდ არის რეგისტრირებული. კასატორი სადავო უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელია, მიუხედავად იმისა, რომ უფლება საჯარო რეესტრში არ დაურეგისტრირებია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.ხ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას არ დაურღვევია საპროცესო კანონმდებლობა, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ხოლო საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, ამასთან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი უნდა დაუბრუნდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ.ხ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
კასატორს დაუბრუნდეს 02/10/2012 წლის N... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე