№ ას-1255-1184-2012 12 დეკემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შ.მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – კ.ლ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 ივნისის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ხელშეკრულებიდან გასვლა და უძრავი ქონების საკუთრების უფლების აღრიცხვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შ.მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში კ.ლ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა ხელშეკრულებიდან გასვლა და თბილისში, გ-ის ქ. №19 -ში მდებარე უძრავი ქონების (ნაკვ.41/10) საკადასტრო კოდით №.... საკუთრების უფლებით მის სახელზე აღრიცხვა. მოსარჩელის განმარტებით, 2011 წლის 16 მარტს მხარეთა შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. კ.ლ-ემ არ გადაუხადა ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული თანხა 15 000 აშშ დოლარი. აღნიშნული ხელშეკრულება დადებულია მოტყუებით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შ.მ-ს 15 000 აშშ დოლარი (12000+3000) მიღებული ჰქონდა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე, რაც დასტურდებოდა მხარეთა შორის 2011 წლის 27 ნოემბერს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით. აღნიშნულ ხელშეკრულებაზე ნასყიდობაზე მიბმულია გამოსყიდვის უფლება, რომლის თანახმადაც, მოსარჩელეს ორი თვის ვადაში უნდა გამოესყიდა სადავო ქონება. თუ მოსარჩელეს მიღებული არ ჰქონდა ნასყიდობის თანხა, რატომ განსაზღვრა გამოსყიდვის ვადად 2011 წლის 16 მაისი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კოლეგიის 2012 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით შ.მ-ის სარჩელი კ.ლ-ის მიმართ ხელშეკრულებიდან გასვლისა და უძრავი ქონების საკუთრების უფლებით აღრიცხვის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ.მ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 ივნისის განჩინებით შ.მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2011 წლის 16 მარტს მხარეებს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, გ-ის ქ. N19, მიწის ნაკვეთი 293,00 კვ.მ. და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N1.
16.03.2011 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, უძრავი ქონება გამოსყიდვის უფლებით გაიყიდა 15 000 აშშ დოლარად, შესაბამისი კურსით ლარებში; ამავე ხელშეკრულების მე-3 მუხლით კი დადგენილი იქნა გამოსყიდვის ვადა 2011 წლის 16 მაისამდე;
მოსარჩელე, სასარჩელო მოთხოვნის - ხელშეკრულებიდან გასვლა და უძრავი ქონების საკუთრების უფლებით აღრიცხვა, დაკმაყოფილების საფუძვლად უთითებს მოპასუხის მიერ 16.03.2011 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის - 15000 აშშ დოლარის გადაუხდელობაზე, რაც პალატამ არ გაიზიარა და სამოქალაქო კოდექსის 477.1-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველი - გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამდენად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის ფასის გადახდის მტკიცების ტვირთი ეკისრება მყიდველს, მოცემულ შემთხვევაში - კ.ლ-ეს. საქმეში წარმოდგენილი 2011 წლის 16 მარტის ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელემ გამოსყიდვის უფლებით გაყიდა ხოლო მოპასუხემ იყიდა უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისში, გ-ის ქ. N19 მიწის ნაკვეთი - 293,00 კვ.მ. და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N1 15 000 აშშ დოლარად, შესაბამისი კურსით ლარებში. უძრავი ქონების გამოსყიდვის ვადა განისაზღვრა 2011 წლის 16 მაისამდე. მითითებული ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე (მოსარჩელემ გამოსყიდვის უფლებით გაყიდა, ხოლო მოპასუხემ იყიდა უძრავი ქონება) სასამართლომ მიიჩნია, რომ გამყიდველმა შ.მ-მა მყიდველ კ.ლ-ეს 15 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ საკუთრებაში გადასცა უძრავი ქონება.
ამდენად, 16.03.2011 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე პალატამ დადგენილად მიიჩნია მყიდველის მიერ ნასყიდობის თანხის გადახდის ფაქტი, რისი საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულებები მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1-ე და 317.1-ე მუხლებზე მითითებით, პალატამ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენდა ნასყიდობის ხელშეკრულება.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რა დროსაც მოსარჩელემ გამოხატა ნება სადავო ქონების გასხვისების თაობაზე, ხოლო მოპასუხემ ამ ქონების შეძენაზე.
პალატას მიiჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, მართებულად განმარტა, რომ ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, სადავო გარემოებას წარმოადგენდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადაცემის ნამდვილობა, ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლა, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მოკლებული იყო როგორც ფაქტობრივ, ასევე სამართლებრივ საფუძველს. ამასთან, არ შეიძლებოდა ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველი ყოფილიყო ნასყიდობის თანხის გადაუხდელობა ვინაიდან ნასყიდობის საგნის ღირებულების მიუღებლობის შემთხვევაში მხარეს უფლება ჰქონდა ედავა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ.მ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა და განიხილა საქმეში არსებული მასალები, არ გაიზიარა ის გარემოება, რომ ხელშეკრულებაში ნათლად და მკაფიოდ არის ყოველივე აღნიშნული გარდა გათვალისწინებული თანხის გადახდისა. ამასთან, სასამართლომ არასწორად შეაფასა სარჩელის საფუძვლიანობა და არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 352-362-405-427-429-477-ე მუხლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით შ.მ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ.მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შ.მ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1250 ლარი) 70% – 875 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ შ.მ-ს დაუბრუნდეს ბ. მ-ის მიერ 2012 წლის 11 ოქტო,ბრის №... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1250 ლარის 70% – 875 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე