Facebook Twitter
საქმე №ას-1271-1291-2011 27 ოქტომბერი, 2011 წელი

№ას-1269-1198-2012 24 დეკემბერი, 2012 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – რ.ფ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – ქონების უმკვიდროდ ცნობა და მესაკუთრედ აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ.ფ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ და მოითხოვა ქ.თბილისში, ც. ძ-ის ქ.№7-ში მდებარე, ტექაღრიცხვის არქივის მონაცემების მიხედვით, ს. ჟ-ას სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა და აღნიშნული უმკვიდრო ქონების მოსარჩელისათვის უსასყიდლოდ გადეცემა.

საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირად ჩაება ნ. ს-ა, რომელმაც მოითხოვა ქ.თბილისში, ც. ძ-ის ქ.№7-ში მდებარე, ტექაღრიცხვის არქივის მონაცემების მიხედვით, ს. ჟ-ას სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა და უმკვიდრო ქონების შესყიდვის უპირატესი უფლების მისთვის მინიჭება.

მოპასუხემ როგორც ძირითადი, ასევე დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირის სარჩელი ნაწილობრივ ცნო და დაეთანხმა ქ.თბილისში, ც. ძ-ის ქ.№7-ში მდებარე, ტექაღრიცხვის არქივის მონაცემებით, ს.ჟ-ას სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის მოთხოვნას, თუმცა განმარტა, რომ რ.ფ-ე სადავო საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლედ ვერ მიიჩნევა. მხარის აზრით, ნ. ს-ას მოთხოვნა უმკვიდრო ქონებაზე შესყიდვის უპირატესი უფლების მინიჭების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონი ასეთ შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით რ.ფ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ქ.თბილისში, ც. ძ-ის ქ. №7-ში მდებარე, ტექაღრიცხვის არქივის მონაცემებით, ს.ჟ-ას სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომი ცნობილ იქნა უმკვიდროდ, რ.ფ-ეს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ქ.თბილისში, ც. ძ-ის ქ.№7-ში მდებარე უმკვიდრო ქონებად მიჩნეული, ტექაღრიცხვის არქივის მონაცემებით, ს.ჟ-ას სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომის ნაწილი – მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის გეგმის მიხედვით ლიტერ „ა-ში“ მდებარე №1 (22,40კვ.მ), №3 (9,20 კვ.მ) ფართი, მის წინ მდებარე შუშაბანდი (3,30 კვ.მ) და ლიტერ „ა-ში“ მდებარე №4 სარდაფის (16.32 კვ.მ) ნახევარი, მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ნ.ს-ას დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო ქონება ცნობილ იქნა უმკვიდროდ, ხოლო უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომის უპირატესი შესყიდვის უფლების მინიჭების თაობაზე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნ.ს-ამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება ნ.ს-ას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. სააპელაციო საჩივარი წარადგინა რ.ფ-აც მისი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით ნ.ს-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნ.ს-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში დარჩა უცვლელად, რ.ფ-ის სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილება გაუქმდა და რ.ფ-ეს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ქ.თბილისში, ც. ძ-ის ქუჩა №7-ში მდებარე უმკვიდრო ქონებად მიჩნეული, ტექაღრიცხვის არქივის მონაცემების მიხედვით, ს.ჟ-ას სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომის თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის (მდებარე თბილისში, 9 ძ-ის ქუჩა №7-ში) გეგმის მიხედვით ლიტერ „ა-ში“ არსებული 21,15 კვ.მ, 3,60 კვ.მ და 2,20 კვ.მ ფართები და სარდაფის ნახევარი შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:

ქ.თბილისში, ც. ძ-ის ქ.№7-ში მდებარე საცხოვრებელი სადგომი ტექბიუროს მონაცემებით აღრიცხულია ს.ჟ-სა და ნ.ს-ას სახელზე. საჯარო რეესტრის მიხედვით, თანასაკუთრების საკუთრების უფლება დარეგისტრირებული აქვს ნ.ს-ას, რაც დასტურდება ტენიკური ინვენტარიზაციის არქივის მონაცემებით, ცნობა-დახასიათებით, საკუთრების მოწმობით, საკადასტრო გეგმითა და საჯარო რეესტრის ამონაწერით. 1995 წლის 20 ივლისიდან რ.ფ-ე რეგისტრირებულია ქ.თბილისში, ც. ძ-ის ქ.№7-ში. რ.ფ-ე საცხოვრებელ სადგომს ფლობს საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეებთან – ლ. ფ-სა და მ. მ-ან სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.

უდავოა და მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ რ.ფ-ე ფლობს ქ.თბილისში, ც. ძ-ის ქ.№7-ში მდებარე შენობა-ნაგებობის ლიტერ „ა-ს“, საიდანაც 1995 წლის 28 ივნისს სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მან ლ. ფ-ან (ქორწინების შემდგომი გ. ჯ-ე) შეიძინა №4 (16.32 კვ.მ) სარდაფის ნახევარი, №1 (22,40 კვ.მ), №3 (9,20 კვ.მ) ფართები, მის წინ მდებარე 3,30 კვ. მ შუშაბანდი. 1997 წლის 27 ოქტომბრის სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე კი, მოსარგებლე მ. მ-ან იყიდა ფართი №2 (21,15, 3.60 და 2.20 კვ.მ) და სარდაფის მეორე ნახევარი.

1968 წლის 14 მაისიდან 1997 წლის 23 ოქტომბრამდე ლ. ფ-ე (ჯ-ე) სამისამართო-საინფორმაციო ბარათების მიხედვით, რეგისტრირებული იყო ქ.თბილისში, ც. ძ-ის ქ.№7-ში.

1968 წლიდან ლ. ფ-ე დარეგისტრირდა ბუნებრივი აირის აბონენტად და იხდიდა კომუნალურ გადასახადებს, რაც დასტურდება აბონენტის წიგნის ასლითა და გადახდის დამადასტურებელი ქვითრების ასლებით.

სს „თელასის“ 2010 წლის 10 დეკემბრის ცნობით, 1996 წლიდან ქ.თბილისში, ც. ძ-ის ქ. №7-ში აბონენტად რეგისტრირდება მ-ი სააბონენტო ნომრით 1172180. 1996-1997 წლებში აბონენტი პერიოდულად იხდიდა დახარჯული ელექტროენერგიის საფასურს. ამჟამად აბონენტი ირიცხება არააქტიური სტატუსით. ფ-ე აღნიშნულ მისამართზე აბონენტად რეგისტრირებული არ არის.

1968 წლიდან მ-ი ლ. ფ-ან ერთად რეგისტრირებული იყო ბუნებრივი აირის აბონენტად და იხდიდა კომუნალურ გადასახადებს, რაც დასტურდება აბონენტის რეგისტრაციის ამსახველი დოკუმენტით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით ს.ჟ-ა გარდაცვლილად გამოცხადდა და მისი გარდაცვალების თარიღად მიჩნეულ იქნა სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე. გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულია გარდაცვალების მოწმობა, სადაც გარდაცვალების თარიღად მითითებულია 2010 წლის 3 მაისი.

ნოტარიუსთა პალატის ცნობის თანახმად, ს.ჟ-ას მემკვიდრეებს ს.ჟ-ას დანაშთი ქონების მიღებასთან დაკავშირებით განაცხადი არ წარუდგენიათ.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა „საცხოვრებლი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის 11-ე მუხლის „ა” პუნქტით, მე-2 მუხლის მე-11 პუნქტით და მიიჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ლ. ფ-ე და მ. მ-ი რ.ფ-ან არსებული შეთანხმების საფუძვლზე გაფორმებული ხელწერილების შედგენის დროისთვის წარმოადგენდნენ მოსარგებლეებს, ვინაიდან რეგისტრირებული იყვნენ სადავო მისამართზე და იხდიდნენ კომუნალურ გადასახადებს. დასახელებული ფაქტების დადგენა წარმოადგენს საკმარის საფუძველს პირის მოსარგებლედ ცნობისათვის, შესაბამისად, 1995 წლის 28 ივნისსა და 1997 წლის 27 ოქტომბერს გაფორმებული ხელწერილების შინაარსიდან გამომდინარე, მოსარგებლეებმა ამ სტატუსიდან გამომდინარე უფლება დაუთმეს რ. ფ-ეს, რაც განაპირობებს მისი მოსარგებლის სტატუსს.

სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი გარემოებებით ს.ჟ-ას უძრავი ქონება მართლზომიერად იქნა მიჩნეული უმკვიდროდ მისი მემკვიდრეების მიერ მიუღებლობის გამო.

„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონის 2.12 მუხლის მიხედვით, პალატამ მიიჩნია, რომ რ.ფ-ის მოთხოვნა მის მფლობელობაში არსებული, ს.ჟ-ას კუთვნილი უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით დასაბუთებულია.

სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე პალატამ არ გაიზიარა ნ. ს-ას მოთხოვნა საერთო საკუთრების წილის უპირატესი შესყიდვის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, ნ.ს-ა და ს.ჟ-ა წარმოადგენდნენ სადავო უძრავი ქონების თანამესაკუთრეებს, თუმცა მათ შორის უპირატესი შესყიდვის უფლებაზე შეთანხმების არსებობაზე ნ.ს-ას არ მიუთითებია. თანამესაკუთრისათვის ასეთ უფლებას შეთანხმების გარეშე კანონი არ ადგენს. ამდენად, ნ.ს-ას შესაბამისი მოთხოვნა უკანონოა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნ.ს-ამ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სადავო ფართის მისთვის გადაცემა შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო სს „თელასის“ 2010 წლის 10 დეკემბრის ცნობას იმის თაობაზე, რომ 1996 წლიდან აბონენტად რეგისტრირდება მ-ი, რომელიც სააბონენტო ბარათზე პერიოდულად იხდიდა დახარჯული ელექტროენერგიის საფასურს, რის საფუძველზეც ეს უკანასკნელი არასწორად მიიჩნია სადავო საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლედ. მითითებულ ცნობაში არ არის გამოკვეთილი კონკრეტულად როდის ,1996 წლის 27 ივნისამდე თუ 27 ივნისის შემდეგ იხდიდა გადასახადებს.

სასამართლომ არასწორად განმარტა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონის 11 მუხლის „ა“ პუნქტი, როდესაც რ.ფ-ე მოსარგებლედ მიიჩნია „მოსარგებლეებთან“ გაფორმებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. ფაქტობრივად, წერილობითი ნასყიდობის ხელწერილი (ხელშეკრულება) უნდა გაფორმებულიყო მესაკუთრე ჟ-სა და ფ-ეს შორის და არა, ერთი მხრივ, ფ-სა და მ-ს, ხოლო, მეორე მხრივ, ფ-ეს შორის.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს საინფორმაციო ბარათის მიხედვით, მ. მ-ი ქ.თბილისში, 9 ძ-ის ქ.№7-ში რეგისტრირებულად არ ფიქსირდება. სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მ.მ-ი საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლედ, ისე რომ არ იმსჯელა ამ საკითხზე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან არ გამოითხოვა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები და მ.მ-ი მოწმის სახით არ დაკითხა.

სააპელაციო პალატამ არასწორად დააკმაყოფილა რ.ფ-ის მოთხოვნა და სადავო საცხოვრებელი სადგომი გადასცა მას საკუთრებაში უსასყიდლოდ. ამ საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2010 წლის 16 მარტს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით რ.ფ-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა და უარი უთხრა იმ მიწის ნაკვეთის დაკანონებაზე, რომელზეც სადავო საცხოვრებელი სადგომია დამაგრებული.

კასატორმა ასევე იშუამდგომლა, რომ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროდან გამოთხოვილ იქნეს ქ.თბილისში, 9 ძ-ის ქ.№7-ში მ. მ-ის რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტაციის გაცემაზე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 2011 წლის 20 ივლისის №03/181451 წერილით მხარეს უარი ეთქვა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომაც, მოითხოვა მისი გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც უმკვიდროდ ცნობილი სადავო 21,15 კვ.მ, 3.60 კვ.მ, 2,20 კვ.მ ფართი და სარდაფის ნახევარი უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა რ.ფ-ეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 აპრილის განჩინებით ნ.ს-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ქ.თბილისში, ც. ძ-ის ქუჩა №7-ში მდებარე უმკვიდრო ქონებად მიჩნეული, ტექაღრიცხვის არქივის მონაცემებით ს.ჟ-ას სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომის თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის (მდებარე თბილისში, 9 ძ-ის ქუჩა №7-ში) გეგმის მიხედვით ლიტერ „ა-ში” არსებული 21,15 კვ.მ, 3,60 კვ.მ და 2,20 კვ.მ ფართები და სარდაფის ნახევარი უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა რ.ფ-ეს და ამ ნაწილში საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით რ.ფ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება შეიცვალა რ.ფ-ის სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; რ.ფ-ის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა; ამ უკანასკნელს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა თბილისში, ც. ძ-ის ქუჩა №7-ში მდებარე უმკვიდრო ქონებად მიჩნეული, ტექაღრიცხვის არქივის მონაცემებით ს.ჟ-ას სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომის თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის (მდებარე თბილისში, 9 ძ-ის ქუჩა №7) გეგმის მიხედვით ლიტერ „ა-ში“ მდებარე 21,15 კვ.მ, 3,60 კვ.მ, 2,20 კვ.მ ფართები და სარდაფის ნახევარი.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

1. თბილისში, ც. ძ-ის ქ. №7-ში, მდებარე საცხოვრებელი სადგომი, ტექბიუროს მონაცემებით, აღრიცხულია ს.ჟ-სა და ნ.ს-ას სახელზე. საჯარო რეესტრის მიხედვით, თანასაკუთრების საკუთრების უფლება დარეგისტრირებული აქვს ნ.ს-ას;

2. რ.ფ-ე 1995 წლის 20 ივლისიდან რეგისტრირებულია მისამართზე - თბილისი, ც. ძ-ის ქ. №7. რ.ფ-ე საცხოვრებელ სადგომს ფლობს საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეებთან – ლ. ფ-სა და მ. მ-ან სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე;

3. რ.ფ-ე ფლობს თბილისში, ც. ძ-ის ქ. №7-ში მდებარე შენობა-ნაგებობის (გეგმა ტომი I, ს.ფ. 13) ლიტერ „ა“ -ს მთლიანად, საიდანაც მან №4 (16.32 კვ.მ) სარდაფის ნახევარი, №1 (22,40 კვ.მ), №3 (9,20 კვ.მ), მის წინ მდებარე შუშაბანდი (3,30 კვ.მ) 1995 წლის 28 ივნისს სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა ლ. ფ-ან (ქორწინების შემდგომი გ. ჯ-ე), ხოლო №2 (21,15 კვ.მ), (3.60 და 2.20 კვ.მ.) და ასევე სარდაფის მეორე ნახევარი 1997 წლის 27 ოქტომბრის სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა მოსარგებლე მაია მურაჩაშვილისაგან;

4. მ. მ-ი საბინაო წიგნში დამოუკიდებლად რეგისტრირებულია სადავო მისამართზე 1983 წლის 19 აპრილიდან, ამავე წიგნის შესაბამისად, რეგისტრაცია დაფიქსირებულია ასევე 1994 წელს;

5. სს „თელასის“ 2010 წლის 10 დეკემბრის ცნობით, მისამართზე - თბილისი, ც. ძ-ის ქ. №7, 1996 წლიდან აბონენტად რეგისტრირდება მ-ი სააბონენტო ნომრით 1172180, 1996-1997 აბონენტი პერიოდულად იხდიდა დახარჯული ელ.ენერგიის საფასურს. ამჟამად აბონენტი ირიცხება არააქტიური სტატუსით;

6. მ-ი 1968 წლიდან ლ. ფ-ან ერთად რეგისტრირებული იყო ბუნებრივი აირის აბონენტად და იხდიდა კომუნალურ გადასახადებს, რაც დასტურდება აბონენტის რეგისტრაციის ამსახველი დოკუმენტით;

7. ს.ჟ-ა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით გარდაცვლილად გამოცხადდა და მის გარდაცვალების თარიღად მიჩნეულ იქნა სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე. გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულია გარდაცვალების მოწმობა, სადაც გარდაცვალების თარიღად მითითებულია 2010 წლის 3 მაისი;

8. ს.ჟ-ას მემკვიდრეებს ს.ჟ-ას დანაშთი ქონების მიღებასთან დაკავშირებით განაცხადი არ წარუდგენიათ;

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 12 ივლისის სხდომაზე აპელანტმა რ.ფ-ემ წარმოადგინა 2012 წლის 12 ივლისის N120733780 სანოტარო აქტი, რომლის შინაარსის შესაბამისად დგინდება, რომ მ. მ-მა რ.ფ-ეს 1997 წლის 27 ოქტომბერს ხელწერილის საფუძველზე, მის მიერ გადახდილი თანხის სანაცვლოდ ფლობასა და სარგებლობაში გადასცა რ.ფ-ეს მის (მ. მ-ის) ფლობასა და სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი სადგომი და ამით რ. ფ-ეს მიანიჭა ამ სადგომთან დაკავშირებული ყველა მოთხოვნის უფლება, რაც კი გააჩნდა მესაკუთრის მიმართ. ამავე აქტით მ. მ-მა რ.ფ-ეს დაუთმო და გადასცა ნებისმიერი მოთხოვნის უფლება, რომელიც გააჩნია და გააჩნდა მას, როგორც მოსარგებლეს.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1996 წლის 27 ივნისამდე წარმოშობილი ურთიერთობები, მათი სპეციფიკური ხასიათიდან გამომდინარე, წესრიგდება „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონით. აღნიშნული კანონის 11 მუხლის “ა” პუნქტის შესაბამისად, მოსარგებლე არის პირი, რომელიც კანონის მიღების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ან მფლობელობის უფლება მიღებული აქვს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციული აქტით. გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ უნდა დასტურდებოდეს სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაციითა და კომუნალური გადასახადების გადახდის ფაქტით, ან/და მესაკუთრისთვის გარკვეული ოდენობის საფასურის გადახდით (გარდა ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირისა). მ. მ-ი იყო ამ კანონით გათვალისწინებული მოსარგებლე. მან სადავო საცხოვრებელ სადგომთან არსებული ყოველგვარი უფლება რ.ფ-ეს დაუთმო.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს მოვალესთან, ანუ მესაკუთრესთან მ. მ-ის შეთანხმება, რომელიც ამგვარი უფლების დათმობას შეზღუდავდა, ასევე, იგი არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს - მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის არსებულ უფლება-მოვალეობებს. ამავე დროს აღიშნული უფლება არ არის მჭიდროდ დაკავშირებული კრედიტორის პიროვნებასთან, რაც გამორიცხავდა ამ უფლების მესამე პირისათვის გადაცემას. წარმოდგენილი სანოტარო აქტისა და 1997 წლის 27 ოქტომბერს გაფორმებული ხელწერილების შინაარსიდან გამომდინარე, რ. ფ-ეს მოსარგებლე მ. მ-ის სტატუსიდან გამომდინარე უფლება გადაეცა. აღნიშნული გარემოება კი, განაპირობებს რ. ფ-ის უფლებამონაცვლეობას, რაც ახალი სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობას არ გულისხმობს. მოცემულ შემთხვევაში პირი შეიცვალა სამართალურთიერთობაში ისე, მონაწილეთა ვალდებულება იგივე დარჩა.

„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონის 2.12 მუხლის შესაბამისად, თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილია და არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება (უმკვიდრო ქონება), მოსარგებლე უფლებამოსილია, კანონით დადგენილი წესით მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა. უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი მოსარგებლეს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე. ამ გარემოების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რ. ფ-ის სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანი იყო.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით. კასატორის მითითებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მ. მ-ი მოსარგებლე იყო, შესაბამისად, იგი მოთხოვნის უფლებას სხვა პირს ვერ დაუთმობდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას არ დაურღვევია საპროცესო კანონმდებლობა, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ხოლო საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, ამასთან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე