Facebook Twitter

№ ას-1271-1200-2012 7 დეკემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ჯ.ც-ის უფლებამონაცვლე გ.ლ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – დ.ქ-ა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ივლისის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ხელშეკრულების გაუქმება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით ჯ. ც-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ნასყიდობის ფასის დარჩენილი ნაწილის გადახდის წესისა და ვადის შესახებ პირობები განსაზღვრული და შეთანხმებული არ ყოფილა, შესაბამისად, მოპასუხის მიერ ფულადი თანხის გადაუხდელობა სასამართლომ ვალდებულების შეუსრულებლობად და ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლად არ ჩათვალა. აქედან გამომდინარე, სასამართლომ ჯ. ც-ის მოთხოვნა ხელშეკრულებიდან გასვლისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შესახებ არ დააკმაყოფილა (ტომი II, ს.ფ. 95-103).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ.ც-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ჯ.ც-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ჯ.ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ნოტარიუს მ. ფ-ას მიერ 1999 წლის 17 მარტს თბილისში, ს. მ-ის მიწისქვეშა გადასასვლელში მდებარე ლიტ „ა“-სავაჭრო-სასარგებლო ფართიდან (2635 კვ.მ) 700 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე ჯ. ც-სა და დ. ქ-ას შორის შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და მითითებული ფართი საჯარო რეესტრში აღირიცხა ჯ. ც-ის საკუთრებად; თბილისში, ს. მ-ის მიწისქვეშა გადასასვლელში მდებარე ლიტ „ა“ სავაჭრო-სასარგებლო ფართიდან (2635 კვ.მ) 700 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართი გამოთხოვილ იქნა დ. ქ-ას მფლობელობიდან.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ.ქ-ამ, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 23 თებერვლის განჩინებით დაუშვებლად იქნა მიჩნეული.

2009 წლის 6 აპრილს დ.ქ-ას წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. განმცხადებელმა საქმის წარმოების განახლებას საფუძვლად დაუდო ხელწერილები, რომლითაც დასტურდებოდა ჯ.ც-ვის და მისი კრედიტორებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე გაცილებით მეტი თანხის გადახდის ფაქტი (ს.ფ. 291-295).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ივნისის განჩინებით დ.ქ-ას განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაკმაყოფილდა, გაუქმდა ამავე სასამართლოს 2008 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ჯ.ც-ის სააპელაციო საჩივარზე განახლდა საქმის წარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებაზე. აღნიშნული განჩინება ძალაში დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის პერიოდში, აპელანტ ჯ.ც-ის გარდაცვალების გამო, ამავე სასამართლოს 2010 წლის 6 ივლისის განჩინებით მის უფლებამონაცლედ ცნობილ იქნა გ.ლ-ა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 თებერვლის განჩინებით ჯ.ც-ის უფლებამონაცვლე გ.ლ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ.ც-ის უფლებამონაცვლე გ.ლ-ამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 სექტემბრის განჩინებით ჯ.ც-ის უფლებამონაცვლე გ.ლ-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ივლისის განჩინებით ჯ.ც-ის უფლებამონაცვლე გ.ლ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით აღნიშნა შემდეგი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ჯ.ც-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ჯ.ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ნოტარიუს მ.ფ-ას მიერ 1999 წლის 17 მარტს ჯ.ც-სა და დ.ქ-ას შორის არასაცხოვრებელ 700 კვ.მ ფართზე, მდებარე თბილისი ს. მ-ის მიწისქვეშა გადასასვლელი, არასაცხოვრებელი ფართი ლიტ. “ა”-სავაჭრო-სასარგებლო ფართით 2635 კვმ, დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და მითითებული ფართი საჯარო რეესტრში აღირიცხა ჯ.ც-ის საკუთრებად. ამავე გადაწყვეტილებით, დ.ქ-ას მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა არასაცხოვრებელი 700 კვ.მ ფართი, მდებარე ქ.თბილისი, ს. მ-ის მიწისქვეშა გადასასვლელი, არასაცხოვრებელი ფართი ლიტ. “ა”-სავაჭრო-სასარგებლო ფართით 2635 კვმ; სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ მტკიცების ტვირთიდან გამომდინარე, მოპასუხემ ვერ წარმოადგინა მის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 23 თებერვლის განჩინებით დ.ქ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ივნისის განჩინებით დ.ქ-ას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაკმაყოფილდა, გაუქმდა ამავე სასამართლოს 2008 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილება და განახლდა ჯ.ც-ის სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებაზე; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით ჯ.ც-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 06 ივლისის განჩინებით აპელანტ ჯ.ც-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა გ.ლ-ა;

სააპელაციო პალატამ გაიზიარა დ.ქ-ას წარმომადგენლის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ დ.ქ-ას მიერ სრულად იქნა გადახდილი 1999 წლის 17 მარტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე და განმარტა, რომ მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა მოპასუხის მხრიდან ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის დადასტურება, ხოლო მოპასუხის მტკიცების ტვირთს კი, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების – თანხის გადახდის შესრულების დადასტურება. მტკიცების ტვირთიდან გამომდინარე, მოპასუხე ვალდებული იყო წარმოედგინა ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები, მან განახორციელა, კერძოდ, მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი ახალი მტკიცებულებებით – ხელწერილებით (ს.ფ. 291-295) დადასტურდა დ.ქ-ას მიერ ჯ.ც-ვის და მისი კრედიტორებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე გაცილებით მეტი თანხის გადახდის ფაქტი.

ამასთან, პალატამ არ გაიზიარა აპელანტის წარმომადგენლის მოსაზრება, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმისთვის მნიშვნელოვანი ვერ იქნებოდა, ვინაიდან, საქმის არსებითად განხილვის დროს მოპასუხე უთითებდა გარემოებაზე, რომ მან ვალდებულება შეასრულა ხელშეკრულების დადებისთანავე, ხოლო წარმოდგენილი მტკიცებულებით კი, ირკვეოდა რომ, ვალდებულება მოპასუხემ შეასრულა ხელშეკრულების დადებიდან გარკვეული დროის შემდგომ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატამ განმარტა, რომ, ვინაიდან საქმის არსებითად განხილვის დროს სადავოდ არ გამხდარა ვალდებულების ჯეროვნად, ვადაში შესრულება, არამედ სარჩელში სადავოდ იყო გამხდარი მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა, შესაბამისად, სასამართლოს არ გამოუკვლევია ვალდებულების ვადაში შესრულების ფაქტი. ამდენად, დავის საგნიდან გამომდინარე, მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა მისი მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების დადასტურება და არა ამ ვალდებულების ვადაში შესრულება. გარდა ამისა, დ.ქ-ას წარმომადგენლის განმარტების თანახმად, დ.ქ-ას გადახდილი ჰქონდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე გაცილებით მეტი თანხა, რაც სწორედ იმით აიხსნებოდა, რომ დ.ქ-ამ თანხა გადაიხადა როგორც ხელშეკრულების დადებისას, ასევე გარკვეული დროის შემდეგაც.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს აპელანტის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი ხელწერილების შეფასებისას, აპელანტის წარმომადგენლის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული ხელწერილებით მტკიცდებოდა, რომ ჯ. ც-ის ვალი დღემდე გადაუხდელ ვალს წარმოადგენდა და მის მაგივრად ვალი არავის გადაუხდია, მით უფრო 2002 წლის 28 დეკემბერს აღნიშნულ ვალს ვერავინ გადაიხდიდა, რადგან ჯ. ც-მა აღნიშნული თანხა 10000 აშშ დოლარი ე. კ-ან ისესხა 2004 წლის 11 მარტს, პალატამ არ გაიზიარა და მიუთითა, რომ სადავო ფართზე ნასყიდობის ხელშეკრულება ჯ.ც-სა და დ.ქ-ას შორის გაფორმდა 1999 წლის 17 მარტს. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების ეტაპზე დ.ქ-ას წარმომადგელის მიერ წარმოდგენილი იქნა ხელწერილები, რომლითაც დგინდებოდა დ.ქ-ას მიერ ჯ.ც-ვის გადახდილი თანხისა და დ.ქ-ას მიერ ჯ.ც-ის მოვალეებისათვის თანხის გადახდის ფაქტი.

2002 წლის 27 დეკემბრის ხელწერილით დადგინდა, რომ რომ ჯ.ც-მა მიიღო 23 359 აშშ დოლარი დ.ქ-გან (ნდობით აღჭურვილი პირის რ. ქ-გან), მათ შორის ნოტარიუს ფ-ას მიერ დამოწმებულ ხელშეკრულებაში აღნიშნული თანხა 9120 აშშ დოლარი, ს. მ-ის მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული 700 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის ღირებულების ნაწილი;

2003 წლის 13 მარტის ხელწერილით ჯ.ც-ის მიერ დადასტურებულია რ. ქ-გან 15 თებერვალს 3000 აშშ დოლარის მიღების ფაქტი;

2002 წლის 28 დეკემბრის ხელწერილით დგინდება, რომ ე. კ-მა რ. ქ-გან მიიღო 10 000 აშშ დოლარი, რომელიც სესხის სახით მიცემული ჰქონდა ჯ.ც-ვის 1999 წელს. რაკი ჯ.ც-მა სესხი ვერ გადაუხადა იგი ხელწერილით ადასტურებს დ.ქ-ას წარმომადგენლის რ. ქ-ას მიერ აღნიშნული თანხის გადაცემას ც-ის ვალის დასაფარავად.

საქმეში ასევე წარმოდგენილია 2003 წლის 11 იანვრით დათარიღებული ო. ყ-ის ხელმოწერით დადასტურებული ხელწერილი, რომლითაც დასტურდება, რომ 1998 წლის აგვიტოს თვეში მას ჯ.ც-ის სესხის სახით გადაცემული ჰქონდა თანხა, საიდანაც დასაბრუნებელი დარჩა 4000 აშშ დოლარი, რომელიც მას გადაუხადა ქ-ამ ც-ის მაგივრად.

პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ (საქმე №2ბ/880-09 ს.ფ.34,36) 2000 წლის 27 სექტემბერს და 2000 წლის 12 ოქტომბერს დ.ქ-ამ წერილობით მიმართა ჯ.ც-ს, რომელშიც აღნიშნავდა, რომ იგი მზად იყო დაუყოვნებლივ გადაეხადა დარჩენილი თანხა, რის სანაცვლოდაც ჯ.ც-ს უნდა დაეცალა შენობა და ჩაებარებინა გასაღები.

საქმეში არსებული ნოტარიუს მ.ფ-ას წერილით (საქმე №2/534-02 ს.ფ.43) ქ.თბილისის მთავარი რეგისტრატორის კ.შ-მი დგინდება, რომ ვინაიდან 1999 წლის 17 მარტს ჯ.ც-სა და დ.ქ-ას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები არ იყო სრულად შესრულებული, ნოტარიუსი ითხოვდა არ გაცემულიყო ამონაწერი და ცნობა-დახასიათება აღნიშნულ ფართზე.

საქმეზე წარმოდგენილი ჯ.ც-ის განცხადებით (საქმე №3/402-06 ს.ფ. 57-58) ნოტარიუს მ. ფ-ას მიმართ, დგინდება, რომ ვინაიდან ხელშეკრულების მხარეებს შორის ურთიერთობა გარკვეული იყო ჯ.ც-ი ითხოვდა ზემოაღნიშნული წერილის გამოთხოვას.

აღნიშნულის საფუძველზე, ნოტარიუსმა მ.ფ-ამ წერილობით მიმართა კვლავ კ.შ-ას და აცნობა, რომ მხარეთა შორის დავის არ არსებობის გამო №18 წერილი ჩათვლილიყო ძალადაკარგულად.

საქმეში წარმოდგენილი მხარეთა შორის 1999 წლის 17 მარტს დადებული წერილობითი ფორმის ხელშეკრულების შინაარსით დადგინდა, რომ ფართი გაიყიდა 40000 აშშ დოლარად, ხოლო გამყიდველმა ჯ.ც-მა ხელშეკრულების დადებისას მყიდველისაგან მიიღო 6000 აშშ +3120 აშშ დოლარი.დარჩენილი თანხის მყიდველის მიერ სრულად გადახდის ფაქტი კი დგინდება ზემოაღნიშნული ხელწერილებით.

სსიპ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2012 წლის 01 მაისის N5-011983-2012 დასკვნით დადგინდა ის გარემოება, რომ: 1. ხელმოწერები ტექსტის სახით (ჯ. ც-ი), განლაგებული: ხელწერილებზე, 27.12.02 წლის და 30.11.02 წლის თარიღებით, ხელნაწერი ტექსტის ბოლოს, მარჯვენა ქვედა მხარეს (ს.ფ. 123;125), შესრულებულია ჯ.ც-ის მიერ. 2. ხელმოწერა ჯ. ც-ის სახელით, განლაგებული: ხელწერილზე, 13.03.03 წლის თარიღით, ხელნაწერი ტექსტის ბოლოს, მარჯვენა ქვედა მხარეს (ს.ფ. 124), შესრულებულია ჯ.ც-ის მიერ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე მითითებით, პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში აპელანტის მიერ საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი ზემოაღნიშნული ხელწერილებით სადავო თანხის გადახდის გამაქარწყლებელი მტკიცებულებები.

პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილია ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები ხელწერილების სახით.

პალატის განმარტებით, ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. იმ შემთხვევაში თუ მხარეთა შორის არ არის განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ვადა, სამოქლაქო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებულ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით ვალდებულების შესრულების დრო განსაზღვრული არ ყოფილა, შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულებულიყო კრედიტორის მოთხოვნის საფუძელზე. საქმეზე წარმოდგენილი ჯ.ც-ის განცხადებით (საქმე №3/402-06 ს.ფ. 57-58) ნოტარიუს მ. ფ-ას მიმართ, დგინდება, რომ ხელშეკრულების მხარეებს შორის ურთიერთობა გარკვეული იყო.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405.1-ე მუხლზე მითითებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ, როგორც გამყიდველმა გასაყიდ ქონებაზე საკუთრების უფლება გადასცა მოპასუხეს, როგორც მყიდველს, გასაყიდი ქონების ფასის (40 000 აშშ დოლარი) ნაწილის გადახდის სანაცვლოდ. აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, მხარეთა შორის ნასყიდობის ფასის დარჩენილი ნაწილის გადახდის წესისა და ვადის შესახებ პირობები განსაზღვრული და შეთანხმებული არ ყოფილა. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ ფულადი თანხის გადახდა დადასტურდა საქმეზე წარმოდგენილი ხელწერილებით, რომლის საწინააღმდეგო მტკიცებულებები აპელანტს არ წარმოუდგენია, შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოკლებული იყო როგორც ფაქტობრივ, ასევე სამართლებრივ საფუძველს.

პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამყიდველის გასვლის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, მას მერე რაც გამყიდველის მიერ გამოხატულია საკუთრების უფლების გადაცემის ნება და უფრო მეტიც საკუთრების უფლების გადაცემა დარეგისტრირებულია სათანადო წესით, არ არსებობდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატის შეხედულებით, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია უსაფუძვლოდ მოსარჩელის მოთხოვნები საჯარო რეესტრში საკუთრების აღდგენისა და გამოსახლების ნაწილში ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, დგინდება ჯ.ც-ის მიერ ს. მ-ის მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული არასაცხოვრებელი ფართის ღირებულების მიღების ფაქტი. ამდენად, სამოქალაქო პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან დ.ქ-ას მიერ ვალდებულება სრულად იქნა შესრულებული, არ არსებობდა ჯ.ც-ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2012 წლის 12 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ.ც-ის უფლებამონაცვლე გ.ლ-ამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, არასწორად დაადგინა, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი ახალი მტკიცებულებებით - ხელწერილებით, თითქოსდა დადასტურდა დ.ქ-ას მიერ ჯ. ც-სა დამისი კრედიტორისათვის ხელშეკრუელბით გათვალისწინებულზე გაცილებით მეტი თანხის გადახდის ფაქტი.

კასატორის აზრით, სასამართლომ არსებითად დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოედქისის მე-4, 102-ე, 105-ე, 163-ე, 168-ე, 169-ე, 172-ე, 173-ე მუხლები, ასევე სამოქალაქო კოდექსის 429-ე, 352-ე, 361-ე, 198-ე, 199.1-ე, მე-200, 203-ე, 204-ე მუხლები, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოყენა კანონი, რომელიც არ უდნა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 სექტემბრის ჯ.ც-ის უფლებამონაცვლე გ.ლ-ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ.ც-ის უფლებამონაცვლე გ.ლ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ჯ.ც-ის უფლებამონაცვლე გ.ლ-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (6000 ლარი) 70% – 4200 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჯ.ც-ის უფლებამონაცვლე გ.ლ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ჯ.ც-ის უფლებამონაცვლე გ.ლ-ას დაუბრუნდეს ნ. ო-ის მიერ 2012 წლის 17 აგვისტოს №... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 6000 ლარის 70% – 4200 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე