Facebook Twitter

№ ას-1287-1214-2012 27 დეკემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – მ.მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ბ-ა, მ.ჩ-ა, მ.ჯ-ა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ივლისის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ.მ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ბ-ას, მ.ჩ-სა და მ.ჯ-ას წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხეთათვის სოლიდარულად, ყოველთვიურად არანაკლებ 150 ლარის დაკისრება მოსარჩელის სამსახურში აღდტგენამდე, მოპასუხეთათვის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების სახით სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ 100000 ლარის გადახდა, ბოდიშის წერილობითი ფორმით მოხდა და მოპასუხეთა სხდომის დარბაზიდან პატიმრობაში აყვანა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით მ.მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეთა სხდომის დარბაზიდან პატიმრობაში აყყვანის შესახებ როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.

დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.მ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ივლისის განჩინებით მ.მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით განმარტა შემდეგი: აპელანტი (მოსარჩელე) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და დაუყოვნებლივ განთავისუფლდა პატიმრობიდან. ამავე განაჩენით გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 17 მაისის გამამტყუნებელი განაჩენი მ.მ-ის მიმართ.

2007 წლის 12 აპრილიდან 2007 წლის 17 მაისამდე აპელანტი (მოსარჩელე) იმყოფებოდა პატიმრობაში

აპელანტის (მოსარჩელის) მიერ მითითებული მოპასუხეები დაიკითხნენ მოწმის სახით მ.მ-ის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე.

აპელანტმა (მოსარჩელემ) ვერ დაამტკიცა, რომ მოპასუხეებმა მის წინააღმდეგ მისცეს ცრუ ჩვენება სისხლის სამართლის საქმეზე.

უდავოა, რომ საქმეში არ მოიპოვება გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარი მოპასუხეთა მიმართ, მათ მიერ ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე.

პალატის განმარტებით, სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ აპელანტის (მოსარჩელის) უკანონო პატიმრობა არ იყო მოპასუხეთა მოქმედების (ჩვენების მიცემის) უშუალო შედეგი. მოპასუხეები ვალდებულნი იყვნენ მიეცათ სწორი ჩვენება. მათ მიერ ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტი არ დადასტურებულა, რაც გამორიცხავდა წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას დელიქტური ვალდებულების მარეგულირებელი ნორმებით.

პალატის მოსაზრებით, აპელანტმა არ უზრუნველყო მოთხოვნის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულების წარმოდგენა, კერძოდ, მოპასუხეების მიერ ცრუ ჩვენების მიცემის დამადასტურებელი მტკიცებულება - მათ მიმართ დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენით, რომლითაც უდავოდ დადგინდებოდა, რომ მ. ჩ-ამ, მ.ბ-ამ და მ.ჯ-ამ მისცეს ცრუ ჩვენება მ.მ-ის წინააღმდეგ.

პალატამ განმარტა, რომ საქმეში არ მოიპოვებოდა მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდებოდა მორალური ზიანის ფაქტი.

პალატამ განმარტა, რომ სწორი იყო სასამართლოს მსჯელობა მ.მ-ის გაზრდილ მოთხოვნასთან მიმართებაშიც, - მოპასუხეთა პატიმრობაში სხდომის დარბაზიდან აყვანასთან დაკავშირებითაც. მისი განუხილველად დატოვების შესახებ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების შემდეგ სარჩელის საფუძვლის ან საგნის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მოპასუხის წინასწარი თანხმობით. დადგენილია, რომ ასეთი თანხმობა განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეების მხრიდან არ არსებობდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 სექტემბრის განჩინებით მ.მ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ.მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ.მ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მ.მ-ის გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე