Facebook Twitter

№ას-1309-1235-2012 27 დეკემბერი, 2012 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - თ.პ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.მ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ივლისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ.პ-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში ლ. მ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის არასრულწლოვანი შვილის, მ. მ-ის სასარგებლოდ ალიმენტის, ყოველთვიურად 1637 ლარისა და გასული 3 წლის ალიმენტის - 58 932 ლარის გადახდის დაკისრება.

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე არ მონაწილეობს ბავშვის აღზრდაში. მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა მოპასუხეს თხოვნით, რათა მასაც გაეღო ბავშვის აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯები, რასაც შედეგი არ მოჰყოლია. ბავშვს აქვს ბრონქებთან დაკავშირებული პრობლემა, მოითხოვს განსაკუთრებულ კვებას, დასვენებას და მედიკამენტურ მკურნალობას. მისთვის აუცილებელია სპორტულ აქტივობებში მონაწილეობა. ყოველთვიურად მინიმალური ხარჯი 1637 ლარს შეადგენს. მოპასუხე ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და გააჩნია საკმარისი ქონება იმისათვის, რომ გაიღოს ხარჯი შვილის აღზრდისათვის.

მოპასუხემ სარცელი არ ცნო და განმარტა, რომ ყოველთვიური შემოსავალი არ გააჩნია ამასთან, კმაყოფაზე ჰყავს მამა, რომელიც ონკოლოგიური ავადამყოფია და გასასტუმრებელი აქვს ვალები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით თ.პ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ლ.მ-ეს თ.პ-ის სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის – 2007 წლის 28 აგვისტოს დაბადებული მ.მ-ის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტი სარჩელის აღძვრიდან, 2011 წლის 30 ნოემბრიდან 2012 წლის 01 იანვრამდე - ყოველთვიურად 200 ლარი, ხოლო 2012 წლის 1 იანვრიდან შვილის სრულწლოვანებამდე - 100 ლარი, მოსარჩელეს უარი ეთქვა წარსული დროისათვის ალიმენტის დაკისრების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ივლისის განჩინებით თ.პ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა თ.პ-ის მტკიცება, რომ ლ. მ-ეს საკმარისი შემოსავალი აქვს ალიმენტის გადასახდელად. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ლ.მ-ე არის შპს „გ-ი V-ის“ დირექტორი და შპს „გ-ი V-სა “ და შპს „გ-ი VI-ის“ დამფუძნებელი პარტნიორი. იმ გარემოების გარკვევისათვის, იღებდა თუ არა ლ.მ-ე, როგორც შპს „გ-ი V-ის“ დირექტორი, ხელფასს, სააპელაციო სასამართლომ სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია შპს „გ-ი V-ის“ ჩაბარებული გადასახადის წყაროდან დაკავებული გადასახადების დეკლარაციები 2012 წლის განმავლობაში. შპს „გ-ი V-ს“ დაევალა სახელფასო უწყისების წარმოდგენა. უწყისებიდან ირკვევა, რომ დირექტორ ლ.მ-ის გრაფა ცარიელია. ის, გარემოება, რომ ლ.მ-ე, როგორც შპს „გ-ი V-ისა “ და შპს „გ-ი VI-ის“ დამფუძნებელი პარტნიორი, დივიდენდებს არ იღებდა, დასტურდება მითითებული საზოგადოებების ბუღალტრის ცნობებით.

სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ შვილის აღზრდაში მონაწილეობისაგან თავის ასარიდებლად, დავის განხილვის დროს, ლ. მ-ემ გაასხვისა მისი კუთვნილი უძრავი ქონება. სასამართლომ აღნიშნა, რომ ლ. მ-ემ კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება განახორციელა, ამასთან, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლო მოპასუხის შემოსავალს იღებს მხედველობაში დ არა მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას.

სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის პრეტენზია გასული 3 წლის განმავლობაში მისაღები ალიმენტის დაკისრების თაობაზე და მიუთითა, რომ არ დასტურდება, იღებდა თუ არა მოსარჩელე რაიმე ზომებს სარჩელის აღძვრამდე ვალდებული პირისაგან სარჩოს მისაღებად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება თ.პ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმებისა და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ დავის განხილვის პროცესში, მოპასუხემ უსასყიდლოდ გაასხვისა მიზი კუთვნილი, რამდენიმე ათას ლარად შეფასებული უძრავი ქონება. არასწორია, სასამართლოს განმარტება, რომ ალიმენტი ყოველთვიურად მიღებული შემოსავლიდან უნდა განისაზღვროს. პირი, შეიძლება, ყოველთვიურად ხელფასს არ იღებდეს, მაგრამ მილიონერი იყოს. ლ. მ-ის დანაზოგი მინიმუმ, 50 000 აშშ დოლარს შეადგენს. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ სარჩელის აღძვრამდე თ. პ-ე არ იღებდა ზომებს მოპასუხისაგან სარჩოს მისაღებად. მოსარჩელემ და მისმა მშობლებმა ლ. მ-ეს სთხოვეს, გაეღო ბავშვის აღზრდისათვის აუცილებლი ხარჯი, რასაც შედეგი არ მოჰყოლია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ.პ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას არ დაურღვევია საპროცესო კანონმდებლობა, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ხოლო საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, ამასთან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ.პ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჯის გადახდისაგან;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე