Facebook Twitter

№ას-1317-1243-2012 24 დეკემბერი, 2012 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა- ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ჯ.მ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.დ-ი, ნ.ნ-ი, ა.კ-ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ივნისის განჩინება

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება,

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მარნეულის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ვ. ა-მა მოპასუხეების ნ. გ-ის და ნ.ნ-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით.

მოსარჩელემ განმარტა, რომ 2001 წლის ივნისში მარნეულის რაიონის გამგეობის №7/40 დადგენილების საფუძველზე აუქციონის წესით შეისყიდა ქ. მარნეულში, რ-ის ქუჩაზე, სკოლა-ინტერნატის გვერდით არსებული საჩაიესა და საპარიკმახეროს მიერ დაკავებული 199 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ფართი დაკავებული აქვთ მოპასუხეებს და უარს აცხადებენ მის გათავისუფლებაზე.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განაცხადეს, რომ აღნიშნული ფართის მესაკუთრეს წარმოადგენს ა.კ-ი, ხოლო ისინი არიან დამქირავებლები, შესაბამისად არასათანადო მოპასუხეებს წარმოადგენენ.

საქმის განხილვისას დაზუსტდა ერთ-ერთი მოპასუხის გვარი და ნ. გ-ის ნაცვლად მიეთითა ნ.დ-ი.

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ვ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ა-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მაისის განჩინებით ვ. ა-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა მოცემულ საქმეზე გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საქმის განხილვისას მოსარჩელე ვ.ა-მა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სადავო ქონება მიჰყიდა ჯ.მ-ს. აღნიშნულის გამო, მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 14 მაისის განჩინებით ჯ.მ-ი ცნობილ იქნა ვ.ა-ის უფლებამონაცვლედ.

ჯ.მ-მა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ ნ.დ-სა და ნ.ნ-ან ქ.მარნეულში, რ-ის ქ. №98-ში მდებარე 61 კვ.მ. ფართის უძრავი ქონების გამოთხოვა მოითხოვა.

2009 წლის 16 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ჯ.მ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; მოპასუხეებისაგან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის კუთვნილი 61 კვ.მ. უძრავი ქონება, მდებარე ქ.მარნეულში, რ-ის ქ. №98-ში.

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 10 ივლისის განჩინებით შესწორება შევიდა ამავე სასამართლოს 2009 წლის 14 მაისის განჩინებაში. კერძოდ, თავდაპირველ განჩინებაში დაფიქსირებული იყო, რომ მოპასუხეთა წარმომადგენელმა თანხმობა განაცხადა ვ. ა-ის უფლებამონაცვლედ ჯ. მ-ის ცნობის შესახებ, მაშინ, როცა ჯ. მ-ის განცხადება განხილული და დაკმაყოფილებული იქნა მხარეთა მონაწილეობის გარეშე.

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 14 მაისისა და 2009 წლის 10 ივლისის განჩინებები კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ნ.ნ-ის ნ.დ-სა და ა.კ-ის წარმომადგენლებმა. კერძო საჩივრის ავტორებმა განაცხადეს, რომ 2009 წლის 14 მაისის განჩინება არის ყალბი, რადგან ამ დღეს სასამართლოში არანაირი სხდომა არ ყოფილა, ხოლო 2009 წლის 10 ივლისის განჩინება კი მიღებულია უკანა რიცხვით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 13 ოქტომბრის განჩინებებით ნ.ნ-სა და ნ.დ-ის კერძო საჩივრი არ დაკმაყოფილდა.

ნ.ნ-მა და ნ.დ-მა მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 16 ივნისის განჩინება გაასაჩივრეს და მისი გაუქმება მოითხოვეს.

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 12 ნოემბრის განჩინებით ნ.ნ-სა და ნ.დ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 16 ივნისის განჩინება და განახლდა საქმის წარმოება.

2010 წლის 21 იანვრის სასამართლო სხდომაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრატორის ასისტენტმა განმარტა, რომ სადავო ქონებაზე ნ.ნ-სა და ნ.დ-ის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრაცია არ არსებობს. მისი განმარტებით, ვ.ა-ის სახელზე უძრავი ქონება დარეგისტრირდა 2001 წლის 29 ივნისს, ხოლო ა.კ-ის სახელზე რეგისტრირებულია უძრავი ქონება 2002 წლის 29 მარტის მდგომარეობით ქ.მარნეულში რ-ის ქ.№88-ში. ექსპერტმა განმარტა, რომ იმ დროისათვის მარნეულის რაიონში არ არსებობდა საკადასტრო ბაზა და უძრავ ქონებას არ ენიჭებოდა საკადასტრო კოდები. 2008 წელს ჯ. მ-მა წარადგინა ნასყიდობის ხელშეკრულება და უძრავ ქონებას მიენიჭა ნომერი _ №98. ა.კ-მა ასევე წარადგინა აზომვითი ნახაზი და მის უძრავ ქონებასაც მიენიჭა ნომერი _№98. 2008 წლის 7 ოქტომბერს ა.კ-ის სახელზე არსებული რეგისტრაცია შეწყდა. სპეციალისტის განმარტებით, ა.კ-სა და ვ.ა-ის უძრავი ქონების აზომვითი ნახაზის ორთოფოტოები განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან.

ბოლნისის რაიონული სასამართოს 2010 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით ჯ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეების ნ.ნ-სა და ნ.დ-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა ჯ. მ-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ. მარნეულში, რ-ის ქ.№98-ში.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ.ნ-მა და ნ.დ-მა მისი გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთ აპალატის 2010 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით ნ.ნ-სა და ნ.დ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართოს 2010 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება; ჯ.მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ.მ-მა მისი გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 7 აპრილის განჩინებით ჯ.მ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა. საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში სათანადო მოპასუხედ ა.კ-ი უნდა ჩაბმულიყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 31 მაისის განჩინებით ნ.დ-ის და ნ.ნ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით ჯ.მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 27 ივლისის განჩინებით ჯ.მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად შემდეგი გარემოებები მიიჩნია:

1. საქმეში წარმოდგენილი მასალებით, კერძოდ, 1995 წლის 10 ოქტომბრის ხელშეკრულებით (ტ.1. ს.ფ 24-25) ირკვევა, რომ მარნეულის რაიონის სახელმწიფო ქონების მართვის ტერიტორიულმა განყოფილებამ ა.კ-ს მიჰყიდა საპარიკმახერო, რომელიც მდებარეობდა მარნეულში, რ-ის ქ. №88-ში. აღნიშნული გარიგება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში (ტ.1, ს.ფ. 32, ტ.6, ს.ფ 62), სადაც დაუზუსტებელ ფართობად მიეთითა 46 მ2;

2. საქმეში წარმოდგენილი სხვა მასალებით, ირკვევა რომ ამჟამად ჯ. მ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს მის პრივატიზაციამდე არ ჰქონდა კონკრეტული ნომრები და მისამართი. გამგეობის დადგენილებაში მითითებულია: „მარნეულში რ-ის ქუჩაზე, ინტერნატის გვერდით არსებულ საჩაიესა და საპარიკმახეროს პავილიონის მიერ დაკავებული ნაკვეთი და მისი მიმდებარე ტერიტორია 100მ2.“ (ტ.1. ს.ფ. 4). იგივე მონაცემია აღნიშნული საჯარო რეესტრის ამონაწერშიც (ტ.1. ს.ფ. 8). ამ ნაკვეთს, როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2008 წლის 16 ნოემბრის წერილით დგინდება, მოგვიანებით, საკრებულოს 2008 წლის №121 განკარგულებით მიენიჭა მისამართი რუსთაველის №98;

3. მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2009 წლის 3 სექტემბრის წერილით (ტ. 4. ს.ფ. 94) დგინდება, რომ რ-ის №98-ში მდებარე საჩაიეს, საპარიკმახეროს ახალი მისამართის მინიჭებამდე მინიჭებული ჰქონდა მისამართი რ-ის №88. გამომდინარე იქიდან, რომ ადმინისტრაციული ორგანო თავის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე (მისამართის მინიჭება) გასცემს ასეთი სახის ცნობებს, ეს ადასტურებს, რომ მხარეთა სახელზე ირიცხება ერთი და იგივე ფართი.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ა.კ-ი სადავო ქონებას მართლზომიერად ფლობს, რადგანაც მფლობელობის მართლზომიერება არ არის დაკავშირებული საკადასტრო კოდის მოუძიებლობასთან ან ფართობის დაუზუსტებლობასთან.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ჯ.მ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელე მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან საკუთარი და არა ა.კ-ის ქონების გამოთხოვას ითხოვს. სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილება გამოიტანა საქმეში წარმოდგენილი მასალების შესწავლის გარეშე. თუ სააპელაციო სასამართლო ა.კ-ს მართლზომიერ მფლობელად მიიჩნევდა, მაშინ უნდა მიეთითებინა რომელი ქონება ირიცხება ჯ.მ-ის სახელზე. ა.კ-ის საკუთრებად რეგისტრირებულია 46 და არა 100 კვ.მ. ამ ორი მიწის ნაკვეთის საკადასტრო და სხვა მონაცემები განსხვავდება ერთმანეთისაგან, ხოლო ის, რომ უძრავ ნივთს გამგეობამ ერთი და იგივე ნომერი მიანიჭა, მათ მიერ დაშვებულ შეცდომაზე მიუთითებს. ჯ.მ-ს სადავოდ არ გაუხდია 1995 წლის 10 ოქტომბრის ხელშეკრულება. საქმეში არ მოიპოვება იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მხარეების სახელზე ერთი და იგივე ქონება ირიცხება. საქმეში წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება, რომელიც სააპელაციო სასმართლომ არ გაითვალისწინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ.მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას არ დაურღვევია საპროცესო კანონმდებლობა, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ხოლო საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

განსახილველ შემთხვევაში, კასატორს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი უნდა დაუბრუნდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჯ.მ-ის (პირადი N...) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს 05/10/2012 წლის N... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150 ;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ლ. მურუსიძე

ბ. ალავიძე