საქმე №ას-1334-1260-2012 28 დეკემბერი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - მ. დ.-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ა. ს.-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 აგვისტოს განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - უკანონო მინაშენის მოშლა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. დ.-ემ და მ. გ.-ემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში ა. ს.-ის მიმართ თანამესაკუთრეთა თანხმობისა და სათანადო სამშენებლო ნებართვის გარეშე უკანონოდ განხორციელებული მინაშენის მოშლის, ფანჯრის ამოშენებისა და სარდაფის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
ქ.ქუთაისში, ა.-ის ქN4-ში მდებარე უძრავ ქონებაზე მხარეებს თანასაკუთრებაში გააჩნიათ საცხოვრებელი ფართები. მოპასუხის ოჯახმა 1962 წელს თანამესაკუთრეთა თანხმობისა და ნებართვის გარეშე, 18,60 კვ.მ საცხოვრებელ ოთახზე უკანონოდ განახორციელეს მიშენება, რომელიც მოგვიანებით, ა. ს.-ემ 2,45 მეტრამდე გააფართოვა, ამასთან, მის საკუთრებაშივე არსებულ ოთახს გაუკეთა ფანჯარა და ამოიღო სარდაფი. აღნიშნულით დაირღვა სხვა თანამესაკუთრეთა უფლებები და მათ ხელი ეშლებათ საკუთრებით სარგებლობაში.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
სადავო მშენებლობები ნაწარმოები იყო არა მოპასუხის, არამედ სახლის სხვა მესაკუთრეების მიერ, საქმეში წარმოდგენილი გეგმა-ნახაზებით დადგენილია, რომ მიშენების ნაწილი 1938 წლის მდგომაროებით უკვე არსებობდა, ხოლო 1962 წლიდან რამე მიშენება არ განხორციელებულა. სადავო სარდაფი დაცულია და ის მესამე პირებისათვის რაიმე საფრთხეს არ ქმნის, ამასთანავე, მ. დ.-ემ თავად მიაშენა უკანონოდ ოთახები, რაც მასვე უშლის ხელს საკუთრებით სარგებლობაში. მოპასუხის განმარტებით, სადავო მშენებლობით მოსარჩელეთა უფლების დარღვევის შემთხვევაში, მათ ადრე უნდა მიემართათ სასამართლოსათვის.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით მ. გ.-ისა და მ. დ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამავე გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრათ ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. დ.-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 აგვისტოს განჩინებით მ.დ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. დ.-ე და ა. ს.-ე ქ.ქუთაისში, ა.-ის ქN4-ში მდებარე უძრავი ქონების თანამესაკუთრეები არიან შემდეგი წილობრივი მონაცემებით: 1/6 ნაწილის მესაკუთრე მ. დ.-ეა, 1/6 ნაწილის მესაკუთრე - მ. გ.-ე, 3/6 ნაწილის - დ. მ.-ი, ხოლო 1/6 ნაწილის - ა. ს.-ე. ა. ს.-ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე მიშენება, ფანჯარა და სარდაფი არსებობდა მ. გ.-ის აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში დასახლების დღიდან. საქმეში არსებული უძრავი ქონების საკადასტრო აზომვითი გეგმით, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზითა და მხარეთა ახსნა–განმარტებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 1962 წელს ა. ს.-ის მშობლებმა მათ სარგებლობაში არსებულ 18,60 კვ.მ ერთ ოთახზე განახორციელეს მიშენება, ასევე მოსარჩელე მ.დ.-ის სახლის შესასვლელთან ახლოს მოპასუხემ გაჭრა სარდაფში ჩასასვლელი. ა. ს.-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მიშენება, ფანჯარა და სარდაფი მოპასუხის მშობლების გაკეთებულია და მას შემდეგ გასულია დაახლოებით 43 წელი.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, 172-ე მუხლის მეორე ნაწილით, 128-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილებით, 130-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებით და განმარტა, რომ სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებულიეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით კი, სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეფასება, რომ, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო, არ არსებობდა მ. დ.-ის სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. დ.-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
გასაჩივრებული განჩინებით სასამართლომ, საქმის მასალების სრულყოფილად გამოკვლევის გარეშე არასწორად უთხრა უარი აპელანტს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ხანდაზმულობის მოტივით. მოცემული დავა მხარეთა შორის წლების განმავლობაში მიმდინარეობს. ქ.ქუთაისში, ა.-ის ქN4-ში მდებარე უძრავი ქონებიდან თანასაკუთრების 1/6 ეკუთვნის კასატორს, 1/6 - მ.გ.-ეს, 3/6 - დ.მ.-ს, ხოლო 1/6 - ა. ს.-ეს. კასატორმა მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 968-ე მუხლზე, რომლითაც დადგენილია თანასაკუთრების გაყოფის მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის არარსებობა და განმარტა, რომ ის, მართალია, არ მოითხოვს თანასაკუთრებიდან წილის გამოყოფას, თუმცა საზიარო უფლებით დატვირთული ნივთიდან გამომდინარე მოთხოვნით თანამესაკუთრეს ნებისმიერ დროს შეუძლია მიმართოს სასამართლოს, ვიდრე ნივთზე საზიარო უფლება არ გაუქმებულა. 2005 წლის 26 დეკემბერს, ა. ს.-ემ, სხვა თანამესაკუთრეებთან შეუთანხმებლად, საარბიტრაჟო სასამართლოსათვის მიმართვით გააუქმა მხარეთა საზიარო საკუთრება და 1/6 ნაწილი აღირიცხა ინდივიდუალურ საკუთრებად, ხოლო სააპელაციო სასამართლომ 2011 წლის 20 დეკემბერს გააუქმა არბიტრაჟის გადაწყვეტილება და სადავო ნივთზე საზიარო უფლება დაადგინა, ამდენად, ა. ს.-ის მიერ ნაწარმოებ მიშენებას სხვა მესაკუთრეთა თანხმობაც სჭირდება, შესაბამისად, კასატორის მოთხოვნის უფლება, საზიარო უფლებიდან გამომდინარე შელახული უფლების კვლავ დაცვის თაობაზე, წარმოიშვა 2011 წლის 20 დეკემბრიდან, აღნიშნული გარემოება სასამართლომ არ გაითვალისწინა და არასწორად მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. ვინაიდან საზიარო უფლების გაუქმების მიმართ ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება, ამ უფლებიდან წარმოშობილი მოთხოვნების მიმართაც არ შეიძლება გავრცელდეს ხანდაზმულობა, ეს ვადა შეჩერებულია საზიარო უფლების არსებობის განმავლობაში, რაც სასამართლომ არ შეაფასა. მოწინააღმდეგე მხარის მიერ მიშენების წარმოებით, ფანჯრის ამოღებითა და სარდაფის მოწყობით კასატორს ეზღუდება სახლთან მისვლის შესაძლებლობა, ასევე ჯეროვანი კავშირი საჯარო გზასთან, კერძოდ, შეუძლებელია მანქანით ა.-ის ქუჩასთან დაკავშირება, ამასთანავე, სარდაფის მოწყობისას დაზიანდა კასატორის კუთვნილი უძრავი ნივთი. სასამართლომ ასევე არასწორად არ დანიშნა ექსპერტიზა, რაც ხელს შეუწყობდა საქმის სწორად გადაწყვეტას. სასამართლომ არასწორად გამოთვალა სარჩელის ხანდაზმულობის ვადა, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 141-ე, 138-ე, 139-ე და 140-ე მუხლებისა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით მ. დ.-ე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე უხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა მ. დ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ.ი დ.-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე უხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მ. დ.-ე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. დ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე