Facebook Twitter

№ას-1383-1305-2012 5 დეკემბერი, 2012 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „ი.უ.ქ-ა“ (მოპასუხე)

წარმომადგენელი - ა.ქ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „ს.ბ-მა“ თბილისის საქალაქო სასამართლოში ლ. და ლ. გ-ის, ასევე სს „ი.უ.ქ-ის“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრების მოთხოვნით.

მოსარჩელის განმარტებით, 2007 წლის 9 მარტს, ერთი მხრივ, სს „ს.ბ-სა“ და, მეორე მხრივ, ლ. გ-სა და ლ. გ-ეს შორის გენერალური საბანკო კრედიტის ხელშეკრულება გაფორმდა. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, იმავე დღესვე გაფორმდა საბანკო კრედიტის შემადგენელი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ლ. და ლ. გ-ზე გაიცა კრედიტი 60 000 აშშ დოლარი, 120 თვით, წლიური 15%-ის დარიცხვით. 2007 წლის 9 მარტს სს „ს.ბ-სა“ და სს „ი.უ.ქ-ას“ შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რითაც უზრუნველყოფილ იქნა 2007 წლის 9 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. 2008 წლის 15 იანვარს ცვლილება შევიდა 2007 წლის 9 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში, ასევე, იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულებაში და მსესხებელის სახელზე გაიცა 11 000 აშშ დოლარი, 120 თვით, წლიური 14%-იანი განაკვეთით. 2008 წლის 15 იანვარს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება სს „ს.ბ-სა“ და სს „ი. უ. ქ-ას“ შორის. ლ. გ-ეს ასევე ერიცხება დავალიანება საკრედიტო ბარათზე. მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2012 წლის 20 თებერვლის მდგომარეობით, მათი დავალიანება 2007 წლის 9 მარტის N160440 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე შეადგენს 85 943,29 აშშ დოლარს, ხოლო 2008 წლის 15 იანვრის N420276 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე - 13 776,53 აშშ დოლარს.

2012 წლის 9 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შესაგებელი წარადგინეს ლ. და ლ. გ-მა. შესაგებელში აღნიშნულია, რომ მოპასუხეები ეთანხმებიან სს „ს.ბ-ის“ მოთხოვნას დავალიანების ძირითადი თანხის ნაწილში, ხოლო ჯარიმისა და მიუღებელი შემოსავლის ნაწილში მოსარჩელის არგუმენტები უსაფუძვლოა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით სს „ს.ბ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ლ. გ-ეს (პ/...), ლ. გ-ეს (პ/ნ ...) და სს „ი.უ.ქ-ას“ დაეკისრათ სს „ს.ბ-ის” სასარგებლოდ 2007 წლის 9 მარტის N160440 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე 62 215,14 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც 48 791,12 აშშ დოლარი დავალიანების ძირითადი თანხაა, 10 924,02 აშშ დოლარი - საპროცენტო სარგებელი, ხოლო 2 500 აშშ დოლარი - დარიცხული პირგასამტეხლო; ლ. გ-ეს (პ/ნ...), ლ. გ-ეს (პ/ნ ...) და სს „ი.უ.ქ-ას“ დაეკისრათ სს „ს.ბ-ის“ სასარგებლოდ 2008 წლის 15 იანვრის N420276 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე 11 335,11 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც 9 185,28 აშშ დოლარი დავალიანების ძირითადი თანხაა, 1649,83 აშშ დოლარი - საპროცენტო სარგებელი, ხოლო 500 აშშ დოლარი - დარიცხული პირგასამტეხლო; ლ. გ-ეს (პ/ნ...) დაეკისრა სს „ს.ბ-ის“ სასარგებლოდ საკრედიტო ბარათზე არსებული დავალიანების, 1 501,30 აშშ დოლარის, გადახდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ 2012 წლის 10 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეებმა ლ. და ლ. გ-მა, ასევე სს „ი. უ. ქ-ამ“ ცნეს სარჩელი ძირითადი დავალიანებისა და საპროცენტო სარგებლის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში მოითხოვეს მისი შემცირება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით სს „ი. უ. ქ-ამ“ გაასაჩივრა. აპელანტმა მიუთითა, რომ იგი სარჩელს არც ერთ ნაწილში ცნობდა და პირველი ინსტანციის სასმართლოს მითითება სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 აგვისტოს განჩინებით სს „ი.უ.ქ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ მას სარჩელი არ უცვნია, ამასთან მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არსებითად სწორი იყო.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სს ,,ი.უ.ქ-ის“ მიმართ სს ,,ს.ბ-ის“ მოთხოვნა გამომდინარეობს 2007 წლის 9 მარტის N506633 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, 2007 წლის 9 მარტს სს ,,ს.ბ-სა’’ და სს ,,ი.უ.ქ-ას“ შორის დადებული N506633ა თავდებობის ხელშეკრულებიდან; ასევე, 2008 წლის 15 იანვარს 2007 წლის 9 მარტის N506633 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად დადებული N506633-420276-ა თავდებობის ხელშეკრულებიდან. ამ ხელშეკრულებებით სს ,,ი.უ.ქ-ამ“ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ლ. გ-სა (პ/ნ...) და ლ. გ-ან (პ/ნ ...) 2007 წლის 9 მარტს დადებული N506633 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით და 2008 წლის 15 იანვარს 2007 წლის 9 მარტს N506633 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად განსაზღვრული ვალდებულებებისათვის სს „ს.ბ-ის“ წინაშე, კერძოდ, სრულად დაეფარა კრედიტის ძირითადი თანხა, საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლო იმ მოცულობით, რასაც ბანკი მოითხოვდა ამ თავდებობის ფარგლებში. თავდებობის რაოდენობრივად განსაზღვრული თანხაა ძირითადი ვალი, პროცენტი, რაც დაწესებულია საკრედიტო ხელშეკრულებით, პირგასამტეხლო, ბანკისთვის მიყენებული ზიანი და სასამართლო ხარჯები.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება თავდებობის ხელშეკრულების ბათილობის თაობაზე და განმარტა, რომ საქმეში წარდგენილი წერილობით განცხადებაში სოლიდარული თავდებობის შესახებ, მართალია, თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული თანხა ციფრებით არ არის გამოხატული, მაგრამ, ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრულია თავდების პასუხისმგებლობის ფარგლები: ძირითადი ვალი, პროცენტი, რაც დაწესებულია საკრედიტო ხელშეკრულებით, პირგასამტეხლოები, ბანკისთვის მიყენებული ზიანი და სასამართლო ხარჯები; ამდენად, ეს დოკუმენტი აკმაყოფილებს სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლის მოთხოვნებს, თავდებობა ნამდვილია და არ არსებობს მისი ბათილად მიჩნევის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება სს „ი. უ. ქ-ამ“ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლი. მითითებული ნორმის პირველი ნაწილით იმპერატიულადაა დადგენილი, რომ თავდებობის ნამდვილობისათვის აუცილებელია თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობის ციფრებში განსაზღვრა. სააპელაციო სასამართლომ კი, არასწორად მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში საკმარისი იყო მხოლოდ პროცენტის, პირგასამტეხლოს და ა.შ დეფინიციების მითითება. აღნიშნული განმარტება მცდარია, ვინაიდან, ამ შემთხვევაში, ვერ მოხერხდება მაქსიმალური თანხის განსაზღვრა, რომლის ფარგლებშიაც თავდები პასუხს აგებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ი.უ.ქ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას არ დაურღვევია საპროცესო კანონმდებლობა, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ განმარტებას და მიიჩნევს, რომ საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

განსახილველ შემთხვეაში, კასატორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით სს „ი. უ. ქ-ას“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 3678 აშშ დოლარის, 30%-ის - 1103 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა უნდა დაეკისროს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ი.უ.ქ-ის“ (საიდენტიფიკაციო N...) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს „ი. უ. ქ-ას“ სახელმწიფო ხაზინის სასარგებლოდ დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 3678 აშშ დოლარის, 30%-ის - 1103 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე