Facebook Twitter

№ას-1397-1318-2012 3 დეკემბერი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – მ.ქ-ი, ი.შ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები – ი.ჯ-ი, მ.ბ-ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება

დავის საგანი – სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით ი.ჯ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

მოპასუხე მ.ქ-ს მოსარჩელე ი.ჯ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2010 წლის 24 მარტის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 10000 აშშ დოლარის გადახდა.

მასვე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2010 წლის 24 მარტის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპროცენტო სარგებლის დავალიანების 1000 აშშ დოლარის, აგრეთვე, ამავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს –600 აშშ დოლარის გადახდა.

მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით დადგინდა ი.შ-ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული, ქ.თბილისში, თ-ის დასახლების მე-3 მ/რ-ის მე-5 კვარტლის მე-4 კორპუსში მდებარე №7 ბინის (17კვ.მ ფართის) იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.

ამავე გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელე მ.ბ-ას სარჩელი:

მოპასუხე მ.ქ-ს მოსარჩელე მ.ბ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 2010 წლის 24 მარტის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 3000 აშშ დოლარის გადახდა.

მასვე მოსარჩელე მ.ბ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 2010 წლის 24 მარტის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპროცენტო სარგებლის დავალიანების 500 აშშ დოლარის გადახდა.

გარდა ამისა, მ.ქ-ს მოსარჩელე მ.ბ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 2010 წლის 24 მარტის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით 300 აშშ დოლარის გადახდა.

მოპასუხისათვის მ.ბ-ას სასარგებლოდ დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით დადგინდა ი.შ-ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული, ქ.თბილისში, თ-ის დასახლების მე-3 მ/რ-ის მე-5 კვარტლის მე-4 კორპუსში მდებარე №7 ბინის (17.00კვ.მ), იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეებისათვის საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი.შ-მა და მ.ქ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 სექტემბრის განჩინებით ი.შ-სა და მ.ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით ი.ჯ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხე მ.ქ-ს მოსარჩელე ი.ჯ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2010 წლის 24 მარტის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 10000 აშშ დოლარის გადახდა; მასვე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2010 წლის 24 მარტის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპროცენტო სარგებლის დავალიანების 1000 აშშ დოლარის, აგრეთვე, ამავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს – 600 აშშ დოლარის გადახდა; მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით დადგინდა ი.შ-ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული, ქ.თბილისში, თ-ის დასახლების მე-3 მ/რ-ის მე-5 კვარტლის მე-4 კორპუსში მდებარე №7 ბინის (17კვ.მ ფართის) იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.

ამავე გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელე მ.ბ-ას სარჩელი: მოპასუხე მ.ქ-ს მოსარჩელე მ.ბ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 2010 წლის 24 მარტის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 3000 აშშ დოლარის გადახდა; მასვე მოსარჩელე მ.ბ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 2010 წლის 24 მარტის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპროცენტო სარგებლის დავალიანების 500 აშშ დოლარის გადახდა; გარდა ამისა, მ.ქ-ს მოსარჩელე მ.ბ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 2010 წლის 24 მარტის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით 300 აშშ დოლარის გადახდა. მოპასუხისათვის მ.ბ-ას სასარგებლოდ დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით დადგინდა ი.შ-ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული, ქ.თბილისში, თ-ის დასახლების მე-3 მ/რ-ის მე-5 კვარტლის მე-4 კორპუსში მდებარე №7 ბინის (17.00კვ.მ), იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.

დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი.შ-მა და მ.ქ-მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენდა საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მართლზომიერება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 2010 წლის 24 მარტის ხელშეკრულებით მ.ბ-ას მიერ ი.შ-სა და მ.ქ-ის გადაცემული სესხიდან დაბრუნებულ იქნა 2000 აშშ დოლარი და ასევე, გადახდილ იქნა ერთი თვის საპროცენტო სარგებელი, ი.ჯ-ის კი გადახდილ იქნა მხოლოდ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერთი თვის საპროცენტო სარგებელი.

სააპელაციო მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.

სააპელაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. ზემოაღნიშნული მუხლის 1-ლი ნაწილით კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს მეტად ცალსახა დამოკიდებულება – იგი ავალდებულებს კრედიტორს, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ასეთი დოკუმენტი. ამავდროულად, კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მას არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით. კანონი მოვალეს აღჭურავს მთელი რიგი უფლებებით, რათა შესძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შეუძლებელს ხდის ზემომითითებული გარემოების დადასტურებას.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეთა მოთხოვნაზე სესხის თანხის საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრებასთან დაკავშირებით მოპასუხეთა პრეტენზია ეფუძნებოდა ვალდებულების შესრულების ფაქტს. ამდენად, დასახელებული გარემოების დადასტურება სწორედ ი.შ-სა და მ.ქ-ს ეკისრებოდათ. მათი მტკიცება კი, შემოიფარგლა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით და ექსპერტთა დასკვნით. რაც შეეხებოდა წარდგენილ ექსპერტის დასკვნას, როგორც მისი შინაარსიდან ირკვეოდა, კვლევის საგანზე, კერძოდ, მობილური ტელეფონის ფლეშ-მეხსიერების ბარათზე მოსარჩელე ი.ჯ-ის საუბარი ჩაწერილი არ იყო. იქიდან გამომდინარე, რომ მოვალის მიერ ვალდებულების შესრულება შესაძლებელია დადასტურდეს მხოლოდ კრედიტორის მიერ, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული ჩანაწერი კრედიტორის მიერ სამი თვის საპროცენტო სარგებლის სრულად და სესხის თანხის ანგარიშში 8000 აშშ დოლარის მიღების ფაქტის აღიარების დამადასტურებელ შესაბამის მტკიცებულებად ვერ გამოდგებოდა, ხოლო სადავო გარემოების დამადასტურებელი სხვა შესაბამისი მტკიცებულება მოპასუხეებს სასამართლოში არ წარუდგენიათ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტთა (მოპასუხეთა) პრეტენზია დაუსაბუთებელი იყო და ვერ იქნებოდა გაზიარებული.

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 625-ე, მე-400, 417-ე, 418-ე, 115-ე და 420 მუხლებით.

დასახელებული ნორმებისა და საქმეზე დადგენილი გარემოებების მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ.ქ-ს მართლზომიერად დაეკისრა 2010 წლის 24 მარტის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2 თვის საპროცენტო სარგებლის, 1000 აშშ დოლარის, ი.ჯ-ის სასარგებლოდ გადახდა, მას ასევე მართლზომიერად დაეკისრა მოსარჩელე მ.ბ-ას სასარგებლოდ 2010 წლის 24 მარტის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპროცენტო სარგებლის დავალიანების _ 500 აშშ დოლარის გადახდა.

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

ზემოთ მოყვანილი ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამავე ვალდებულების შესრულებამდე.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, რამდენადაც მხარეებმა სესხის ხელშეკრულებით შეათანხმეს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის, საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართლზომიერად დაეკისრათ მოვალეებს დაკისრებული პირგასამტეხლო შემცირებული ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი.შ-მა და მ.ქ-მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება, შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ არასწორად მიიჩნია უდავო ფაქტობრივ გარემოებად ის ფაქტი, რომ მოვალემ გადაიხადა მხოლოდ 1 თვის საპროცენტო სარგებელი. სინამდვილეში, მოპასუხეებმა სასამართლოში დაამტკიცეს არა ერთი, არამედ საპროცენტო სარგებლის სრულად გადახდის ფაქტი. სასამართლო სუბიექტურად დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელეთა წარმომადგენლის განმარტებას და დაუსაბუთებლად არ გაითვალისწინა სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებები, რომლითაც შესაძლოა სადავოდ დარჩა სესხის ძირითადი ნაწილის გადახდის ფაქტი, მაგრამ ყველა დაკითხულმა მოწმემ ერთნაირად დაადასტურა, რომ გადახდილია ყველა ვალდებულება 2011 წლის ჩათვლით. აღნიშნული გარემოება ადასტურებს, რომ სესხის საპროცენტო სარგებელი კრედიტორისათვის გადახდილია სრულად.

სასამართლომ არასწორად შეაფასა მოპასუხის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი, რომლის მიხედვითაც, ი.ჯ-ის საუბრის არარსებობა ჩათვალა გადამწყვეტ ფაქტად და ამაზე დაყრდნობით ივარაუდა, რომ ი.ჯ-ის არ არის გადახდილი საპროცენტო სარგებელი. სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად არ მიიღო მხედველობაში ამავე ექსპერტიზის დასკვნაში მიცემული მ.ხ-ას აღიარება, რომ ბოლო 8 თვის (იგულისხმება 2011 წლის ნოემბრამდე) პირგასამტეხლოს გარდა მოვალეს გადახდილი აქვს სხვა თვეების სარგებელი. აღნიშნული აღიარება შეეხება როგორც მ.ხ-ას, ასევე ი.ჯ-ის წინაშე არსებული ვალდებულების ნაწილსაც.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ.ქ-სა და ი.შ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ.ქ-სა და ი.შ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ბ. ქ-ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ქ-სა და ი.შ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორებს: მ.ქ-სა და ი.შ-ს დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ბ. ქ-ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, გადახდის თარიღი – 2012 წლის 19 ოქტომბერი, საგადახდო დავალება №1) 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე