საქმე №ას-1426-1345-2012 3 დეკემბერი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ი. კ.-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - სწავლის საფასურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. კ.-ის მიმართ 2006-2009 სასწავლო წლების სწავლის საფასურის - 2300 ლარის დაკისრების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2006 წლის 30 სექტემბრის N3-510 ბრძანების საფუძველზე მოპასუხე ჩაირიცხა ამავე უნივერსიტეტში. მას არ გადაუხდია სწავლის საფასური, რისი ვალდებულებაც მას გააჩნდა, ასევე არ მიუმართავს უნივერსიტეტის რექტორისათვის განცხადებით და სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა არ მოუთხოვია. სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 5 ივნისის N3-255 ბრძანებით ი. კ.-ეს შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი. უდავოა, რომ სარჩელის აღძვრის დროისათვის ი. კ.-ე კვლავ სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტად ითვლება, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება სწავლის საფასურის დავალიანების არსებობის თაობაზე და მის დასაფარად განესაზღვრა ვადა, თუმცა მოპასუხეს თანხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:
მოპასუხის განმარტებით, მას გადაეცა უნივერსიტეტის წერილობითი მოთხოვნა სწავლის დავალიანების გადახდის თაობაზე, რაც მას არ გადაუხდია იმ მიზეზით, რომ არ გააჩნია შესაბამისი თანხა, ამასთანავე, მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგანაც სწავლის საფასურის გადახდის ვალდებულება მოპასუხეს 2008 წლის იანვრიდან არ შეუსრულებია, შესაბამისად, უნივერსიტეტის მოთხოვნის ხანდაზმულობა 2011 წლის იანვარში ამოიწურა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2006 წლის 30 სექტემბრის №3-510 ბრძანებით ი. კ.-ე ჩაირიცხა საინჟინრო ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე, ხოლო საინჟინრო ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანის 2007 წლის 19 მარტის №2 განკარგულებით გადანაწილდა სპეციალობაზე - ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ქიმიური ტექნოლოგია. 2006 წლის 18 სექტემბერს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ი. კ.-ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა მხარეთა ურთიერთვალდებულებები. ხელშეკრულების თანახმად, უნივერსიტეტი ყველა პირობას შეუქმნიდა სტუდენტს სწავლა-აღზრდისათვის, შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფდა ბინით, მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ბიბლიოთეკის ფონდით, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით, სწავლების პერიოდში მაღალ მეცნიერულ დონეზე წარმართავდა სასწავლო პროცესს, ყველაფერს გააკეთებდა იმისათვის, რათა სტუდენტს მიეღო სრულფასოვანი საუნივერსიტეტო განათლება, ი. კ.-ემ იკისრა ვალდებულება, შეესრულებინა უნივერსიტეტის შინაგანაწესი, ადმინისტრაციის ბრძანებები და საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნები, ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ, თუ სტუდენტი უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადებში არ გადაიხდიდა სწავლის საფასურს, ამოღებული იქნებოდა სტუდენტთა სიიდან, ხელშეკრულება კი ძალას კარგავდა ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში. ი. კ.-ე უნივერსიტეტში სწავლობდა 2008-2009 სასწავლო წლების პირველი სემესტრის ჩათვლით და მას სწავლის საფასური სრულად არ გადაუხდია. სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2007 წლის 23 ოქტომბრის №13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტუდენტთა მიერ სწავლის საფასურის გადახდის წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ი. კ.-ე ვალდებული იყო, გადაეხადა 2008-2009 წლების სწავლის საფასური პირველი სემესტრისათვის, არა უგვიანეს, პირველი სემესტრის დაწყებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო მე-2 სემესტრისათვის -არა უგვიანეს მე-2 სემესტრის დაწყებიდან 1 თვის ვადაში. ე.ი ი. კ.-ეს, საბოლოოდ, თანხა 2009 წლის მარტამდე უნდა გადაეხადა.
პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასება და მიიჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობა სწორედ ნარდობის ხელშეკრულება იყო. აპელანტმა, ხელშეკრულების ფარგლებში, მოწინააღმდეგე მხარეს მომსახურება ნაწილობრივ გაუწია. რის გამოც, ი. კ.-ეს წარმოეშვა გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება, რაც უნივერსიტეტის მოთხოვნას სამართლებრივად საფუძვლიანს ხდიდა. ამავდროულად, გაზიარებულ იქნა საქალაქო სასამართლოს პოზიცია მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, რადგანაც სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2007 წლის 23 ოქტომბრის №13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტუდენტთა მიერ სწავლის საფასურის გადახდის წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ი. კ.-ე ვალდებული იყო, გადაეხადა 2008-2009 სწავლის საფასურის ბოლო ნაწილი, არა უგვიანეს 2009 წლის მარტისა, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია და, სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, სწორედ ამ დროიდან წარმოეშვა აპელანტს მოთხოვნის უფლება. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აპელანტი ვალდებული იყო, აღეძრა სარჩელი, მოთხოვნის უფლების წარმოშობიდან 3 წლის ვადაში, ანუ არა უგვიანეს 2012 წლის 1 აპრილისა. სარჩელი უნივერსიტეტმა აღძრა 2012 წლის 1 ივნისს, ანუ ბოლო გადახდის ვალდებულების წარმოშობიდან 3 წლის გასვლის შემდეგ, რაც, პალატის მოსაზრებით, მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მიუთითებდა. არ იქნა გაზიარებული აპელანტის არგუმენტი, რომ უფლების დარღვევის შესახებ მან შეიტყო 2009 წლის ივნისში. სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლი, რომელსაც მოიშველიებს აპელანტი, გამოიყენება მაშინ, როდესაც ხელშეკრულებით ან კანონით განსაზღვრული არ არის ვალდებულების შესრულების დრო და იგი დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, მოთხოვნაზე და მისთ. მოცემულ შემთხვევაში, სტუდენტის მიერ სწავლის საფასურის გადახდის თარიღი დადგენილი იყო მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებითა და სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2007 წლის 23 ოქტომბრის №13 გადაწყვეტილებით და მოთხოვნის წარმოშობა კრედიტორის მოქმედებაზე დამოკიდებული არ ყოფილა. ამ გარემოებას არ ცვლიდა ის, რომ აპელანტმა მოწინააღმდეგე მხარეს ვალდებულების შესასრულებლად განუსაზღვრა დამატებითი ვადა. მოვალეს ვალდებულების შესასრულებლად დამატებითი ვადა ეძლევა მაშინ, როცა იგი ვალდებულებას არ ასრულებს განსაზღვრულ ვადაში, რაც ნიშნავს იმას, რომ კრედიტორის უფლება ირღვევა სწორედ განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების მომენტიდან.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმეში არსებული მტკიცებულებები, რის შედეგადაც დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნები, აღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივარი დასაშვებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად. გასაჩივრებული განჩინების მთავარი უსწორობა მხარეთა ურთიერთობის ნარდობის ხელშეკრულებად მიჩნევაა, ვინაიდან ყოველი მომსახურება ნარდობას არ გულისხმობს. აბიტურიენტი მოიპოვებს რა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსს და არ გააჩნია სახელმწიფო დაფინანსება, ვალდებულია, ისწავლოს მის მიერ არჩეულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და უნდა გადაიხადოს სწავლის საფასური უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესით, რომლის განსაზღვრაც უნივერსიტეტის პრეროგატივაა და საგადასახადო ადმინისტრირებაც სწორედ სწავლის საფასურის გადახდის წესის შესაბამისად ხორციელდება. სასამართლოს მსჯელობა კი ამ გარემოების საწინააღმდეგოა. სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა მხოლოდ მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, რაც არასწორია, სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველი არ არის ხელშეკრულება. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად პირის მიერ სტუდენტის სტატუსის მოპოვების შემთხვევაშიც კი, ხელშეკრულების წერილობით დადება სავალდებულო არ არის. სტუდენტის თუნდაც ერთხელ გამოცხადება ლექციაზე მხარეთა შორის ხელშეკრულების ზეპირი ფორმით დადებაზე მიანიშნებს, რაც წარმოშობს სტუდენტის ვალდებულებას, გადაიხადოს სწავლის საფასური, თუ მას არ აქვს გრანტი მოპოვებული. სასამართლომ არასწორად გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება სტუდენტის ზეპირი განცხადების საფუძველზე შეწყდა. როგორც აღინიშნა, სტუდენტის სტატუსის მოპოვება მხარეთა შორის ხელშეკრულების დადების გზით არ ხორციელდება, შესაბამისად, არც ზეპირი ფორმით ხელშეკრულების მოშლის თაობაზე მხარის განცხადება განაპირობებს სტუდენტის სტატუსის გაუქმებას. მოცემული შემთხვევა რეგულირდება სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლით, ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა წარმოიშვა მას შემდეგ, რაც უშედეგოდ გაიარა თანხის გადახდის გადავადების თაობაზე უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულმა დამატებითმა ვადამ და უნივერსიტეტის რექტორმა გამოსცა ბრძანება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე. სწორედ ამ დროიდან შეიტყო მოსარჩელემ უფლების დარღვევის შესახებ, ასეთი დრო კი, 2009 წლის ივნისია. სამართლის არც ერთი ნორმა არ ავალდებულებს უნივერსიტეტს სტატუსმოპოვებული პირი გარიცხოს დაუყოვნებლივ სასწავლო პროცესში მონაწილეობის მიუღებლობის ან თუნდაც ერთი წლის განმავლობაში შეფასების მიუღებლობის გამო. სტატუსის მოპოვებიდან სტუდენტს ეძლევა უფლება, ისწავლოს შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების ფარგლებში და აკადემიური დავალიანების არსებობის შემთხვევაში გაუვლელი საგანი დაარეგისტრიროს შემდეგ სემესტრში. ქვემდგომი სასამართლოების მსჯელობა ემყარება იმ გარემოებას, რომ სტუდენტი მხოლოდ მაშინაა ვალდებული, გადაიხადოს სწავლის საფასური, როდესაც ფიზიკურად ესწრებოდა ლექცია-სემინარებს. აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც უნივერსიტეტში მოქმედ, ისე ზოგადად სახელშეკრულებო ურთიერთობებს. სააპელაციო პალატამ არასწორად არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 407-ე, 411-ე, 414-ე და 131-ე მუხლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ნოემბრის განჩინებით სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. აღნიშნულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოსმიერ დადგენილი მყარი ერთგვაროვანი პრაქტიკა (იხ.სუსგ №ას-547-515-2012,11 ივნისი, 2012 წელი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 13 ნოემბერს №286 საგადასახადო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს (ს/N245428158) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 13 ნოემბერს №286 საგადასახადო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე