Facebook Twitter

საქმე №ას-1429-1348-2012 3 დეკემბერი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - კ. კ.-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 სექტემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - სწავლის საფასურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სარჩელი აღძრა სასამართლოში კ. კ.-ის მიმართ 2008-2009 სასწავლო წლის სწავლის საფასურის - 1500 ლარის დაკისრების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 31 ოქტომბრის N3-593 ბრძანების საფუძველზე მოპასუხე ჩაირიცხა ამავე უნივერსიტეტში. მას არ გადაუხდია სწავლის საფასური, რისი ვალდებულებაც მას, როგორც სტუდენტს, გააჩნდა, ასევე არ მიუმართავს უნივერსიტეტის რექტორისათვის განცხადებით და სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა არ მოუთხოვია. სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 5 ივნისის N3-255 ბრძანებით კ. კ.-ეს შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი. უდავოა, რომ სარჩელის აღძვრის დროისათვის კ.კ.-ე კვლავ სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტად ითვლება, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება სწავლის საფასურის დავალიანების არსებობის თაობაზე და მის დასაფარად განესაზღვრა ვადა, თუმცა მოპასუხეს თანხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:

2008 წლის 31 ოქტომბრის N3-593 ბრძანებით კ.კ.-ე ჩაირიცხა უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალობაზე და ამავე წლის 16 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება, მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხეს, ოჯახში არსებული მდგომარეობის გამო, სწავლა არ გაუგრძელებია. ხელშეკრულებით განისაზღვრა სწავლის საფასური და მისი გადახდის წესი, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების გაფორმებამდე მოპასუხეს უნაღდო ანგარიშსწორების წესით უნდა გადაეხადა ერთი წლის სწავლის საფასური - 1500 ლარი სრულყოფილად, ხოლო მომდევნო წლის საფასურის 50% მომდევნო წლის პირველი სემესტრის დაწყებამდე, ხოლო დარჩენილი 50% - მეორე ნახევრის დაწყებამდე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციული აქტით დადგენილი წესით, თანახმად სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მიერ სწავლის საფასურის გადახდის წესის 5.4 მუხლისა. მოსარჩელის მოთხოვნა 2008-2009 სასწავლო წლის საფასურის გადახდაა, რომლის გადახდის ვალდებულებაც მხარეს ხელშეკრულების დადებამდე - 2008 წლის 31 ოქტომბრიდან 2008 წლის 16 ნოემბრამდე გააჩნდა, სწორედ ამ დროიდან წარმოიშვა მოსარჩელის მოთხოვნის უფლება თანხის გადახდაზე და, სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის, 129-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 130-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნა ხანდაზმულია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 სექტემბრის განჩინებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 31 ოქტომბრის №3-593 ბრძანებით კ. კ.-ე ჩაირიცხა ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურაში მისაღები გამოცდების შედეგების საფუძველზე სამაგისტრო სპეციალობის მიხედვით. 2008 წლის 10 ნოემბერს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კ. კ.-ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა მხარეთა ურთიერთვალდებულებები. ხელშეკრულების თანახმად, უნივერსიტეტმა იკისრა ვალდებულება, „მაგისტრანტი“ უზრუნველეყო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხურის უმაღლესი განათლებით, ხოლო „მაგისტრანტი“ ვალდებული იყო, გადაეხადა სწავლის საფასური ამ ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით და შეესრულებინა სხვა ვალდებულებები. ხელშეკრულების დადებისას სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის საფასური შეადგენდა 3000 ლარს ორივე სასწავლო წლისათვის. მაგისტრანტს ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა გადაეხადა ერთი წლის სწავლის საფასური. მომდევნო სასწავლო წლის საფასურის 50%-ის გადახდა ხორციელდებოდა სწავლების დაწყებამდე, ხოლო დარჩენილი 50%-ის კი, შესაბამისი სასწავლო წლის მეორე ნახევრის დაწყებამდე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ დადგენილ ვადაში. ამავე ხელშეკრულებით მხარეთა დამატებითი შეთანხმებით შესაძლებელი იყო სწავლის საფასურის გადახდის წესის შეცვლა. ხელშეკრულებით განისაზღვრა მისი ვადამდე შეწყვეტის საფუძვლები. 2007-2008 სასწავლო წლისა და 2008-2009 სასწავლო წლის პირველი სემესტრის სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 5 ივნისის №3-255 ბრძანებით, სტუდენტის სტატუსი შეუჩერდა 2009 წლის 5 ივნისის მდგომარეობით ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტებს, მათ შორის მოპასუხე კ. კ.-ეს. მიმდინარე დავალიანება განსაზღვრულია 1500 ლარით. კ. კ.-ეს სწავლა არ გაუგრძელებია, არ დასწრებია ლექციებს და უნივერსიტეტს მისთვის რაიმე მომსახურება არ გაუწევია.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით და მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება მიიჩნია ნარდობად, რომლის თანახმადაც აპელანტმა აიღო ვალდებულება, შეესრულებინა სამუშაო, მოწინააღმდეგე მხარეს კი უნდა გადაეხადა შესრულებული სამუშაოს საფასური. ხელშეკრულების თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოეშობოდა გადახდის ვალდებულება, თუ აპელანტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს შეასრულებდა, რაც ასევე გამომდინარეობდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან, რომლითაც დადგენილია საზღაურის გადახდის ვალდებულება სწავლისათვის და არა სტუდენტად ყოფნისათვის. სტუდენტი ვალდებულია, გადაიხადოს საფასური იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება შესაძლებლობა, მიიღოს შესაბამისი მომსახურება უმაღლესი სასწავლებლისაგან: ისწავლოს ან/და მიიღოს სწავლების შესაბამისი საფეხურის გავლის დამადასტურებელი საბუთი. სადავო პერიოდში კ. კ.-ეს სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში არც უსწავლია და არც სწავლების შესაბამისი საფეხურის გავლის დამადასტურებელი საბუთი მიუღია, რის გამოც სასამართლომ აპელანტის მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია. პალატის მოსაზრებით, საწინააღმდეგო ვითარებაშიც კი, უნივერსიტეტის მოთხოვნა ხანდაზმული იყო, რადგანაც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 3.3. და 3.4. პუნქტების თანახმად, მოწინააღმდეგე მხარე ვალდებული იყო, ერთი წლის სწავლის საფასური გადაეხადა წინასწარ, ხელშეკრულების გაფორმებამდე, მომდევნო სასწავლო წლის საფასურის 50% უნდა გადაეხადა სწავლის დაწყებამდე, ხოლო დარჩენილი თანხა - უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ დადგენილ ვადაში. მხარეთა შორის ხელშეკრულება დაიდო 2008 წლის 10 ნოემბერს რის გამოც კ. კ.-ე ვალდებული იყო, გადაეხადა სწავლის საფასური არა უგვიანეს ამ დღისა. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია და, სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, სწორედ ამ დროიდან წარმოეშვა აპელანტს მოთხოვნის უფლება. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი აპელანტი ვალდებული იყო, აღეძრა სარჩელი მოთხოვნის უფლების წარმოშობიდან 3 წლის ვადაში, არაუგვიანეს 2011 წლის 10 ნოემბრისა. უნივერსიტეტმა სარჩელი აღძრა 2012 წლის 4 ივნისს, გადახდის ვალდებულების წარმოშობიდან 3 წლის გასვლის შემდეგ, რის გამოც მოთხოვნა ხანდაზმული იყო.

არ იქნა გზიარებული აპელანტის პრეტენზია, რომ მან უფლების დარღვევის შესახებ შეიტყო 2009 წლის ივნისში. სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლი, რომელსაც იშველიებს აპელანტი, გამოიყენება მაშინ, როდესაც ხელშეკრულებით ან კანონით განსაზღვრული არ არის ვალდებულების შესრულების დრო და იგი დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, მოთხოვნაზე და მისთ. მოცემულ შემთხვევაში, სტუდენტის მიერ სწავლის საფასურის გადახდის თარიღი დადგენილი იყო მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებითა და სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2007 წლის 23 ოქტომბრის №13 გადაწყვეტილებით, ამიტომ მოთხოვნის წარმოშობა კრედიტორის მოქმედებაზე დამოკიდებული არ ყოფილა. პალატის მტკიცებით, ამ გარემოებას არ ცვლიდა ის, რომ უნივერსიტეტმა მოწინააღმდეგე მხარეს ვალდებულების შესასრულებლად განუსაზღვრა დამატებითი ვადა. მოვალეს ვალდებულების შესასრულებლად დამატებითი ვადა ეძლევა მაშინ, როცა იგი ვალდებულებას არ ასრულებს განსაზღვრულ ვადაში. რაც ნიშნავდა, რომ კრედიტორის უფლება ირღვეოდა სწორედ განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების მომენტიდან.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმეში არსებული მტკიცებულებები, რის შედეგადაც დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნები, აღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივარი დასაშვებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად. გასაჩივრებული განჩინების მთავარი უსწორობა მხარეთა ურთიერთობის ნარდობის ხელშეკრულებად მიჩნევაა, ვინაიდან ყოველი მომსახურება ნარდობას არ გულისხმობს. აბიტურიენტი მოიპოვებს რა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსს და არ გააჩნია სახელმწიფო დაფინანსება, ვალდებულია, ისწავლოს მის მიერ არჩეულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და უნდა გადაიხადოს სწავლის საფასური უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესით, რომლის განსაზღვრაც უნივერსიტეტის პრეროგატივაა და საგადასახადო ადმინისტრირებაც, სწორედ სწავლის საფასურის გადახდის წესის შესაბამისად ხორციელდება. სასამართლოს მსჯელობა კი ამ გარემოების საწინააღმდეგოა. სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა მხოლოდ მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, რაც არასწორია, სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველი არ არის ხელშეკრულება. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად პირის მიერ სტუდენტის სტატუსის მოპოვების შემთხვევაშიც კი, ხელშეკრულების წერილობით დადება სავალდებულო არ არის. სტუდენტის თუნდაც ერთხელ გამოცხადება ლექციაზე მხარეთა შორის ხელშეკრულების ზეპირი ფორმით დადებაზე მიანიშნებს, რაც წარმოშობს სტუდენტის ვალდებულებას, გადაიხადოს სწავლის საფასური, თუ მას არ აქვს გრანტი მოპოვებული. სასამართლომ არასწორად გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება სტუდენტის ზეპირი განცხადების საფუძველზე შეწყდა. როგორც აღინიშნა, სტუდენტის სტატუსის მოპოვება მხარეთა შორის ხელშეკრულების დადების გზით არ ხორციელდება, შესაბამისად, არც ზეპირი ფორმით ხელშეკრულების მოშლის თაობაზე მხარის განცხადება განაპირობებს სტუდენტის სტატუსის გაუქმებას. მოცემული შემთხვევა რეგულირდება სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლით, ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა წარმოიშვა მას შემდეგ, რაც უშედეგოდ გაიარა თანხის გადახდის გადავადების თაობაზე უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულმა დამატებითმა ვადამ და უნივერსიტეტის რექტორმა გამოსცა ბრძანება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე. სწორედ ამ დროიდან შეიტყო მოსარჩელემ უფლების დარღვევის შესახებ, ასეთი დრო კი, 2009 წლის ივნისია. სამართლის არც ერთი ნორმა არ ავალდებულებს უნივერსიტეტს სტატუსმოპოვებული პირი გარიცხოს დაუყოვნებლივ სასწავლო პროცესში მონაწილეობის მიუღებლობის ან თუნდაც ერთი წლის განმავლობაში შეფასების მიუღებლობის გამო. სტატუსის მოპოვებიდან სტუდენტს ეძლევა უფლება, ისწავლოს შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების ფარგლებში და აკადემიური დავალიანების არსებობის შემთხვევაში გაუვლელი საგანი დაარეგისტრიროს შემდეგ სემესტრში. ქვემდგომი სასამართლოების მსჯელობა ემყარება იმ გარემოებას, რომ სტუდენტი მხოლოდ მაშინაა ვალდებული, გადაიხადოს სწავლის საფასური, როდესაც ფიზიკურად ესწრებოდა ლექცია-სემინარებს. აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც უნივერსიტეტში მოქმედ, ისე ზოგადად სახელშეკრულებო ურთიერთობებს. სააპელაციო პალატამ არასწორად არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 407-ე, 411-ე, 414-ე და 131-ე მუხლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ნოემბრის განჩინებით სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. აღნიშნულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი მყარი ერთგვაროვანი პრაქტიკა (იხ.სუსგ №ას-547-515-2012,11 ივნისი, 2012 წელი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 13 ნოემბერს №287 საგადასახადო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს (ს/N245428158) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 13 ნოემბერს №287 საგადასახადო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე