№ას-1431-1350-2012 24 დეკემბერი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ზ.ჩ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ თ.ჩ-ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2011 წლის 8 დეკემბერს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა თ.ჩ-ამ მოპასუხე ზ. ჩ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა განქორწინება და ალიმენტის დაკისრება (ტ.1, ს.ფ 3-11).
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 22 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობის გამო თ.ჩ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. შეწყდა თ.ჩ-სა და ზ.ჩ-ს შორის 2005 წლის 25 მაისს, რუსთავის სახლის მიერ სააქტო ჩანაწერით №0045531 რეგისტრირებული ქორწინება. მოპასუხე ზ.ჩ-ს მისი მცირეწლოვანი შვილების – 2005 წლის 25 მარტს დაბადებული მ. ჩ-ის და 2006 წლის 14 მაისს დაბადებული მ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა თვეში 150-150 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან – 2012 წლის 8 თებერვლიდან, შვილების სრულწლოვანების მიღწევამდე.
სასამართლომ მიუთითა, რომ 2012 წლის 08 თებერვალს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მომართა მოსარჩელე თ.ჩ-ამ მოპასუხე ზ.ჩ-ის მიმართ ქორწინების შეწყვეტისა და ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით. 2012 წლის 02 მარტს მოპასუხე ზ.ჩ-ს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით (განმეორებით) გაეგზავნა სარჩელი და თანდართული მასალები სარჩელში მითითებულ მისამართზე და მას შესაგებლის წარმოსადგენად განესაზღვრა საპროცესო ვადა, 05 დღე. 2012 წლის 09 მარტს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა მოპასუხე ზ.ჩ-ის დედას, გ. მ-ას. ასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. ასეთ შემთხვევაში უწყება ჩაითვლება ადრესატისათვის ჩაბარებულად, რაც დასტურდება მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ შეპასუხების (შესაგებელის) შემოტანის ბოლო ვადა იყო 2012 წლის 14 მარტი. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლზე, რომლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხეს მითითებულ ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც უცნობებია მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ, აღნიშნული კი წარმოადგენდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველს.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოსარჩელე თ.ჩ-ა და მოპასუხე ზ.ჩ-ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2005 წლის 25 მაისიდან, ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2005 წლის 25 მარტს დაბადებული მ. ჩ-ი და 2006 წლის 14 მაისს დაბადებული მ. ჩ-ი. მხარეთა ერთად ცხოვრება იყო შეუძლებელი. მოპასუხე არ ზრუნავდა თავის არასრულწლოვან შვილებზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა მოსარჩელის მოთხოვნას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე, 1202-ე, 1212-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლების თანახმად, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო (ტომი 1, ს.ფ.25-27).
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 22 მარტის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ზ.ჩ-მა, საჩივრის ავტორის განმარტებით, სარჩელი და თანდართული მასალები მას არ ჩაბარებია, დასახელებული დოკუმენტები ჩაბარდა მის დედას გ. მ-ს, რომელმაც არ იცის ქართული ენა, ისევე როგორც მოპასუხემ. საჩივრის ავტორის განმარტებით, მან არ იცოდა, რომ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო გამოტანილი იქნებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთან, მისი ხელფასი შეადგენდა 450 ლარს, რომლითაც იგი ასევე არჩენდა დედას, ქონდა ვალები საქართველოს ბანკში და შესაბამისად ის ვერ შეძლებდა სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის გადახდას (ტომი 1, ს.ფ. 38-39).
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 23 აპრილის განჩინებით ზ.ჩ-ის საჩივარი ამავე სასამართლოს 2012 წლის 22 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სასამართლომ აღნიშნა, რომ 2012 წლის 08 თებერვლას რუსთავის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა მოსარჩელე თ.ჩ-ამ. აღნიშნული სარჩელი მიღებულ იქნა განსახილველად და 2012 წლის 14 თებერვლს სარჩელი და თანდართული მასალები გაეგზავნა მოპასუხე ზ.ჩ-ს, სარჩელი ჩაიბარა მოპასუხის დედამ, გ. მ-ამ 2012 წლის 09 მარტს. მოპასუხეს შესაგებლის წარმოდგენისათვის დანიშნული ვადა (05 დღე) ამოეწურა 2012 წლის 14 მარტს. დადგენილ ვადაში ზ.ჩ-ს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლზე, რომლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის.
სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს.
კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის დაგვიანებით წარმოდგენა გამოწვეული იყო არასაპატიო მიზეზით, რის გამოც არ არსებობდა 2012 წლის 22 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ (ტ.1, ს.ფ. 61-64).
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 22 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2012 წლის 23 აპრილის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ალიმენტის დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ.ჩ-მა (ტ.1, ს.ფ. 67-75).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით ზ.ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 22 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2012 წლის 23 აპრილის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზ.ჩ-ის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენდა გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. სასამართლომ მიიჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითა მათზე. სასამართლომ მიუთითა საქმეში არსებულ საფოსტო გზავნილზე, რომლითაც დასტურდება, რომ თ.ჩ-ას სარჩელი და თანდართული მასალები ზ.ჩ-ის დედას - გ. მ-ას ჩაბარდა 2012 წლის 29 იანვარს, თუმცა მოპასუხეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზის (მიზეზების) შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის კანონით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა. კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით. პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი ზ.ჩ-ი სადავოდ არ ხდიდა იმ გარემოებას, რომ მას 2012 წლის 09 მარტს საქართველოს სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდა თ.ჩ-ას სარჩელი და თანდართული მასალები. აპელანტი გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმებას მოითხოვდა იმ საფუძვლით, რომ შესაგებლის წარმოუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, იმ გარემოებით, რომ მან არ იცოდა ქართული ენა, შესაბამისად, მისთვის უცნობი იყო კანონის მოთხოვნა შესაგებლის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში წარმოდგენასთან დაკავშირებით.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ ყოფილიყო სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით თანახმად, სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიჩნევისათვისათვის ,,სხვა გარემოება’’, გამოწვეული უნდა ყოფილიყო განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით. მოცემულ შემთხვევაში კი მხარის მიერ მითითებული საპატიო მიზეზი - ქართული ენის არ ცოდნა, არ იყო გამოწვეული განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, ვინაიდან, იგი სუბიექტურ კრიტერიუმებზე მიუთითებდა და თავისთავად სცილდებოდა კანონის მიზნებს.
სამოქალაქო საქმეთა პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ ვინაიდან მან არ იცოდა ქართული ენა, შესაბამისად, მისთვის უცნობი იყო კანონის მოთხოვნა შესაგებლის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში წარმოდგენასთან დაკავშირებით. აღნიშნულთან მიმართებაში პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, კანონის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება არ შეიძლება იყოს კანონის გამოუყენებლობის ანდა ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი (ტ.2, ს.ფ. 63-70).
სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ.ჩ-მა, რომელმაც მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 22 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ოქტომბრის განჩინების გაუქმება (ტ.2, ს.ფ. 73-79).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ.ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ზ.ჩ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ.ჩ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ზ.ჩ-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, გადახდის თარიღი – 2012 წლის 29 ნოემბერი, საგადასახადო დავალება № ...) 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე