Facebook Twitter

საქმე №ას-1441-1359-2012 3 დეკემბერი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ვ. კ.-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 სექტემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - სწავლის საფასურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. კ.-ის მიმართ 2008-2009 სასწავლო წლის სწავლის საფასურის - 1500 ლარის დაკისრების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 31 ოქტომბრის N3-593 ბრძანების საფუძველზე მოპასუხე ჩაირიცხა ამავე უნივერსიტეტში. მას არ გადაუხდია სწავლის საფასური, რისი ვალდებულებაც მხარეთა შორის ხელშეკრულებით განისაზღვრა, ასევე არ მიუმართავს უნივერსიტეტის რექტორისათვის განცხადებით და სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა არ მოუთხოვია. სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 5 ივნისის N3-255 ბრძანებით ვ. კ.-ეს შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი. უდავოა, რომ სარჩელის აღძვრის დროისათვის ვ. კ.-ე კვლავ სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტად ითვლება, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება სწავლის საფასურის დავალიანების არსებობის თაობაზე და მის დასაფარად განესაზღვრა ვადა, თუმცა მოპასუხეს თანხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია.

საქმის მოსამზადებელ ეტაპზე მხარეებმა წარადგინეს მორიგების აქტი, თუმცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 29 ივნისის მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ მხარი არ დაუჭირა დავის მორიგებით დამთავრების თაობაზე მის წინადადებას და შესაგებლით მიმართა სასამართლოს, რომლითაც სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე და 130-ე მუხლებზე. აღნიშნულის გათვალისწინებით კი, მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულად და უსაფუძვლოდ მიიჩნია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 სექტემბრის განჩინებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 31 ოქტომბრის №3-593 ბრძანებით, ვ. კ.-ე ჩაირიცხა სამაგისტრო სპეციალობების მიხედვით მათემატიკურ და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ვ. კ.-ეს შორის ხელშეკრულება არ გაფორმებულა. უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 5 ივნისის №3-255 ბრძანებით, სტუდენტის სტატუსი შეუჩერდა 2007-2008 სასწავლო წლისა და 2008-2009 სასწავლო წლის პირველი სემესტრის სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, 2009 წლის 5 ივნისის მდგომარეობით ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტებს, მათ შორის, ვ. კ.-ეს. ვ. კ.-ის სასწავლო ბარათის მიხედვით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოპასუხეს სასწავლო კურსი არ გაუვლია, მართალია, სწავლის დაწყებისას მოპასუხე გამოცხადდა უნივერსიტეტში, მაგრამ მას ხელშეკრულება უნივერსიტეტთან არ გაუფორმებია და შემდგომში საერთოდ მიატოვა სწავლა ნებაყოფლობით. ვ. კ.-ის დავალიანება განსაზღვრულია 1500 ლარით. ვ. კ.-ეს სწავლის საფასური არ გადაუხდია. სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტმა ვ. კ.-ეს შეტყობინება სწავლის საფასურის დავალიანების შესახებ ჩააბარა 2012 წლის 4 მაისს, სარჩელით კი, სასამართლოს მიმართა 2012 წლის 5 ივნისს.

საქმეში წარმოდგენილი სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2007 წლის 23 ოქტომბრის №13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მიერ სწავლის საფასურის გადახდის წესის“ 3.1; 4.2; 4.5. პუნქტების თანახმად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სტუდენტის მიერ სწავლის საფასურის გადახდის საფუძველი არის სასწავლო წლის დასაწყისში მასთან გაფორმებული ხელშეკრულება და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გაცემული სერტიფიკატი აბიტურიენტის მიერ ეროვნული გამოცდების გავლისა და სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ, ასევე რექტორის ბრძანება სტუდენტის უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ. სტუდენტი ყოველი სასწავლო წლის განმავლობაში ვალდებული იყო სწავლის საფასური გადაეხადა სემესტრულად და, შესაბამისად, ორ ეტაპად, სწავლის საფასურის 50% არა უგვიანეს პირველი სასწავლო სემესტრის დაწყებიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო მეორე სემესტრის სწავლის წლიური საფასურის 50% - არა უგვიანეს მეორე სასწავლო სემესტრის დაწყებიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო ახალი სასწავლო წლისათვის სასწავლო წლის დაწყებიდან - ერთი თვის ვადაში. სწავლის საფასურის დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში მისი გადახდის ვადის რაიმე ფორმით გაგრძელება დაუშვებლად იყო მიჩნეული. პალატის მითითებით, სადავოს არ წარმოადგენდა, რომ ერთი სემესტრის სწავლის საფასური შეადგენდა 750 ლარს.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის ხელშეკრულება წერილობითი ფორმით არ დადებულა, რომლის დადება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უნივერსიტეტის უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირის ვალდებულებაა, მხარეები არ შეთანხმებულან არსებით პირობებზე, მათ შორის, სწავლის საფასურზე, შესაბამისად, პალატის მტკიცებით, გამოყენებული უნდა იქნას „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები, რომლის 79-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების ერთ-ერთი წყაროა სწავლის საფასური. კანონით დადგენილი საზღაურის გადახდის ვალდებულება სწავლისათვის მომსახურების მიღებისას დაიშვება და არა სტუდენტად ყოფნისათვის, სტუდენტი ვალდებულია, გადაიხადოს სწავლის საფასური იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება შესაძლებლობა, მიიღოს შესაბამისი მომსახურება უმაღლესი სასწავლებლისაგან. არ იქნა გაზიარებული გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა, რომ ვ.კ.-ის მიერ შესაბამისი საფეხურის გავლის დამადასტურებელი საბუთის მიუღებლობა უსაფუძვლოს ხდიდა სასარჩელო მოთხოვნას. სააპელაციო პალატის განმარტებით, მნიშვნელოვანს წარმოადგენდა იმის დადგენა, მხარეთა შორის რეალურად რა სახის გარიგება დაიდო და რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს მხარეთა მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი. სწავლის შესაბამისი საფეხურის გავლის დამადასტურებელი საბუთი არ წარმოადგენდა ერთადერთს, მხარეთა მიერ ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით და აღნიშნა, რომ, მართალია, მხარეთა შორის ხელშეკრულება წერილობით გაფორმებული არ ყოფილა, თუმცა არსებითად, დადებული იყო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, აპელანტმა აიღო ვალდებულება, შეესრულებინა სამუშაო, მოწინააღმდეგე მხარეს კი უნდა გადაეხადა შესრულებული სამუშაოს საფასური. ამ ხელშეკრულების თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოეშობოდა საფასურის გადახდის ვალდებულება, თუ აპელანტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს შეასრულებდა, რაც ასევე გამომდინარეობდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის მე-2 პუნქტიდანაც, აპელანტს, მოწინააღმდეგე მხარისათვის მომსახურება არც ერთ სემესტრში არ გაუწევია რის გამოც, ვ. კ.-ეს მითითებულ პერიოდში (პირველ სასწავლო წელს) გაწეული მომსახურების ღირებულების - 1500 ლარის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოშობია, შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ აპელანტის მოთხოვნა სამართლებრივად უსაფუძვლო იყო. სააპელაციო სასამართლოს განჩინებით გაზიარებულ იქნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე. სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2007 წლის 23 ოქტომბრის №13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მიერ სწავლის საფასურის გადახდის წესის“ თანახმად, მოწინააღმდეგე მხარე ვალდებული იყო, პირველი სემესტრის სწავლის საფასური გადაეხადა წინასწარ, სწავლის დაწყებამდე - 2008 წლის ნოემბრამდე, რაც არ შეუსრულებია. სწორედ ამ დროიდან წარმოეშვა უნივერსიტეტს მოპასუხის მიმართ მოთხოვნის უფლება და უფლება ჰქონდა აღეძრა სარჩელი მოთხოვნის უფლების წარმოშობიდან 3 წლის ვადაში, არა უგვიანეს 2011 წლის ნოემბრისა, შესაბამისად, 2012 წლის 5 ივნისს, ანუ გადახდის ვალდებულების წარმოშობიდან 3 წლის გასვლის შემდეგ წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლობასთან ერთად ხანდაზმულიც იყო. არ იქნა გაზიარებული აპელანტის მსჯელობა, რომ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა სასამართლოს სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის სამართლებრივი ურთიერთობის შეჩერებიდან, ანუ 2009 წლის ივნისიდან უნდა აეთვალა და ამ ფაქტის სამართლებრივი შეფასებისას უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლი. სასამართლოს განმარტებით, დასახელებული ნორმა გამოიყენება მაშინ, როდესაც ხელშეკრულებით ან კანონით განსაზღვრული არ არის ვალდებულების შესრულების დრო და იგი დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, მოთხოვნაზე. სტუდენტის მიერ სწავლის საფასურის გადახდის თარიღი დადგენილი იყო სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2007 წლის 23 ოქტომბრის №13 გადაწყვეტილებით და მოთხოვნის წარმოშობა კრედიტორის მოქმედებაზე დამოკიდებული არ ყოფილა. პალატის მოსაზრებით, ამ გარემოებას არ ცვლიდა ის, რომ აპელანტმა მოწინააღმდეგე მხარისათვის გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით ვალდებულების შესასრულებლად განუსაზღვრა დამატებითი ვადა. მოვალეს ვალდებულების შესასრულებლად დამატებითი ვადა ეძლევა მაშინ, როცა იგი ვალდებულებას არ ასრულებს განსაზღვრულ ვადაში. რაც ნიშნავს, რომ კრედიტორის უფლება ირღვევა სწორედ განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების მომენტიდან.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმეში არსებული მტკიცებულებები, რის შედეგადაც დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნები, აღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივარი დასაშვებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად. გასაჩივრებული განჩინების მთავარი უსწორობა მხარეთა ურთიერთობის ნარდობის ხელშეკრულებად მიჩნევაა, ვინაიდან ყოველი მომსახურება ნარდობას არ გულისხმობს. აბიტურიენტი მოიპოვებს რა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსს და არ გააჩნია სახელმწიფო დაფინანსება, ვალდებულია, ისწავლოს მის მიერ არჩეულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და უნდა გადაიხადოს სწავლის საფასური უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესით, რომლის განსაზღვრაც უნივერსიტეტის პრეროგატივაა და საგადასახადო ადმინისტრირებაც სწორედ სწავლის საფასურის გადახდის წესის შესაბამისად ხორციელდება. სასამართლოს მსჯელობა კი ამ გარემოების საწინააღმდეგოა. სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა მხოლოდ მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, რაც არასწორია, სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველი არ არის ხელშეკრულება. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად პირის მიერ სტუდენტის სტატუსის მოპოვების შემთხვევაშიც კი, ხელშეკრულების წერილობით დადება სავალდებულო არ არის. სტუდენტის თუნდაც ერთხელ გამოცხადება ლექციაზე მხარეთა შორის ხელშეკრულების ზეპირი ფორმით დადებაზე მიანიშნებს, რაც წარმოშობს სტუდენტის ვალდებულებას, გადაიხადოს სწავლის საფასური, თუ მას არ აქვს გრანტი მოპოვებული. სასამართლომ არასწორად გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება სტუდენტის ზეპირი განცხადების საფუძველზე შეწყდა. როგორც აღინიშნა, სტუდენტის სტატუსის მოპოვება მხარეთა შორის ხელშეკრულების დადების გზით არ ხორციელდება, შესაბამისად, არც ზეპირი ფორმით ხელშეკრულების მოშლის თაობაზე მხარის განცხადება განაპირობებს სტუდენტის სტატუსის გაუქმებას. მოცემული შემთხვევა რეგულირდება სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლით, ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა წარმოიშვა მას შემდეგ, რაც უშედეგოდ გაიარა თანხის გადახდის გადავადების თაობაზე უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულმა დამატებითმა ვადამ და უნივერსიტეტის რექტორმა გამოსცა ბრძანება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე. სწორედ ამ დროიდან შეიტყო მოსარჩელემ უფლების დარღვევის შესახებ, ასეთი დრო 2009 წლის ივნისია. სამართლის არც ერთი ნორმა არ ავალდებულებს უნივერსიტეტს სტატუსმოპოვებული პირი გარიცხოს დაუყოვნებლივ სასწავლო პროცესში მონაწილეობის მიუღებლობის ან თუნდაც ერთი წლის განმავლობაში შეფასების მიუღებლობის გამო. სტატუსის მოპოვებიდან სტუდენტს ეძლევა უფლება, ისწავლოს შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების ფარგლებში და აკადემიური დავალიანების არსებობის შემთხვევაში გაუვლელი საგანი დაარეგისტრიროს შემდეგ სემესტრში. ქვემდგომი სასამართლოების მსჯელობა ემყარება იმ გარემოებას, რომ სტუდენტი მხოლოდ მაშინაა ვალდებული, გადაიხადოს სწავლის საფასური, როდესაც ფიზიკურად ესწრებოდა ლექცია-სემინარებს. აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც უნივერსიტეტში მოქმედ, ისე ზოგადად სახელშეკრულებო ურთიერთობებს. სააპელაციო პალატამ არასწორად არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 407-ე, 411-ე, 414-ე და 131-ე მუხლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ნოემბრის განჩინებით სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. აღნიშნულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოსმიერ დადგენილი მყარი ერთგვაროვანი პრაქტიკა (იხ.სუსგ №ას-547-515-2012,11 ივნისი, 2012 წელი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 13 ნოემბერს №289 საგადასახადო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს (ს/N245428158) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 13 ნოემბერს №289 საგადასახადო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე