საქმე №ას-1444-1362-2012 3 დეკემბერი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ზ. ჩ.-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 სექტემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - სწავლის საფასურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. ჩ.-ის მიმართ 2008-2009 სასწავლო წლის სწავლის საფასურის - 1875 ლარის დაკისრების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 5 მარტის N3-383 ბრძანების საფუძველზე მოპასუხე ჩაირიცხა ამავე უნივერსიტეტში. მას არ გადაუხდია სწავლის საფასური, რისი ვალდებულებაც მხარეთა შორის ხელშეკრულებით განისაზღვრა, ასევე არ მიუმართავს უნივერსიტეტის რექტორისათვის განცხადებით და სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა არ მოუთხოვია. სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 5 ივნისის N3-255 ბრძანებით ზ. ჩ.-ეს შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი. უდავოა, რომ სარჩელის აღძვრის დროისათვის ზ.ჩ.-ე კვლავ სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტად ითვლება, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება სწავლის საფასურის დავალიანების არსებობის თაობაზე და მის დასაფარად განესაზღვრა ვადა, თუმცა მას ვალდებულება არ შეუსრულებია.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით მოითხოვა:
სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 5 მარტის ბრძანებით ზ.ჩ.-ე ჩაირიცხა ამავე უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის გადაზიდვების ორგანიზაციისა და მართვის სპეციალობაზე. ფინანსური მდგომაროების გამო, სტუდენტმა სწავლის გაგრძელება ვერ შეძლო, ლექციებზე არ უვლია და უნივერსიტეტისგან მომსახურება არ მიუღია, რაც ადასტურებს სარჩელის უსაფუძვლობასა და დაუსაბუთებლობას. მოპასუხემ მოთხოვნა ასევე ხანდაზმულად მიიჩნია სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის შესაბამისად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 სექტემბრის განჩინებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 5 მარტის №3-383 ბრძანებით ზ. ჩ.-ე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან გადმოყვანის წესით 2007-2008 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან გადაყვანილ იქნა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ჩაირიცხა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე, 40 კრედიტის აღიარებით სწავლების მეოთხე სემესტრიდან. სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის სტუდენტის სასწავლო ბარათის მიხედვით, ზ. ჩ.-ის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის შესრულება დასტურდება სტუდენტად ყოფნის პერიოდის ერთი სემესტრის (მეოთხე სემესტრი) განმავლობაში, 2008 წლის მარტიდან მაისამდე. საქმეში წარმოდგენილი სტუდენტის სასწავლო ბარათის თანახმად, ზ. ჩ.-ეს სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გავლილი აქვს საგანმანათლებლო პროგრამა და მიღებული აქვს შეფასება სასწავლო კურსის მიხედვით განსაზღვრულ საგნებზე მხოლოდ ერთი სემესტრის (მეოთხე სემესტრი) განმავლობაში, ხოლო მეხუთე და მეექვსე სემესტრში სასწავლო კურსი მას უნივერსიტეტში არ გაუვლია, რასაც მოსარჩელე მხარეც ადასტურებს. საქმის განხილვისას მოპასუხე არ უარყოფდა სასწავლო კურსის გავლას 2008 წლის მარტიდან მაისამდე. სწავლა შეწყვიტა ფინანსური პრობლემის გამო. სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 5 ივნისის №3-255 ბრძანებით სტუდენტს სტატუსი შეუჩერდა 2007-2008 სასწავლო წლისა და 2008-2009 სასწავლო წლის პირველი სემესტრის სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო. დავალიანება განისაზღვრა 1875 ლარით, საიდანაც მიმდინარე დავალიანება 625 ლარი, ხოლო 2007-2008 სასწავლო წლისა და 2008-2009 წლის სასწავლო წლის პირველი სემესტრის დავალიანება 1250 ლარი იყო. ზ. ჩ.-ეს სწავლების პერიოდში სწავლის საფასური არ გადაუხდია. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება მოთხოვნის უფლების წარმოშობასთან დაკავშირებით, ვინაიდან თვით უნივერსიტეტის შიდა სამართლებრივი აქტებიდან და მხარესთან გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მას დავალიანების მოთხოვნის უფლება ზ. ჩ.-ის მიმართ წარმოეშვა სტუდენტის მიერ სახელშეკრულებო და შიდა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული წესის პირველი დარღვევისთანავე - 2008 წლის აპრილიდან. სასამართლოს განმარტებით, სტუდენტის სტატუსის შეჩერება არ იწვევს სწავლის საფასურის გადახდის მოთხოვნის უფლების შეჩერებას. სააპელაციო პალატა დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებას და მითითებას სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 629-ე, 411-ე, 412-ე, 415-ე, 128-ე, 129-ე, 130-ე მუხლებზე, რომელთა თანახმადაც სასამართლომ ჩათვალა, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ანაზღაურების მოთხოვნა იყო ხანდაზმული, პალატა ასევე დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილეის მსჯელობას „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე და 44-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შორის დადებული იყო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, აპელანტმა აიღო ვალდებულება, შეესრულებინა სამუშაო, მოწინააღმდეგე მხარეს კი უნდა გადაეხადა შესრულებული სამუშაოს საფასური. ამავე ხელშეკრულების თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოეშობოდა გადახდის ვალდებულება, თუ აპელანტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს შეასრულებდა. ანალოგიური რეგულაცია იყო დადგენილი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის მე-2 პუნქტიდანაც, პალატის განმარტებით, კანონით დადგენილია საზღაურის გადახდის ვალდებულება სწავლის და არა სტუდენტად ყოფნისათვის, ამიტომ, სტუდენტი ვალდებული იყო, გადაეხადა საფასური იმ შემთხვევაში, თუ მას ექნებოდა შესაძლებლობა მიეღო შესაბამის მომსახურება უმაღლესი სასწავლებლისაგან: ესწავლა ან/და მიეღო სწავლების შესაბამისი საფეხურის გავლის დამადასტურებელი საბუთი. ზ. ჩ.-ეს სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2008 წლის მაისიდან არ უვლია და არც სწავლების შესაბამისი საფეხურის გავლის დამადასტურებელი საბუთი მიუღია, რის გამოც აპელანტის მოსაზრებები გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ უსწორობებზე დაუსაბუთებელად იქნა მიჩნეული.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმეში არსებული მტკიცებულებები, რის შედეგადაც დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნები, აღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივარი დასაშვებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად. გასაჩივრებული განჩინების მთავარი უსწორობა მხარეთა ურთიერთობის ნარდობის ხელშეკრულებად მიჩნევაა, ვინაიდან ყოველი მომსახურება ნარდობას არ გულისხმობს. აბიტურიენტი მოიპოვებს რა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსს და არ გააჩნია სახელმწიფო დაფინანსება, ვალდებულია, ისწავლოს მის მიერ არჩეულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და უნდა გადაიხადოს სწავლის საფასური უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესით, რომლის განსაზღვრაც უნივერსიტეტის პრეროგატივაა და საგადასახადო ადმინისტრირებაც, სწორედ, სწავლის საფასურის გადახდის წესის შესაბამისად ხორციელდება. სასამართლოს მსჯელობა კი ამ გარემოების საწინააღმდეგოა. სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა მხოლოდ მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, რაც არასწორია, სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველი არ არის ხელშეკრულება. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად პირის მიერ სტუდენტის სტატუსის მოპოვების შემთხვევაშიც კი, ხელშეკრულების წერილობით დადება სავალდებულო არ არის. სტუდენტის თუნდაც ერთხელ გამოცხადება ლექციაზე მხარეთა შორის ხელშეკრულების ზეპირი ფორმით დადებაზე მიანიშნებს, რაც წარმოშობს სტუდენტის ვალდებულებას, გადაიხადოს სწავლის საფასური, თუ მას არ აქვს გრანტი მოპოვებული. სასამართლომ არასწორად გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება სტუდენტის ზეპირი განცხადების საფუძველზე შეწყდა. როგორც აღინიშნა, სტუდენტის სტატუსის მოპოვება მხარეთა შორის ხელშეკრულების დადების გზით არ ხორციელდება, შესაბამისად, არც ზეპირი ფორმით ხელშეკრულების მოშლის თაობაზე მხარის განცხადება განაპირობებს სტუდენტის სტატუსის გაუქმებას. მოცემული შემთხვევა რეგულირდება სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლით, ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა წარმოიშვა მას შემდეგ, რაც უშედეგოდ გაიარა თანხის გადახდის გადავადების თაობაზე უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულმა დამატებითმა ვადამ და უნივერსიტეტის რექტორმა გამოსცა ბრძანება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე. სწორედ ამ დროიდან შეიტყო მოსარჩელემ უფლების დარღვევის შესახებ, ასეთი დრო 2009 წლის ივნისია. სამართლის არც ერთი ნორმა არ ავალდებულებს უნივერსიტეტს სტატუსმოპოვებული პირი გარიცხოს დაუყოვნებლივ სასწავლო პროცესში მონაწილეობის მიუღებლობის ან თუნდაც ერთი წლის განმავლობაში შეფასების მიუღებლობის გამო. სტატუსის მოპოვებიდან სტუდენტს ეძლევა უფლება, ისწავლოს შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების ფარგლებში და აკადემიური დავალიანების არსებობის შემთხვევაში გაუვლელი საგანი დაარეგისტრიროს შემდეგ სემესტრში. ქვემდგომი სასამართლოების მსჯელობა ემყარება იმ გარემოებას, რომ სტუდენტი მხოლოდ მაშინაა ვალდებული, გადაიხადოს სწავლის საფასური, როდესაც ფიზიკურად ესწრებოდა ლექცია-სემინარებს. აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც უნივერსიტეტში მოქმედ, ისე ზოგადად სახელშეკრულებო ურთიერთობებს. სააპელაციო პალატამ არასწორად არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 407-ე, 411-ე, 414-ე და 131-ე მუხლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ნოემბრის განჩინებით სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. აღნიშნულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოსმიერ დადგენილი მყარი ერთგვაროვანი პრაქტიკა (იხ.სუსგ №ას-547-515-2012,11 ივნისი, 2012 წელი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 13 ნოემბერს №288 საგადასახადო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს (ს/N245428158) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 13 ნოემბერს №288 საგადასახადო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე