Facebook Twitter

№ას-1452-1370-2012 3 დეკემბერი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.ზ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ქ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ხელშეკრულების გაუქმება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით მ.ზ-ის სარჩელი მოპასუხე ლ.ქ-ის მიმართ, რომლითაც მან მოითხოვა ხელშეკრულების გაუქმება და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.ზ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით მ.ზ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მოსარჩელე მ.ზ-ი მოპასუხე ლ.ქ-ის დედაა.

2011 წლის 30 დეკემბერს მ.ზ-სა და ლ.ქ-ს შორის დაიდო ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, დასაჩუქრებულმა მიიღო ქ.თბილისში, ს-ოს ქ.N82-ში მდებარე უძრავი ქონება. აღნიშნული ქონების ღირებულება შეფასებულია 25000 ლარად.

ქ.თბილისში, ს-ოს ქ.N82-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს მოპასუხე ლ.ქ-ი.

დასაჩუქრებულ ლ.ქ-ს მოსარჩელესათვის მძიმე შეურაცხყოფა არ მიუყენებია, მას დიდი უმადურობა არ გამოუჩენია მოსარჩელის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ.

მოსარჩელეს საქმეზე არ წარუდგენია არანაირი მტკიცებულება, გარდა თავისი ახსნა-განმარტებისა, იმის თაობაზე, რომ მოპასუხე მას არ აქცევდა ყურადღებას. თავად მოსარჩელის მიერ დასახელებულმა მოწმეებმა დაადასტურეს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ მოპასუხე იჩენდა ყურადღებას მოსარჩელის მიმართ, მიჰყავდა იგი ექიმთან, უზრუნველყოფდა ელემენტარული პირობებით.

მოწმეთა ჩვენებები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შსს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებიდან გამოთხოვილი მასალები ქმნიდა საფუძველს შინაგან რწმენისათვის, რომ დასაჩუქრებულის მხრიდან ადგილი არ ჰქონია მჩუქებლის მიმართ დიდ უმადურობასა და შეურაცხყოფას. ახლო ნათესავების მიმართ დიდი უმადურობასა და შეურაცხყოფის არსებობის ფაქტებზე მოსარჩელეს არ მიუთითებია.

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითა მათზე.

სააპელაციო სასამართლომ, პირველ რიგში ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტი (მოსარჩელე) მ.ზ-ი სააპელაციო საჩივრით სარჩელის დაკმაყოფილების დამატებით საფუძვლად უთითებდა იძულების ფაქტზე, კერძოდ, განმარტა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო, სასარჩელო მოთხოვნის შინაარსიდან გამომდინარე ვალდებული იყო ემსჯელა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, თუ რამდენად წარმოადგენდა სადავო ჩუქების ხელშეკრულება იძულებით დადებულ ხელშეკრულებას, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგინდა, რომ მ.ზ-ის სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა 2011 წლის 30 დეკემბერს მასა (მ.ზ-სა) და ლ.ქ-ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება, რომლის თანახმად, დასაჩუქრებულმა მიიღო ქ.თბილისში, ს-ოს ქ.N82-ში მდებარე უძრავი ქონება. აღნიშნული ქონების ღირებულება შეფასებულია 25000 ლარად. მოსარჩელე ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძვლად უთითებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლზე. ამ მუხლის თანახმად, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. ამდენად, აპელანტი ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას მოითხოვდა იმ საფუძვლით, რომ ლაიანა ქართველიშვილი მძიმე შეურაცხყოფას აყენებდა ან დიდ უმადურობას იჩენდა მ.ზ-ის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი, შეავსოს სარჩელში მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები, გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, რის შესახებაც სასამართლომ უნდა აცნობოს მოპასუხეს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების შემდეგ სარჩელის საფუძვლის ან საგნის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მოპასუხის წინასწარი თანხმობით. ასეთი თანხმობის შემთხვევაში მოპასუხეს შეუძლია მოითხოვოს სასამართლო სხდომის გადადება სხვა დროისათვის, ხოლო მე-4 ნაწილის თანახმად, სარჩელის შეცვლად არ ჩაითვლება მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებების დაზუსტება, დაკონკრეტება და დამატება, აგრეთვე სასარჩელო მოთხოვნების ოდენობის შემცირება, ან ერთი ნივთის ნაცვლად მეორე ნივთის მიკუთვნება მისთვის, ანდა ამ ნივთის ღირებულების ანაზღაურება.

მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, რომ მოსარჩელე მ.ზ-ს არც საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე, და არც საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების შემდეგ, არ შეუცვლია ანდა დაუმატებია სარჩელის საფუძველი, ამასთან, არ დაუზუსტებია, დაუკონკრეტებია და დაუმატებია სარჩელში მითითებული გარემოებები, რაც იმას ნიშნავდა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო ვერ იმსჯელებდა მ.ზ-ის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, თუ რამდენად წარმოადგენდა სადავო ჩუქების ხელშეკრულება იძულებით დადებულ ხელშეკრულებას.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში აპელანტი (მოსარჩელე) სარჩელის მოთხოვნის საფუძვლად უთითებდა იმ გარემოებაზე, რომ: ა. დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას აყენებდა ან დიდ უმადურობას იჩენდა მის (მჩუქებლის) მიმართ და ბ. ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეეძლო საკუთარი თავის რჩენა.

სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. ამავე კოდექსის 530-ე მუხლის თანახმად, თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში.

აპელანტმა (მოსარჩელემ) ზემოაღნიშნული სადავო გარემოების დასადასტურებლად მიუთითა მის ახსნა-განმარტებაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ სადავო გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ვერ გაიზიარა მოსარჩელის ახსნა-განმარტება, ვინაიდან, იგი თავად წარმოადგენდა პროცესის მონაწილეს და უშუალოდ იყო დაინტერესებული საქმის შედეგით. ამიტომ, მარტოოდენ მხარის ახსნა-განმარტება სხვა მტკიცებულებების გარეშე, ვერ გამოდგებოდა სადავო გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საქმის მასალებში არსებული მოწმეთა ჩვენებები სასამართლოს უქმნიდა იმის რწმენას, რომ რომ დასაჩუქრებულის მხრიდან ადგილი არ ჰქონია მჩუქებლის მიმართ დიდ უმადურობასა და შეურაცხყოფას. რაც შეეხებოდა აპელანტის მითითებას იმ გარემოებებზე, რომ იგი იყო მე-2 ჯგუფის ინვალიდი, სოციალურად დაუცველი, ამასთან, ვერ იხდიდა კომუნალურ გადასახადებს და ვერ ყიდულობდა მედიკამენტებს, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით აღნიშნული არ შეიძლებოდა საფუძვლად დადებოდა იმ გარემოებას, რომ მჩუქებელი სწორედ ჩუქების შემდეგ აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში და არ შეეძლია საკუთარი თავის რჩენა. მოსარჩელემ ვერ წარადგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მ.ზ-ს ამ პერიოდში ერიცხებოდა კომუნალური გადასახადების დავალიანება, ან გადასახადების გადაუხდელობის გამო შეწყვეტილი ჰქონდა გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდება, ასევე ვერ იქნა წარდგენილი მტკიცებულებები, რომ მ. ზ-ს ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაუუარესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმის დანიშნულებით, სათანადო მედიკამენტოზური მკურნალობის ჩაუტარებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 106-ე მუხლის არასწორად გამოყენებასთან დაკავშირებით, კერძოდ, აპელანტმა განმარტა, რომ საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას დაეყრდნო რა შინაგან საქმეთა სამინისტროს შსს თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებიდან გამოთხოვილ მასალებს, ამით დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის მოთხოვნა.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლი ეხება ფაქტებს, რომლებიც არ საჭიროებენ მტკიცებას, კერძოდ, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ა. ფაქტები, რომლებსაც სასამართლო საყოველთაოდ ცნობილად მიიჩნევს; ბ. ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.

სააპელაციო სასამართლომ პირველ რიგში ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქალაქო სასამართლოს, გასაჩივრებული გადაწყვეტილების არც ერთ ნაწილში არ მიუთითებია სამოქალაქო კოდექსის 106-ე მუხლზე, როგორც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველზე და შესაბამისად, არ გამოუყენებია. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს შსს თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებიდან გამოთხოვილ მასალებს, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნული სასამართლომ მიიჩნია არა პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე ფაქტად მოცემული საქმის მიმართ, არამედ – ერთ-ერთ მტკიცებულებად, რომელიც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეფასების შედეგად საფუძვლად დაუდო იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენას, რომ დასაჩუქრებულის მხრიდან ადგილი არ ჰქონია მჩუქებლის მიმართ დიდ უმადურობასა და შეურაცხყოფას.

აქვე, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შსს თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებიდან გამოთხოვილი მასალები, მართალია შეეხებოდა ხელშეკრულებამდე დადებულ პერიოდს, მაგრამ როგორც დგინდებოდა, მ.ზ-ს წარდგენილი მასალების მიხედვით შეურაცხყოფას აყენებდა არა ლ.ქ-ი, არამედ მისი ძმა – ტ. ქ-ი, რომელიც ლ.ქ-ის განცხადების საფუძველზე გაფრთხილებულ იქნა პოლიციის თანამშრომლის მიერ 2011 წლის 16 დეკემბრის ოქმით.

ქ.თბილისის მერიის სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრიდან წარდგენილი მასალებით, რომელიც ასევე ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებამდე პერიოდს შეეხებოდა, სასამართლოს მხოლოდ შინაგანი რწმენა ექმნებოდა, რომ მოპასუხე ზრუნვას და ყურადღებას იჩენდა დედის – მ.ზ-ის ჯანმრთელობაზე. სადავო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ კი დოკუმენტების წარუდგენლობა სასამართლომ არ შეაფასა იმ ფაქტობრივ გარემოებად, რომ დასაჩუქრებულის მხრიდან მჩუქებლის მიმართ ადგილი ჰქონდა დიდ უმადურობასა და შეურაცხყოფას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 316.1., 317-ე, 524-ე, 529-550-ე, აგრეთვე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლებზე მითითებით, სწორად მიიჩნია, რომ არ არსებობდა მ.ზ-ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ.ზ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას, შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო საჩივარსა და სასამართლო სხდომაზე მ.ზ-ის მიერ გაცხადებული პრეტენზიები ეფუძნება არამხოლოდ მის ახსნა-განმარტებას, არამედ ასევე მოწინააღმდეგე მხარის შესაგებელსა და საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა. მ.ზ-ი სარჩელში მიუთითებდა, რომ ლ.ქ-ი მას დაპირდა მზრუნველობას, რაშიც მოიაზრებოდა მოსარჩელისათვის წამლების, საკვების მიწოდება, კომუნალური გადასახადების გადახდა. ამდენად, მოსარჩელემ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ ლ.ქ-მა დიდი უმადურობა გამოიჩინა მისი, როგორც მჩუქებლის მიმართ. მ.ზ-ის მტკიცებით, მას შემდეგ, რაც ლ.ქ-მა მიიღო საჯარო რეესტრის ამონაწერი სადავო უძრავ ნივთთან დაკავშირებით, არანაირი ყურადღება არ გამოიჩინა გამჩუქებლის მიმართ, მას არ მიაწოდა საკვები, არანაირი ზომები არ მიიღო ხანდაზმული დედის მკურნალობის მიზნით. არსებულ ვითარებაში ჩნდება შეკითხვა, ასე რომ არ ყოფილიყო, მაშინ რატომ აღძრა მოსარჩელემ სარჩელი ჩუქების ხელშეკრულების დადებიდან 3 თვეში. ამ შეკითხვაზე პასუხი არც სასამართლოს გააჩნია და არც მოწინააღმდეგე მხარეს.

სააპელაციო სასამართლომ არ უარყო ის გარემოება, რომ მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე გამოთხოვილი დოკუმენტაცია არ შეეხებოდა 2011 წლის 30 დეკემბრამდე (მოდავე მხარეებს შორის ჩუქების ხელშეკრულების დადების თარიღი) არსებულ მდგომარეობას, თუმცა დასახელებული მტკიცებულების საფუძველზე შეიქმნა შინაგანი რწმენა იმის შესახებ, რომ ლ.ქ-ი ზრუნავდა მ.ზ-ის ჯანმრთელობზე და ამ კუთხით ყურადღებას იჩენდა მის მიმართ. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ სადავო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დოკუმენტების წარუდგენლობა არ ჩათვალა იმის დამადასტურებლად, რომ დასაჩუქრებულის მხრიდან მჩუქებლის მიმართ ადგილი ჰქონდა დიდ უმადურობასა და შეურაცხყოფას.

მცდარია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ მ.ზ-ის მიერ წარდგენილი მასალების მიხედვით არ დადასტურდა მოსარჩელის პრეტენზია სადავო ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძვლის არსებობაზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული მტკიცებულებების გამოთხოვაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა ლ.ქ-მა თავისი პოზიციის დადასტურების მიზნით. უფრო მეტიც, მ.ზ-ს სარჩელი არ დაუყენებია იმ კუთხით, რომ მას მოპასუხე 2011 წლის 30 დეკემბრის ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდეგ აყენებდა მძიმე შეურაცხყოფას. მიუხედავად ამისა, სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით მაინც იმსჯელა დასახელებულ საკითხზე.

სასამართლომ მხარეებს შორის არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი, ვინაიდან, მოპასუხეს უნდა ემტკიცებინა ის გარემოება, რომ იგი მშობლის მიმართ მზრუნველობას იჩენდა 2011 წლის 30 დეკემბრის ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდეგ. სასამართლო არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი. ამასასთან, სასამართლომ არ გამოიყენა ამავე კოდექსის 103-ე მუხლი, 104-ე მუხლის 1-ლი ნაწილი. სასამართლოს არ უნდა გამოეთხოვა სადავო ხელშეკრულების დადებამდე განვითარებული მოვლენების ამსახველი მასალები, ისიც იმ ფონზე, როდესაც მოპასუხემ ვერ წარადგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მან შეძლო შესაბამისი უწყებებიდან მტკიცებულების მოპოვება. აღნიშნულის შედეგად, დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 ნაწილისა და 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ.ზ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ.ზ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ზ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე