Facebook Twitter

საქმე №ას-1473-1389-2012 3 დეკემბერი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. დ.-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 სექტემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - სწავლის საფასურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სარჩელი აღძრა სასამართლოში კ. კ.-ის მიმართ 2008-2009 სასწავლო წლის სწავლის საფასურის - 2000 ლარის დაკისრების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 31 ოქტომბრის N3-593 ბრძანების საფუძველზე მოპასუხე ჩაირიცხა ამავე უნივერსიტეტში. მას არ გადაუხდია სწავლის საფასური, რისი ვალდებულებაც მას, როგორც სტუდენტს, გააჩნდა, ასევე არ მიუმართავს უნივერსიტეტის რექტორისათვის განცხადებით და სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა არ მოუთხოვია. სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 5 ივნისის N3-255 ბრძანებით ნ.დ.-ეს შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი. უდავოა, რომ 2008 წლიდან 2009 წლის 5 ივნისამდე ნ.დ.-ე სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტად ითვლება, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება სწავლის საფასურის დავალიანების არსებობის თაობაზე და მის დასაფარად განესაზღვრა ვადა, თუმცა მოპასუხეს თანხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:

მოპასუხემ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 129-ე და 130-ე მუხლებზე და უნივერსიტეტის მოთხოვნა ხანდაზმულად მიიჩნია, ნ. დ.-ეს უნივერსიტეტში სწავლა რომც გადაეწყვიტა, მას ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა უნდა გადაეხადა 2008 წლის ნოემბრის ჩათვლით, რაც მოპასუხეს არ განუხორციელებია, აღნიშნულის გათვალისწინებით, უნივერსიტეტში მოქმედი წესებიდან გამომდინარე, 2008 წლის ნოემბრიდან ნ.დ.-ე დაუყოვნებლივ უნდა გარიცხულიყო უნივერსიტეტიდან. საწინააღმდეგო ვითარებაში კი, მოსარჩელეს მოთხოვნისათვის ჰქონდა 3 წლის ვადა, რომელიც 2011 წლის ნოემბერში ამოიწურა. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 25 აპრილის N01-16/603 ბრძანება, თანხის გადახდის თაობაზე ნ.დ.-ეს 2012 წლის 2 მაისს ჩაბარდა, რითაც მოსარჩელემ დაარღვია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთანავე, მოთხოვნა დაუსაბუთებელიცაა, რადგანაც მოსარჩელეს არ წარმოუდგენია 2008 წლის 31 ოქტომბრის N3-593 ბრძანებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის „ფინანსებისა და საბანკო საქმის“ სპეციალობის მაგისტრატურაზე ჩარიცხული სტუდენტის სწავლის გადასახადის ფინანსური კალკულაცია, რის გამოც, შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ რა საფუძვლით მოითხოვს მოსარჩელე 2000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 სექტემბრის განჩინებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 31 ოქტომბრის №3-593 ბრძანებით ნ. დ.-ე, მისაღები გამოცდების ჩაბარების შედეგად, ჩაირიცხა სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე (მაგისტრატურა). 2008 წლის 22 დეკემბერს სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ნ. დ.-ეს შორის დაიდო სასწავლო ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა, რომ სამაგისტრო პროგრამაზე (ორივე სასწავლო წლისათვის) სწავლის საფასური შეადგენდა 2000 ლარს. უნივერსიტეტის სასარგებლოდ მაგისტრანტი წინასწარ, ხელშეკრულების გაფორმებამდე უნაღდო ანგარიშსწორებით უნივერსიტეტის მიერ დადგენილ საბანკო ანგარიშზე იხდიდა ერთი წლის სწავლის საფასურს 1000 ლარს. ამავე ხელშეკრულების 3.5. მუხლის თანახმად, ამ მუხლით განსაზღვრული საფასურის გადახდის წესი შეიძლება შეიცვალოს მხარეთა დამატებითი შეთანხმებით. ხელშეკრულების 3.10. მუხლის თანახმად, ამ მუხლით დადგენილი წესითა და ოდენობით სწავლის საფასურის გადაუხდელობისას, მაგისტრანტს წერილობით ეძლევა დამატებითი ვადა სწავლის საფასურის გადახდაზე, რომლის სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში, დამატებითი გაფრთხილების გარეშე, ხდება მაგისტრანტისათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა. ნ. დ.-ეს არ გადაუხდია სწავლის საფასური. სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 5 ივნისის №3-255 ბრძანების მიხედვით, ნ. დ.-ეს შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო. მოპასუხემ უნივერსიტეტში იარა მხოლოდ პირველი სასწავლო წლის პირველ სემესტრში ერთი თვის განმავლობაში - 2008 წლის ნოემბერში და მოაგროვა 42 კრედიტი, რის შემდეგაც მას უნივერსიტეტში აღარ უვლია, საგანმანათლებლო მომსახურება არ მიუღია და სწავლის საფასურიც არ გადაუხდია.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მხარეთა შორის დადებული იყო ნარდობის ხელშეკრულება. აპელანტმა, ამ ხელშეკრულების ფარგლებში, მოწინააღმდეგე მხარეს მომსახურება გაუწია, რის გამოც ნ. დ.-ეს წარმოეშვა გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება. აღნიშნული გარემოება, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, უნივერსიტეტის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლიანობის ადასტურებდა. გაზიარებულ იქნა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე, რადგანაც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 3.3. და 3.4. პუნქტების თანახმად, მოწინააღმდეგე მხარე ვალდებული იყო, ერთი წლის სწავლის საფასური გადაეხადა წინასწარ, ხელშეკრულების გაფორმებამდე, მომდევნო სასწავლო წლის საფასურის 50% უნდა გადაეხადა სწავლის დაწყებამდე, ხოლო დარჩენილი თანხა - უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ დადგენილ ვადაში. ხელშეკრულება დაიდო 2008 წლის 22 დეკემბერს და, ამიტომ, ნ. დ.-ე ვალდებული იყო, გადაეხადა სწავლის საფასური არა უგვიანეს ამ დღისა. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია და სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, სწორედ ამ დროიდან წარმოეშვა აპელანტს მოთხოვნის უფლება. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აპელანტი ვალდებული იყო, აღეძრა სარჩელი მოთხოვნის უფლების წარმოშობიდან 3 წლის ვადაში, არა უგვიანეს 2011 წლის 22 დეკემბრისა. სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სარჩელი აღძრა 2012 წლის 25 მაისს, ანუ გადახდის ვალდებულების წარმოშობიდან 3 წლის გასვლის შემდეგ, რაც მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მიუთითებდა.

სასამართლო არ დაეთანხმა აპელანტის მოსაზრებას, რომ მან უფლების დარღვევის შესახებ შეიტყო 2009 წლის ივნისში. პალატის აზრით, სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლი, რომელსაც იშველიებდა აპელანტი, გამოიყენება მაშინ, როდესაც ხელშეკრულებით ან კანონით განსაზღვრული არ არის ვალდებულების შესრულების დრო და იგი დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, მოთხოვნაზე და მისთ. სტუდენტის მიერ სწავლის საფასურის გადახდის თარიღი დადგენილი იყო მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებითა და სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2007 წლის 23 ოქტომბრის №13 გადაწყვეტილებით, რის გამოც მოთხოვნის წარმოშობა კრედიტორის მოქმედებაზე დამოკიდებული არ ყოფილა. პალატის მოსაზრებით, ამ გარემოებას არ ცვლიდა ის, რომ აპელანტის განმარტებით, მან მოწინააღმდეგე მხარეს ვალდებულების შესასრულებლად განუსაზღვრა დამატებითი ვადა. მოვალეს ვალდებულების შესასრულებლად დამატებითი ვადა ეძლევა მაშინ, როცა იგი ვალდებულებას არ ასრულებს განსაზღვრულ ვადაში, რაც თავისთავად სწორედ განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების მომენტიდან კრედიტორის უფლების დარღვევაზე მიუთითებდა.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმეში არსებული მტკიცებულებები, რის შედეგადაც დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნები, აღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივარი დასაშვებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად. გასაჩივრებული განჩინების მთავარი უსწორობა მხარეთა ურთიერთობის ნარდობის ხელშეკრულებად მიჩნევაა, ვინაიდან ყოველი მომსახურება ნარდობას არ გულისხმობს. აბიტურიენტი მოიპოვებს რა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსს და არ გააჩნია სახელმწიფო დაფინანსება, ვალდებულია, ისწავლოს მის მიერ არჩეულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და უნდა გადაიხადოს სწავლის საფასური უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესით, რომლის განსაზღვრაც უნივერსიტეტის პრეროგატივაა და საგადასახადო ადმინისტრირებაც სწორედ სწავლის საფასურის გადახდის წესის შესაბამისად ხორციელდება. სასამართლოს მსჯელობა კი ამ გარემოების საწინააღმდეგოა. სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა მხოლოდ მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, რაც არასწორია, სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველი არ არის ხელშეკრულება. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად პირის მიერ სტუდენტის სტატუსის მოპოვების შემთხვევაშიც კი, ხელშეკრულების წერილობით დადება სავალდებულო არ არის. სტუდენტის თუნდაც ერთხელ გამოცხადება ლექციაზე მხარეთა შორის ხელშეკრულების ზეპირი ფორმით დადებაზე მიანიშნებს, რაც წარმოშობს სტუდენტის ვალდებულებას, გადაიხადოს სწავლის საფასური, თუ მას არ აქვს გრანტი მოპოვებული. სასამართლომ არასწორად გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება სტუდენტის ზეპირი განცხადების საფუძველზე შეწყდა. როგორც აღინიშნა, სტუდენტის სტატუსის მოპოვება მხარეთა შორის ხელშეკრულების დადების გზით არ ხორციელდება, შესაბამისად, არც ზეპირი ფორმით ხელშეკრულების მოშლის თაობაზე მხარის განცხადება განაპირობებს სტუდენტის სტატუსის გაუქმებას. მოცემული შემთხვევა რეგულირდება სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლით, ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა წარმოიშვა მას შემდეგ, რაც უშედეგოდ გაიარა თანხის გადახდის გადავადების თაობაზე უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულმა დამატებითმა ვადამ და უნივერსიტეტის რექტორმა გამოსცა ბრძანება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე. სწორედ ამ დროიდან შეიტყო მოსარჩელემ უფლების დარღვევის შესახებ, ასეთი დრო კი, 2009 წლის ივნისია. სამართლის არც ერთი ნორმა არ ავალდებულებს უნივერსიტეტს სტატუსმოპოვებული პირი გარიცხოს დაუყოვნებლივ სასწავლო პროცესში მონაწილეობის მიუღებლობის ან თუნდაც ერთი წლის განმავლობაში შეფასების მიუღებლობის გამო. სტატუსის მოპოვებიდან სტუდენტს ეძლევა უფლება, ისწავლოს შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების ფარგლებში და აკადემიური დავალიანების არსებობის შემთხვევაში გაუვლელი საგანი დაარეგისტრიროს შემდეგ სემესტრში. ქვემდგომი სასამართლოების მსჯელობა ემყარება იმ გარემოებას, რომ სტუდენტი მხოლოდ მაშინაა ვალდებული, გადაიხადოს სწავლის საფასური, როდესაც ფიზიკურად ესწრებოდა ლექცია-სემინარებს. აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც უნივერსიტეტში მოქმედ, ისე ზოგადად სახელშეკრულებო ურთიერთობებს. სააპელაციო პალატამ არასწორად არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 407-ე, 411-ე, 414-ე და 131-ე მუხლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 ნოემბრის განჩინებით სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. აღნიშნულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი მყარი ერთგვაროვანი პრაქტიკა (იხ.სუსგ №ას-547-515-2012,11 ივნისი, 2012 წელი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 24 ოქტომბერს №179 საგადასახადო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს (ს/N245428158) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 24 ოქტომბერს №179 საგადასახადო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე