Facebook Twitter

საქმე №ას-1500-1416-2012 3 დეკემბერი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შ. გ.-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 სექტემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - სწავლის საფასურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სარჩელი აღძრა სასამართლოში შ. გ.-ის მიმართ 2008-2009 სასწავლო წლის სწავლის საფასურის - 2000 ლარის დაკისრების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 31 ოქტომბრის N3-593 ბრძანების საფუძველზე მოპასუხე ჩაირიცხა ამავე უნივერსიტეტში. მას არ გადაუხდია სწავლის საფასური, რისი ვალდებულებაც მხარეთა შორის ხელშეკრულებით განისაზღვრა, ასევე არ მიუმართავს უნივერსიტეტის რექტორისათვის განცხადებით და სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა არ მოუთხოვია. სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 5 ივნისის N3-255 ბრძანებით შ. გ.-ეს შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი. უდავოა, რომ სარჩელის აღძვრის დროისათვის შ. გ.-ე კვლავ სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტად ითვლება, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება სწავლის საფასურის დავალიანების არსებობის თაობაზე და მის დასაფარად განესაზღვრა ვადა, თუმცა მოპასუხეს თანხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით მოითხოვა:

მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან სწავლის საფასურის 50% სტუდენტს უნდა გადაეხადა 2008 წლის სექტემბრიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო დარჩენილი საფასური - 2009 წლის 30 მარტს, აღნიშნული მიუთითებს თანხის გადახდის მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, მოთხოვნა გარდა ხანდაზმულისა, დაუსაბუთებელიცაა, რადგანაც შ. გ.-ეს სწავლის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია, უნივერსიტეტისაგან მომსახურება არ შეუძენია, ხოლო მოქმედი კანონმდებლობა, ასევე უნივერსიტეტის შინაგანაწესი ასეთი შემთხვევისათვის სწავლის საფასურის გადახდის აუცილებლობას არ ითვალისწინებს, უფრო მეტიც, უნივერსიტეტში მოქმედი წესებით, დადგენილი საფასურის გადაუხდელობის გამო, მას სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 სექტემბრის განჩინებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატა დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებას, რომ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 31 ოქტომბრის №3-593 ბრძანებით შ. გ.-ე ჩაირიცხა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში მისაღები გამოცდების შედეგების საფუძველზე, ფაკულტეტებისა და სამაგისტრო სპეციალობების მიხედვით სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სახელმწიფო და მუნიციპალური მართვის სპეციალობაზე. 2008 წლის 14 ნოემბერს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შ. გ.-ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა მხარეთა ურთიერთვალდებულებები. უნივერსიტეტი იღებდა ვალდებულებას, „მაგისტრანტი“ უზრუნველეყო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხურის უმაღლესი განათლებით, ხოლო „მაგისტრანტი“ ვალდებული იყო, გადაეხადა სწავლის საფასური ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით და შეესრულებინა სხვა ვალდებულებები. „მაგისტრანტს“ ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა გადაეხადა ერთი წლის სწავლის საფასური, ხოლო მომდევნო სასწავლო წლის საფასურის 50%-ის გადახდა ხორციელდებოდა სწავლების დაწყებამდე, დარჩენილი 50%-ის გადახდა კი შესაბამისი სასწავლო წლის მეორე ნახევრის დაწყებამდე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ დადგენილ ვადაში. მხარეთა დამატებითი შეთანხმებით შესაძლებელი იყო სწავლის საფასურის გადახდის წესის შეცვლა. ხელშეკრულების მეხუთე მუხლით განისაზღვრა ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლები. სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 5 ივნისის №3-255 ბრძანებით, სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, სტუდენტის სტატუსი შეუჩერდა 2007-2008 სასწავლო წლისა და 2008-2009 სასწავლო წლის პირველი სემესტრის ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტებს, მათ შორის შ. გ.-ეს. დავალიანება განისაზღვრა 2000 ლარით. შ. გ.-ემ სასწავლო კურსის მხოლოდ პირველი სემესტრი გაიარა, შემდგომ კი, ნებაყოფლობით მიატოვა იგი. მოსარჩელე შ. გ.-ეს მიიჩნევდა სტუდენტად სტუდენტის სტატუსის შეჩერებამდე, თვლიდა, რომ მოპასუხე ამ პერიოდის განმავლობაში სამართლებრივად ითვლებოდა სტუდენტად და მასზე შესაბამისად ირიცხებოდა სწავლის საფასური. სწავლის საფასურის გადაუხდელი ნაწილი კი შეადგენდა 2000 ლარს. სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ შ. გ.-ეს სასწავლო კურსის პირველ სემესტრში მიღებული ჰქონდა შეფასება, ხოლო მეორე სემესტრში სასწავლო კურსის გავლა აღარ დასტურდებოდა. მოსარჩელის განმარტებით, პირველი სემესტრი მოცემული სასწავლო კურსისათვის მთავრდებოდა 2009 წლის თებერვალში. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ. გ.-ეს უნივერსიტეტისგან სასწავლო კურსის მეორე სემესტრში მომსახურება აღარ მიუღია და მის მიმართ სწავლის საფეხურის გავლის დამადასტურებელი საბუთი არ გაცემულა. სასამართლომ მიუთითა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მეხუთე მუხლზე, რომელიც ითვალისწინებდა სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლებს. ხელშეკრულების აღნიშნული დათქმა ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად ადგენდა მაგისტრანტის მიერ ნებაყოფლობით სწავლის მიტოვებას, რაც მოცემულ შემთხვევაში, სახეზე იყო, დასახელებული დათქმით არ დასტურდებოდა სტუდენტის ვალდებულება, მთლიანი სასწავლო კურსის პირველი წლისათვის სწავლის საფასურის გადახდის თაობაზე. სასამართლოს მითითებით, იმ დროს, როცა მიღებულ იქნა ბრძანება სტუდენტის სტატუსის შეჩერების თაობაზე, უკვე არსებობდა სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, რაც არ განხორციელებულა უნივერსიტეტის მხრიდან. სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტმა მოპასუხეს შეტყობინება სწავლის საფასურის სახით არსებული დავალიანების შესახებ გაუგზავნა 2012 წლის 30 აპრილს, შეტყობინება ადრესატს ჩაბარდა 2012 წლის 3 მაისს. სარჩელი შ. გ.-ის მიმართ წარმოდგენილ იქნა 2012 წლის 24 მაისს. შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული იყო. სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება და არ დაეთანხმა მოსარჩელის მტკიცებას მოთხოვნის უფლების წარმოშობასთან დაკავშირებით, ვინაიდან, თვით უნივერსიტეტის შიდა სამართლებრივი აქტებიდან და მხარესთან გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მას დავალიანების მოთხოვნის უფლება შ. გ.-ის მიმართ წარმოეშვა მაგისტრანტის მიერ სახელშეკრულებო და შიდა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული წესის პირველი დარღვევისთანავე. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით კი, სწავლის საფასურის გადახდის წესთან დაკავშირებით მითითებული იყო, რომ მაგისტრანტი ერთი წლის სწავლის საფასურს იხდიდა წინასწარ, ხელშეკრულების გაფორმებამდე. მხარეებს შორის ხელშეკრულება გაფორმდა 2008 წლის 14 ნოემბერს, მაგისტრატურაში კი შ. გ.-ე, უნივერსიტეტის რექტორის ბრძანების თანახმად, ჩაირიცხა 2008 წლის 31 ოქტომბერს, შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ თანხა პირველი სასწავლო წლისათვის მოპასუხეს უნდა გადაეხადა 2008 წლის 14 ნოემბრამდე, მოთხოვნის უფლებაც მოსარჩელეს წარმოეშვა მოცემული დროიდან, სარჩელი კი უნივერსიტეტმა წარადგინა 2012 წლის 24 მაისს, სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.

სააპელაციო პალატა დაეთანხმა ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებას და სააპელაციო საჩივართან მიმართებით განმარტა, რომ, სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შორის დადებული იყო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, აპელანტმა იკისრა ვალდებულება, შეესრულებინა სამუშაო, მოწინააღმდეგე მხარეს კი უნდა გადაეხადა შესრულებული სამუშაოს საფასური. ხელშეკრულების თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოეშობოდა გადახდის ვალდებულება, თუ აპელანტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს შეასრულებდა, რაც ასევე გამომდინარეობდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან, რომლითაც დადგენილია საზღაურის გადახდის ვალდებულება სწავლისათვის და არა სტუდენტად ყოფნისათვის, ამიტომ სტუდენტი ვალდებულია, გადაიხადოს საფასური იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება შესაძლებლობა, მიიღოს შესაბამის მომსახურება უმაღლესი სასწავლებლისაგან. შ. გ.-ეს სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2008 წლის თებერვლიდან არ უვლია და არც სწავლების შესაბამისი საფეხურის გავლის დამადასტურებელი საბუთი მიუღია, რის გამოც პალატამ აპელანტის მოსაზრებები გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ უსწორობებზე დაუსაბუთებელად მიიჩნია.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმეში არსებული მტკიცებულებები, რის შედეგადაც დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნები, აღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივარი დასაშვებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად. გასაჩივრებული განჩინების მთავარი უსწორობა მხარეთა ურთიერთობის ნარდობის ხელშეკრულებად მიჩნევაა, ვინაიდან ყოველი მომსახურება ნარდობას არ გულისხმობს. აბიტურიენტი მოიპოვებს რა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსს და არ გააჩნია სახელმწიფო დაფინანსება, ვალდებულია, ისწავლოს მის მიერ არჩეულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და უნდა გადაიხადოს სწავლის საფასური უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესით, რომლის განსაზღვრაც უნივერსიტეტის პრეროგატივაა და საგადასახადო ადმინისტრირებაც სწორედ სწავლის საფასურის გადახდის წესის შესაბამისად ხორციელდება. სასამართლოს მსჯელობა კი ამ გარემოების საწინააღმდეგოა. სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა მხოლოდ მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, რაც არასწორია, სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველი არ არის ხელშეკრულება. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად პირის მიერ სტუდენტის სტატუსის მოპოვების შემთხვევაშიც კი, ხელშეკრულების წერილობით დადება სავალდებულო არ არის. სტუდენტის თუნდაც ერთხელ გამოცხადება ლექციაზე მხარეთა შორის ხელშეკრულების ზეპირი ფორმით დადებაზე მიანიშნებს, რაც წარმოშობს სტუდენტის ვალდებულებას, გადაიხადოს სწავლის საფასური, თუ მას არ აქვს გრანტი მოპოვებული. სასამართლომ არასწორად გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება სტუდენტის ზეპირი განცხადების საფუძველზე შეწყდა. როგორც აღინიშნა, სტუდენტის სტატუსის მოპოვება მხარეთა შორის ხელშეკრულების დადების გზით არ ხორციელდება, შესაბამისად, არც ზეპირი ფორმით ხელშეკრულების მოშლის თაობაზე მხარის განცხადება განაპირობებს სტუდენტის სტატუსის გაუქმებას. მოცემული შემთხვევა რეგულირდება სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლით, ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა წარმოიშვა მას შემდეგ, რაც უშედეგოდ გაიარა თანხის გადახდის გადავადების თაობაზე უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულმა დამატებითმა ვადამ და უნივერსიტეტის რექტორმა გამოსცა ბრძანება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე. სწორედ ამ დროიდან შეიტყო მოსარჩელემ უფლების დარღვევის შესახებ, ასეთი დრო 2009 წლის ივნისია. სამართლის არც ერთი ნორმა არ ავალდებულებს უნივერსიტეტს სტატუსმოპოვებული პირი გარიცხოს დაუყოვნებლივ სასწავლო პროცესში მონაწილეობის მიუღებლობის ან თუნდაც ერთი წლის განმავლობაში შეფასების მიუღებლობის გამო. სტატუსის მოპოვებიდან სტუდენტს ეძლევა უფლება, ისწავლოს შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების ფარგლებში და აკადემიური დავალიანების არსებობის შემთხვევაში გაუვლელი საგანი დაარეგისტრიროს შემდეგ სემესტრში. ქვემდგომი სასამართლოების მსჯელობა ემყარება იმ გარემოებას, რომ სტუდენტი მხოლოდ მაშინაა ვალდებული, გადაიხადოს სწავლის საფასური, როდესაც ფიზიკურად ესწრებოდა ლექცია-სემინარებს. აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც უნივერსიტეტში მოქმედ, ისე ზოგადად სახელშეკრულებო ურთიერთობებს. სააპელაციო პალატამ არასწორად არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 407-ე, 411-ე, 414-ე და 131-ე მუხლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 ნოემბრის განჩინებით სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. აღნიშნულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოსმიერ დადგენილი მყარი ერთგვაროვანი პრაქტიკა (იხ.სუსგ №ას-547-515-2012,11 ივნისი, 2012 წელი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 1 ნოემბერს №213 საგადასახადო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს (ს/N245428158) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 1 ნოემბერს №213 საგადასახადო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე