Facebook Twitter

№ას-1515-1430-2012 24 დეკემბერი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ ლ.ხ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ გ.ხ-ი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 8 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2011 წლის 12 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ლ.ხ-მა მოპასუხე გ.ხ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის თანხის დაკისრება (ტ. 1, ს.ფ. 1-9).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით ლ.ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტ.1, ს.ფ. 161-170)

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება (ტ.1, ს.ფ. 174-188).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით ლ.ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება;

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2007 წლის 09 ოქტომბერს ლ.ხ-სა და გ.ხ-ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გ.ხ-ს საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, ნ-ის ქუჩა 221-ში მდებარე ბინა №39. 2008 წლის 03 დეკემბერს გ.ხ-სა და ნ. ს-ეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ზემოაღნიშნული ბინა საკუთრებაში გადაეცა ნ. ს-ეს.

ლ.ხ-მა, ქ. თბილისში, ვ.-ფ-ას გამზირზე მდებარე ბინის რეალიზაციიდან მიღებული თანხიდან - 26 500 აშშ დოლარიდან, 26 300 აშშ დოლარი გადასცა გ.ხ-ს თანხის თავისუფალი განკარგვის პირობით, მასთან ცხოვრების სანაცვლოდ, ხოლო 200 აშშ დოლარი, რომელიც მოსარჩელეს ბეს სახით ჰქონდა მიღებული მას მოპასუხისათვის არ გადაუცია.

მოსარჩელე სადავოდ არ ხდიდა გ.ხ-ის მიერ მისთვის 20 000 აშშ დოლარის დაბრუნების ფაქტს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ლ.ხ-ის სარჩელი, მოპასუხეების გ.ხ-სა და ნ. ს-ის მიმართ, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის, მოსარჩელისათვის უძრავი ქონების დაბრუნებისა და მოპასუხისათვის თანხის დაკისრების შესახებ. ბათილად იქნა ცნობილი 2007 წლის 09 ოქტომბერს ლ.ხ-სა და გ.ხ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება; ასევე ბათილად იქნა ცნობილი გ.ხ-სა და ნ. ს-ეს შორის 2008 წლის 03 დეკემბერს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, ქ. თბილისში, ნ-ის ქ. №221, კორპუსი №4-ში მდებარე ბინა №39 დაუბრუნდა ლ.ხ-ს და საჯარო რეესტრში აღირიცხა მის საკუთრებაში.

ლ.ხ-სა და გ.ხ-ს შორის 2007 წლის 09 ოქტომბერს გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის დადების ნებაც რეალურად მხარეებს არ ჰქონიათ; მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა გამომდინარეობდა სამისდღემშიო რჩენის ვალდებულებიდან. კერძოდ, გ.ხ-მა იკისრა ლ.ხ-ის მოვლა-პატრონობის ვალდებულება, ხოლო ლ.ხ-მა სანაცვლოდ მას გადასცა უძრავი ქონება, რომელიც საბოლოოდ დარჩებოდა მარჩენალს. ლ.ხ-მა გ.ხ-ს ასევე გადასცა ბინის რეალიზაციიდან მიღებული თანხა 26 500 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის ნაწილი გამოყენებული იქნა სარჩენის საჭიროებისათვის. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი 2008 წლის 27 ნოემბრის ლ.ხ-ის მიერ შედგენილი ხელწერილიდან ირკვეოდა, რომ ლ.ხ-მა აღიარა გ.ხ-ის მიმართ არსებული დავალიანება 4000 აშშ დოლარის ოდენობით და დაადასტურა, რომ აღნიშნული თანხა მისივე თანხმობით გ.ხ-ის მიერ გამოქვითული იქნა მიბარებული თანხიდან და მასვე დაუბრუნდა გაქვითვის შედეგად დარჩენილი თანხა 22 500 აშშ დოლარის ოდენობით. ხელწერილში მოსარჩელის მიერ ასევე მითითებული იქნა, რომ გ.ხ-ის მიმართ არანაირი პრეტენზია აღარ გააჩნია. ასევე არ არსებობდა მათ შორის სხვა ისეთი სახის ფულადი ან ქონებრივი გარიგება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იყო მომავალში წარმოშობოდათ ურთიერთმოთხოვნები. ამავე ხელწერილში ლ.ხ-მა აღნიშნა, რომ ხელწერილი შედგენილი იქნა მის მიერ გამოვლენილი ნამდვილი ნების საფუძველზე. ხელწერილზე ხელს აწერს ლ.ხ-ი. მის მიერ შესრულებული ხელმოწერის ნამდვილობა ასევე დადასტურებულია მოწმეების - ნ. ს-სა და მ. შ-ის მიერ, რომლებიც ასევე ესწრებოდნენ ხელწერილის შედგენას.

საქმეში მოპასუხე მხარის მიერ ასევე წარმოდგენილი იქნა 2008 წლის 03 დეკემბერს ლ.ხ-ის მიერ იგივე შინაარსით შედგენილი ხელწერილი, რომლის თანახმად ლ.ხ-მა აღიარა გ.ხ-ის მიმართ არსებული დავალიანება 4000 აშშ დოლარის ოდენობით და დაადასტურა გ.ხ-ის მიბარებული თანხიდან, მისი თანხმობის საფუძველზე 4000 აშშ დოლარის გაქვითვის ფაქტი. ხელწერილით ლ.ხ-მა ასევე დაადასტურა, რომ გაქვითვის შემდეგ გ.ხ-ან მიიღო 22 500 აშშ დოლარი და მის მიმართ არანაირი პრეტენზია აღარ გააჩნდა.

სასამართლომ არ გაზიარა მოპასუხის წარმომადგენელთა მიერ მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი 2009 წლის 27 ნოემბრის ხელწერილი ლ.ხ-ის მიერ დაწერილი იყო მოპასუხის კარნახით და მას ამ ხელწერილში მითითებულ შეთანხმებაზე ნება არ გამოუვლენია.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ გ.ხ-ის მიერ, ლ.ხ-ის სრულად იქნა დაბრუნებული ის თანხა, რომლის დაბრუნების ვალდებულება მას მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის გამო გააჩნდა. მოპასუხის მიერ დასაბრუნებელი თანხა კი მხარეთა შეთანხმების მიხედვით შეადგენდა 22 300 აშშ დოლარს.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, ლ.ხ-ის მოთხოვნა ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ გ.ხ-ის მიერ არასრულად იქნა დაბრუნებული მის მიერ გადაცემული თანხა, რის გამოც ითხოვდა გ.ხ-ის 6 300 აშშ დოლარის დაკისრებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 31 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი იყო, რომ ლ.ხ-სა და გ.ხ-ს შორის არსებული ურთიერთობები გამომდინარეობდა სამისდღეშიო რჩენის ვალდებულებიდან, რომელიც იმის გამო, რომ დადებული იქნა მისი არსებითი პირობების უგულებელყოფით, სასამართლოს მიერ ბათილად იქნა მიჩნეული. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე გ.ხ-ს წარმოეშვა სამისდღეშიო ურთიერთობის ფარგლებში მიღებული თანხის დაბრუნების ვალდებულება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიური ხასიათისა იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებულიყო მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი. გარდა ამისა, მითითებული საფუძვლით პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა ყოფილიყო გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: 1. მოპასუხს გამდიდრება; 2. მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; 3. მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა, კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავდა უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი იყო 2008 წლის 27 ნოემბრის და იგივე შინაარსის 2008 წლის 03 დეკემბრის ხელწერილები, საიდანაც დგინდებოდა, რომ გ.ხ-ის მიერ, ლ.ხ-ის დაბრუნებული იქნა 22 500 აშშ დოლარი. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ლ.ხ-ს, გ.ხ-ის მიმართ გააჩნდა დავალიანება 4000 აშშ დოლარის ოდენობით, მან დაადასტურა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის თაობაზე გ.ხ-ის მიერ გამოვლენილი ნება და მიიღო მისი შესრულება 22 500 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული ხელწერილებით ლ.ხ-ი ადასტურებდა გ.ხ-ის გადაცემული თანხის მისთვის დაბრუნების ფაქტს. მოცემულ ხელწერილებში ასევე აღნიშნული იყო, რომ ლ.ხ-ს, მის მიმართ არსებული ვალდებულების სრულად შესრულების გამო, გ.ხ-ის მიმართ არაინაირი პრეტენზია არ გააჩნდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ჩათვალა, რომ საქმის მასალებით არ დგინდებოდა სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის გამოყენების წინაპირობა, კერძოდ, სახეზე არ იყო გ.ხ-ის მიერ ქონებრივი უპირატესობის მიღების ფაქტი.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტის მტკიცების ტვირთი იყო მოსარჩელის მხარეზე, რომლის მიერაც აღნიშნული გარემოება სათანადო მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ჩათვალა, რომ ლ.ხ-ის სარჩელი უსაფუძვლო იყო და არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი (ტ.2, ს.ფ. 48-57).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 8 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ.ხ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორის განმარტებით, არასრულად იქნა გამოკვლეული 2011 წლის 31 ოქტომბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები (ტ.2, ს.ფ. 59-69).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ნოემბრის განჩინებით ლ.ხ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ.ხ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ლ. ხ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ.ხ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე