Facebook Twitter
#as-110-389-08

№ას-1518-1433-2012 12 დეკემბერი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – ბ.შ-ე, ვ.ჩ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები _ ნ.მ-ი, ნ.მ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 ოქტომბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ანდერძისა და სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით ბ.შ-ის და ვ.ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გააჩივრეს ბ.შ-ემ და ვ.ჩ-მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ნოემბრის განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და ხარვეზის შესავსებად განესაზღვრათ ვადა, კერძოდ, დაევალათ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საკასაციო სასამართლოში 1750 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.

2012 წლის 3 დეკემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა, წარმოადგინა 100 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და ითხოვა ვადის გაგრძელება ხარვეზის სრულად შესავსებად.

2012 წლის 4 დეკემბრის განჩინებით კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღით და დაევალათ 1650 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

2012 წლის 10 დეკემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორების წარმომადგენელმა და ითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ბ.შ-ის და ვ.ჩ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ნოემბრის განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და ხარვეზის შესავსებად განესაზღვრათ ვადა, კერძოდ, დაევალათ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საკასაციო სასამართლოში 1750 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. ამავე სასამართლოს 2012 წლის 4 დეკემბრის განჩინებით კასატორებს 5 დღით გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში კასატორებს ხარვეზი არ შეუვსიათ, ამასთან, წარმოადგინეს განცხადება ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.

ზემოაღნიშნული ნორმის მიხედვით, მხარის შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია გააგრძელოს მის მიერ დანიშნული საპროცესო ვადა, მაგრამ შუამდგომლობა დასაბუთებული უნდა იყოს. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დასაბუთებული შუამდგომლობა წარმოდგენილი არაა, ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ კასატორებს, მათივე თხოვნის საფუძველზე, ერთხელ უკვე გაურძელდათ ხარვეზის შევსების ვადა. ამდენად, ხარვეზის შევსების შესახებ კასატორების შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ამასთან, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, მათი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე და 374.3 მუხლების შესაბამისად, კასატორებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბ.შ-ის და ვ.ჩ-ის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. ბ.შ-ის და ვ.ჩ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

3. კასატორებს: ბ.შ-ეს და ვ.ჩ-ს დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ლ. შ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი (გადახდის თარიღი – 2012 წლის 3 დეკემბერი, საგადახდო დავალება №...).

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე პაატა ქათამაძე