№ას-1527-1441-2012 6 დეკემბერი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ.კ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ.მ-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით ლ. კ-ის სარჩელი მოპასუხე შპს „ჯ.მ-ის“ მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ.კ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ლ.კ-ის სასარჩელო მოთხოვნებზე: ეზოს შემოღობისათვის გამოყენებული ფიცრების დაზიანებისათვის – 1090 ლარის, ასევე ბეღელის, საკუჭნაოსა და ბოსელის დემონტაჟისა და აგებისათვის აუცილებელი ხარჯის – 12276,35 ლარისა და სახცხოვრებელი სახლის აშენებისათვის 76435,90 ლარის ანაზღაურების ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა. ლ.კ-ის სასარჩელო მოთხოვნა ქვევრების, თონის, ტერასის საყრდენი კედლის, ეზოში სასიარულო ბეტონის ბილიკის, ტალავერის, აგურის, ხელსაბანის, წყლის მიწოდების მილის დაზიანებით მიყენებული ზიანის, ასევე ღვინის დანაკარგის – 1920 ლარისა და ვენახის დაზიანებისათვის 18360 ლარის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ.კ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ შეისწავლა ლ.კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან (2012 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი რედაქცია).
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი კასატორმა პირადად ჩაიბარა 2012 წლის 19 ოქტომბერს (ს.ფ.177), ხოლო საკასაციო საჩივარი მან შეიტანა 2012 წლის 14 ნოემბერს (ს.ფ.178-190), ე.ი. გასაჩივრების 21-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 21-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 20 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 9 ნოემბერს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან კასატორმა საკასაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 284-ე მუხლებით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ.კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ლ.კ-ეს (პირადი №...) დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 13 ნოემბერს №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 5686,61 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია