Facebook Twitter

№ას-1532-1435-2012 24 დეკემბერი, 2012 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - გ.დ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „კ.ე-ა“, დ. ს-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ.დ-მა დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოს სს „კ.ე-სა“ და დ. ს-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 1725 ლარის გადახდის დაკისრება.

მოსარჩელის განმარტებით, მას მოპასუხეთა უკანონო ქმედებით მიადგა მატერიალური ზიანი, კერძოდ, უკანონოდ შეუდგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის საფუძველზეც იგი 600 ლარით დაჯარიმდა. თავისი სიმართლის დადგენისთვის, სამართალდამრღვევის გამოვლენისთვის მან გასწია გარკვეული ხარჯები, კერძოდ, გ. დ-ს თავისი შელახული უფლებების დასაცავად უხდებოდა სასამართლოში სიარული, რისთვისაც ცდებოდა თავის ყოველდღიურ საქმიანობას და ხშირად მიდიოდა ავტომანქანით დედოფლისწყაროში, იღებდა საწვავის ხარჯს, იხდიდა სასამართლოებში საქმის განხილვისათვის სახელმწიფო ბაჟს, თავისი ინტერესების დასაცავად ემზადებოდა ბიბლიოთეკაში.

დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2012 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით გ.დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით გ.დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2009 წლის 20 თებერვალს სს „კ.ე-ის“ შიდა კონტროლისა და უსაფრთხოების საპატრულო სამსახურის თანამშრომელმა გ.დ-ის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ელექტროენერგიის დატაცების ფაქტზე შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. 2009 წლის 11 მარტის დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს დადგენილებით გ.დ-ი ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის (ელექტროენერგიის დატაცებისთვის) და სახდელად დაეკისრა ჯარიმა 600 ლარი. აღნიშნული დადგენილება გ.დ-მა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში გაასაჩივრა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 იანვრის კანონიერ ძალაში შესული დადგენილებით გ.დ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 მარტის დადგენილება იმ საფუძვლით, რომ გ.დ-ი მოიხმარდა ელექტროენერგიას აღრიცხვის წესების დარღვევით, საცხოვრებელ ბინაში საჰაერო ხაზიდან მრიცხველის გარეშე. აბონენტი აღრიცხვაზე არ იყო აყვანილი.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, კანონიერ ძალაში შესული დადგენილებით დადასტურებულია სს „კ.ე-ის“ შიდა კონტროლისა და უსაფრთხოების საპატრულო სამსახურის თანამშრომლის მიერ გ.დ-ის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის კანონიერება, ამდენად, მოპასუხეს მოსარჩელისათვის მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით ზიანი არ მიუყენებია.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეზე არ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობების ერთობლიობა, კერძოდ, საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ ზიანი მიყენებულია მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს მიუძღვის.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ საქმე მოპასუხის მიერ შესაგებლის წარდგენის გარეშე განიხილა. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა N000337 ოქმი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა არსებითი დარღვევით და იურიდიული ძალა არ გააჩნია. სასამართლოს ასევე გამორჩა მხედველობიდან, რომ უკანონოა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 მარტისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 26 იანვრის დადგენილებები. ელექტროენერგია მრიცხველის გარეშე სერვისცენტრის მონტიორმა შეაერთა სახლის დამქირავებელ დ. გ-ის თხოვნით. სერვისენტრისთვის ცნობილი იყო მრიცხველის არარსებობის შესახებ, მაგრამ მათ შესაბამისი ზომები არ მიუღიათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ გ.დ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

საკასაციო სასამართლო ამ შემთხვევაში იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე მოწინააღმდეგე მხარის მიერ შესაგებლის წარდგენი გარეშე განიხილა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შესაგებლის შეტანა მხარის დისპოზიციურ უფლებათაგან ერთ-ერთია, მაგრამ მისი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შეუტანლობა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგებს იწვევს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე მუხლის მიხედვით, საქმეს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად ამზადებს სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე (მომხსენებელი მოსამართლე), რომელიც ამოწმებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას და გამოაქვს შესაბამისი განჩინება, გადაუგზავნის მოწინააღმდეგე მხარეს სააპელაციო საჩივრისა და თანდართული დოკუმენტების ასლებს და დაუნიშნავს მას ვადას წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად.

იმავე კოდექსის 2321-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ სააპელაციო ინსტანციაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხს აწესრიგებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლი. მითითებული მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები შეეხება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. აღნიშნული ნორმით დადგენილი „ყველა სხვა შემთხვევა“ კი გულისხმობს აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებასაც.

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა ავტომატურად დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას არ ნიშნავს, კერძოდ, იმავე 2321-ე მუხლის მიხედვით, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები მოთხოვნას იურდიულად არ ამართლებს, მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ მოწინააღმდეგე მხარე სააპელაციო სასამართლოში შესაგებელს არ წარადგენს და სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები მოთხოვნას იურიდიულად არ ამართლებს, იგი ნიშნავს სხდომას. აღნიშნულ სხდომაზე აპელანტის მოწინააღმდეგ მხარე უფლებამოსილია მხოლოდ სამართლებრივი მოსაზრებები გამოთქვას გასაჩივრებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ საფუძვლებს იგი სადავოდ ვერ გახდის, რის შესახებაც სასამართლომ მხარეს უნდა განუმარტოს. ამგვარი განმარტება სხდომის ოქმით უნდა დასტურდებოდეს, გარდა ამისა, შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში სააპელაციო სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს, რის საფუძველზე მიიჩნია დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება დაუშვებლად. გადაწყვეტილებაში უნდა იყოს ასახული, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები მოთხოვნას იურიდიულად არ ამართლებდა, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ არ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს უნდა განეხილა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა და შეეფასებინა, გ. დ-ის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები მოთხოვნას იურიდიულად ამართლებდა თუ არა. ბუნებრივია, სასამართლო შესაძლოა, მისულიყო დასკვნამდე, რომ გ. დ-ის მოთხოვნა არ იყო იურიდულად გამართლებული, მაგრამ აღნიშნული გარემოების თაობაზე მას გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა ემსჯელა, რაც სააპელაციო სასამართლოს არ შეუსრულებია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობების არსებობა, გამოიკვლიოს გ. დ-ის მიერ მითითებული გარემოებები აპელანტის მოთხოვნას იურიდიულად ამართლებს თუ არა და დავა შესაბამისად გადაწყვიტოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.დ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე