Facebook Twitter

საქმე №ას-1560-1463-2012 28 დეკემბერი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შპს „ს. ა. გ.-ა“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - კერძო სს „ა. უ. ს. ა.-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ს. ა. გ.-ამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში კერძო სს „ა. უ. ს. ა.-ის“ მიმართ პირგასამტეხლოს - 64763,55 ლარის დაკისრების მთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

სს „თ. ს. ა.-სა“ (რომლის უფელაბამონაცვლეც შპს „ს. ა. გ.-აა“) და კერძო სს „უ. ს. ა.-ს“ შორის 2007 წლის 20 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულება საავიაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ. 2008 წლის 3 იანვრის ოქმით მხარეებმა ხელშეკრულებაში შეიტანეს ცვლილება და ამ ცვლილების შედეგად განისაზღვრა პირგასამტეხლოს განაკვეთი. სს „თ. ს. ა.-ის“ მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების გადახდას კერძო სს „ა. უ. ს. ა.-ი“ ახორციელებდა წინასწარი ჩარიცხვით, ან ყოველი ფრენის შესრულების დროს, ნაღდი ანგარიშსწორებით. მოპასუხემ დაარღვია მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების 4.7 და 4.8 პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურების ვალდებულება. 4 თვის გაწეული მომსახურების დავალიანებისათვის დარიცხულმა პირგასამტეხლომ შეადგინა 64763,55 ლარი, რის თაობაზეც გამოიწერა 2 ანგარიშფაქტურა, ორივე მათგანი ჩაიბარა და ჩაბარება ხელმოწერით დაადასტურა მოპასუხის აგენტმა და ანგარიშფაქტურაში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობის თაობაზე მას პრეტენზია არ გამოუთქვამს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელშეკრულების 4.9 პუნქტის თანახმად, მას დარიცხულ თანხაზე შედარების აქტი უნდა წარედგინა მომდევნო საანგარიშსწორებო თვის ანგარიშფაქტურების წარდგენამდე, რაც არ განხორციელებულა, აღნიშნულის გათვალისწინებით, განვლილი პერიოდის ანგარიშსწორება შედარებულად ითვლებოდა და, მხარეთა შორის შეთანხმებული ხელშეკრულების პირობების თანახმად, საურავის დარიცხვის სისწორე განხილვას აღარ ექვემდებარებოდა. 2009 წლის 15 დეკემბერს მოპასუხეს წერილობით ეცნობა დავალიანების არსებობის თაობაზე და ვალდებულების შესრულების დამატებით ვადად განესაზღვრა 2009 წლის 31 დეკემბერი. 2010 წლის 18 თებერვალს მოსარჩელეს ჩაბარდა მოპასუხის წერილი, რომლითაც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა ვალდებულების შესრულებაზე იმ საფუძვლით, რომ თითქოს მხარეთა შორის გაფორმებული დამატებითი შეთანხმების 4.7 და 4.8 პუნქტები, რომლითაც განსაზღვრული იყო საავანსო ანაზღაურება, გაუქმებული იყო, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით ითხოვა:

მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და წესით არ წარუდგენია კერძო სს „უ. ს. ა.-ისათვის“ საავანსო გადახდის შესახებ გამარტივებული ანგარიშები, რაც გამორიცხავს, ანგარიშსწორების ვადის გადაცილების გამო, მოპასუხის პასუხისმგებლობას. სარჩელი პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, გარდა უსაფუძვლობისა, ასევე ხანდაზმულია მისი 3-წლიანი სახელშეკრულებო ვადის დარღვით წარდგენის გამო, ამასთანავე, მოთხოვნის მართებულად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, შეთანხმებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, ის სასამართლოს მხრიდან შემცირებას ექვემდებარება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ს. ა. გ.-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე კერძო სს „ა. უ. ს. ა.-ს“ შპს „ს. ა. გ.-ის“ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 32381,77 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კერძო სს „უ. ს. ა.-მა“, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე მოსარჩელემ, მოითხოვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ს. ა. გ.-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა კერძო სს „ა. უ. ს. ა.-ის“ სააპელაციო საჩივარი, შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ს. ა. გ.-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძო სს „ა. უ. ს. ა.-ს“ შპს „ს. ა. გ.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2815.16 ლარის გადახდა, ასევე განაწილდა საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილება დაამყარა შემდეგ გარემოებებს:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 20 დეკემბერს სს „თ. ს. ა.-სა“ და მოპასუხე კერძო სს „უ. ს. ა.-ს“ შორის დაიდო №1/08-15 ხელშეკრულება თბილისის აეროპორტში ერთობლივი დახურული ტიპის სს ავიაკომპანია „უ. ს. ა.-ის“ საავიაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ. 2008 წლის 3 იანვარს სს „თ. ს. ა.-სა“ და კერძო სს „უ. ს. ა.-ს“ შორის გაფორმდა ოქმი №1/08-15 ხელშეკრულების ცვლილებების შესახებ. ოქმის მიხედვით, 2007 წლის 20 დეკემბერს მხარეებს შორის დადებულ „საავიაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ“ ხელშეკრულების 4.3 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი შეცვლილი რედაქციით: განსაკუთრებულ შემთხვევებში, თუ გადამზიდი ასრულებს რეგულარულ ავიარეისებს მომსახურების საფასურის წინასწარ გადახდის გარეშე პირველად კალენდარული წლის განმავლობაში, გადამზიდი უხდის აეროპორტს დამატებით საურავს 0,05%-ის ოდენობით დავალიანების საერთო თანხიდან ყოველი გადავადებული დღისთვის, მეორე ანალოგიურ შემთხვევაში - 0,1%, მესამე ანალოგიურ შემთხვევაში - 0,2% და ა. შ. მომსახურების წინასწარ გადაუხდელობის ყოველ შემდგომ ფაქტზე საურავის პროცენტი ყოველი გადავადებული დღისათვის ორმაგდება, მაგრამ არა უმეტეს 5%-ისა დავალიანების თანხიდან. თბილისის აეროპორტში ერთობლივი დახურული ტიპის სს ავიაკომპანია „უ. ს. ა.-ის“ საავიაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ 2007 წლის 20 დეკემბრის №1/08-15 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება მოპასუხე კერძო სს ავიაკომპანია „უ. ს. ა.-მა“ შეასრულა არაჯეროვნად, ვადის დარღვევით. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის შესაბამისად, „აეროპორტის“ მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების გადახდას უზრუნველყოფდა „გადამზიდველი“ წინასწარი გადარიცხვით ან ყოველი რეისის შესრულების დროს ნაღდი ანგარიშსწორების პირობით. 2008 წლის იანვრის, თებერვლის, მარტისა და აპრილის რეისებისათვის მომსახურების ღირებულება გადახდილ იქნა დაგვიანებით. იანვარში განხორციელდა 17 ავიარეისი, თებერვალში - 12, მარტში - 18, აპრილში - 18. იანვრის ავიარეისებისათვის მომსახურების ღირებულება გადახდილია 2008 წლის 28 თებერვალს, თებერვლის დავალიანება - 14 მარტს, მარტის დავალიანება - 14 აპრილს და აპრილის დავალიანება - 19 მაისს. სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2011 წლის 11 მარტის №1-3/209 ბრძანების საფუძველზე, სს „თ. ს. ა.-ის“ შპს „ს. ა. გ.-ასთან“ შერწყმის შედეგად, 2011 წლის 19 აპრილს შპს „ს. ა. გ.-ა“, როგორც ახალი სუბიექტი, დარეგისტრირდა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მოთხოვნა 2008 წლის 31 მარტამდე პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ხანდაზმულია. ამ მიმართებით, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, პალატის განმარტებით, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. კონკრეტულ შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადის დენა უნდა აითვალოს იმ დღიდან, როდესაც მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების 4.1. პუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმად „აეროპორტის“ მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების გადახდას უზრუნველყოფდა „გადამზიდველი“ წინასწარი გადარიცხვით ან ყოველი რეისის შესრულების დროს ნაღდი ანგარიშსწორების პირობით, კერძოდ, 2008 წლის 2 იანვარს განხორციელებული რეისისათვის პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს წარმოეშვა 2 იანვრიდან, როდესაც მოპასუხემ არ გადაიხადა მომსახურების ღირებულება, შესაბამისად, დაარღვია ხელშეკრულება. იგივე პრინციპით აითვლება პირგასამტეხლოს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა სხვა რეისებისათვის. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით, 138-ე, 140-ე მუხლებით და აღნიშნა შემდეგი: კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს „თ. ს. ა.-ის“ მიერ მოპასუხე ერთობლივი დახურული ტიპის სს ავიაკომპანია „უ. ს. ა.-ის“ მიმართ, სს ავიაკომპანია „უ. ს. ა.-ის“ საავიაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ 2007 წლის 20 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით პირველი სარჩელი სასამართლოში წარდგენილ იქნა 2011 წლის 31 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 2 მაისის განჩინებით სს „თ. ს. ა.-ის“ სარჩელი მოპასუხე ერთობლივი დახურული ტიპის სს ავიკომპანია „უ. ს. ა.-ის“ მიმართ თანხის დაკისრების შესახებ არ იქნა მიღებული სასამართლოს წარმოებაში და მოსარჩელეს დაუბრუნდა წარდგენილი მასალები. სს „თ. ს. ა.-მა“ მოპასუხე ერთობლივი დახურული ტიპის სს ავიაკომპანია „უ. ს. ა.-ის“ მიმართ, პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით, სარჩელი განმეორებით აღძრა 2011 წლის 14 ივნისს. იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ უფლებამოსილმა პირმა ექვსი თვის ვადაში შეიტანა ახალი სარჩელი, პალატამ ჩათვალა, რომ განსახილველ სარჩელზე ხანდაზმულობის ვადა შეწყდა პირველი სარჩელის შეტანით 2011 წლის 31 მარტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა 2008 წლის 31 მარტამდე არსებული მოთხოვნების მიმართ ხანდაზმულია. იანვრის თვეში განხორციელებული ავიარეისიებისათვის, მომსახურების ღირებულების გადაუხდელობის გამო, პირგასამტეხლოს დაკისრება დაიწყო 2008 წლის 2 იანვრიდან და გრძელდება 2008 წლის 28 თებერვლამდე (ძირითადი ვალდებულების), თებერვალში განხორციელებული ავიარესიებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება დაიწყო 1 თებერვლიდან და გრძელდება 2008 წლის 14 მარტამდე (ძირითადი ვალდებულების შესრულებამდე), მარტში განხორციელებული ავიარესიებისათვის - 1 მარტიდან და გაგრძელდა 14 აპრილამდე, შესაბამისად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება 2008 წლის იანვრისა და თებერვლის თვეში განხორციელებულ ავიარეისებზე მომსახურების საფასურის გადახდის დაგვიანებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, ხოლო 2008 წლის მარტში განხორციელებული ავიარეისებისათვის მომსახურების ღირებულების გადაუხდელობის გამო ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა 2008 წლის 31 მარტამდე პირგასამტეხლო, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო. სასამართლომ მიუთითა მოსარჩელის მიერ წარდგენილ გაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც 2007 წლის 20 დეკემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის შეთანხმებული პირგასამტეხლო (ხელშეკრულების შესაბამისად 5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე), 2008 წლის აპრილის ავიარეისების მომსახურებიდან გამომდინარე, შეადგენდა 17826.86 ლარს, ხოლო 2008 წლის მარტის ავიარეისებიდან გამომდინარე - 10 324.77 ლარს (2008 წლის 31 მარტიდან 14 აპრილამდე პერიოდი), სულ 28 151.63 ლარს.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე მუხლით და აღნიშნა, რომ მხარეებს შორის არსებობდა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, გამომდინარე ნარდობის ხელშეკრულებიდან. სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თბილისის აეროპორტში ერთობლივი დახურული ტიპის სს ავიაკომპანია „უ. ს. ა.-ის“ საავიაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ 2007 წლის 20 დეკემბრის №1/08-15 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება მოპასუხე კერძო სს ავიაკომპანია „უ. ს. ა.-მა“ შეასრულა არაჯეროვნად, ვადის დარღვევით. სასამართლომ მიუთითა ასევე სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე მუხლებზე, რომელთა თანახმადაც პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. მოსარჩელის მხრიდან მოთხოვნილი პირგასამტეხლო, რომლის თვიური ოდენობა შეადგენს 150%(5X30)-ს, პალატამ შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიიჩნია და ჩათვალა, რომ სამოქალაქო უფლების არამართლზომიერად განხორციელებაზე მიუთითებდა. პალატის მტკიცებით, ასეთ პირობებში პირგასამტეხლოს დანიშნულება, როგორც ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენციის მეთოდი, კარგავს ამგვარ დანიშნულებას და იქცევა მოვალის დასჯის ერთ-ერთ მექანიზმად, რაც დაუშვებელია. ვადის გადაცილების პერიოდისა და მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, ასევე, პირგასამტეხლოს ფუნქციური დანიშნულების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ პირგასამტეხლო უნდა შემცირებულიყო ათჯერ, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-მდე, რაც 2815.16 ლარს შეადგენდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს. ა. გ.-ამ“, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-6 ნაწილები) გაუქმება და ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, 2008 წლის 31 მარტამდე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმული იყო სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, მართალია სასამართლომ სწორედ მიუთითა, რომ ხანდაზმულობის საკითხის კვლევისას მნიშვნელოვანი იყო მისი დენის დასაწყისის განსაზღვრა, თუმცა სასამართლომ არასწორად დაადგინა ეს ვადა, რადგანაც იხელმძღვანელა ხანდაზმულობის ვადის მარეგულირებელი ზოგადი ნორმით და არ გაითვალისწინება ვალდებულებითი სამართლის ის მუხლები, რომლებიც უშუალო კავშირშია გადასაწყვეტ საკითხთან და რომლებზე დაყრდნობითაც მიიღო გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, მოთხოვნის წარმოშობის დროდ მიიჩნია მოვალის მიერ ვალდებულების გადაცილების მომენტი და არ გაითვალისწინა ამავე კოდექსის მე-400 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომელიც სახეზეა მაშინ, როდესაც არსებობს ვალდებულების შესრულების განუსაზღვრელი ვადები, ამასთანავე, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.1 მუხლის თანახმად, მომსახურების ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული იყო ანგარიშსწორება წინასწარი გადარიცხვით ან ყოველი რეისის შესრულების დროს ნაღდი ანგარიშსწორების პირობით. აღნიშნული სახელშეკრულებო დათქმა მიუთითებს ვალდებულების შესრულების განუსაზღვრელ ვადაზე და სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და 352-ე მუხლის შესაბამისად, 2008 წლის 25 ნოემბერს კასატორმა მოწინააღმდეგე მხარეს გაუგზავნა N648 წერილი (რომელიც ადრესატს ჩაბარდა 2008 წლის 23 დეკემბერს) დავალიანების დაუყოვნებლივ ანაზღაურების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ დაიწყო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა, რაც მოცემულ შემთხვევაში მოვალის გაფრთხილების დღე - 2008 წლის 23 დეკემბერია. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია კანონი, რასაც შედეგად მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ნაცვლად 28151,36 ლარის დაკისრება და სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, მისი ოდენობის შემცირება მოჰყვა. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების ფაქტი, ის გარემოება, რომ ვადის გადაცილების გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენდა (2008 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის და აპრილის) 64763,55 ლარს, აღნიშნული თანხის გადახდის თაობაზე კრედიტორის მიერ N147 და N247 ანგარიშფაქტურების დროულად წარდგენა, ასევე მხარეთა შორის 2008 წლის 3 იანვრის შეთანხმებით 2007 წლის 20 დეკემბრის ხელშეკრულების 4.3 მუხლში ცვლილების შეტანა, რომლითაც ვალდებულების დამრღვევი მხარისათვის საურავის დაკისრების წესია განსაზღვრული. სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კასატორს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის, 316-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, ასევე მე-400 მუხლის თანახმად უფლება ჰქონდა მოეთხოვა ვალდებულების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულება, რაც მოწინააღმდეგე მხარეს არ განუხორციელებია. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის საფუძველზე, სწორედ ამგვარი გარემოების გამო შეთანხმდნენ მხარეები ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოზე. სასამართლო, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად კი, პირგასამტეხლოს ყოველთვიურ ოდენობად მიიჩნია 150% (5X30) და შეამცირა მისი ოდენობა 0,5%-მდე. სასამართლოს აღნიშნული უფლება ჰქონდა იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვისას დადგინდებოდა, რომ ა) პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი იყო და ბ) მოვალეს მისი გადახდა მძიმე ტვირთად დააწვებოდა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება, საქმეში წარმოდგენილია პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე ორი ანგარიშფაქტურა, რომელებიც მოწინააღმდეგე მხარეს ჩაბარდა და რომლებიც მას სადავოდ არ გაუხდია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.9 მუხლით დადგენილი წესით, რაც მოვალის თანხმობად უნდა იქნას მიჩნეული. გარდა აღნიშნულისა, 5%-იანი პირგასამტეხლო შემცირდა რა 0,5%-მდე, თუმცა სასამართლოს მხედველობიდან გამორჩა ის გარემოება, რომ თანხის დაანგარიშების დროს 5%-იანი პირგასამტეხლო დაანგარიშებული არ ყოფილა, კერძოდ, ხელშეკრულების 4.3 მუხლის თანახმად, „თუ გადამზიდველი ასრულებს რეგულარულ ავიარეისებს მომსახურების საფასურის წინასწარი გადახდის გარეშე პირველად კალენდარული წლის განმავლობაში, გადამზიდი უხდის აეროპორტს დამატებით საურავს 0,05%-ის ოდენობით დავალიანების საერთო თანხიდან ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, მეორე ანალოგიურ შემთხვევაში - 0,1%, მესამე ანალოგიურ შემთხვევაში 0,2% და ა.შ. მომსახურების წინასწარ გადაუხდელობის ყოველ შემდგომ ფაქტზე საურავის პროცენტი ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის ორმაგდება, მაგრამ არაუმეტეს 5%-ისა დავალიანების თანხიდან“. საქმეში არსებული პირგასამტეხლოს N147 ანგარიშფაქტურაში, იმ მიზეზით, რომ იანვარში გადამზიდავი პირველად ასრულებდა ფრენას, პირველი შვიდი დღის გადაცილების გამო, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 5%-ზე ნაკლები ოდენობით, ანუ თავდაპირველად შეადგენდა 0,05%-ს გადავადებული დღისათვის, მეორე ანალოგიურ შემთხვევაში - 0,1%-ს, მესამედ - 0,2%-ს და ა.შ, მაგრამ არა უმეტეს 5%-ისა. 7 დღეზე დაანგარიშებულმა პირგასამტეხლომ შეადგინა 2404,21 ლარი. ამ თანხაზე ვერ იმსჯელებდა სასამართლო, რადგანაც სასამართლოს მიერ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს - 5%-ის შესაბამისად არ ყოფილა დაანგარიშებული. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, გაურკვეველია თუ რა ოდენობიდან გამოთვალა სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო, რაც სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა არასრული შეფასების შედეგია. ამასთანავე, სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენებისას არ შეამოწმა მისი გამოყენების აუცილებლობის განმაპირობებელი გარემოებები (მხარეები არიან მეწარმეები, მოპასუხეს ჰქონდა შესაძლებლობა დროულად გადაეხადა მომსახურების საფასური, მოსარჩელეს, მიუხედავად თანხის გადაუხდელობისა, მომსახურების გაწევაზე უარი არ უთქვამს და სხვა).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 დეკემბრის განჩინებით შპს „ს. ა. გ.-ის“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს „ს. ა. გ.-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. აღნიშნულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული მყარი ერთგვაროვანი პრაქტიკა (იხ. სუსგ №ას-547-515-2012, 11 ივნისი, 2012 წელი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ს. ა. გ.-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 27 ნოემბერს №0 საგადახადო დავალებით გადახდილი 3097,42 ლარის 70% – 2168,194 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ს. ა. გ.-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს „ს. ა. გ.-ას“ (ს/N...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 27 ნოემბერს №... საგადახადო დავალებით გადახდილი 3097,42 ლარის 70% – 2168,194 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე