Facebook Twitter

საქმე №ას-1477-1395-2012 10 დეკემბერი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სს „ჩ. ო. კ.-ა“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს. კ. ჯ. პ. ა. ჰ.-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 სექტემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „ჯ. პ. ა. ჰ.-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ჩ. ო. კ.-ის“ მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების - 85300 ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

2011 წლის 30 სექტემბერს მოსარჩელესა და შპს „ი.-ი 2005-ს“ შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე სს „ჯ. პ. ა. ჰ.-ს“ გადაეცა მოთხოვნის უფლება სამშენებლო სამუშაოების შესრულების შესახებ 2011 წლის 27 სექტემბერს შპს „ი.-ი 2005-სა“ და სს „ჩ. ო. კ.-ას“ შორის დადებული ხელშეკრულებიდან, ასევე 2011 წლის 27 მაისს გაფორმებული ფორმა N2-დან წარმოშობილ მოთხოვნაზე. 2011 წლის 4 ოქტომბერს სს „ს. კ. ჯ. პ. ა. ჰ.-მა“ წერილობით მიმართა მოპასუხეს დავალიანების დაფარვის მოთხოვნით, თუმცა, მიუხედავად წერილობითი კორესპოდენციის ჩაბარებისა, მოპასუხეს ვალდებულება არ შეუსრულებია.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელესა და შპს „ი. 2005-ს“ შორის გაფორმებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება ბათილი გარიგებაა, რადგანაც მოპასუხესა და სს „ჩ. ო. კ.-ას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობის სხვა პირისათვის გადაცემისათვის საჭირო იყო მოპასუხის თანხმობა, სს „ჯ. პ. ა. ჰ.-ი“ კი, მოცემულ დავაზე არასათანადო მოსარჩელეა, ამასთანავე, სს „ჩ. ო. კ.-ას“ სადავო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თავად გააჩნია მოთხოვნის უფლება შპს „ი.-ი 2005-ის“ მიმართ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, 2012 წლის 21 თებერვალს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სს „ს. კ. ჯ. პ. ა. ჰ.-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, სს „ჩ. ო. კ.-ას“ სს „ჯ. პ. ა. ჰ.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 85300 ლარის გადახდა, ასევე განისაზღვრა სასამართლო ხარჯები. ამავე კოლეგიის 2012 წლის 30 მარტის განჩინებით კი, სს „ჩ. ო. კ.-ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა, 2012 წლის 21 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 სექტემბრის განჩინებით სს „ჩ. ო. კ.-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2012 წლის 20 მარტის განჩინება შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2012 წლის 21 თებერვალს, 13:00 საათზე გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე სს „ჩ. ო. კ.-ის“ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, რის გამოც მის წინააღმდეგ გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. პალატის მითითებით, გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები. პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლზე, რომლითაც დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები, ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. საქმეში წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100) შპს „მენეჯმენტ ქეარ ნეთვორქის“ (MCN) მიერ გაცემული ცნობა დათარიღებული იყო 2012 წლის 21 თებერვლით, თუმცა საქმის მასალებში ასევე იყო წარმოდგენილი შპს „მენეჯმენტ ქეარ ნეთვორქის“ (MCN) მიერ გაცემული ინფორმაცია, რომ პაციენტმა ლ. მ.-მა კლინიკას მიმართა იმავე წლის 21 თებერვალს, 16:15 საათზე. სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა დანიშნული იყო 13:00 საათზე და სარეზოლუციო ნაწილი სასამართლომ გამოაცხადა 13:08 საათზე, აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ დაასკვნა, რომ წარმომადგენელმა კლინიკას დაახლოებით 2 საათის შემდეგ მიმართა. სასამართლოს შეფასებით, ლ. მ.-ის მიერ წარდგენილი შპს „მენეჯმენტ ქეარ ნეთვორქის“ (MCN) მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა N100) არ წარმოადგენდა მტკიცებულებას, რომლითაც დასტურდებოდა წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობა.

პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება სს „ჯ. პ. ა. ჰ.-ის“ სასარჩელო მოთხოვნის აღძვრის წინაპირობების არარსებობის შესახებ, რადგანაც, სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის პირველი ნაწილით, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). თავის მხრივ, მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ მხოლოდ მოვალის ნებაზე არ არის დამოკიდებული და შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი. კანონმდებელი, როგორც წესი, დასაშვებად მიიჩნევს მოთხოვნის უფლების დათმობას, თუმცა ითვალისწინებს საგამონაკლისო შემთხვევას, პატივსადები მიზეზის არსებობისას მესამე პირისთვის მოთხოვნის დათმობის უფლების შეზღუდვას. კონკრეტულ შემთხვევაში, აპელანტსა და შპს „ი.-ი 2005-ს“ შორის არსებობდა შეთანხმება სს „ჩ. ო. კ.-ის“ მიმართ არსებული მოთხოვნის დათმობის დაუშვებლობის შესახებ, თუმცა, პალატის განმარტებით, შპს „ი.-ი 2005-მა“ დათმო მოთხოვნა სს „ს. კ. ჯ. პ. ა. ჰ.-ის“ სასარგებლოდ. სასამართლოს მითითებით, სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის მოთხოვნის დარღვევის თაობაზე პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, მოპასუხეს აღნიშნული შპს „ი.-ი 2005-ის“ წინააღმდეგ შეეძლო წარედგინა, ასევე შეეძლო, აღეძრა სარჩელი მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულების ბათილობის მოთხოვნით, თუკი მიიჩნევდა, რომ იგი ეწინააღმდეგებოდა სამოქალაქო კოდექსით დადგენილ ნორმებს, რაც არ განუხორციელებია, ასეთ პირობებში კი, პალატამ ჩათვალა, რომ საქალაქო სასამართლომ მართებულად გადაწყვიტა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საკითხი, ვინაიდან მითითებული გარემოების მხოლოდ შესაგებელში აღნიშვნა არასაკმარისი იყო მოთხოვნის დათმობის არსებობა-არარსებობის საკითხის გამოსარკვევად, მით უფრო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების ფარგლებში. პალატის განმარტებით, აპელანტის მითითება (მოსარჩელის მიერ წარდგენილ 2011 წლის 9 და 27 მაისის ფორმა N2-ები, შპს „ი.-ი 2005-ის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოთა ნაწილის შესრულებას ადასტურებდა და არა დავალიანების არსებობას), დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის არსიდან არ გამომდინარეობდა, რადგანაც სხდომაზე მოწვეული მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო საქმის განმხილველი სასამართლო არ იკვლევს სარჩელის ფაქტობრივ საფუძველს, არამედ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს მიიჩნევს დადგენილად და გადაწყვეტილება გამოაქვს დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის მართებულობის შეფასების შედეგად. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ჩ. ო. კ.-ამ“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების ბათილობის თაობაზე სარჩელის შეტანის ნაწილში არ არის საკმარისად დასაბუთებული, არ არის მითითებული საფუძველი და კანონის ნორმა. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაარღვია კანონი, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლი, 230-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის წარდგენილი შესაგებლის თანახმად, მხარე მიუთითებდა მოსარჩელესა და შპს „ი.-ი 2005-ს“ შორის 2011 წლის 30 სექტემბერს გაფორმებული მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულების ბათილობაზე ამ მოთხოვნის თაობაზე მოპასუხის წინასწარი წერილობითი თანხმობის არარსებობის გამო. აღნიშნული გარემოება ასევე დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ წარდგენილი სს „ჩ. ო. კ.-ასა“ და შპს „ი.-ი 2005-ს“ შორის 2010 წლის 27 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების 17.11 მუხლით. სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე მოსარჩელისათვის უნდა შეეთავაზებინა სათანადო მოსარჩელით შეცვლა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განუხორციელებია, ამასთანავე მოსარჩელეს არ მიუთითებია რაიმე ისეთ გარემოებაზე, რაც დაადასტურებდა გარიგების ბათილობის არარსებობას, ამასთანავე სს „ჯ. პ. ა. ჰ.-ს“ არც სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პატივსადები ინტერესის არარსებობაზე მიუთითებია. მიუხედავად დაუსწრებელი გადაწყვეტილებისათვის დამახასიათებელი თავისებურებისა, სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვალდებული იყო, უარი ეთქვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე სარჩელის აღძვრის წინაპირობების არარსებობის მოტივით, ხოლო, ამავე კოდექსის 230-ე უხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნდა შეემოწმებინა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი მოვალის პატივსადები ინტერესის თაობაზე, როდესაც მხარეთა შეთანხმებით ჩამოყალიბებული პირობის - მოვალის თანხმობის აუცილებლობის მიმართ მოცემული ნორმის რეგულირება გაავრცელა. ამავე ნორმის არასწორ განმარტებას ადასტურებს სასამართლოს ის განმარტება, სადაც სასამართლომ სადავო გარიგება საცილოდ ბათილ გარიგებად მიიჩნია და სარჩელის აღძვრის უფლებაზე მიუთითა მხარეს. სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 199-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნის დათმობაზე მოპასუხის თანხმობის არარსებობა ამ გარიგების ბათილობაზე მიანიშნებს, კანონი არ განმარტავს, რომ ამ გარიგების ბათილობა შეცილებაზეა დამოკიდებული, ამასთან, იმ მოსაზრების გაზიარების შემთხვევაშიც კი, რომ ასეთი გარიგების ნამდვილობა შეცილებაზე იყოს დამოკიდებული, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს შეცილებას მხოლოდ სარჩელის და არა შესაგებლის წარდგენის შემთხვევაშიც. სასამართლოს აღნიშნული განმარტება არასწორია და მისი პრაქტიკაში დანერგვით საფრთხე შეექმნება სახელშეკრულებო ურთიერთობის სტაბილურობას. ამასთანავე, დავა, თავის შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომლის განხილვაც ხელს შეუწყობს მსგავსი კატეგორიის საქმეებზე ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას. დავის ფაქტობრივ პრეტენზიად კასატორმა მიუთითა სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების არასწორ დადგენაზე, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საწინააღმდეგოდ, სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ასევე დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 127-ე მუხლის პირველი ნაწილი და მე-4 მუხლი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კასატორმა ასევე მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების, ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, ამავე კოლეგიის 2012 წლის 30 მარტის განჩინებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ 2012 წლის 29 მაისის განჩინების გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ნოემბრის განჩინებით სს „ჩ. ო. კ.-ის“ საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 21 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების, ამავე კოლეგიის 2012 წლის 20 მარტის განჩინებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 სექტემბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველად, ხოლო წინამდებარე საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 ნოემბრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 სექტემბრის განჩინებაზე წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სს „ჩ. ო. კ.-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს „ჩ. ო. კ.-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 8 ნოემბერს №757 საგადახადო დავალებით გადახდილი 4265 ლარის 70% – 2985,5 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ჩ. ო. კ.-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სს „ჩ. ო. კ.-ას“ (ს/N...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 8 ნოემბერს №757 საგადახადო დავალებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლეობის დეპარტამენტის ანგარიშზე: GE79BR0000000033050001 გადახდილი 4265 ლარის 70% – 2985,5 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე