საქმე №ას-1575-1478-2012 31 დეკემბერი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ზ. ს.-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ. თ.-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ოქტომბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. თ.-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. ს.-ის მიმართ ქ.თბილისში, გ.-ის მე-8 მიკრორაიონის მე-13 კორპუსში მდებარე 61,32 კვ.მ N24 ბინის 1/3-ის წილის თანამესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
1977 წლიდან მოყოლებული, მოსარჩელე ცხოვრობს ზემოაღნიშნულ მისამართზე დედასთან და დასთან ერთად. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის N107 დადგენილების თანახმად, 1994 წელს განხორციელდა ბინის პრივატიზაცია. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ზემოაღნიშნული დადგენილების, ასევე 1994 წლის 5 აგვისტოს N520 დადგენილების თანახმად, პრივატიზებულ ბინაზე საკუთრების უფლება გააჩნია ყველა იმ პირს, რომლებმაც საცხოვრებელ ფართზე უფლება მოიპოვეს პრივატიზაციის დროისათვის, მიუხედავად აღნიშნულისა, მოსარჩელის დედამ - ზ.ს.-ემ პოლიციის დახმარებით ბინიდან გამოასახლა მ.თ.-ას და - ი.ს.-ი და მოითხოვს მოსარჩელის გასახლებასაც.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:
მოპასუხის განმარტებით, მ.თ.-მა დედას თანხმობა მისცა არა მხოლოდ ბინის პრივატიზაციაზე, არამედ მხოლოდ მოპასუხის საკუთრებში გადასვლაზე.
თბილისი საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით მ. თ.-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, მ. თ.-ა ცნობილ იქნა ზ. ს.-ის სახელზე რიცხული ქ.თბილისში, გ.-ი მე-8 მიკრორაიონის N13 კორპუსში მდებარე N24 ბინის 1/3-ის მესაკუთრედ.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ს.-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით ზ. ს.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე მითითებით გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები, კერძოდ, 1994 წლის 22 აპრილის პრივატიზების ხელშეკრულებით ზ. ს.-ეს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ქ.თბილისში, გ.-ის მე-8 მიკრორაინის N13 კორპუსში მდებარე N24 ბინა და საჯარო რეესტრში აღირიცხა მესაკუთრედ. პრივატიზაციის მონაწილე პირებს წარმოადგენდნენ მ. ს.-ე, ზ. ს.-ე და ი. თ.-ა. მ. ს.-ეს მიკუთვნებული აქვს გვარი თ.-ა.
პალატა ასევე დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებას და არ გაიზიარა ზ. ს.-ის განმარტება, რომ მ. თ.-ამ დაკარგა სადავო ფართზე საკუთრების უფლება, მაშინ, როდესაც ზ. ს.-ეს თანხმობა განუცხადა სადავო ბინა აღრიცხულიყო მის სახელზე. სასამართლომ მიუთითა „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის N107 დადგენილების პირველ, მე-4 და მე-5 პუნქტებზე და განმარტა, რომ მითითებული დადგენილებით უდავოდ გამოხატულია კანონმდებლის ნება, რომ საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადასცემოდათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც პრივატიზაციის ხელშეკრულების დადების დროისათვის ამ სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები იყვნენ. სახელმწიფომ ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც დადგენილი წესით იყო ჩასახლებული ბინაში, დამქირავებელი იქნებოდა იგი, თუ მისი ოჯახის წევრი, მისცა საშუალება, გამხდარიყო ბინის მესაკუთრე. ამ დადგენილების თანახმად, ყველა პირი, ვინც პრივატიზაციის დროს ცხოვრობდა ბინაში, უნდა ჩათვლილიყო ბინის პოტენციურ თანამესაკუთრედ, იმის მიუხედავად, თუ ოჯახის რომელი წევრის სახელზე მოხდებოდა ბინის პრივატიზაცია, ვინაიდან პრივატიზაციით სახელმწიფომ საკუთრების უფლება მიანიჭა ბინის ყველა დამქირავებელსა და ოჯახის წევრს, თუ ამ უკანასკნელებს კანონით დადგენილი წესით უარი არ ჰქონდათ გაცხადებული საკუთრებაზე, ისინი ბინის მესაკუთრეებს წარმოადგენდნენ, მიუხედავად იმისა, იყვნენ თუ არა პრივატიზაციის ხელშეკრულების უშუალო მხარეები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირი ამ ფართზე უფლებადაკარგულად იქნებოდა ცნობილი ან პრივატიზაციის პერიოდისათვის ამოწერილი იქნებოდა სადავო ბინიდან. ამდენად, ვინაიდან მ. თ.-ა პრივატიზაციის ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის ზ. ს.-ესა და ი. თ.-ასთან ერთად წარმოადგენდა პრივატიზაციის მონაწილე პირს და იგი ამ ფართზე უფლებადაკარგულ პირად მიჩნეული ან ამოწერილი არ ყოფილა კანონით დადგენილი წესით, აღნიშნული წარმოადგენდა სადავო ბინის 1/3 ნაწილზე მოსარჩელის მესაკუთრედ აღიარებისათვის საკმარის პირობას.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ს.-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთებისას იხელმძღვანელა „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის N107 დადგენილების მე-5 პუნქტით, თუმცა მხედველობაში არ მიუღია ის გარემოება, რომ მ. თ.-ას გამოხატული ჰქონდა ნება მისი კუთვნილი წილის გასხვისებისა და განმარტა, რომ ი. ს.-ის წილზე უარი სანოტარო წესით არ გაუფორმებია. სწორედ სანოტარო წესითაა დადასტურებული თანხმობა, რომლითაც მხარემ გამოხატა ნება, ბინის ზ. ს.-ის საკუთრებად აღრიცხვის შესახებ. აღნიშნული კი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 დეკემბრის განჩინებით, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზ. ს.-ე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ზ. ს.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ზ. ს.-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ს.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე