№ას-1589-1492-2012 12 დეკემბერი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ჯ.ე-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ხ-ი, ჯ.ე-ი, ი.ე-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ.ხ-მა, ჯ.ე-მა და ი.ე-მა სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯ.ე-ის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით ლ.ხ-ის, ჯ.ე-სა და ი.ე-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით ჯ.ე-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 ივნისის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
აღნიშნული გადაწყვეტილება ჯ.ე-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯ.ე-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 26 სექტემბრის სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ კასატორი ჯ.ე-ი და მისი წარმომადგენელი დ. ნ-ი ესწრებოდნენ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას.
იმავე კოდექსის 2591-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
განსახილველ შემთხვევაში, ჯ.ე-ი არ მიეკუთვნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ სუბიექტებს და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მისთვის არ გაუგზავნია გადაწყვეტილების ასლი.
მოცემულ დავაზე სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გამოცხადდა 2012 წლის 26 სექტემბერს. გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20 დღე არის 16 ოქტომბერი, ხოლო 30-ე დღე - 26 ოქტომბერი. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კასატორს აღნიშნულ ვადაში არ მიუმართავს სასამართლოსთვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით.
შესაბამისად, გასაჩივრების ოცდაერთდღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 26 ოქტომბერს და ამოიწურა 2012 წლის 15 ნოემბერს. საკასაციო საჩივარი კი თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილია 2012 წლის 28 ნოემბერს, საკასაციო საჩივრის შედგენის თარიღად ასევე მითითებულია 2012 წლის 28 ნოემბერი (იხ.ტ.II, ს.ფ.52), რაც უტყუარად ადასტურებს საპროცესო ვადის დარღვევას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ვინაიდან ჯ.ე-ის საკასაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევითაა შემოტანილი, იგი განუხილველად უნდა დარჩეს.
ჯ.ე-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის გასვლის საპატიოდ ჩათვლის მოთხოვნით. კასატორის განმარტებით, მან სასამართლოს რამდენჯერმე მიმართა განჩინების მისაღებად, თუმცა სასამართლო მიუთითებდა, რომ მას გასაჩივრების ვადის ათვლა დაეწყებოდა განჩინების მიღებიდან, რომელსაც გაუგზავნიდნენ ფოსტით, რაც არ განხორციელებულა და ის კასატორს ჩაბარდა 26 ოქტომბერს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან, როგორც უკვე აღინიშნა, მხარის მიერ კანონით განსაზღვრულ ვადაში - 2012 წლის 16 ოქტომბრიდან 2012 წლის 26 ოქტომბრამდე, სასამართლოსათვის მიმართვის ფაქტი გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით საქმის მასალებიდან არ გამომდიარეობს. ვერ იქნება გაზიარებული კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ მან სასამართლოს რამდენჯერმე მიმართა განჩინების მისაღებად. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, რომლითაც დადგენილია, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, კასატორი თავადვე იყო ვალდებული, სათანადო მტკიცებულების წარდგენის გზით დაედასტურებინა სასამართლოსათვის დადგენილ ვადაში მიმართვის ფაქტი და ის, რომ მხარეს მისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო გადაწყვეტილების ასლი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 397-ე, 63-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ჯ.ე-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვ. როინიშვილი