საქმე №ას-1603-1506-2012 31 დეკემბერი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ნ. მ.-ა.-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ვ., ე. და მ. მ.-ი (შეგებებული სარჩელის ავტორი)
გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 ოქტომბრის საოქმო განჩინება და ამავე პალატის 2012 წლის 23 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება, მტკიცებულებათა საქმისათვის დართვა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი - თავდაპირველ სარჩელში - თანხის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა, შეგებებულ სარჩელში - საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 75%-ის გადახდის სანაცვლოდ დაკავებულ სადგომზე მფლობელობის შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. მ.-ა.-მა და ნ. ა.-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ვ., მ. და ე. მ.-ის მიმართ ქ.თბილისში, ჯ.-ის ქ№24-ში მდებარე 37,6 კვ.მ საცხოვრებელ სადგომზე (რომელიც მოიცავს შენობა-ნაგებობის ლიტერ „ა-ს“ პირველი სართულის 25,53 კვ.მ ძირითად ოთახს, 6,4 კვ.მ სამზარეულოსა და 5,67 კვ.მ დამხმარე სათავსს), მისი საბაზრო ღირებულების 25%-ის - 9400 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, მესაკუთრეებად აღიარების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
ზემოხსენებლ მისამართზე არსებული საცხოვრებელი სადგომი და მიწის ნაკვეთი ირიცხება აწ გარდაცვლილი რ. ო.-ის საკუთრებად. საცხოვრებელი სადგომი, საინვენტარიზაციო გეგმის თანახმად, 296.11 კვ. მეტრია, საიდანაც საცხოვრებელ ფართს 341 კვ.მ შეადგენს. ზემოაღნიშნული ფართის 37.6 კვ. მეტრს კანონისმიერი მოსარგებლის სტატუსით ფლობენ მოსარჩელეები, რაც დასტურდება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო ბარათებით, მოსარჩელეთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობებითა და საქმეში წარმოდგენილი კომუნალური გადასახადების გადახდის ქვითრებით.
მოპასუხეები საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების დათმობის თაობაზე მოსარჩელეთა მოთხოვნას არ ეთანხმებიან.
ე., მ. და ვ. მ.-მა სარჩელი არ ცნეს და შეგებებული სარჩელით მიმართეს სასამართლოს თავდაპირველი მოსარჩელეების მიმართ (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 17 მარტის მოსამზადებელი სხდომის ოქმი) ქ.თბილისში, ჯ.-ის ქ№24-ში მდებარე დაკავებული საცხოვრებელი სადგომის - ლიტერ „ა-ს“ პირველი სართულის 37.00 კვ.მ ფართზე საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 75 %-ის გადახდის სანაცვლოდ მოსარჩელეთა სარგებლობის უფლების შეწყვეტის მოთხოვნით. შეგებებული სარჩელის ავტორებმა მოთხოვნა დაამყარეს შემდეგ გარემოებებზე:
თავდაპირველი მოსარჩელეების მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომი წარმოადგენს უკანონო ნაგებობას, რის გამოც რ. ო.-თან საცხოვრებელი სადგომის დათმობის შესახებ გარიგება ვერ შედგებოდა, მიუხედევად აღნიშნულისა, შეგებებული სარჩელის ავტორებმა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ საქართველოს კანონის 2.3 მუხლის თანახმად, თანხმობა გამოთქვეს დაკავებული სადგომის საბაზრო ღირებულების 75%-ის გადახდის სანაცვლოდ მ. მ.-ა.-ისა და ნ. ა.-ის სარგებლობის უფლების შეწყვეტაზე.
მ. მ.-ა.-მა და ნ. ა.-მა შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ ცნეს, თუმცა არ დაეთანხმნენ სადგომის საბაზრო ღირებულებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ. მ.-ა.-ისა და ნ. ა.-ის სარჩელი, დაკმაყოფილდა ე. მ.-ის, მ. მ.-ისა და ვ. მ.-ის შეგებებული სარჩელი, მოპასუხეებს: მ. მ.-ა.-სა და ნ. ა.-ს ქ.თბილისში, ჯ.-ის ქ№24-ში ლიტერ „ა“ ნაგებობის პირველი სართულის 37,00 კვ.მ ფართზე საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 75%-ის - 13690,25 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის სანაცვლოდ შეუწყდათ მფლობელობა დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ.-ა.-მა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 ოქტომბრის საოქმო განჩინებით ნ. ა.-ის შუამდგომლობა საქმეზე მტკიცებულების დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ამავე პალატის 2012 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით კი, ნ. ა.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ა.-ი, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების საფუძველზე ფლობდა ქ.თბილისში, ჯ.-ის ქ№24-ში მდებარე საცხოვრებელ სადგომს. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ გაცემული ცნობა-დახასიათების მიხედვით, რ.-ის ქ№24-ში მდებარე (ამჟამად ჯ.-ის ქ. №24) მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები, რეგისტრირებულია რ. ო.-ის საკუთრებად, რომელიც 1972 წლის 17 მარტს გარდაიცვალა. 2010 წლის 30 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, შეგებებული სარჩელით მოსარჩელეები: ვ. მ.-ი, მ. მ.-ი და ე. მ.-ი არიან რ. ო.-ის პირველი რიგის მემკვიდრეები, რომელთაც ფაქტობრივი ფლობით მიღებული აქვთ სამკვიდრო ქონება. მოსარჩელის მიერ დაკავებული ქ.თბილისში, ჯ.-ის ქ№24-ში მდებარე ლიტერ „ა-ს“ პირველ სართულზე არსებული 37,00 კვ. მეტრის საბაზრო ღირებულება 16 800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარია.
სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლების შესაბამისად, არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა სადავო საცხოვრებელი სადგომის ღირებულება საქმეში არსებულ ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით. პალატამ ასევე მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც განსაზღვრულია განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარების წესი და პირობები და აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმეზე დანიშნა სასაქონლო-საინჟინრო ექსპერტიზა, ვინაიდან მხარეთა მიერ წარმოდგენილი აუდიტის დასკვნებით დადგენილ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებებს შორის იყო მკვეთრი სხვაობა. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას, საიდანაც ირკვევა სადავო საცხოვრებელი სადგომის ღირებულება, მისი კვლევითი ნაწილიდან გამომდინარე, წინ უძღოდა ობიექტის სრული დათვალიერება, ჩატარდა ბაზრის კვლევა. დასკვნა მიღებულია საცხოვრებელი სადგომის მახასიათებლების აღწერის, მისი მდგომარეობის ყოველმხრივი გამოკვლევის, საკვლევი პერიოდისათვის მოცემული ობიექტის ადგილმდებარეობის, პრესტიჟულობის, კაპიტალურობისა და კეთილმოწყობის გათვალისწინებით, ასევე ბაზარზე მსგავსი ობიექტების ფასების მხედველობაში მიღებით, რაც უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებასთან მიმართებით მოსარჩელის (აპელანტის) პრეტენზიის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძვლად იქნა მიჩნეული.
პალატის განმარტებით, საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1996 წლის 27 ივნისამდე წარმოშობილი ურთიერთობები მათი სპეციფიკური ხასიათიდან გამომდინარე წესრიგდება კანონით „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“, რომლის 11 მუხლის „ა“ პუნქტის, მე-2 მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, ნ. ა.-ი წარმოადგენდა სადავო საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეს, რომელსაც მფლობელობის უფლება მიღებული ჰქონდა საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით, შეგებებული სარჩელის ავტორები: ვ., მ. და ე. მ.-ი სადავო სადგომის მესაკუთრეებს წარმოადგენდნენ. საქმის მასალებით დასტურდებოდა მესაკუთრეთა ნება „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებით ერთმნიშვნელოვნად სარგებლობის თაობაზე, შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, სადგომის მესაკუთრეების მიერ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების პირობებში, ვ., მ. და ე. მ.-ის მოთხოვნა, საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 75%-ის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის შეწყვეტის თაობაზე მართლზომიერად დააკმაყოფილა პირველი ინსტანციის სასამართლომ, რაც სააპელაციო საჩივრის დაუსაბუთებლობაზე მიუთითებდა.
სააპელაციო პალატის საოქმო განჩინება, რომლითაც აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა მტკიცებულებათა საქმისათვის დართვაზე არ დაკმაყოფილდა, ასევე 2012 წლის 23 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ.-ა.-მა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:
აპელანტის მთავარ არგუმენტს საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების განსაზღვრა წარმოადგენდა და ამ მიმართებით მხარე მიუთითებდა ექსპერტის დასკვნებით განსაზღვრულ სადგომის საბაზრო ღირებულებებს შორის არსებით სხვაობაზე, რაც ამ ღირებულების დადგენილად მიჩნევის შესაძლებლობას გამორიცხავდა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 2012 წლის თებერვლიდან ძველი თბილისის რეაბილიტაციის ფონდმა სადავო საცხოვრებელი სადგომის სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელება დაიწყო, აპელანტმა 2012 წლის 31 აგვისტოს მოითხოვა სადავო სადგომზე სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარება და ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დაუკვეთა საექსპერტო კვლევა, რადგანაც განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები სადგომის მატერიალური ღირებულების ზრდას გამოიწვევდა. ჩატარებული საექსპერტო კვლევით დადასტურდა უძრავი ქონების 1 კვ. მეტრის ღირებულების 70 აშშ დოლარით გაზრდის ფაქტი, რამაც მთლიანობაში 555 აშშ დოლარი შეადგინა. ამ ფაქტისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება 2012 წლის 29 თებერვალს გამოაცხადა, რაც, თავის მხრივ, მტკიცებულების საპატიო მიზეზით წარუდგენლობაზე მეტყველებს, აპელანტმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა ახალი მტკიცებულებების: ექსპერტზის დასკვნისა და „თბილისის განვითარების ფონდის“ საქმისათვის დართვის თაობაზე, რაც არასწორად არ დააკმაყოფილა სააპელაციო სასამართლომ. პალატამ აღნიშნული გარემოება დაასაბუთა იმით, რომ ნივთის გაუმჯობესებაზე ხარჯები არა მხარემ, არამედ მესამე პირმა გაიღო. სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა არასწორია, რადგანაც განსახილველი დავის საგანს არ წარმოადგენს მხარის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება, ხოლო ამ საფუძვლით მხარე ქვემდგომ სასამართლოს ვერ მიმართავდა, რადგანაც ნივთის გაუმჯობესება სააპელაციო სამართალწარმოების დაწყებამდე განხორციელდა, სასამართლოს მსჯელობის უსწორობას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ დავის საგნის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, სადგომის საბაზრო ღირებულების განსაზღვრისას სწორედ რომ უნდა იქნას გათვალისწინებული ნივთის გაუმჯობესებანი, რადგანაც რეაბილიტაციის შედეგად მიღებული სიკეთე წარმოადგენს მხარეთა მონაპოვარს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ მესაკუთრისათვის სადგომის ღირებულებისას ნივთზე გაწეული გაუმჯობესება არ უნდა იქნას გათვალისწინებული, ამასთანავე, „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს 1921 წლიდან მოყოლებულ ურთიერთობებს და ამ დროის განმავლობაში ამ კანონით განსაზღვრულ საცხოვრებელ სადგომებს არაერთხელ ჩაუტარდათ სარეკონსტრუქციო სამუშაოები სახელმწიფოს ხარჯით, დავის შემთხვევაში კი, სადგომის ღირებულება განისაზღვრებოდა არსებული ფაქტობრივი მოცემულობიდან, რაც სასამართლოს დასკვნების უსწორობაზე მეტყველებს.
კასატორმა წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს დაურთო მტკიცებულებები: ქ.თბილისის მერიის წერილობითი პასუხის ასლი და სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 6 სექტემბრის დასკვნის ასლი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 დეკემბრის განჩინებით ნ. მ.-ა.-ი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ნ. მ.-ა.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. მ.-ა.-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
რაც შეეხება საკასაციო საჩივარზე დართულ მტკიცებულებებსა და მხარის შუამდგომლობას მათი საქმისათვის დართვის თაობაზე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ისინი უნდა დაუბრუნდეს მის წარმომდგენს, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულებები ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი. აღნიშნული გარემოება საკასაციო პალატის მიერ მტკიცებულებათა საქმისათვის დართვაზე უარის თქმის საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები: ქ.თბილისის მერიის წერილობითი პასუხის ასლი და სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული პიროს 2012 წლის 6 სექტემბრის დასკვნის ასლი 15 ფურცლად (ტ.II, ს.ფ.103-117).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. მ.-ა.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორის შუამდგომლობა მტკიცებულებათა საქმისათვის დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
3. ნ. მ.-ა.-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები: ქ.თბილისის მერიის წერილობითი პასუხის ასლი და სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული პიროს 2012 წლის 6 სექტემბრის დასკვნის ასლი 15 ფურცლად (ტ.II, ს.ფ.103-117).
4. ნ. მ.-ა.-ი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე